საქმე №ას-829-795-2016 11 ნოემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ე (მოპასუხე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ქ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
1. მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის _ 1 261,9 აშშ დოლარისა და სარგებლის _ 6 118,35 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება;
2. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინებიას გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, გამსესხებელი, კრედიტორი ან ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ქ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოვალე ან მსესხებელი) მიმართ დავალიანების _ 16 609,78 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2010 წლის 11 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე 60 თვის ვადით გაიცა სესხი 24 840 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 16%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ბანკის მიმართ ირიცხება დავალიანება შემდეგი ოდენობით: ძირითადი თანხა - 1 378.72 აშშ დოლარი, პროცენტი - 10 228.98 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 50 000 აშშ დოლარი, სულ 61 638.76 აშშ დოლარი. მოსარჩელემ დარიცხული პირგასამტეხლო შეამცირა 90%-ით და ამ ნაწილში მოითხოვა მოვალისათვის 5 003 აშშ დოლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი/გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კრედიტორმა იმოქმედა არაკეთილსინდისიერად, ხელოვნურად დაარიცხა გაურკვევლად მაღალი პროცენტი და პირგასამტეხლო. მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, ვინაიდან ვალდებულება დაირღვა 2011 წლის 15 მარტიდან, ბოლო გადახდისას. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული ავტომანქანის რეალიზაცია ბანკმა განახორციელა არასამართლიან ფასად, ვინაიდან მისი ღირებულება გაცილებით მეტი იყო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოვალეს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის _ 116,82 აშშ დოლარის, სარგებლის _ 4 110,63 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 500,3 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოვალემ მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო კრედიტორმა _ ძირი თანხისა (1 261,9 აშ დოლარის) და სარგებლის (6 118,35 აშშ დოლარის) დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა და მოითხოვა მოვალისათვის დავალიანების ძირი თანხის _ 1 261,9 აშშ დოლარისა და სარგებლის _ 6 118,35 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება.
6.2. საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა მსესხებელმაც და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მისი სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო/შეგებებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ძირითადი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2010 წლის 11 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა #785596 ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო სამომხმარებლო კრედიტი 24 840 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური სარგებლის 16% დარიცხვის პირობით. სამომხმარებლო კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა შპს „მ-ისგან“ 35 220 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა მიცუბიშ პაჯეროს განვადებით შეძენა. ხელშეკრულების 4.1.5. პუნქტის თანახმად, ავტომობილის ღირებულების 30% სამომხმარებლო კრედიტის გამოყოფამდე მოპასუხემ გადაიხადა. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.1.13. პუნქტით ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს ანაზღაურება გადაუხდელი თანხის 0.5% ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.2.2. 2010 წლის 11 ოქტომბერს მხარეებმა დადეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის #785596-ა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული „მიცუბიში პაჯერო“ სახელმწიფო ნომრით A.... ამავე ხელშეკრულების 10.4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა მოგირავნის მოთხოვნას, იგი უფლებამოსილი იყო, აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით;
1.2.3. მსესხებელმა ხელშეკრულების გრაფიკით გადასახდელი თანხა ბოლოს 2011 წლის 15 თებერვალს გადაიხადა და ამ პერიოდისთვის ძირითადი თანხის სახით დარჩენილმა დავალიანებამ 23 786.82 აშშ დოლარი შეადგინა;
1.2.4. 2012 წლის 10 აპრილს მხარეები გირავნობით დატვირთული ავტომანქანის გადაცემაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებაში აღნიშნულია შემდეგი: გარეგნული დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ არ აქვს დონკრატი, ტექნიკური ექსპლუატაციის წიგნი, მანქანას უკანა მარცხენა ფრთაზე აღენიშნებოდა ნაკაწრები. შეთანხმებას მესაკუთრის მხრიდან ხელს აწერს მინდობლი პირი ხ. კ-ე;
1.2.5. 2013 წლის 7 მაისს გამსესხებელმა მიღება-ჩაბარების #1 აქტის საფუძველზე, შპს „ზ-ს“ სარეალიზაციოდ გადასცა ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“, სახელმწიფო ნომრით A..... აქტში მითითებულია, რომ არ არის დონკრატი, ტექნიკური ექსპლუატაციის წიგნი და ავტომანქანას უკანა მარცხენა ფრთაზე აღენიშნება ნაკაწრები. აქტზე ხელით მიწერილია შენიშვნა, რომლის თანახმადაც, მანქანას წინა მარჯვენა ფრთაზე აღენიშნებოდა ნაკაწრები, თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც ამ მინაწერის სიყალბეს დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვებოდა;
1.2.6. ავტომობილის შეფასების #6023 აქტის თანახმად, მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის საბაზრო ღირებულება 2013 წლის 6 ოქტომბრის მონაცემებით შეადგენდა 23 600 აშშ დოლარს, ხოლო სალიკვიდაციო ღირებულება განისაზღვრა 16 500 აშშ დოლარით. მსესხებელმა ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ავტომობილის ღირებულება გაცილებით მეტი იყო და მას კრედიტორისათვის არაფრის გადახდის ვალდებულება აღარ გააჩნდა. მართალია, სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა მსესხებლის შუამდგომლობა და საქმეს დაურთო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც 2010 წელს დამზადებული „მიცუბიშ პაჯეროს“ საბაზრო ღირებულება, ცვეთის გათვალისწინებით, 2012 წლის 10 აპრილის მონაცემებით საორიენტაციოდ 29 600 აშშ დოლარს შეადგენდა (რაც ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად 48 500 ლარის ეკვივალენტი იყო), ხოლო, 2013 წლის 7 მაისის მონაცემებით _ 25 530 აშშ დოლარს შეადგენდა (რაც ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად 42 000 ლარის ეკვივალენტი იყო), თუმცა ექსპერტის დასკვნა არ წარმოადგენდა იმ უტყუარ მტკიცებულებას, რაც ავტომობილის ზუსტ ღირებულებას განსაზღვრავდა, იმდენად, რამდენადაც ექსპერტს განმცხადებლის მიერ მიეწოდა ინფორმაცია ავტომობილის გარეგან იერსახესა და ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით;
1.2.7. 2013 წლის 23 ოქტომბერს განხორციელდა გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, მიღებულმა თანხამ შეადგინა 39 292 ლარი, რაც ვალუტის იმდროინდელი კურსით შეადგენდა 23 670 აშშ დოლარს;
1.2.8. გამსესხებელმა გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხით დაფარა მსესხებლის დავალიანების ძირი თანხა 23 408,10 აშშ დოლარი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. გამსესხებლის საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება მხარის შედავება იმის თაობაზე, რომ გარდა ზემოხსენებული სესხის ხელშეკრულებისა, მოპასუხე სარგებლობდა 2 518,2 აშშ დოლარის სადაზღვევო სესხით, რომლის სარგებელიც წლიურ 18%-ს შეადგენდა. გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა მსესხებლის ავტომობილი, უზრუნველყოფდა, როგორც სადავო, ისე _ სადაზღვევო სესხს. 2013 წელს განხორციელებული გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით სადაზღვევო სესხი სრულად დაიფარა (1 021,83 აშშ დოლარი), ხოლო 22 408,10 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ხელშეკრულების ძირი თანხა, შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით სრულად უნდა შემცირებულიყო სესხის ხელშეკრულების ძირი თანხა, ასევე, არასწორად ჩათვალა სასამართლომ, რომ გირავნობის საგნის გადაცემით ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო, პროცენტის დარიცხვა შეჩერდა.
1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კრედიტოს ზემოხსენებულ არგუმენტს იმ დასაბუთებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება დაუშვებელია. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო სესხის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტზე სარჩელში მითითებული არ არის, ამგვარ ფაქტზე მოსარჩელეს არც საქმის მომზადების ეტაპის დასრულებამდე არ მიუთითებია. პალატა განუმარტავს ბანკს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და, საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს უზოგადესი და ამავდროულად ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება, მათ შორისაა 178-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს სასამართლოსათვის კვალიფიციური შედავება არ შეუთავაზებია, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული ხელშეკრულების შეწყვეტისა და სარგებლის დარიცხვის შეჩერების პრინციპის სისწორე.
1.6. საკასაციო პრეტენზიის არარსებობის პირობებში უაპელაციოდაა გასაზიარებელი ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ბანკის მხრიდან სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის თაობაზე (სკ-ის 8.3. მუხლი), კერძოდ: იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გამსესხებელმა გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით დაფარა მოვალის ძირითადი დავალიანება, აღნიშნული მოქმედება მას უნდა განეხორციელებინა ავტომანქანის მისთვის გადაცემისთანავე. თუკი კრედიტორი მიღებულ თანხას მიმართავდა დავალიანების ძირითადი თანხის დასაფარავად, ხოლო მოვალის დავალიანება იმ დროისათვის ძირითადი თანხის სახით შეადგენდა 23 786.82 აშშ დოლარს, მოპასუხეს გადასახდელი დარჩებოდა ძირითადი თანხა 116.82 აშშ დოლარი. რაც შეეხება საპროცენტო სარგებელს, მოვალეს იგი დაეკისრა 2011 წლის 15 თებერვლიდან (სესხზე ბოლო გადახდის თარიღი) 2012 წლის 16 აპრილის (სატრანსპორტო საშუალების ბანკისათვის გადაცემის თარიღი) ჩათვლით, ამასთანავე, სარგებელი დაირიცხა ბოლო გადახდის შემდეგ დარჩენილი ძირი თანხის - 23 786.82 აშშ დოლარის მიხედვით, რაც საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულების დანართი #1-ს თანახმად, შეადგენს 4 070.13 აშშ დოლარს, ხოლო 2012 წლის 16 აპრილიდან 2014 წლის 5 ივნისამდე (სარჩელის შეტანამდე) პროცენტი ძირ თანხაზე _ 116.82 აშშ დოლარზე დაირიცხა, რაც შეადგენდა 40.5 აშშ დოლარს.
1.7. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად მოიძიეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები _ სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 867-ე მუხლები, სწორად განსაზღვრეს ნორმის აბსტრაქტული ელემენტები და სამოქალაქო უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპის მხედველობაში მიღებით, სწორადვე დაადგინეს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები.
1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გამსესხებლის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. შეგებებული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის ბოლო წინადადებით კი, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ კასატორი უარს იტყვის თავის საკასაციო საჩივარზე ან საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარიც იმავე სამართლებრივი ბედის მატარებელი გახდება. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც კრედიტორის საკასაციო საჩივარი, როგორც ძირითადი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განუხილველად იქნა მიჩნეული დაუშვებლობის გამო, შეგებებული საკასაციო საჩივარიც, მისი პროცესუალური ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვებას ექვემდებარება (იხ. სუსგ. №ას-127-470-07, 30 აპრილი, 2007 წელი).
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ სს „ს-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 29.08.2016წ. #39 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 843 ლარის, 70% _ 590,1 ლარი, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 17.10.2016წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 236,38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის, 30%-ის _ 70,914 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე, 391-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს-ს“ (ს/# ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 29.08.2016წ. #39 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 843 ლარის 70% _ 590,1 ლარი.
3. დ. ქ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
4. დ. ქ-ეს (პ/# ...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 17.10.2016წ. განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 236,38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის 30%-ის _ 70,914 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი