Facebook Twitter

№010269716900005727

საქმე №ა-3708-შ-102-2016 28 დეკემბერი, 2016 წელი

№ა-3708-შ-102-2016 ინსპექცია ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ე.ს. „გ.-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება „ქ.-ის“ შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე ძირითადი ვალის – 4520 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. შპს ე.ს. „გ.-ს“ (საქართველო, ქ.ქ.) ღია სააქციო საზოგადოება „ქ.-ის“ (ბელარუსის რესპუბლიკა, ქ.) 2015 წლის 27 აგვისტოს №... კონტრაქტის თანახმად ძირითადი ვალის – 60490,57 აშშ დოლარის გადახდა. ასევე შპს ე.ს. „გ.-ს“ რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 2161,75 აშშ დოლარის (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 16.01.2016წ. კურსით ეკვივალენტი 42 491 099 ბელარუსის რუბლის) გადახდა.

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ შპს „გ.“ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 7 ივნისს. ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო განყოფილების ცნობის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ საქმის წარმოება არ აღძრულა. შპს „გ.“ რეგისტრირებულია საქართველოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად. საკასაციო პალატის ზემოხსენებული განჩინება საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს (გაგზავნილი კორესპონდენცია ადრესატს არ ჩაბარდა, საფოსტო შეტყობინების თანახმად, ადმინისტრაციამ განაცხადა უარი კორესპონდენციის ჩაბარებაზე. საკასაციო პალატამ 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სასამართლო გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარება დაავალა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს, რომლის პასუხადაც სასამართლოში წარმოდგენილი ოქმით დასტურდება, რომ ორგანიზაციის იურიდიული მისამართის მიხედვით, ვერ მოხერხდა გზავნილის ჩაბარება, ვინაიდან შპს „გ.“ არ ფუნქციონირებს, ხოლო ორგანიზაციის დირექტორ – ე. ე.-ის ადგილსამყოფელი უცნობია. (იხ. საქმის მასალები), აღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეტყობინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა კანონის ძალით და სასამართლო უფლებამოსილია, განიხილოს საქმე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ღია სააქციო საზოგადოება „ქ.-ის“ შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე ძირითადი ვალის – 4520 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. შპს ე.ს. „გ.-ს“ (საქართველო, ქ.ქ.) ღია სააქციო საზოგადოება „ქ.-ის“ (ბელარუსი რესპუბლიკა, ქ.) სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 27 აგვისტოს №. კონტრაქტის თანახმად ძირითადი ვალის – 60490,57 აშშ დოლარის გადახდა. ასევე შპს ე.ს. „გ.-ს“ რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 2161,75 აშშ დოლარის (ბელალრუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 16.01.2016წ. კურსით ეკვივალენტი 42 491 099 ბელარუსის რუბლის) გადახდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ შპს „გ.“ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 7 ივნისს. ბელარუსის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო განყოფილების ცნობის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ საქმის წარმოება არ აღძრულა. შპს „გ.“ რეგისტრირებულია საქართველოში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი, დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება შპს „გ.-სათვის“, სახელმწიფო ბაჟის – 2161,75 აშშ დოლარის (ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 16.01.2016წ. კურსით ეკვივალენტი 42 491 099 ბელარუსის რუბლის) დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის გადასახადებისა და მოსაკრებელის სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობისა და აღსრულების შესახებ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ე.ს. „გ.-ს“ (ს/კ №...) ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 2161,75 აშშ დოლარის (ბელალრუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის 16.01.2016წ. კურსით ეკვივალენტი 42 491 099 ბელარუსის რუბლის) გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე