Facebook Twitter

საქმე №ას-556-531-2016 5 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – პ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი (მოპასუხე)

მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე _ კ. და გ. ა-ები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. პ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ა-ისა (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების: კ. და გ. ა-ების (შემდგომში _ მესამე პირები) მიმართ ქ.თბილისში, კ-ის პირველი შესახვევის #...-ში მდებარე 35,15 კვ.მ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების _ 15 005 ლარის 25%-ის _ 3 751,12 ლარის მოპასუხისათვის გადახდის სანაცვლოდ, მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მამა დაიბადა და ცხოვრობდა ზემოხსენებულ მისამართზე და მათ სარგებლობაში ჰქონდათ 35.51 კვ.მ სადგომი. მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ მიიღო სამკვიდრო. შ. ა-ი (მოსარჩელის მამა) 80-იანი წლებიდან მივლინებაში იმყოფებოდა ახალციხის რაიონში, მიუხედავად ამისა, ა-ებს საცხოვრებელი სადგომი თბილისში არ მიუტოვებიათ, რეგისტრირებული არიან საბინაო წიგნში და მათ სახელზე მოდის კომუნალური გადასახადის ქვითრები, შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ურთიერთობა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირებაში არ ექცევა, ვინაიდან დავა სამემკვიდრეო კატეგორიისა. უძრავი ქონების მესაკუთრეს 1971 წელს გარდაცვლილი ა. ა-ი წარმოადგენდა, რომელსაც ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე ჰყავდა, მათ შორის, მოსარჩელის მამა, რომელსაც სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით არ მიუღია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ა-ს უარი ეთქვა მითითებული უძრავი ქონების 1/4-ის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (დამატებითი გადაწყვეტილების) სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 112,50 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელად, ამასთანავე, ამავე განჩინებით პ. ა-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, კასატორის პრეტენზიები და თვლის, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილში კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სასამართლო ხარჯების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შეფასებამდე საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე გადაწყვეტილებით შესაფასებელი გარემოებების ფარგლებზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით პ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და აპელანტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. საკასაციო პრეტენზიათა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილს, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განჩინება მიღებული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევეებით.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლების ჩამონათვალს და ნორმის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

1.3. საქმის მასალებით დასტურდება, რომ:

1.3.1. სასარჩელო მოთხოვნას „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ უძრავ ქონებაზე მოსარგებლის საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს, შესაბამისად, სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

1.3.2. სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სარჩელის განსახილველად მიღების ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 21 ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებით არ უსარგებლია, ხოლო საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, 2015 წლის 17 დეკემბერს საქალაქო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გამოიტანა დამატებითი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 261-ე მუხლი) და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელეს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 112,50 ლარის გადახდა;

1.3.3. დამატებითი გადაწყვეტილების დასაბუთება შემდეგია: ვინაიდან საქმის განხილვისას დადგინდა, რომ დავა შეეხებოდა მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფას და იგი არ გამომდინარეობდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა;

1.3.4. თბილისის სააპელაციო სასამარლომ 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად იმ პირობებში, როდესაც მას სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ ჰქონდა გადახდილი, ხოლო 2016 წლის 4 მაისის შემაჯამებელი განჩინებით, მან, ერთი მხრივ, ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება, ხოლო, მეორე მხრივ, აპელანტს ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით. პალატის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს, არსებობდა მისთვის თანხის დაკისრების წინაპირობები.

1.4. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი.

1.5. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხზე:

1.5.1. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების პარალელურად (სსსკ-ის 2.1. მუხლი) საპროცესო კანონმდებლობა ადგენს ამ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაც, სხვა საპროცესო წესებთან ერთად, მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულება წარმოადგენს. აღნიშნული მსჯელობის ნორმატიულ საფუძველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება სასამართლოს ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად (იხ. ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.2. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სარჩელის (შესაბამისად, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის) განსახილველად მიღების წინაპირობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის მიღებაზე (სსსკ-ის 186-ე მუხლი), ზემდგომ სასამართლოებში კი, მომჩივან მხარეს, ხარვეზის დადგენის გზით, განესაზღვრება გონივრული ვადა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, განუხილველად დარჩება მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო/საკასაციო საჩივარი (სსსკ-ის 368.5, 396.3 მუხლები).

1.5.2. ზემოთთქმულის მიუხედავად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია შეღავათები სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტებისათვის, რომლებიც, პირობითად, ორ ჯგუფად შეიძლება განვიხილოთ. პირველ მათგანს მიეკუთვნება შემთხვევა, როდესაც კანონი მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს იგი ამ ვალდებულებისაგან, გადაუვადოს ან შეუმციროს თანხის ოდენობა (სსსკ-ის 47-ე-48-ე მუხლები), ხოლო, მეორე შემთხვევა სახეზეა მაშინ, როდესაც პირი კანონითაა გათავისუფლებული ამ ვალდებულებისაგან (სსსკ-ის 46-ე მუხლი ან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი).

1.5.3. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გარდა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.5.1. პუნქტში მითითებულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს შემდეგ პრინციპს: იმის მიხედვით, თუ რომელი მხარის სასარგებლოდ გადაწყდება დავა, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწული ხარჯების საბოლოო ანაზღაურება ეკისრება წაგებულ მხარეს მოგებულის სასარგებლოდ (სსსკ-ის 53-ე მუხლი), ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების საფუძველს განსაზღვრავს ამავე კოდექსის 55-ე მუხლი, რომლის თანახმდაც, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ერთადერთი საპროცესო ნორმა, რომელიც ზემოაღნიშნული წესებისაგან განსხვავებულ რეგულაციას ითვალისწინებს, 42-ე მუხლია, რომელიც მოსამართლის მიერ დავის საგნის სავარაუდო ღირებულების დადგენის შემთხვევას აწესრიგებს და ადგენს, რომ საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება.

1.5.4. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტსაც, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები − „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით. დასახელებული ნორმის დისპოზიციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოთხოვნას, როგორც ზემოხსენებული კანონის სუბიექტი, ისე აყენებდა, მიუხედავად საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადგენილი დავის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლისა, იგი გათავისუფლებულად ითვლება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან და არ არსებობს საპროცესო ნორმა, რომელიც უკვე გათავისუფლებულ პირს სახელმწიფო ბაჟის შემდგომში გადახდის ვალდებულებას დააკისრებდა.

1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილია თავად გადაწყვიტოს დავა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების, ასევე, საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში და პ. ა-ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. პ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2016 წლის 4 მაისის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების, ასევე, აპელანტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ნაწილობრივ და მე-3 პუნქტი) და პ. ა-ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე