Facebook Twitter

საქმის№330210014505438

საქმე №ას-269-256-2016 12 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ძ.-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“, ნოტარიუსი – ი. შ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ძ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.-ისა“ და ნოტარიუს ი. შ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ი. შ.-ის მიერ 2013 წლის 27 ნოემბერს გაცემული №.., №.., №.. სააღსრულებო ფურცლები ჯარიმის – 631 049,72 აშშ დოლარისა და პროცენტის – 226 181,05 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 10 თებერვალს მოპასუხესა და შპს „ა.-ს“, შპს „ძ.-სა“ და შპს „ო.-ას“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც 2011 წლის 11 და 14 თებერვალს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები.

3. 2011 წლის 9 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე საზოგადოებას ერიცხება ვადაგადაცილებული დავალიანება.

4. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სრული დავალიანება დაზუსტებული სარჩელის წარდგენის მომენტისათვის იყო 1 949 836,38 აშშ დოლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 1 682 389,9 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 493 648,53 აშშ დოლარი. აქედან გადახდილია 226 181,05 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელემ ჩამოაჭრა შპს „ო.-ას“ ანგარიშიდან და აღნიშნული თანხით შეამცირა დარიცხული პირგასამტეხლო/ჯარიმა.

5. 2013 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუს ი. შ.-ეს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლების გაცემა. იმავე დღეს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელთა შესაბამისად მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება დათვლილი აქვს იმგვარად, რომ დავალიანების სრული მოცულობა შეადგენს 2 807 067,14 აშშ დოლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხა არის – 1 682 368,9 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 493 648,52 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 631 049,72 აშშ დოლარი.

6. მოსარჩელემ მის მიერ დაანგარიშებული დავალიანების ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიაქცია იპოთეკის ხელშეკრულებები.

7. მხარის მითითებით, ნოტარიუსმა ისე გასცა სააღსრულებო ფურცლები 2013 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ არ შეუსწავლია, შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული მონაცემები რეალობას. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება და შპს „ა.-ს“, შპს „ა.-ს“, შპს „ო.-ას“, შპს „ძ.-ს“ და შპს „ი.-ას“ გაეგზავნათ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

8. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (სსკ-ის) 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის №ას-1701-1685-2011 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სარგებლის/პროცენტის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინებს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში“.

9. მისი განმარტებით, ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სსკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული პერიოდისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სსკ-სის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო“.

10. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ პროცენტის დარიცხვის გაგრძელება ემსახურება იმ პრეზუმფციული ზიანის ანაზღაურებას, რომელიც კრედიტორს მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. მხარეთა შორის არსებული 2011 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების 3.2.1.4. მუხლის შესაბამისადაც პროცენტი მოხსენიებულია, როგორც მიუღებელი სარგებელი.

11. ასევე პრეზუმფციული ზიანია თავისი ბუნებით პირგასამტეხლო. აღნიშნულის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ ვერ მოხდება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ პროცენტის, როგორც მიუღებელი სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ მოვალემ ორჯერ აანაზღაურა ზიანი, რომელიც მიადგა კრედიტორს. 403-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზით დგინდება, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს კრედიტორს პროცენტის მიღების უფლება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც, თუ სხვა საფუძვლით უფრო მეტის მიღება არ შეუძლია ანუ ზიანის ანაზღაურება სხვადასხვა საფუძვლით არის ალტერნატიული და ჩათვლითი და სხვადასხვა საფუძვლით ერთი და იმავე ზიანის რამდენჯერმე ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას კრედიტორს კანონმდებელი არ ანიჭებს. 398-ე მუხლის კომენტირებისასაც შესაბამისი ავტორების მიერ (სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი 3, გვ.351) განიმარტება, რომ პროცენტის გადახდა შეიძლება ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, რაც გულისხმობს, რომ ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, როცა იგი აღემატება პროცენტის ოდენობას. სხვანაირად მოვალის პასუხისმგებლობა მეტისმეტად გაიზრდებოდა, რაც კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყაროც შეიძლება გამხდარიყო.

12. მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გააგრძელა პროცენტის დარიცხვა, შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი, მოსარჩელსაგან მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადახდილი 226 181,05 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელემ არასწორად გამოაკლო ჯარიმას, პროცენტის პარალელურად დარიცხვის გამო, უნდა ჩაითვალოს პროცენტის ანგარიშში და პროცენტი შემცირდეს. თუ მოვალეს დაეკისრება ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა სრულად, გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცლებში მოცემულ თანხასა და რეალურ დავალიანებას შორის რჩება სხვაობა 857 230,76 აშშ დოლარი, რაც არის ის დაუსაბუთებელი თანხა, რომლის მიღების სამართლებრივი საფუძველი კრედიტორს არ გააჩნია. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სააღსრულებო ფურცლები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

13. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სააღსრულებო ფურცელში მითითებული ჯარიმა, თავისი შინაარსით სწორედ ის პირგასამტეხლოა, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების დადებისას, თუმცა პირგასამტეხლოს გადახდევინება ხდება მას შემდეგ, რაც აშკარაა ვალდებულების დარღვევა ან არაჯეროვანი შესრულება და მხარეთა შორის ხელშეკრულება აღარ გახლავთ ძალაში. თუ, ერთი მხრივ, პროცენტის დარიცხვის შესაძლებლობა შემოფარგლულია ხელშეკრულების მოქმედების ვადით, პირგასამტეხლო, პირიქით, ერთგვარი ჯარიმაა ხელშეკრულების დარღვევისათვის, რაც მათ ერთდროულად დარიცხვას გამორიცხავს.

14. მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცლები გასცა იმ ვალდებულებაზე, რომელიც მოიცავს როგორც ძირ თანხას, ასევე პარალელურად დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, რაც წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, კეთილსინდისიერების პრინციპთან და უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან.

15. მოსარჩელის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობაც. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი 2013 წლის 9 სექტემბრის №ას-691-657-2013 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც პალატა განმარტავს, რომ „მართალია მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, მაგრამ ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებით არის შეზღუდული, რისი მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ოდენობასთან. აღნიშნულის მიუხედავად, შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ამიტომ განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას, სამართლიანად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“.

16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 27 თებერვლის №ას-1811-1785-2011 გადაწყვეტილებაში დასაშვებად მიიჩნია პირგასამტეხლოს სახით წლიური 20%-ის დარიცხვა.

17. მოსარჩელის მოსაზრებით, 2011 წლის 9 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 4.13 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის წლიურ 34%-ს. ასევე, არსებობს შეუსაბამობა სასამართლო პრაქტიკასა და მოსარჩელის მიერ დაანგარიშებულ ვალდებულებას შორის.

მოპასუხის პოზიცია:

18. მოპასუხე საზოგადოებამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ კრედიტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს პროცენტი/სარგებელი იმ შემთხვევაშიც, თუ „ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის არსებობს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე“.

19. დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შესასრულებელი ჰქონდა და აქვს ფულადი ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულების ვადა იყო და არის დარღვეული. რაც შეეხება მხარეთა შეთანხმებას პროცენტის თაობაზე, აღნიშნულს ითვალისწინებს 2011 წლის 10 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 3.1.2.4. პუნქტი. მხარეთა შეთანხმებით, საპროცენტო სარგებლის/მიუღებელი შემოსავლის დარიცხვა გრძელდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც, ვალდებულების სრულად დაფარვის მომენტამდე.

20. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე ასევე აპელირებს, რომ კრედიტორს ერთდროულად არ შეუძლია დაერიცხა დავალიანების ძირითად თანხაზე პირგასამტეხლო და პროცენტი, თუმცა რაიმე სახის სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის. სსკ-ის 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია, ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.

21. მოპასუხემ მიუთითა, რომ კანონი გარკვეულწილად ზღუდავს კრედიტორის მიერ ერთდროულად ძირითადი ვალდებულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებამოსილებას და არა საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ასევე, მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, რადგან მხარეთა შეთანხმებული პირგასამტეხლო წარმოადგენს 0,093%-ს ერთ დღეზე გაანგარიშებით. მისი განმარტებით, სასამართლო პრაქტიკაა, როდესაც პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა მცირდება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-მდე. გაუგებარია, რატომ მოითხოვა მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა სრულად და არა ნაწილობრივ, რადგან მას დავალიანების ძირითადი თანხის, ასევე, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილის ოდენობა სადავო არ გაუხდია.

22. სარჩელი არ ცნო არც ნოტარიუსმა, რადგან „ნოტარიატის შესახებ“ კანონის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს კრედიტორის განცხადების საფუძველზე. ამასთან, მისი გაცემა ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე. კანონი არ ავალდებულებდა მოპასუხეს, გამოეთხოვა ცნობა დავალიანების შესახებ. მან სააღსრულებო ფურცელი გასცა მხოლოდ კრედიტორის განცხადების საფუძველზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

23. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი.

26. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას თანხის გადახდის ვადაგადაცილების პროცენტთან ერთად პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

27. უდავოა, რომ მხარეებმა მათ შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის გაითვალისწინეს როგორც პროცენტი, ისე პირგასამტეხლო.

28. პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს სსკ-ის 416-417-ე მუხლების დანაწესიდან, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას.

29. სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

30. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

31. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

32. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

33. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ძირითადი თანხის ვადაში დაუბრუნებლობა კრედიტორს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვადის გადაცილების გამო, კანონით გათვალისწინებული პროცენტის მოვალისათვის დაკისრებას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი ზიანის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდა წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას. მინიმალური ზიანის არსებობის დასადასტურებლად კი საკმარისია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა.

34. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც შეეხება სსკ-ის 403-ე მუხლის განმარტებას. ამ განმარტების თანახმად, მოვალის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელს (კრედიტორს) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდა ვადაგადაცილებული დროისათვის, თუ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის არსებობს მხარეთა შეთანხმება სესხის პროცენტის გადახდის თაობაზე (იხ. სუსგ, 22.10.2012წ., საქმე №ას-1701-1685-2011).

35. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის თაობაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება და ეს შეთანხმება უნდა იყოს მკაფიო და ცალსახად უნდა დგინდებოდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის ნება აღნიშნულის თაობაზე.

36. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 3.1.2.4. პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ბანკს უფლება აქვს, საპროცენტო სარგებლის, როგორც მიუღებელი სარგებლის დარიცხვა გააგრძელოს და იგი გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ანდა მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების, მისი დანართის მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

37. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის დროს ზიანს წარმოადგენს სწორედ ის მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც კრედიტორი ვალდებულების ჯეროვანი და დროული შესრულების შემთხვევაში მიიღებდა.

38. სსკ-ის 411-ე და 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს პირგასამტეხლოსთან ერთად ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.

39. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმებით ცალსახად აღიარებულია კრედიტორის უფლება, ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურების მოთხოვნასთან ერთად, გააჩნდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შპს „ძ.-ს“ სარჩელი სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

41. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

42. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ კრედიტორს უფლება ჰქონდა, ერთდროულად მოეხდინა მოვალისათვის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც, რამდენადაც სააპელაციო პალატის განმარტებით, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდა წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას. კრედიტორს პირგასამტეხლოსთან ერთად ყოველთვის აქვს უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კრედიტორმა მართლზომიერად მოითხოვა ერთდროულად პროცენტი, როგორც მიუღებელი შემოსავალი და პირგასამტეხლო. აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.

43. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 316-318-ე, 403-ე, 419-ე, 394-ე მუხლებით. აღნიშნული ნორმები ანალიზი უნდა მოხდეს კომპლექსურად და არა განცალკევებით.

44. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის №ას-1701-1685-2011 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სარგებლის/პროცენტის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინებს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში“. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სსკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული პერიოდისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სსკ-სის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო“.

45. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ პროცენტის დარიცხვის გაგრძელება ემსახურება იმ პრეზუმფციული ზიანის ანაზღაურებას, რომელიც კრედიტორს მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. მხარეთა შორის არსებული 2011 წლის 10 თებერვლის ხელშეკრულების 3.2.1.4. მუხლის შესაბამისადაც პროცენტი მოხსენიებულია, როგორც მიუღებელი სარგებელი.

46. სსკ-ის 403-ე მუხლის ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით კასატორმა მიიჩნია, რომ ეს იყო დისპოზიციური პროცენტი, რამდენადაც ივარაუდება, რომ სესხად მიღებული თანხის დაუბრუნებლობით გამსესხებელს ყოველთვის ადგება ზიანი. ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გათვალისწინების შემთხვევაში, დისპოზიციური პროცენტის დარიცხვა არ ხდებოდა. დისპოზიციური პროცენტის სახელშეკრულებო პროცენტით ჩანაცვლება არსებითად ვერ ცვლის ვითარებას. ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს ან პროცენტის ან პირგასამტეხლოს მოთხოვნის გზით.

47. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში მითითება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც „მოვალის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელს (კრედიტორს) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდა ვადაგადაცილებული დროისათვის, თუ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის არსებობს მხარეთა შეთანხმება სესხის პროცენტის თაობაზე“. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არსებობს შესაბამისი შეთანხმება, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საპროცენტო სარგებლის დარიცხვის გაგრძელება შეესაბამება კანონს.

48. კასატორმა მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება შეეხება 403-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ კონკრეტულ დანაწესს, სადაც საუბარია „მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტის“ გადახდის ვალდებულებაზე, თუმცა აღნიშნული განმარტება, ისევე როგორც მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა, ვერ აბათილებს განსახილველი მუხლის დათქმას „თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია“. შესაბამისად, კრედიტორს უნდა ამოერჩია ზიანის ანაზღაურების ის საფუძველი, რომლითაც უფრო მეტის მიღება შეეძლო და მოეთხოვა მისი ანაზღაურება.

49. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი თავისი ბუნებით ასევე პრეზუმფციული ზიანია (სსკ-ის მუხლი 417). აღნიშნულის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ ვერ მოხდება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ პროცენტის, როგორც მიუღებელი სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ მოვალემ ორჯერ აანაზღაურა ზიანი, რომელიც მიადგა კრედიტორს. სსკ 403-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზითაც ცალსახად დგინდება, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს კრედიტორს პროცენტის მიღების უფლება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც, თუ სხვა საფუძვლით უფრო მეტის მიღება არ შეუძლია, ანუ ზიანის ანაზღაურება სხვადასხვა საფუძვლით გახლავთ ალტერნატიული, ჩათვლითი და სხვადასხვა საფუძვლით, ერთი და იმავე ზიანის რამდენჯერმე ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას კრედიტორს კანონმდებელი არ ანიჭებს.

50. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავისი 2016 წლის 5 თებერვლის №ას-1229-1152-2015 გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც სააპელაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება“. აღნიშნული განმარტებით ცალსახაა, რომ პირგასამტეხლო უპირველესად კრედიტორის დამცავი მექანიზმია, აინაზღაუროს ზიანი. მართალია, პირგასამტეხლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე ახდენს ვალდებულების დარღვევის საწინააღმდეგო პრევენციას, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეუსრულებელი ვალდებულების არსებობისას მას აღარ რჩება პრევენციული ფუნქცია, არამედ მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მექანიზმია.

51. სააპელაციო პალატამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სსკ 419-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს პირგასამტეხლოსთან ერთად ყოველთვის აქვს უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული განმარტება კანონშეუსაბამოა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ას-1229-1152-2015 გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ განმარტა სსკ-ის 419-ე მუხლი და განაცხადა, რომ „პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას“. აღნიშნული განმარტებით ცალსახაა, რომ პირგასამტეხლოს მეშვეობით ანაზღაურებული ზიანი უნდა ჩაითვალოს სრული ზიანის ანაზღაურების ანგარიშში და არა მოხდეს ერთი და იმავე ზიანის სხვადასხვა საფუძვლით დამოუკიდებლად ანაზღაურება.

52. სსკ-ის კომენტარებში ზიანისა და პროცენტის ურთიერთმიმართებაა განხილული. ამავე კოდექსის 389-ე მუხლის კომენტარი განმარტავს, რომ პროცენტის გადახდა შეიძლება ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, რაც გულისხმობს იმას, რომ ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, როცა იგი აღემატება პროცენტის ოდენობას. სხვანაირად მოვალის პასუხისმგებლობა მეტისმეტად გაიზრდებოდა, რაც კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყაროც შეიძლება გამხდარიყო. ასევე, მნიშვნელოვანია სსკ-ს 119-ე მუხლის კომენტარი, სადაც განმარტებულია, რომ დაუშვებელია ერთდროულად პირგასამტეხლოც დაეკისროს მხარეს და მთელი ზიანის ანაზღაურებაც. ასე რომ იყოს, აღნიშნული იქებოდა საჯარიმო პირგასამტეხლო, რომელიც უკიდურესად დაამძიმებდა მოვალის მდგომარეობას და გამოიწვევდა კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას. სსკ-ის ნორმების განმარტებიდან ჩანს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა ჩათვლითი პირგასამტეხლოს ანალოგიური მოვლენა. ეს კი ნიშნავს შემდეგს: კრედიტორს დამოუკიდებლად, უპირობოდ შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლო, ხოლო ზიანის ანაზღაურების საერთო საფუძვლებზე დაყრდნობით – ზიანის ანაზღაურებაც, ოღონდ პირგასამტეხლო ჩაითვლება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობაში.

53. კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ყოველწლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, შეადგენდა წლიურ 17%-ს, ხოლო პირგასამტეხლო, წლის 365 დღეზე გაანგარიშებით, წლიური – 34%-ს (რთული პროცენტის დაანგარიშებით კიდევ უფრო დიდ თანხას). ანუ არსებითი ვითარებით კრედიტორმა აინაზღაურა ზიანი ვადაგადაცილებული თანხის წლიური 51%-ის ოდენობით, რაც ვერ ჩაითვლება გონივრულად, თანაზომიერად და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენების პრინციპს ეწინააღმდეგება.

54. კასატორმა განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გააგრძელა პროცენტის დარიცხვა, შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი, მოეთხოვა ასევე პირგასამტეხლო. უკვე გადახდილი 226,181.05 აშშ დოლარი კრედიტორმა გამოაკლო პირგასამტეხლოს (ჯარიმას), რომლის დარიცხვის უფლება მას არ გააჩნდა, პარალელურად ზიანის ანაზღაურების ანგარიშში დარიცხული პროცენტის დარიცხვის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადახდილი თანხა სასამართლოს უნდა ჩაეთვალა სახელშეკრულებო ვადის შემდეგ ზიანის ასანაზღაურებელი პროცენტის ანგარიშში და შეემცირებინა დარიცხული პროცენტი. კასატორმა სასამართლოს წარუდგინა გაანგარიშება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოვალეს დაეკისრებოდა ძირისა და სსკ-ის 403-ე მუხლიდან გამომდინარე პროცენტის გადახდა სრულად, გასაჩივრებულ სააღსრულებო ფურცლებში მოცემულ თანხასა და რეალურ დავალიანებას შორის რჩებოდა სხვაობა – 857 230,76 აშშ დოლარი, რაც ის დაუსაბუთებელი თანხაა, რომლის მიღების სამართლებრივი საფუძველი კრედიტორს არ გააჩნია. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია არც ფაქტობრივ გარემოებებს, არც სასამართლო პრაქტიკასა და ნორმათა განმარტებას და იმგვარად განმარტა გამოყენებული ნორმები, რომ მართლზომიერად მიიჩნია ზიანის ორჯერ ანაზღაურება.

55. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას.

56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

57. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის საოქმო განჩინებით მხარეებს მიეცათ 2-კვირიანი ვადა მორიგებისათვის. აღნიშნული ვადა მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ორჯერ გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისისა და ამავე წლის 11 ივლისის განჩინებებით.

58. 2016 წლის 27 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთობლივი შუამდგომლობით მიმართეს მხარეებმა და მოითხოვეს განსახილველი საქმის მედიაციისათვის გადაცემა დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით.

59. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით შპს „ძ.-ის,“ სს „ს.-ისა“ და ნოტარიუს ი. შ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოცემული საქმე გადაეცა მედიაციას დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით, ხოლო საკასაციო საქმის წარმოება შეჩერდა სასამართლო მედიაციის ვადის დასრულებამდე.

60. 2016 წლის 27 ოქტომბერს შპს „ძ.-მა,“ სს „ს.-მა“ და ნოტარიუსმა ი. შ.-ემ ერთობლივი განცხადებით მიმართეს უზენეს სასამართლოს, რომელშიც მიუთითეს, რომ სამედიაციო განხილვისათვის განკუთვნილი ვადა ამოიწურა და მოითხოვეს მორიგებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება 20 დღით, რაც ასევე დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ.

61. 2016 წლის 9 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ძ.-ის“ ადვოკატმა ი. კ.-ამ და განმარტა, რომ, ფაქტობრივად, მხარეები მორიგდნენ, თუმცა მორიგების პირობების სასამართლოს მიერ დამტკიცების ნაცვლად, ისინი შეთანხმდნენ, რომ კასატორი უარს იტყოდა საკასაციო საჩივარზე.

62. განმცხადებელმა მოითხოვა მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტა კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო და განაცხადა, რომ მისი მხარისათვის ცნობილია საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების, კერძოდ კი, იმის შესახებ, რომ მხარე ხელმეორედ ვეღარ გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

63. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი საფუძვლებით:

64. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

65. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

66. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.

67. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე. დისპოზიციურობის აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც და მხარეს შეუძლია, დაეთანხმოს მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.

68. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება შპს „ძ.-ის“ საკასაციო საჩივარი, თუმცა კასატორის წარმომადგენელმა ი. კ.-ამ, რომლის უფლებამოსილება, მარწმუნებლის სახელით უარი განაცხადოს სარჩელზე, დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილ მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ. 143), უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

69. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

70. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა – მხარის უარი თავის საკასაციო საჩივარზე, რაც აკმაყოფილების ზემოაღნიშნულ ნორმატიულ დანაწესს. შესაბამისად, წინამდებარე კასატორის შუამდგომლობა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ძ.-ის“ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს.

71. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

72. ამდენად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველზე კასატორ შპს „ძ.-ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს „ძ.-ისა“ და ო. ო.-ის მიერ 2016 წლის 30 მარტს №9 საგადასახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ძ.-ის“ წარმომადგენელ ი. კ.-ას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე, – შპს „ძ.-ის“ საკასაციო საჩივრის გამო, სს „ს.-ის“ მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

3. კასატორ შპს „ძ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ძ.-ისა“ და ო. ო.-ის მიერ 2016 წლის 30 მარტს №9 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარი.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე