Facebook Twitter

საქმე №ას-5-5-2017 6 იანვარი, 2017 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 (2016) წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – შპს „ს-ს“ სარჩელის გამო, მ. მ-ის მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატას განსახილველად გადმოეცა მ. მ-ის საკასაციო საჩივარი. საკასაციო მოთხოვნაში კასატორი უთითებს რომ მოითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ.მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 29000 აშშ დოლარი; 16.06.2015 წლამდე დარიცხული სარგებელი 5075 აშშ დოლარი; 16.06.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის 2.5% - 725 აშშ დოლარი; დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მ. მ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნ-ი (შეკვეთილი). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ, თუმცა, მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი. რაც შეეხება შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 (2016) წლის 2 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა იგი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.

განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მ. მ-მა მართალია სააპელაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ მისი განხილვა სააპელაციო წესით არ მომხდარა, ვინაიდან განუხილველლად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო. ამდენად, მ. მ-ის მიმართ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ არსებობს საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლითაც ნამსჯელია პირველი ინსტანიის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 (2016) წლის 2 ნოემბრის განჩინებით, განხილულია მხოლოდ შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა და, შესაბამისად, მ. მ-ის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეცვლილა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 (2016) წლის 2 ნოემბრის განჩინების გასაჩივრების პროცესუალური უფლება გააჩნია მხოლოდ მოსარჩელეს, მ. მ-ი კი განსახილველ საქმეში არის მოპასუხე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ წარმოადგენს მხარეს, რომელსაც აქვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 391-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 (2016) წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე