Facebook Twitter

საქმე №ას-844-810-2016 9 დეკემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „თ-ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანრიგის მუშაკის წოდების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ო. კ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ-იის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ ზეინკლის მე-5 თანრიგის მუშაკის წოდების მინიჭების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1994 წლის 3 ოქტომბრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპაუხე ორგანიზაციაში ელ. ზეინკლის თანამდებობაზე მე-3 თანრიგის მუშაკად. იგი უმაღლესი განათლების მქონე პირია, ინჟინერი, ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით. დასაქმებულს მალევე მიენიჭა მე-4 და მე-5 თანრიგის წოდება. 1995 წლის 2 ოქტომბერს დასაქმებული გადაყვანილ იქნა ელ. მექანიკოსის თანამდებობაზე, ხოლო შემდომ, საკუთარი სურვილით _ ზეინკლის თანამდებობაზე. დამსაქმებელი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის #01-300 ბრძანების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრიდან, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლებს, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ კლასები და თანრიგები და ამჟამად კვლავ შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან დამსაქმებელთან იმავე თანამდებობაზე, რომლისთვისაც განსაზღვრულია თანრიგი და კლასი, მიენიჭათ (აღუდგათ) 2006 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული თანრიგები და კლასები, ხოლო მოსარჩელეს დაუსაბუთებლად ეთქვა უარი მე-5 თანრიგის აღდგენაზე. ის გარემოება, რომ 2013 წლის 27 აგვისტოს #04/3-6/464 განკარგულების შესაბამისად, მოსარჩელე ასრულებდა ელ. მექანიკური დისტანციის ოსტატის მოვალეობას, მეტყველებს სპეციალობით მის შესაბამის ცოდნასა და უნარზე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დასაქმებულს მე-5 თანრიგი მიენიჭა არა ზეინკლის, არამედ, ელ. მონტიორის თანამდებობაზე მუშაობისას 1994 წლის 1 მაისს, ზეინკლის პოზიციაზე მუშაობისას კი, მას მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ მე-3 თანრიგი, გარდა ამისა, 1995 წლის 2 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო ელ. მექანიკოსის თანამდებობაზე, რომელიც, საწარმოში იმ დროს მოქმედი სახელმძღვანელოს შესაბამისად, საერთოდ არ ითვალისწინებდა რაიმე თანრიგის არსებობას. დასაქმებული 2007 წლის 23 მაისამდე მუშაობდა ელ. მექანიკოსად და საწარმოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის #01-300 ბრძანების მოქმედება მასზე არ ვრცელდება, ვინაიდან, ამ ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, თანრიგი აღუდგათ იმ პირებს, რომლებიც 2006 წლის 1 აგვისტოს მდგომაროებით მუშაობდნენ იმ თანამდებობაზე და ბრძანების ამოქმედების მომენტში ეკავათ იგივე თანამდებობა, რომელზეც გათვალისწინებული იყო თანრიგი. მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ ითვალისწინებდა თანრიგს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დასაქმებულს მიენიჭა ზეინკლის მე-5 თანრიგის მუშაკის წოდება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 1994 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხის წინამორბედ საწარმოში ელ. ზეინკლის თანამდებობაზე, დროითი პრემიალური ანაზღაურებით, III თანრიგით. 1994 წლის 7 ნოემბერს დასაქმებული გადაყვანილ იქნა ამავე დისტანციაში III თანრიგის ელ-მონტიორად, 1994 წლის 1 დეკემბერს _ IV თანრიგზე, 1995 წლის 1 მაისს _ V თანრიგზე. 1995 წლის 2 ოქტომბერს მოსარჩელე დაინიშნა ელ. მექანიკოსის თანამდებობაზე;

1.2.2. დამსაქმებლის (წინამორბედი ორგანიზაციის) 31.07.2006წ. ბრძანებით, მის ყველა სტრუქტურულ ერთეულში, დასაქმებულ მუშაკთა შრომის ანაზღაურების ახალ ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ძალადაკარგულად ჩაითვალა საწარმოსა და ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში შრომის ანაზღაურების სისტემებისა და დადგენილი მატერიალური წახალისების ფორმების, პრემირებებისა და წლიური მუშაობის შედეგების მიხედვით გასამრჯელოს გადახდის შესახებ გამოცემული ყველა ბრძანება და დებულება. ამ დროიდან გაუქმდა მოპასუხე ორგანიზაციაში მოქმედი თანრიგისა და კლასის სისტემა, ასევე, თანრიგის/კლასის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების განსაზღვრის წესი;

1.2.3. 2007 წლის 23 მაისის ბრძანებით, ო. კ-ი ელ. მექანიკური სამსახურის ელ. მექანიკური დისტანციის ტექნოლოგიური საავარიო ჯგუფის ელ. მექანიკოსის თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა ამავე სამსახურის ელ. მექანიკური დისტანციის ზეინკლის თანამდებობაზე. 2007 წლის 23 მაისს ო. კ-ის მიერ დაკავებული ელ. მექანიკური სამსახურის ელ. მექანიკური დისტანციის ზეინკლის თანამდებობა, როგორც არსებული მდგომარეობით, ისე _ 2006 წელს, თანრიგების/კლასების სისტემის გაუქმებამდე, ითვალისწინებდა თანრიგებს;

1.2.4. აპელანტის 30.12.2013წ. #01-300 ბრძანებით დამტკიცდა გარკვეულ თანამდებობებზე კლასებისა და თანრიგების შემოღების, მათი მინიჭების/დაცვის მექანიზმები. ზოგიერთ თანამდებობაზე შემოღებულ იქნა კლასები, თანრიგები და დამტკიცდა იმ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც შესაძლებელია საკვალიფიკაციო თანრიგისა და კლასის მინიჭება და დაცვა დანართი #1-ის შესაბამისად. ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებლის თანამშრომლებს, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ კლასები და თანრიგები და ამჟამადაც დასაქმებული არიან კომპანიაში იმ თანამდებობებზე, რომლისთვისაც განსაზღვრულია თანრიგი და კლასი, მიენიჭათ (აღუდგათ) 2006 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული თანრიგები და კლასები დანართი #2-ის შესაბამისად. აპელანტის განმარტებით, საწარმოს ხელმძღვანელობისა და შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თანრიგებისა და კლასების აღდგენა 2006 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ანუ სწორედ იმ მდგომარეობით, რა დროიდანაც გაუქმდა აღნიშნული თანრიგები, რათა არ მომხდარიყო წყვეტა და აღდგენილიყო პირვანდელი მდგომარეობა. მისივე განმარტებით, თანრიგების გაუქმებისა და შრომის ანაზღაურების სისტემის ცვლილების შემდგომ, თანრიგებისათვის განკუთვნილი დანამატები გარკვეულწილად შევიდა თანრიგიან თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა ხელფასის ოდენობაში და დასაქმებულებს მიეცემოდათ შესაბამისი შრომის ანაზღაურება, ამდენად, დამსაქმებელი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 30.12.2013წ. #01-300 ბრძანების გამოცემის მიზანი და დამსაქმებლის ნება იყო უწყვეტად აღდგენილიყო პირვანდელი მდგომარეობა და 2014 წლის 1 იანვრიდან დასაქმებულებს, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ კლასები/თანრიგები და იმჟამადაც დასაქმებულნი იყვნენ კომპანიაში იმ თანადებობებზე, რომლისთვისაც განსაზღვრულია თანრიგი და კლასი, მინიჭებოდათ იმ თარიღის მდგომარეობით არსებული თანრიგები/კლასები, რა პერიოდიდანაც გაუქმდა თანრიგების და კლასების სისტემა. მოსარჩელის დიპლომის ასლის თანახმად, იგი უმაღლესი განთლების მქონე ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგია. 1994 წლიდან უწყვეტად მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციაში და 1995 წლის 1 მაისს გადაყვანილ იქნა V თანრიგზე. 2007 წლის 23 მაისს დასაქმებულის მიერ დაკავებული ელ. მექანიკური სამსახურის ელ. მექანიკური დისტანციის ზეინკლის თანამდებობა, როგორც 2006 წელს (თანრიგების/კლასების სისტემის გაუქმებამდე), ასევე, დღეის მდგომარეობით ითვალისწინებდა თანრიგებს. ამდენად, 30.12.2013წ. #01-300 ბრძანების მე-2 პუნქტის ჩანაწერი (... მიენიჭოთ (აღუდგეთ) 2006 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით არსებული თანრიგები და კლასები დანართი #2-ის შესაბამისად) არ უნდა ყოფილიყო გაგებული მხოლოდ 2006 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით არსებული თანამდებობებისათვის. ამ დროის მონაცემებით, მოსარჩელეს ჰქონდა მინიჭებული ელ. მექანიკოსის მე-5 თანრიგი. მართალია, იგი ამ დროს სხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ მისი თანრიგი ეჭვს არ იწვევდა. გარდა ამისა, ბრძანების შინაარსისა და მიზნის გათვალისწინებით ირკვეოდა, რომ აღდგენას ექვემდებარებოდა ნებისმიერ თანამდებობაზე არსებული თანრიგი, თუნდაც პირი ბრძანების ამოქმედების დროისათვის დასაქმებული ყოფილიყო სრულიად სხვა თანამდებობაზე. დამსაქმებლის მოთხოვნა არ იყო 2006 წლის შემდეგ (როდესაც გაუქმდა თანრიგის პრივილეგიები) მუშაკი დასაქმებული ყოფილიყო ერთსა და იმავე თანამდებობაზე, რაც კვალიფიკაციის დაქვეითების შიშით შეიძლება ყოფილიყო ნაკარნახევი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც სასამართლოს მსჯელობა, რომ დასაქმებულს 2013 წლის 30 დეკემბრის #01-300 ბრძანების საფუძველზე უნდა აღუდგეს თანრიგი, რადგანაც იგი 1994 წლიდან უწყვეტად მუშაობდა თანამდებობაზე, არ არის იურიდიულად დასაბუთებული;

1.4.2. სააპელაციო პალატის მსჯელობის საპირისპიროდ, ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე, პირისათვის თანრიგის მინიჭების/აღდგენისათვის ერთდროულად უნდა ყოფილიყო შემდეგი წინაპირობები:

ა) მიმდინარე პერიოდში დასაქმებულს უნდა ჰქონოდა დაკავებული თანამდებობა, რომელიც ითვალისწინებდა თანრიგის მინიჭებას;

ბ) ამ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს 2006 წლამდე მინიჭებული უნდა ჰქონოდა თანრიგი/კლასი;

გ) თანრიგი/კლასი პირს მინიჭებული უნდა ჰქონოდა 2006 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.

1.4.3. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, სწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ კასატორ კომპანიაში სამუშაოს დაწყების, მის მიერ თანამდებობათა დაკავების ფაქტი, თუმცა, მან თავადვე უარყო ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე 2006 წლამდე ან მის შემდეგ მუშაობდა იმ პოზიციაზე, რომელიც ითვალისწინებდა თანრიგის არსებობას. საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცდა დანართიც, რომელშიც მოსარჩელე მითითებული არ არის, ამ უკანასკნელს კი, ეს დანართი სადავოდ არ გაუხდია.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს მხრიდან მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება. სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

1.6. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით (რომლის სისწორეც კასატორს სადავოდ არ გაუხდია) სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა დამსაქმებელი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 30.12.2013წ. #01-300 ბრძანების მიზანი, რომელთან შესაბამისობაშიც ასევე სწორად განსაზღვრა ის საკითხი, რომ მოსარჩელე, როგორც უფლების მქონე სუბიექტი მართებულად აცხადებდა პრეტენზიას დამსაქმებლის ბრძანებით გათვალისწინებულ უფლებრივ მდგომაროებაში აღდგენაზე.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდადაუბრუნდეს ლ. გ-ის მიერ კასატორის სახელით 29.08.2016წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ-იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „თ-იას“ (ს/# ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ. გ-ის მიერ კასატორის სახელით 29.08.2016წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე