საქმე №ას-556-531-2016 30 სექტემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – პ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი (მოპასუხე)
მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე _ კ. და გ. ა-ები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. პ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ა-ისა (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების: კ. და გ. ა-ების (შემდგომში _ მესამე პირები) მიმართ, ქ.თბილისში, კ-ის პირველი შესახვევის #...-ში მდებარე 35,15 კვ.მ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების _ 15 005 ლარის 25%-ის _ 3 751,12 ლარის მოპასუხისათვის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მამა დაიბადა და ცხოვრობდა ზემოხსენებულ მისამართზე და მათ სარგებლობაში ჰქონდათ 35.51 კვ.მ სადგომი. მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ მიიღო სამკვიდრო. შ. ა-ი (მოსარჩელის მამა) 80-იანი წლებიდან მივლინებაში იმყოფებოდა ახალციხის რაიონში, მიუხედავად ამისა, ა-ებს საცხოვრებელი სადგომი თბილისში არ მიუტოვებიათ, რეგისტრირებული არიან საბინაო წიგნში და მათ სახელზე მოდის კომუნალური გადასახადის ქვითრები, შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ურთიერთობა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირებაში არ ექცევა, ვინაიდან დავა სამემკვიდრეო კატეგორიისაა. უძრავი ქონების მესაკუთრეს 1971 წელს გარდაცვლილი ა. ა-ი წარმოადგენდა, რომელსაც ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე ჰყავდა, მათ შორის, მოსარჩელის მამა რომელსაც სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ა-ს უარი ეთქვა მითითებული უძრავი ქონების 1/4-ის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (დამატებითი გადაწყვეტილების) სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 112,50 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და აპელანტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნას დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში, როგორც დაუშვებული, უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ა. ა-ი (შემდგომში _ მამკვიდრებელი) გარდაიცვალა 1971 წლის 27 აპრილს და მის სამკვიდროს წარმოადგენდა ქ.თბილისში, კ-ის პირველი შესახვევის #...-ში მდებარე 450.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
1.2.2. მამკვიდრებელს დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე: შ. ა-ი, ვ. ა-ი, ვ. ა-ი და მ. ა-ი. მოსარჩელე და მოპასუხე არიან ა. ა-ის შვილიშვილები: შ. და ვ. ა-ების შვილები.
1.2.3. შ. ა-ი გარდაიცვალა 2005 წლის 11 დეკემბერს და მოსარჩელეს 2010 წლის 29 მარტს მიღებული აქვს მამის სამკვიდრო.
1.2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, პ. ა-ის სარჩელი დ. და თ. ა-ების მიმართ, ქ.თბილისში, კ-ის ქუჩის პირველი შესახვევის #...-ში მდებარე ა. ა-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/4-ის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. ა-ის მამკვიდრებელი, შ. ა-ი კანონით დადგენილ ვადაში არ დაუფლებია მამის – ა. ა-ის სამკვიდრო ქონებას.
1.2.5. მოპასუხე წარმოადგენს ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს (დაზუსტებული ფართობი 219 კვ.მ, შენობა-ნაგებობები: #1, #2, #3, #4, #5).
1.2.6. მოსარჩელე არ წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, რამდენადაც მოსარჩელის მამა, რომელიც დაბადებიდან (1933 წელი) ცხოვრობდა სადავო ბინაში, 1952 წელს ოფიციალურად ჩაეწერა მამის (მამკვიდრებელ ა. ა-ის) კუთვნილ ბინაში, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ შ. ა-ის სადავო ფართში რეგისტრაციის საფუძველი არა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება, არამედ ნივთის მესაკუთრესთან მისი ნათესაური კავშირი გახდა. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შ. ა-ს საკუთარ მამასთან დადებული ჰქონდა კანონით გათვალისწინებული გარიგება, რომელიც კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, სადავო ფართის მის საკუთრებაში გადაცემის საფუძველი გახდებოდა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. მხოლოდ ის გარემოება, რომ შ. ა-ი რეგისტრირებული იყო სადავო ბინაში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობას არ ადასტურებდა (აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის ას-438-410-2010 განჩინებასთან). წინამდებარე დავის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განხილვის შეუძლებლობას ადასტურებდა ასევე საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებაც, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, სამემკვიდრეო სამართლის ნორმებს ემყარებოდა.
1.2.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული ახალი გარემოება იმის თაობაზე, რომ ა. ა-მა შ. ა-ს, სესხის სანაცვლოდ, დაუთმო ერთი ოთახი, რომელიც შეადგენდა 9,80 კვ.მეტრს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველი ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგანაც სადგომი მესაკუთრე ა. ა-ს უკანონოდ ჰქონდა აშენებული და იგი სანოტარო ბიუროში ვერც სესხისა და ვერც გირავნობის ხელშეკრულებას ვერ დაამოწმებდა, ამდენად, კასატორის მამკვიდრებელთან მესაკუთრეს გარიგება ზეპირად ჰქონდა დადებული, შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ დავა სამემკვიდრეო კატეგორიისაა, საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის არასწორ განმარტებას ემყარება.
1.5. საკასაციო პრეტენზიების საპირისპიროდ, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სწორად იქნა გამოყენებული და განმარტებული საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დათქმა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს უზრუნველყოფს და მოდავე მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს უკრძალავს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების სადავოდ მიჩნევასა თუ ამავე უფლების თაობაზე სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვის შესაძლებლობას, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა (სსსკ-ის 265-ე მუხლი). გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სასამართლო, დავის სამართლებრივი შეფასებისას, მხარეთა მოსაზრებებით არ არის შეზღუდული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარის ვალდებულება, სასამართლოს მოახსენოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც - ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება (პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი: სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს), თუმცა საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციებს ირჩევენ. სასამართლო ვალდებულია, საქმის მასალებზე დაყრდნობითა და სხვაგვარი დასაბუთებით გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი). გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას დავის სამართლებრივი საფუძვლის გამიჯვნის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ სააპელაციო პალატის მსჯელობა არ განსხვავდება საქართველოს უზენაესის სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ Nას-438-410-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი)
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით .
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის დასაბუთება:
2.1. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით განმარტა, რომ დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა, კანონიერი იყო, რადგანაც იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა, მოსარჩელე არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად, რაც ამ ნაწილში აპელანტის პრეტენზიის გაზიარებას გამორიცხავდა, ამასთანავე, სააპელაციო პალატამ, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით სწორედ ზემოხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით გაათავისუფლა აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო შემაჯამებელი განჩინების გამოტანისას მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2.2. წინამდებარე საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინების ზემოაღნიშნულ მსჯელობას, რაც, საკასაციო პალატის შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველია.
2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
2.4. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 401-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და აპელანტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, მიჩნეულ იქნას დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნოს 2016 წლის 5 ოქტომბერს, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობოთ მხარეებს.
3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე