საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-768-736-2016 16 დეკემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი/საჩივრის ავტორი – ნ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2016 წლის 25 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის/საჩივრის ავტორის მოთხოვნა – დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის არსებითი განხილვა
დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 დეკემბერს გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი შპს „G”-ის მიმართ იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. გ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
2015 წლის 18 სექტემბერს ნ. გ-ემ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით ნ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-ემ. საჩივრის ავტორი (კასატორი) მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის არსებითი განხილვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების გათვალისწინებით შედგენილი საკასაციო საჩივარი და ნ. გ-ის მიერ ე-ის სახელზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გაცემული რწმუნებულება, რომელშიც მითითებული იქნება წარმომადგენლის უფლებამოსილება გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები და მარწმუნებელი წარმოადგინოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ასევე, ე-ის სამოქალაქო/საერთო სპეზიალიზაციის ადვოკატობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნ. გ-ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.
საქმის მასალებში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა ნ. გ-ის მეუღლეს, ე-ს, 2016 წლის 17 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების გათვალისწინებით შედგენილი საკასაციო საჩივარი და ნ. გ-ის მიერ ე-ის სახელზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გაცემული რწმუნებულება, რომელშიც მითითებული იქნება წარმომადგენლის უფლებამოსილება გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები და მარწმუნებელი წარმოადგინოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ასევე, ე-ის სამოქალაქო/საერთო სპეზიალიზაციის ადვოკატობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნ. გ-ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.
საქმის მასალებში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ჩაბარდა ნ. გ-ის მეუღლეს, ე-ს, 2016 წლის 17 ნოემბერს.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 18 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 24 ნოემბერს (ხუთშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი