Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-527-503-2016 7 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს “T” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს-ამ ”T “ (შემდეგეში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, გამყიდველი ან კასატორი) სს-ას „ქ-ი“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმღები, მყიდველი, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე), 2011 წლის 17 მაისიდან 2014 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, მიაწოდა 34 290 (ოცდათოთხმეტი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარის ღირებულების საქონელი, კერძოდ, 2011 წლის 17 მაისს - 3 400 (სამი ათას ოთხასი) ლარის, იმავე წლის 1 აგვიტოს - 4 290 (ოთხი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარის, 2012 წლის 6 აპრილს -1 200 (ათას ორასი) ლარის, იმავე წლის 25 აპრილს -1 400 (ათას ოთხასი) ლარის, იმავე წლის 8 მაისს - 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარის ღირებულების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი; იხ. სასაქონლო ზედნადებები - ს.ფ.19-23);

2. გამყიდველმა 2015 წლის 18 მაისს სარჩელი აღძრა და მოითხოვა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის, 10 000 (ათი ათასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრება (იხ. სარჩელი - ს.ფ. 2-14).

3. მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებლით არ ცნო მისდამი წაყენებული მოთხოვნა იმ დასაბუთებით, რომ ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული, გამყიდველს თანხა გადაუხადა, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით და მისთვის გაუგებარი იყო, თუ რას ეფუძნებოდა საკმაოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ მოსარჩელის მიერ აღძრული მოთხოვნა (იხ. შესაგებელი - ს.ფ. 34-41).

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და, გამყიდველის სასარგებლოდ, მყიდველს დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველს მყიდველმა აუნაზღაურა 24 290 (ოცდაოთხი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარი, ნაცვლად 34 290 (ოცდათოთხმეტი ათას ორას ოთხმოცდაათი) ლარისა, შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 10 000 (ათი ათასი) ლარი. სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 13 თებერვალს მოპასუხემ გადაიხადა 800 (რვაასი) ლარი, იმავე წლის 27 აპრილს - 6 275 (ექვსი ათას ორას სამოცდათხუთმეტი) ლარი, იმავე წლის 7 მაისს - 2 600 (ორი ათას ექვსასი) ლარი, იმავე წლის 21 მაისს - 615 (ექვსას თხუთმეტი) ლარი, 2013 წლის 24 იანვარს - 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარი, იმავე წლის 1 მარტს - 5 600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი, იმავე წლის 4 აპრილს - 1 600 (ათას ექვსასი) ლარი, იმავე წლის 11 აპრილს - 500 (ხუთასი) ლარი და 2014 წლის 8 აგვისტოს - 900 (ცხრაასი) ლარი.

6. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის თაობაზე, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის გამო. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

7. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა შემდეგი საფუძვლებით:

7.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესასრულებელი ჰქონდა, რადგან რეალურად ვალდებულება შესრულებულია;

7.2. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია სსკ-ის 129-130-ე მუხლების შესაბამისად;

7.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული გამყიდველის მიერ შედგენილი დოკუმენტი (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი) თანხის შეტანასთან დაკავშირებით, რაზედაც მყიდველს ხელი არ მოუწერია, რაც გამორიცხავს მის საფუძველზე ფაქტის აღიარებულად მიჩნევას.

8. ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მყიდველის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და გამყიდველის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სასამართლომ იმსჯელა საქმეში განთავსებულ, მოსარჩელის მიერ შედგენილ გაანგარიშებაზე, სადაც დაფიქსირებულია, რომ 34 290 ლარის ღირებულების საქონელზე ანგარიშსწორებას მოპასუხე ნაწილ-ნაწილ ახორციელებდა. მითითებული თანხიდან 24 000 ლარის საქონელი მყიდველისათვის მიწოდებულია 2012 წლის 8 მაისს, ხოლო ამ უკანასკნელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2014 წლის 8 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 24). გამყიდველმა სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე 2015 წლის 18 მაისს წარადგინა.

10. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 477-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში :სსსკ) 102-ე მუხლების თანახმად, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ნასყიდობის საფასური სრულად აქვს გადახდილი, ნასყიდობის საგნის მიღებისთანავე, ხოლო მოსარჩელის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ გაყიდული საქონლის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა ნაწილ-ნაწილ, ბოლო გადახდა მოპასუხემ განახორციელა 2014 წლის 8 აგვისტოს, გადასახდელად დარჩენილია 10 000 (ათი ათასი) ლარი, და რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის. მოპასუხემ მხოლოდ თავისი განმარტება წარადგინა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნასყიდობის საგნის საფასური სრულად გადაიხადა და ვალდებულება შეასრულა.

11. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 386.2, 429.1 და 430-ე მუხლების საფუძველზე, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი, რადგანაც ფულადი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის საჭიროა კრედიტორის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის, ან ვალდებულების შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულების თაობაზე, კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი (სალაროს შემოსავლის ორდერი, გადახდის ჩეკი), რაც მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება მის მიერ ვალდებულების შესრულებისა და 2011 წლის 17 მაისიდან 2012 წლის 8 მაისის ჩათვლით მიღებული ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად გადახდის შესახებ.

12. სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა გამყიდველის (მოსარჩელის) მტკიცება მყიდველისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადახდისა და ბოლო გადახდის 2014 წლის 08 აგვისტოს განხორციელების თაობაზე, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

13. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველმა მყიდველს პროდუქცია ბოლოს მიაწოდა 2012 წლის 8 მაისს, ამ დროის შემდეგ, მოპასუხეს რაიმე სახის ანგარისწორება არ უწარმოებია, სარჩელის წარდგენის დროისათვის მისი ვალი მოსარჩელისადმი შეადგენდა 10 000 ლარს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებული იყო, თუმცა, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება მოთხოვნის განუხორციელებადობის თაობაზე, ხანდაზმულობის გამო და, სსკ-ის 128-130-ე მუხლებზე დაყრდნობით, აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა 2011 წლის 17 მაისიდან 2012 წლის 8 მაისის ჩათვლით, მოსარჩელისაგან მიღებული ნასყიდობის საგნის საფასურის მოპასუხის მიერ სრულად გადახდა, პროდუქციის ბოლო მიწოდებიდან - 2012 წლის 8 მაისიდან, თანხის გადახდის თაობაზე მოთხოვნის უფლება გამყიდველს იმთავითვე წარმოეშვა და ამ მოთხოვნით შეეძლო, სარჩელი სამი წლის ვადაში - 2015 წლის 8 მაისამდე წარედგინა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი 2015 წლის 18 მაისსაა აღძრული, იგი ხანდაზმულია.

14. მოსარჩელემ საკასაციო წესით (წარმოდგენილია, ასევე, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი) გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და, მისი გაუქმებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15.საკასაციო საჩივარი შემდეგ საფუძვლებს ემყარება:

15.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სსკ-ის 137-ე მუხლი;

15.2.მოსარჩელის მიერ წარდგენილია ანგარიშის ბარათი და საკასო ჩეკები, რაც ადასტურებს მოპასუხის მიერ საქონლის საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდას და ბოლო გადახდის 2014 წელს განხორციელებას, რის გამოც სარჩელი ხანდაზმული არ არის;

15.3. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილი გადახდების ცხრილი არ წარმოადგენს მასში მითითებული მონაცემების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რადგან არ შეიცავს მოპასუხის რაიმე ჩანაწერს. ნაღდი ანგარიშსწორებისას, გამყიდველი მყიდველს გადასცემს გადახდის დამადასტურებელ სალარო აპარატის ჩეკს, რომელიც მყიდველთან რჩება და გამყიდველი მას ვერ წარადგენდა. საბუღალტრო დოკუმენტებში, კერძოდ, სალაროს გასავლის ორდერზე არ ფიქსირდება თანხის შემტანის ხელმოწერა. ხელმოწერა მხოლოდ თანხის გასავლის ორდერზე კეთდება;

16.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით, წარმოებაში მიიღო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: საქმე # ას-1688-1673-2011, 02.02.2012წ.; საქმე # ას-1144-1090-2014, 23.02. 2015 წ.).

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. განსახილველი დავის საგანი მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების გადაუხდელი თანხის - 10 000 ლარის დაკისრებაა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).

23. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 34 290 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა. მოპასუხემ მიწოდებული საქონლის ღირებულების მხოლოდ ნაწილი გადაიხადა, ხოლო 10 000 ლარი გადასახდელი დარჩა (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი)

24. კასატორის პრეტენზიით, მოპასუხე თანხას ნაწილ-ნაწილ იხდიდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ბოლოს 2014 წლის 8 აგვისტოს გადაიხადა თანხა, ხოლო სარჩელი კი 2015 წლის 18 მაისს არის წარდგენილი, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული (იხ. ამ განჩინების მე-15.2 ქვეპუნქტი).

25.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. ამ განჩინების 9-13 პუნქტები), იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ განახორციელა საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების სტანდარტის შესატყვისად, კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და, სსკ-ის 429-430-ე მუხლებით გათვალისწინებული, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა მოპასუხის მიერ ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებისა და ბოლო გადახდის 2014 წლის 8 აგვისტოს განხორციელების ფაქტი. მოპასუხემ, ასევე, ვერ დაამტკიცა ვალდებულების სრულად შესრულება.

26. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დასაბუთებულია და საქონლის მიწოდების ბოლო თარიღად 2012 წლის 8 მაისი უნდა ჩაითვალოს. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, ხოლო 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი).

27.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოხმობილ ნორმათა დანაწესის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიერ საქონლის ბოლო მიწოდების მომენტიდან, ე.ი. 2012 წლის 8 მაისიდან წარმოეშვა, შესაბამისად, მართებულია გასაჩივრებული გდაწყვეტილების დასკვნა, რომ ვინაიდან სარჩელი 2015 წლის 18 მაისსაა წარდგენილი, ფულადი ვალდებულების შესრულების სამწლიანი ვადა გასულია და მოთხოვნა არ არის განხორციელებადი მოპასუხის მიერ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენის გამო.

28.ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის არცერთი საფუძვლით, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განსახილველად მიღებაზე.

29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “T”-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს “T”-ს (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის (საგადახდო დავალება N436880423, გადახდის თარიღი 2016 წლის 25 მაისი), 70% – 350 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე