საქმე № 010210016001247981
საქმე №ას-1043-1004-2016 12 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. შ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ჯ. მ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. შ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის, მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 30 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნივთი გადაეცა მოპასუხეს და აღირიცხა მის სახელზე. მოპასუხის მოთხოვნით მოსარჩელე გამოსახლებულ იქნა უძრავი ქონებიდან, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი და დაუბრუნდა მოსარჩელეს.
3. აღნიშნულის მიუხედავად მოპასუხე საცხოვრებელ ბინას არ ათავისუფლებს, რის გამოც სადავო ქონება გამოთხოვილ უნდა იქნეს მისი საკუთრებიდან.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბინის მის სახელზე აღრიცხვის შემდეგ ჩაატარა სარემონტო სამუშაოები და დახარჯა 20 000 აშშ დოლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წლის 29 იანვრიდან სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. აღნიშნულ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე, რაც ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 312-ე მუხლის მეორე ნაწილით და აღნიშნა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
10. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის, – უფლება მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
11. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, ასევე, დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ფლობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მფლობელობა არამართლზომიერია, შესაბამისად, ამ აუცილებელი პირობის არსებობის გამო, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ წარმოდგენილი ვინდიკაციური სარჩელი კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
12. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებზე აღნიშნა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის არამართლზომიერი ფლობა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
14. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები წინააღმდეგობრივია და პალატამ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი.
15. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 979-ე მუხლით და გაეზიარებინა აპელანტის მითითება მის მიერ სადავო ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების ღირებულების ანაზღაურებამდე ბინიდან გამოსახლების დაუშვებლობის შესახებ. სწორედ ამიტომ იშუამდგომლა მოპასუხემ სასამართლოს წინაშე მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, სანამ არ გადაწყდებოდა მის მიერ რემონტის ხარჯების მიკუთვნების შესახებ სარჩელის ბედი. სააპელაციო პალატამ კი მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და უარი უთხრა მხარეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ საქმეზე უნდა შეჩერდეს საქმის განხილვა მანამ, სანამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ბინის რემონტის ხარჯებთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნული ბინა დატვირთულია კანონისმიერი იპოთეკით, ბინაში ჩატარებულია სარემონტო სამუშაოები. მოპასუხის აღნიშნული ბინიდან გამოსახლების შემთხვევაში საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება, რადგან მოპასუხე ითხოვს რემონტის ხარჯების ანაზღაურებას. ამასთან, მოსარჩელე ერთხელ უკვე გამოსახლდა სადავო უძრავი ქონებიდან და მის ხელახლა გამოსახლებას დასჭირდება გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესები.
16. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გათვალისწინა ის უდავო გარემოება, რომ მოსარჩელე მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამუშაოების შედეგად უსაფუძვლოდ გამდიდრდა და არ გამოიყენა სსკ-ის 976-ე მუხლი.
17. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 172-ე მუხლი და მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ მოპასუხე კეთილსინდისიერი მფლობელია და მისი მფლობელობა სპეციალური კანონით არის დარეგულირებული. ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 979-ე მუხლის დანაწესი.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, 2016 წლის 29 იანვრიდან სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. აღნიშნულ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე, რაც ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას.
21. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოასახლა იგი სადავო ბინიდან მანამ, სანამ სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში არ გადაწყვეტილა სადავო უძრავ ნივთზე კასატორის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების საკითხი. აღნიშნულ მომენტამდე კი, საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. მოცემულ საქმეზე აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი, რომლითაც მხარე მოითხოვს უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვას.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
26. შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
27. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა.
28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს უარს, შეაჩეროს მოცემული საქმის წარმოება სხვა სასარჩელო წარმოების ფარგლებში მიმდინარე სამოქალაქო დავის საბოლოო განხილვამდე, რომლითაც უნდა გადაწყდეს მოპასუხის მიერ სადავო ბინაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობას არ ქმნის კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატას უნდა შეეჩერებინა მოცემული საქმის წარმოება ზემოაღნიშნული დავის გადაწყვეტამდე.
30. საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივ წინაპირობებს აწესებს სსსკ-ის 279-ე მუხლი, რომლის „დ“ ქვეპუნქტი მიხედვით სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
31. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე არსებულ გარემოებათა გამო, შესაძლებელია, შეიქმნას იმგვარი ფაქტობრივი ვითარება, რომელთა არსებობის პირობებში შეუძლებელია ან არ არის მიზანშეწონილი დავის განხილვა და გადაწყვეტა.
32. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს შემთხვევებს, როცა სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება საპროცესო კოდექსით პირდაპირ განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას და, როცა სასამართლო არ არის ვალდებული, მაგრამ უფლებამოსილია, შეაჩეროს საქმის წარმოება.
33. საქმის წარმოების შეჩერების ფაკულტატური შემთხვევებისას, სასამართლოს მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, რომ ობიექტური შეფასების საფუძველზე, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ესა თუ ის საპროცესო ინსტიტუტი.
34. ნორმატიული დათქმა – საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, კერძოდ, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება, აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
35. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა.
36. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა.
37. მითითებული კანონის დანაწესის ამგვარ განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
38. მოცემულ შემთხვევაში სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების აუცილებელი წინაპირობები განსახილველ საქმეზე არ არსებობს და არ იკვეთება სადავო ბინასთან მიმართებით საკუთრების უფლების დადგენის შეუძლებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო საქმის წარმოებას ვერ შეაჩერებდა.
39. რაც შეეხება კასატორის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მას გასწია ხარჯი სადავო უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და ზემოაღნიშნული ხარჯების საკითხზე სასამართლო მოცემული წარმოების ფარგლებში ვერ იმსჯელებს. ასევე, აღნიშნული ხარჯების საკითხი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მოცემული საქმის სამართლებრივ ბედზე. შესაბამისად, დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის მითითება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
40. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ 9.03.2016წ. საქმე №ას-3-3-2016).
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს №4 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. შ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. შ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 21 ნოემბერს №4 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური