Facebook Twitter

საქმე №ას-813-780-2016 9 დეკემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ. დ-ე, ე. თ.ე, ს. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ე, გ. ძ-ე, ნ. თ-ა, ნ. პ-ა, ე. ჩ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები _ ა. გ-ე, ი. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აუდიტორული შემოწმების ჩატარებაში ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ. თ-ემ, ნ. პ-ამ, გ. ძ-ემ, ნ. თ-ამ და ე. ჩ-მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. დ-ის, ე. თ.ის, ს. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები), ა. გ-ისა და ი. კ-ის (შემდგომში _ თანამოპასუხეები) მიმართ მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ხ-ის ქ#27-ში მდებარე ქონებაზე აუდიტორული შემოწმების ჩატარების ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.თბილისში, ხ-ის ქუჩა #27-ში მდებარე უძრავი ქონება მხარეთა და ს/გ „თ-ის“ შრომითი კოლექტივის სხვა წევრების, სულ _ 316 პირის თანასაკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხეები მართავენ და განკარგავენ თანასაკუთრების საგანს _ შენობა-ნაგებობები იჯარით აქვთ გაცემული და ადგილი აქვს შემოსავლების დამალვას. მოსარჩელებმა გადაწყვიტეს აუდიტორული შემოწმების ჩატარება, რასაც ეწინააღმდეგებიან მოპასუხეები და ხელს უშლიან აუდიტორული შემოწმების ჩატარებაში.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხეებმა: მ. დ-ემ, ე. თ.ემ, ს. მ-ემ და ი. კ-მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ აუდიტორული შემოწმების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს, აუდიტი 2012 წელს იქნა მოწვეული და შემოწმებულია 2008-2012 წლების პერიოდი, ამასთანავე, აუდიტორული შემოწმების ჩატარება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, აღიკვეთა მოსარჩელეთა მიმართ თანასაკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ხ-ის ქუჩა #27-ში მდებარე ქონებაზე (ს/კ#01.13.05.004.1--) აუდიტორული შემოწმების ხელშეშლა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. ქ.თბილისში, ხ-ის ქუჩა #27-ში მდებარე 26994 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები (ს/კ#01.13.05.004.1--), თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს/გ „თ-ის“ შრომითი კოლექტივის, მათ შორის, მოსარჩელეების სახელზე;

1.2.2. თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმებული არ არის;

1.2.3. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე აუდიტორული შემოწმების ჩატარების ხელშეშლის აღკვეთა, რომელიც იმ დასაბუთებას ემყარება, რომ საზიარო საგანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოპასუხეები მართავენ და განკარგავენ, შენობა-ნაგებობები იჯარით აქვთ გაცემული და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს საიჯარო შემოსავლების დამალვას, ხარჯების არასწორ განაწილებასა და აღრიცხვას, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე საგადასახდო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის შედეგად, სხვა მესაკუთრეები წლების მანძილზე ვერ იღებენ კუთვნილ შემოსავლებს, ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ამოღება, საბოლოოდ, ყველა მესაკუთრის, მათ შორის მოსარჩელეების საკუთრების გათვალისწინებითაც განხორციელდება. მოპასუხეთა განმარტებით, არ არსებობს აუდიტორული შემოწმების ჩატარების აუცილებლობა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის განხილვისას მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, თუ რატომ მიაჩნიათ უსაფუძვლოდ და კანონსაწინააღმდეგოდ მოსარჩელეთა მოთხოვნა. მით უფრო მათივე პოზიციის გათვალისწინებით (თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე დადებული გარიგებების შედეგად მიღებული ყველა შემოსავალი და გასავალი, არსებითად სწორადაა აღრიცხული, განაწილებული და აღნიშნულის შემოწმება მათივე ბუღალტერიის გზითაა შესაძლებელი) წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, აუდიტორული შემოწმების ჩატარების აუცილებლობის არსებობა–არარსებობის საკითხი, სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენდა, რამდენადაც სარჩელის საფუძველს თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის გზით მიღებული შემოსავლების აღრიცხვა–განაწილების კანონიერება არ წარმოადგენდა, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად ვერ მიეთითებოდა აპელანტების პოზიცია იმის შესახებ, რომ მათ მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა კრების ოქმები, რომელთა მიხედვით, მოსარჩელეები უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ყველა საორგანიზაციო საკითხებში, რაც ეხებოდა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვას, ასევე, ის, რომ ამ კრების ოქმებში მითითებული იყო ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ, რის გამოც არ არსებობდა აუდიტის ჩატარების წინაპირობები;

1.2.4. არადამაჯერებლად იქნა მიჩნეული აპელანტთა ძირითადი არგუმენტი, რომლის თანახმადაც, აუდიტორული შემოწმების ჩატარება დაკავშირებული იყო სოლიდურ ხარჯებთან, რომლის გაღება თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან მიღებული შემოსავლით უნდა განხორციელებულიყო და განაწილებულიყო თანამესაკუთრეებს შორის. საქმის მასალებით დასტურდებოდა და პირველი ინსტანციის სასამართლოც მიუთითებდა, რომ მოპასუხეებმა უარი განაცხადეს მოსარჩელეთა ხარჯით აუდიტორული შემოწმების ჩატარებაზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.08.2015წ. და 18.08.2015წ. სხდომის ოქმები), ამასთანავე, მოსარჩელე მოითხოვდა, მოპასუხეს აღკვეთოდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებაში ხელშეშლა და შესაბამისად, შემოწმების ხარჯს გაიღებდა თავად მოსარჩელე, რაც საქმის სააპელაციო წესით განხილვისასაც დადასტურდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სასამართლოს არ გამოუკვლევია მოპასუხეების მიერ მოსამზადებელ სხდომაზე წარდგენილი კრების ოქმები, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეები ყველა საორგანიზაციო საკითხის გადაწყვეტასა და ხარჯების განაწილებაში მონაწილეობდნენ. ამ პრეტენზიის საპირისპიროდ სასამართლომ მხოლოდ კასატორთა მოწინააღმდეგე მხარეების უფლებების დარღვევაზე იმსჯელა სამართლის ნორმათა არასწორი ინტერპრეტაციის გამო;

1.4.2. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით სასამართლომ დაარღვია სხვა თანამესაკუთრეთა უფლებები, ვინაიდან მოსარჩელეთა თითოეული მოქმედება დაკავშირებულია სოლიდურ ხარჯთან, რაც რეალურად მხარეთა შორის უნდა განაწილდეს. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი არ შეესაბამება სინამდვილეს, რის გამოც მოთხოვნა მიზანშეუწონელია, მათი ყოველი მოქმედების თაობაზე შედგენილია შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო კასატორები თანამესაკუთრეების მიერ არჩეული მინდობილი პირები არიან, რომელებიც მათი ინტერესების შესაბამისად და ქონების შენარჩუნების ინტერესით მოქმედებენ. თანამესაკუთრეთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება აუდიტის უსაფუძვლოდ ჩატარებას, ვინაიდან მოსარჩელეთა მონაწილეობით აუდიტორული შემოწმება უკვე ჩატარებულია;

1.4.3. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ განმეორებითი აუდიტის ჩატარების მოთხოვნა უფლების ბოროტად გამოყენებაა, რაც სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით დაუშვებელია.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა ზემოხსენებულ არგუმენტებს იმ დასაბუთებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც საზიარო საგნის მართვაში თანამესაკუთრის მონაწილეობის კანონიერებას შეეხება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზიარო საგნის მესაკუთრეები, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის ძალით, წარმოადგენენ სრულუფლებიან მესაკუთრეებს, რაც თავისთავად მოიაზრებს მათ შესაძლებლობას, ისარგებლონ საკუთრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი შესაძლებლობებით (სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები). მართალია, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში კასატორებს მყარი არგუმენტი იმისა, თუ რაში გამოიხატება აღნიშნული დარღვევა, არ წარმოუდგენიათ (რისი დადასტურების მტკიცების ტვირთიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა). საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორებს, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს კეთილსინიდისიერი სამოქალაქო ბრუნვის სტანდარტს და კოდექსის არა ერთი ნორმა ადგენს შესაბამის ქცევის წესს. მითითებული კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

1.5.1. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მოპასუხის არგუმენტის უსაფუძვლობის თაობაზე და სარჩელის საგნის ფარგლებში, ვინაიდან სასამართლოს შეფასების საგანი არ არის საზიარო საგნის მართვით მიღებული სიკეთის განაწილების კანონიერება, უარყოფს კასატორთა პრეტენზიას კრების ოქმების არასწორი შეფასების თაობაზე, ხოლო იმ უდავო ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე ადასტურებს მზაობას, თავად გაიღოს შემოწმების ხარჯები, სავსებით უმართებულოდ თვლის საკასაციო საჩივრის არგუმენტს უფლების ბოროტად გამოყენებისა თუ სხვა თანამესაკუთრეთა ინტერესების დარღვევის თაობაზე.

1.6. პალატის მოსაზრებით, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილი და მოდავე მხარეთა ინტერესების შეპირისპირების გზით მართებულად მიიჩნიეს სარჩელი საფუძვლიანად.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მ. დ-ის მიერ 30.09.2016წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. დ-ის, ე. თ.ისა და ს. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: მ. დ-ეს (პ/#...), ე. თ.ესა (პ/#...) და ს. მ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ მ. დ-ის მიერ 30.09.2016წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე