Facebook Twitter

საქმე №ას-879-846-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქვემდგომი სასამართლოსათვის საქმის განხილვის დავალდებულება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ. კ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა-ას (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მფლობელი) მიმართ, ქ.ბათუმში, მ-ას ქ#...ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ სადავო ქონება მისი ერთადერთი საცხოვრებელია, გარდა ამისა, ნივთის ერთადერთ მესაკუთრეს არ წარმოადგენს მოსარჩელე, არამედ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმი ვრცელდება და საზიარო უფლების გაუქმების გარეშე სარჩელის დაკმაყოფილება სამართლებრივად შეუძლებელია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ქვემდგომი სასამართლოსათვის საქმის განხილვის დავალდებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.

1.3. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.3.1. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, კერძო საჩივრის ავტორის უფლებამოსილ წარომადგენელს (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 12) 2016 წლის 5 მაისის სხდომაზე ეცნობა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2016 წლის 18 მაისს, 17:30 საათზე;

1.3.2. საქალაქო სასამართლოში 18 მაისს გამართულ სხდომას, რომელზეც მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, მხარეები და მათი წარმომადგენლები არ დასწრებიან;

1.3.3. უდავოა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2016 წლის 7 ივნისი, ხოლო, 30-ე დღე _ 17 ივნისი;

1.3.4. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითა და მასზე დართული საფოსტო ზედნადებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი მხარემ საფოსტო დაწესებულებაში 2016 წლის 1 ივლისს წარადგინა.

1.4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ, საქმეში წარმოდგენილ გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ ხელწერილზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მხარის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით 2016 წლის 4 ივნისს მიმართა და ამავე დღეს ჩაიბარა იგი, საპირისპირო მითითებას არ შეიცავდა საქმეში არსებული ხელწერილი, ხოლო, საფოსტო ზედნადებზე მითითებული თარიღის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს დარღვეული ჰქონდა კანონით იმპერატიულად განსაზღვრული 14-დღიანი ვადა.

1.5. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩვრებული განჩინების ზემოხსენებულ დასკვნას და განმარტავს, რომ მან საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2016 წლის არა 4 ივნისს, არამედ 4 ივლისს და რადგანაც სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა იწურებოდა 2016 წლის 2 ივლისს, მან სააპელაციო საჩივრით ფოსტას 1 ივლისს მიმართა. გასაჩივრებული განჩინების დასკვნის საპირისპიროდ, ვინაიდან 4 ივნისს არ იყო გასული კანონით გათვალისწინებული 20-დღიანი ვადა, სასამართლო, ბუნებრივია, მხარეს ვერ ჩააბარებდა გადაწყვეტილებას. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 2016 წლის 4 ივლისს ჩაბარების ფაქტის დადასტურების მიზნით მხარემ კერძო საჩივარს დაურთო ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობა.

1.6. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობები და ყურადღებას კვლავ წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3. პუნქტში მითითებულ თარიღებზე გაამახვილებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). მითითებული ნორმის, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო რა 2016 წლის 7 ივნისი, ხოლო 30-ე _ 17 ივნისი, 2016 წლის 4 ივნისს მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება ნაკლებად სავარაუდო იყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში იგი აღნიშავდა, რომ მას დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, რის გამოც სააპელაციო პრეტენზიები ამ ეტაპზე ვერ წარადგინა. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღემდე სასამართლოში გამოცხადება 2591 მუხლის მოთხოვნათა დაცვად არ განიხილება, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 2591 მუხლების თაობაზე ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მისი წარდგენის ვადის უკანასკნელ დღეს ჩაბარდა ფოსტას (სსსკ-ის 61.3 მუხლი). უფრო მეტიც, კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება, რომ არა თუ 2016 წლის 4 ივნისს, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ამოწურვის დღესაც არ ჰქონდა მხარეს ჩაბარებული საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს სააპელაციო სასამართლოს იმ დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას, რომ აპელანტმა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა (სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა).

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან (სსსკ-ის 364-ე და 368-ე მუხლები) საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი