Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-621-593-2016 28 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ. გ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, აპელანტი ან კასატორი), 2011 წლის 20 იანვარს, ხ. კ-ს /ს-ს/ (შემდეგში: მოპასუხე ან მოვალე) გაუგზავნა 2 130 /ორი ათას ასოცდაათი/ ევრო (იხ. ტ.1, ს.ფ. 29).

2. მოსარჩელემ 2015 წლის 29 აპრილს აღძრული სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 623-ე მუხლი; იხ.სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 19-27).

3. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელისგან მიღებული 2 130 ევრო წარმოადგენდა საჩუქარს (სსკ-ის 524-525-ე მუხლები; იხ. შესაგებელი ტ.1, ს.ფ. 38-46).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. საქალაქო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ-ის) 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხის პოზიციისა და მოწმეთა განმარტებების გაანალიზების შედეგად, მიიჩნია, რომ სადავო თანხა მოპასუხეს გაეგზავნა საჩუქრად.

6. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ მხარეებს შორის სესხის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შემთხვევაშიც, სასარჩელო მოთხოვნა განუხორციელებადი იყო, ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ, მოსარჩელის განმარტების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების ვადა შეთანხმებული არ ყოფილა, მოსარჩელემ 2011 წლის ივნისიდან დაიწყო მოთხოვნა მოპასუხისათვის გაგზავნილი თანხის დაბრუნებაზე. შემდეგ 2011 წლის ბოლოს და სარჩელის შეტანამდე დროის განმავლობაში, იგი პერიოდულად ითხოვდა მოპასუხისგან სადავო თანხის დაბრუნებას, რაზეც მისგან თანხმობას ღებულობდა. ბოლოს, როდესაც მოპასუხემ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა.

7. სსკ-ის 128-130-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის განმარტებით, სესხის დაბრუნების ვადა დადგენილი არ იყო, სესხის სახელშეკრულებო - ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში, კრედიტორს მოთხოვნის უფლება ნებისმიერ დროს წარმოეშობოდა (სსკ-ის 365-ე მუხლი). იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სადავო თანხის გადახდა 2011 წლის ივნისში მოსთხოვა, ხანდაზმულობის ვადის ათვლაც ამ პერიოდიდან უნდა დაწყებულიყო, სარჩელი კი აღძრულია სამი წლის გასვლის შემდეგ.

8. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

9. მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზია ძირითადად შემდეგ გარემოებებს ეფუძნებოდა:

9.1. მოპასუხემ აღიარა, რომ სადავო 2 130 ევრო, სესხი იყო, აღნიშნული კი ფულადი გზავნილის ორდერებით დგინდება;

9.2. სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის მეგობართა ჩვენებებს, რომელთაც ვერც კი მოახდინეს მოსარჩელის იდენტიფიცირება. სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან კრედიტორს მოთხოვნის უფლება 2015 წელს წარმოეშვა;

9.3. სსკ-ის 365-ე, 367-ე, 626-ე და 627-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან დაუყოვნებლივ, როგორც ვალდებულების შესრულება, ასევე ვალის დაბრუნება.

9.4.სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 316-ე და 623-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, მოპასუხეს ეკისრება ვალდებულება ნასესხები თანხის დაბრუნებაზე, თუმცა, ნორმათა უგულებელყოფით, საპირისპირო დასკვნა გამოიტანა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

11.სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო იყო არა თანხის გადაცემის ან მიღების საკითხი, არამედ ის, თუ რა მიზნით გადაეცა თანხა მოპასუხეს - სესხად თუ საჩუქრად.

12. სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, შეაფასა მხარეთა ახსნა-განმარტებები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს თანხა გაეგზავნა საჩუქრის სახით. სასამართლომ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მხარეები იყვნენ ნათესავები (რძალ-მული); მოსარჩელე წლებია ცხოვრობს საბერძნეთში. სადავო არ არის, რომ მოპასუხე დაეხმარა მოსარჩელეს ქ. თბილისში მშენებარე ბინის შეძენაში. მოწმეების: ე. ყ-ისა და ფ. მ-ას ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი შეესწრნენ რძალ-მულის სატელეფონო საუბარს, როდესაც მოსარჩელე დაპირდა მოპასუხეს, რომ ,,პატივს სცემდა’’ და თანხას გამოუგზავნიდა. მოწმეები თანხის დანიშნულებაზეც მიუთითებენ, რომ ზამთრის პერიოდში მოპასუხეს სახლში ფანჯარა დაუზიანდა, მოსარჩელე კი შეპირდა მას, რომ ფულს გამოუგზავნიდა მის გასაკეთებლად და რაც დარჩებოდა ბავშვისთვის (მოსარჩელის ძმისშვილისთვის) მოეხმარა (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.11.2015 წ. სხდომის ოქმი - 13:08:44; 13:10:39; 13: 11:32; 13:20:43; 13: 24:17).

13. სასამართლომ, სსსკ-ის მე-4, 102.1.-ე, მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის, გამოყენებული უნდა ყოფილიყო მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი - ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

14. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა იყო სესხად გადაცემული თანხის დაბრუნება, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებითსამართლებივი ურთიერთობის არსებობის მტკიცების ტვირთი მას ეკისრებოდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოგზავნილი თანხის სარჩელში მითითებული ოდენობით მიღების ფაქტი და სადავოდ გახადა მხოლოდ თანხის მიზნობრიობა (სასესხო ურთიერთობის არსებობა).

15. სსკ-ის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს იმაზე, რომ მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და, დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით, შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებები. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარადგინა სადავო თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება - 20.01.2011წ. ფულადი გზავნილის ორდერი, თუმცა, მასში არ არის მითითებული მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელის სახელით სადავო თანხის გადმოგზავნისა და მოპასუხის მიერ მისი მიღების ფაქტით არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა და გადაცემული თანხის დაბრუნებაზე მხარეთა შეთანხმება. მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება, სრულად შეესაბამება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქმე # ას-6-6-2015; 01.07.2015 წ.).

16. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ხოლო მოპასუხემ დაადასტურა თავის შესაგებელში მითითებული გარემოება.

17. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სსკ-ის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ წარმოშობილა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა - თანხის დაბრუნების შესახებ უსაფუძვლო იყო, რაც კანონიერად არ დააკმაყოფილა ქვემდგომმა სასამართლომ.

18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, აპელანტის არგუმენტი მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტია 2015 წელი, როცა მოპასუხემ უარი განაცხადა ნასესხები თანხის დაბრუნებაზე.

19. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა შეთანხმებული არ ყოფილა მხარეთა შორის, სსკ-ის 365-ე მუხლიდან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, ნებისმიერ დროს მოეთხოვა შესრულება. მოსარჩელის განმარტებით, მან 2011 წლის ივნისს მოითხოვა თანხის დაბრუნება, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად.

20.მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.

21.მოსარჩელემ შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე მიუთითა:

21.1.სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სესხის არსებობა დადასტურებულია ფულადი გზავნილით და გ. გ-ის განმარტებით;

21.2.დაუსაბუთებელია მოტივი, რის გამოც თავად გაჭირვებული მოსარჩელე ასეთი თანხას ყოფილ რძალს აჩუქებდა;

21.3.სასამართლომ სუბიექტურად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები;

21.4.სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის განმარტება და, შესაბამისად, მცდარი დასკვნა გამოიტანა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

22.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებით, წარმოებაში მიიღო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

23.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

24.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

25.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

26.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: საქმე # ას-6-6-2015, 01.07.2015 წ.; საქმე #ას-127-119-2015, 22.07. 2015 წ.; საქმე # ას-74-71-2016, 25 .07.2016 წ.).

27.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

28.განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათის გადაცემული თანხის დაბრუნება, მხარეთა შორის სადავო არაა თანხის გადაცემის ფაქტი და ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს და, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია თანხის გადაცემის მიზნობრიობა და, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაცია.

29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (წინამდებარე განჩინების 12-19 პუნქტები), იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით დასტურდება მხარეთა შორის ჩუქების სახელშეკრულებო-სამართლებრივი ხელშეკრულებისა და არა სესხის ხელშეკრულების არსებობა.

30.საკასაციო სასამართლო ეთანხმება ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა, მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა; როდესაც დადგენილია თანხის გადაცემის ფაქტი და არ დგინდება მისი დაბრუნების ვალდებულება, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით გამოთხოვა გამოირიცხება და მოპასუხის პოზიციის სასარგებლოდ მოქმედებს სსკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია (ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას), რომლის გაბათილებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიაჩნია სარჩელი როგორც სახელშეკრულებო, ასევე, ვალდებულების გარეშე გადაცემულის დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლითაც. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც საკითხი ეხება ჩუქების ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მის ძირითად მაკვალიფიცირებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა, ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება (იხ სუსგ -საქმე # ას-6-6-2015, 01.07. 2015 წ.).

31. განსახილველ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ მოსარჩელე საბერძნეთში ცხოვრობს და მუშაობს. მოპასუხე მისი ძმის ყოფილი მეუღლეა, რომელიც არასრულწლოვან შვილს (მოსარჩელის ძმისშვილს) ზრდის. მოპასუხის სახელზე თანხის გადარიცხვის დოკუმენტში დანიშნულება არაა მითითებული, მოწმეთა ჩვენებებით კი დასტურდება მოპასუხისათვის საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებასა და შვილის აღზრდაში მოსარჩელის დახმარების სურვილი, ასევე ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელს მოპასუხე დაეხმარა ბინის შეძენაში (იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი). მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ დავა თანხის გადაცემიდან ოთხი წლის შემდეგ დაიწყო, სასამართლოს შეექმნა საფუძვლიანი შინაგანი რწმენა, რომ მხარეთა ნათესაური, კეთილგანწყობილი, პოზიტიური ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 2011 წლის იანვარში სადავო თანხა მოპასუხეს გადაგზავნა საჩუქრად და არა სესხად.

32. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებული მტკიცების ტვირთის განაწილების დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით (სსსკ-ის 102-ე მუხლი), მოსარჩელემ ვერ შეძლო სესხის სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადასტურება, რაც მის პროცესუალურ ვალდებულებას შეადგენდა (იხ. ამ განჩინების მე-16 პუნქტი).

33. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, ხოლო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს, რის გამოც განუხილველად უნდა დარჩეს.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. გ-ეს (პ/ნ 0..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. ა-ის (პ/ნ 0...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 25 ივლისი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე