Facebook Twitter

საქმე № 330210114502136

საქმე №ას-823-789-2016 26 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ბ.–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჯ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ. ჯ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ბ.–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სარჩელის აღძვრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე 50 000 აშშ დოლარის მიუღებელი შემოსავლის – 4000 აშშ დოლარის, 2011 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 16 იანვრამდე პერიოდში მოსარჩელის მიერ ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებზე პროცენტის, ჯარიმისა და სანქციების სახით გადახდილი 100 250 აშშ დოლარის, ამავე პერიოდში სანოტარო წესით გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებზე გადახდილი მომსახურების საზღაურის – 2875.06 ლარის, გაწეული და მომავალში გასაწევი საპროცესო და მტკიცებულებათა უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯის – 4120.24 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 10 ნოემბერს მან სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის მიმართ, რადგან სრულად არ ჰქონდა მიღებული მხარეთა შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 200 000 აშშ დოლარი. დავალიანება შეადგენდა 50 000 აშშ დოლარს.

3. საქმე განხილულ იქნა სასამართლოს მიერ და 2012 წლის 20 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

4. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას აღარ გააჩნდა საცხოვრებელი ადგილი, რის გამოც 2011 წლის 10 ივნისს შეიძინა 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი და თბილისის არქიტექტურის ნებართვის თანახმად, დაიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც საჭიროებდა სოლიდურ თანხას. მოპასუხე შეგნებულად არ უხდიდა ნასყიდობის ფასის დარჩენილ 50 000 აშშ დოლარს, რის გამოც მოსარჩელეს მოუწია როგორც საკუთარი, ასევე, ნათესავებისა და ოჯახის წევრების სახელით დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება და ჯარიმებისა და სანქციების სახით სხვადასხვა ოდენობით დამატებითი თანხის გადახდა.

5. მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და კერძო პირებიდან მიღებული სესხით ერთმანეთის მონაცვლეობით ფარავდა სასესხო ვალდებულებებს. შექმნილი გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, 2012 წლის აპრილში მოსარჩელემ გადაწყვიტა, გაეყიდა ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ჯერ არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული და განცხადება განათავსა ინტერნეტ-საიტზე.

6. 2012 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, როგორც მშენებლობადასრულებული ინდივიდუალური საკუთრება.

7. 2012 წლის 6 სექტემბერს ამჟამინდელმა მოპასუხემ სასამართლოში აღძრა სარჩელი ზიანის ანაზღაურებისა და ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნით, უზრუნველყოფის ღონისძიებად კი გამოიყენა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. განსახილველ საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2013 წლის 17 დეკემბერს ყადაღის რეგისტრაცია შეწყდა და 2014 წლის 16 იანვარს მოსარჩელემ კუთვნილი უძრავი ქონება გაასხვისა.

8. ზემოაღნიშნული ყადაღის გამო, მოსარჩელეს შეეზღუდა საკუთრებით სარგებლობა, ასევე, ვეღარ შეძლო ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. იმისათვის, რომ კრედიტორებს არ მოეხდინათ ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია, მოსარჩელე იძულებული გახდა, აეღო სხვა მაღალპროცენტიანი სესხები.

9. არსებული და მოსალოდნელი ზიანის თაობაზე მოსარჩელე მუდმივად აფრთხილებდა მოპასუხეს, ასევე, მიმართავდა სასამართლოს ყადაღის მოხსნის მოთხოვნით. მოპასუხემ გააზრებულად და წინასწარი განზრახვით მიაყენა ზიანის მოსარჩელეს, რაც დასტურდება სასამართლოში წარდგენილი საჩივრებით, რომელთა საფუძველზეც 2012 წლის 20 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდა 2013 წლის 15 მარტამდე.

10. მოსარჩელის განმარტებით, საკმაოდ სოლიდური ხარჯი გასწია 2011 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 16 იანვრამდე პერიოდში სანოტარო წესით გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებებზე, რაც ასევე უნდა აუნაზღაურდეს.

მოპასუხის პოზიცია:

11. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება უნდა მოეთხოვა მანამდე მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში, რაც არ განუხორციელებელია. აღნიშნული ართმევს უფლებას, მითითებული მოთხოვნა წარადგინოს მოცემული დავის ფარგლებში, მით უფრო, რომ გაუგებარია მისი დაანგარიშების პერიოდი. სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული 2011 წლის 6 დეკემბერს და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2012 წლის 15 ნოემბერს. მოსარჩელემ კი, მიუღებელი შემოსავალი მოითხოვა 2011 წლის 20 ნოემბრიდან 2012 წლის 20 დეკემბრამდე.

12. მოპასუხის მითითებით, 2011 წლის 7 ივნისს მან გადაიხადა 150 000 აშშ დოლარი, საიდანაც დაახლოებით 25 000 დოლარი მიმართულ იქნა უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოსახსნელად, მოსარჩელემ კი ხელზე მიიღო 125 000 აშშ დოლარი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელემ 400 კვ.მ მიწის ნაკვეთში გადაიხადა 28 000 აშშ დოლარი, შესაბამისად, დარჩა 97 000 აშშ დოლარი. არქიტექტურის სამსახურის მიერ 170 კვ.მ სახლის მშენებლობაზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლისთვისაც მაქსიმუმ 51 000 აშშ დოლარია საჭირო (1 კვ.მ მშენებლობა – 300 აშშ დოლარი). შესაბამისად, არ არის დამაჯერებელი მოსარჩელის მტკიცება, რომ მშენებლობისთვის აიღო სესხი.

13. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არსებული მოლაპარაკების საფუძველზე მას მოსარჩელისათვის დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, ყოველთვიურად – 500 აშშ დოლარი, ამდენად, გაუგებარია, რატომ ჰქონდა მოსარჩელეს თანხის ერთიანად მიღების მოლოდინი.

14. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულებების ნაწილი დადებულია 2011 წლის სექტემბრამდე, მეტიც, მათი დიდი ნაწილი გაფორმებულია სხვა პირების მიერ. გაცემული სესხიდან მოსარჩელის მიერ დადებულია მხოლოდ 29 400 ლარსა და 66 000 აშშ დოლარზე სესხები. გაურკვეველია, როგორ განაპირობა ნახევარი მილიონის ოდენობით სესხის აღება 50 000 აშშ დოლარის გადაუხდელობამ, რომელიც უნდა გადახდილიყო ნაწილ-ნაწილ. ამასთან, თუ მოსარჩელემ ნამდვილად აიღო ეს თანხა, რატომ არ მიეთითა აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულებებში.

15. მოპასუხემ მიიჩნია, რომ უძრავ ქონებაზე არსებული ყადაღა მოსარჩელეს ხელს ნამდვილად ვერ შეუშლიდა, მითუმეტეს, რომ 2012 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით სახლი უკვე აშენებული იყო. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 16 იანვრის ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ მოსარჩელემ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად მიჰყიდა სხვა პირს 195 000 აშშ დოლარად. მოპასუხე მას სთავაზობდა ყადაღისგან ქონების გათავისუფლებას თუ მას რეალური მყიდველი ჰყავდა, თუმცა აღნიშნულ შემოთავაზებაზე მხარე არ დათანხმდა. მხარე ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას სესხის აღებით მიადგა ზიანი, სესხის აღება მოხდა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით და არსებობს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი შესაბამის გარემოებებს შორის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის გადახდა, ზიანის სახით 100 250 აშშ დოლარისა და 2875.06 ლარის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის – 35 000 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელის მოთხოვნებს საანაბრე პროცენტის სახით 4 000 აშშ დოლარისა და სესხის ხელშეკრულებებზე გადასახდელი მომსახურების – 2 875,06 ლარის დაკისრებაზე ეთქვა უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 7 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მიჰყიდა მოპასუხეს. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/1748-12) შესაბამისად, ამჟამინდელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც 2011 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულების – 200 000 აშშ დოლარის გადაუხდელ ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2012 წლის 20 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

21. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 17 დეკემბრის წერილის შესაბამისად, 2012 წლის 20 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლით (საქმე №2ბ/1748-12) გათვალისწინებული დავალიანება 50 000 აშშ დოლარის და 5883 ლარის ოდენობით სრულად დაიფარა 2014 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით (დაფარვა ხდებოდა ეტაპობრივად, ყოველთვიურად 2013 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით).

22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ ზიანის გამომწვევ ორ გარემოებაზე მიუთითა, კერძოდ, მოპასუხის მიერ 2011 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ (50 000 აშშ დოლარის ნაწილში) შეუსრულებლობაზე და მოპასუხის მიერ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის მიმართ გამოყენებული გაუმართლებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე (ყადაღა). ამდენად, პალატის შესაფასებელია, რამდენად არის მითითებული გარემოებები მიზეზობრივ და ბრალეულ კავშირში მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანთან.

23. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობამ (50 000 აშშ დოლარის გადაუხდელობამ) მოსარჩელისათვის 35 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენება განაპირობა. ამასთან გაუმართლებელი ყადაღით მიყენებული ზიანი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

24. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 412-ე მუხლით და განმარტა, რომ 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (სუსგ 11.06.2012 განჩინება, საქმე №ას-630-593-2012).

25. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილი 50 000 აშშ დოლარი მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში უკანონო მფლობელობაში ჰქონდა. ამასთან, მართალია, აღსრულების ეტაპზე თანხის გადახდა განაწილვადდა, თუმცა აღნიშნული თანხის ერთიანად მიღება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს წარმოადგენდა.

26. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის შედავება და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს 50 000 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი ვალდებულება ეტაპობრივად, თვეში 500-500 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გადაეხადა. ასეთი დასკვნის საფუძველს, პირველ რიგში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იძლევა, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის 50 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება ერთიანი სახით დაადგინა.

27. სსკ-ის 266-ე, 378-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა აღნიშნული თანხის მთლიანად მიღების მოლოდინი და ლეგიტიმური ინტერესიც.

28. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს თანხა ერთიანად და დროულად რომ მიეღო, მას და მის ოჯახს 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში ფულადი ვალდებულებების სესხად აღება არ მოუწევდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მთელი სადავო პერიოდის განმავლობაში სასესხო ურთიერთობებში იყო საკრედიტო დაწესებულებებთან და მის მიერ აღებულ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი 3%-დან 3,5%-მდე მერყეობს. აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსარჩელე თავის კუთვნილ თანხას ანაბარზე კი არა განათავსებდა, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, არამედ 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში სესხს არ აიღებდა, რითაც 50 000 აშშ დოლარის საპროცენტო სარგებელს დაზოგავდა.

29. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სწორედ ის საპროცენტო სარგებელი უნდა დაეკისროს, რასაც მოსარჩელე არ გადაიხდიდა მისი კუთვნილი თანხა დროულად რომ მიეღო, თუმცა, მოპასუხისათვის ზიანის სახით დაკისრებული თანხა მისთვის უნდა იყოს წინასწარ სავარაუდო და აკმაყოფილებდეს სსკ-ის 412-ე მუხლის პირობებს. ამდენად, მოპასუხეს უნდა ევარაუდა, რომ მოსარჩელეს მითითებული თანხა სჭირდებოდა და სესხის აღების შემთხვევაში სარგებელს გადაიხდიდა, ხოლო რაც შეეხება ვადაგადაცილების ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს, აღნიშნული თანხა სსსკ-ის 412-ე მუხლის კონტექსტში მოპასუხეს ბრალად ვერ შეერაცხება. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სესხად თანხის შეუსაბამოდ მაღალ პროცენტში ჰქონდა აღებული. ეს კი იმ გაუთვლელი ეკონომიკური რისკის თანმდევი შედეგია, რომლის უარყოფითი ეფექტი მოპასუხის ვალდებულებაზე ვერ აისახება.

30. სსკ-ის 415-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულება 2011 წლის 7 ივნისს უნდა შეესრულებინა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოსარჩელემ თანხა 2014 წლის დეკემბერში მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, 50 000 აშშ დოლარს 42-თვიანი ვადაგადაცილების პერიოდისათვის უნდა დაერიცხოს წლიური 20%-იანი სარგებელი, რაც ის გონივრული საპროცენტო სარგებელია, რომელიც მოსარჩელეს დაეზოგებოდა სადავო თანხა დროულად რომ მიეღო. 50 000 აშშ დოლარის წლიური 20% კი, 42 თვის განმავლობაში 35 000 აშშ დოლარს შეადგენს.

31. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის საშუალო საბაზრო საპროცენტო მაჩვენებელი, რომლის ფარგლებშიც სესხის აღებაა შესაძლებელი, გაითვალისწინა სსკ-ის 412-ე და 415-ე მუხლების კონტექსტში სესხის ამღები სუბიექტის ის დასაშვები ეკონომიკური რისკი, რომელიც მოვალეს ბრალად შეიძლება შეერაცხოს და მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება უფრო დაბალ პროცენტში სესხის აღების შეუძლებლობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქონება იპოთეკით იტვირთებოდა. ასევე, დასაშვები ეკონომიკური რისკის ფარგლებში მხედველობაში მიიღება ის გარემოებაც, რომ მოპასუხისაგან მიღებული თანხა ოჯახმა საჭიროებისამებრ მოიხმარა, ხოლო მშენებლობა სესხად აღებული თანხებით დაიწყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მოთხოვნილი ზიანის – 100 250 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, როგორც წინასწარ განუჭვრეტადი ოდენობით დამდგარი ზიანი, სსკ-ის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, სამართლებრივად გამართლებულად არ ჩათვალა.

32. სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფაქტობრივი ზიანის გონივრული ოდენობით ანაზღაურება და დაადგინა, რომ მოსარჩელეს სასესხო ფულადი ვალდებულებები მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო წარმოეშვა, ამიტომ დაუშვებელია, ასეთ ვითარებაში სასამართლომ საანაბრე პროცენტზე იმსჯელოს, რადგან საანაბრე პროცენტი, როგორც პრეზუმირებული ზიანი, ივარაუდება იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორს გამოთავისუფლებული თანხის ანაბარზე განთავსება შეეძლო. მოცემულ შემთხვევაში, კი საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე აღნიშნულ თანხას ანაბარზე კი არ განათავსებდა, არამედ 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში სესხს არ აიღებდა და მასზე დარიცხულ სარგებელს არ გადაიხდიდა.

33. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი გაუმართლებელი ყადაღით დამდგარ ზიანთან დაკავშირებით და მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მოპასუხის წერილზე, რომლითაც ეს უკანასკნელი რეალური მყიდველის არსებობის შემთხვევაში უძრავი ქონების ყადაღისაგან გამოთავისუფლების მზაობას გამოხატავდა. ამავდროულად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონების რეალური მყიდველი ჰყავდა და მან, მოპასუხის წინააღმდეგობის გამო, ქონება ვერ გაასხვისა.

34. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, თუ რა ოდენობით გაიზარდა უშუალოდ მოსარჩელის და არა მისი ოჯახის წევრებისა, თუ ნათესავების მიერ აღებული ვალდებულება ქონებაზე ყადაღის არსებობით.

35. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ხელშეკრულებების ნოტარიულად დამოწმების საფასურის – 2875.06 ლარისა და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ხარჯის – 4 120,24 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოდენობით ხელშეკრულებების დადება და მათი ნოტარიულად დამოწმება, სსკ-ის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, არ შეიძლება მოპასუხეს ბრალად შეერაცხოს, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

36. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად, მხარემ ასევე მოითხოვა მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

37. კასატორმა იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 404-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 15 მაისის განჩინებით არასწორად მიიღო წარმოებაში მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უკანონოდ გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მაშინ, როცა ამისათვის ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობდა. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადასავადებლად მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. რეალურად კი, მოსარჩელის მეუღლის სახელზე ირიცხება 4 საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანა, ხოლო მისი მამის სახელზე რეგისტრირებულია სულ დაახლოებით 21 ჰექტარი მიწა. შესაბამისად, მხარეს გააჩნდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა.

38. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ შეცდომა დაუშვა, როცა მიიჩნია, რომ 2012 წლის 17 ივლისის №2ბ/1748-12 გადაწყვეტილებით დადგინდა 50 000 აშშ დოლარის ერთიანად გადახდის ვალდებულების ფაქტი. რეალურად 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით პალატას არ დაუდგენია 2011 წლის ივნისში შეთანხმდნენ თუ არა მხარეები 50 000 აშშ დოლარის ერთიანად გადახდაზე.

39. ფაქტობრივად, 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით პალატამ 50 000 აშშ დოლარის ერთიანად გადახდის ვალდებულება დაადგინა, რადგან ჩათვალა, რომ მიუხედავად იმისა გადახდის როგორ წესზე შეთანხმდნენ 2011 წლის ივნისში (ანუ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას) მხარეები, მოპასუხემ არ დაიწყო 500–500 აშშ დოლარის გადახდა ყოველთვიურად და მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, გასულიყო ამ შეთანხმებიდან (ანუ ეტაპობრივად გადახდის შეთანხმებიდან) და ერთიანად მოეთხოვა თანხის გადახდა.

40. სააპელაციო პალატას 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებაში უფლება ჰქონდა, ემსჯელა მხოლოდ 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ 50 000 აშშ დოლარის გადაუხდელობამ რა ზიანი მიაყენა მოსარჩელეს და ზიანის პერიოდის განსაზღვრისთვის არ უნდა აეღო 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებული პერიოდი.

41. ის ფაქტი, რომ 50 000 აშშ დოლარი კასატორს თვეში 500-500 აშშ დოლარობით უნდა გადაეხადა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენლის წერილობითი მოსაზრებით, ვიდეო ჩანაწერით, მოსარჩელის მამის განმარტებით სააპელაციო სასამართლოში.

42. უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია, მართლა ჰქონდა თუ არა მოსარჩელის ვალები 2011 წლის 7 ივნისის მდგომარეობით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ 25000 აშშ დოლარის ვალდებულების არსებობა, კერძოდ, ჩანს, რომ მოპასუხის მიერ 2011 წლის 7 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ფულიდან გარკვეული თანხა, დაახლოებით 25 000 აშშ დოლარი, მოხმარდა მოსარჩელის ვალის დაფარვას, უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკის მოხსნას, ე.ი. მოსარჩელემ ხელზე მიიღო 125 000 აშშ დოლარი.

43. კასატორის მითითებით, საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ უკანასკნელს ზემოაღნიშნული 25 000 აშშ დოლარის გარდა კიდევ რაიმე სახის ფულადი ვალდებულება ჰქონდა მესამე პირების წინაშე.

44. სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის, სსკ-ის 624-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია არა მხოლოდ სესხის თუ სხვა ვალდებულების არსებობა, არამედ ის ფაქტი, აღნიშნული ვალდებულებები შესრულდა თუ არა მოპასუხის მიერ გადახდილი ფულიდან, გარდა ზემოაღნიშნული 25 000 აშშ დოლარისა.

45. მოწმეთა ჩვენებისა და ზეპირი განცხადების გარდა, არაფრით დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხისგან მიღებული თანხიდან დაფარა 80 000 აშშ დოლარი და, ამის გამო, სახლის მშენებლობისთვის დარჩა მხოლოდ 35000 აშშ დოლარი. პირიქით, დასტურდება, რომ მოსარჩელის სახლის ასაშენებლად დარჩა დაახლოებით 97 000 აშშ დოლარი.

46. ამდენად, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია არც სადავო და არც უდავო გარემოებად, რომ მოსარჩელეს აღარ დარჩა სახლის მშენებლობისთვის ფული და ამან განაპირობა მის მიერ ვალების აღება. ასეთი ფაქტობრივი გარემოების დადგენის გარეშე კი, შეუძლებელია იმ საკითხის განსაზღვრა, თუ რა ზიანი მიაყენა 50 000 აშშ დოლარის გადაუხდელობამ მაშინაც კი, თუ ეს ფული ერთიანად უნდა გადახდილიყო.

47. როგორც დგინდება, ახლადშეძენილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელემ მშენებლობა დაიწყო და დაასრულა 2011 წლის აგვისტოდან 2012 წლის იანვრამდე მონაკვეთში. აღნიშნული დასტურდება როგორც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით (თბილისის არქიტექტურის 2011 წლის 23 სექტემბრის ბრძანება კორექტირებული პროექტის შეთანხმების შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ თავდაპირველი სამშენებლო ნებართვა გაცემული იყო 2011 წლის 13 ივლისს), ასევე, მოწმის დაკითხვით, სადაც მან განაცხადა, რომ სახლის მშენებლობა დაასრულა დაახლოებით 4-5 თვეში (2014 წლის 25 დეკემბრის სხდომის ოქმი). შესაბამისად, სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული სესხი მოსარჩელეს უნდა აეღო 2011 წლის აგვისტოდან 2012 წლის იანვრამდე პერიოდში.

48. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ უშუალოდ მოსარჩელემ ისესხა 29 400 ლარი და 3 000 აშშ დოლარი. სხვა არავითარი ვალი ამ პერიოდში არ აღებულა. შესაბამისად, პროცენტი, რაც მან გადაიხადა ვალებზე, დაახლოებით 7000 ლარია. მაშასადამე, მაშინაც კი, მოსარჩელეს მართლაც სახლის მშენებლობისთვის რომ აეღო ეს ვალები, მისი ზიანი არ შეიძლება ყოფილიყო 7000 ლარზე მეტი.

49. კასატორი არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, რომ მოსარჩელე იძულებული გახდა სესხი აეღო სახლის ასაშენებლად. მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი აუდიტორული დასკვნიდან ირკვევა, რომ სახლის მშენებლობა მოსარჩელეს დაუჯდა 42 650 აშშ დოლარი, რაც აქარწყლებს მოსარჩელის მამის განმარტებას, რომ მშენებლობისათვის 75 000-80 000 აშშ დოლარი გადაიხადა. იმ შემთხვევაში, თუ გაზიარებულ იქნება მოსარჩელის მამის მითითება, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხიდან მოსარჩელეს დარჩა 35 000 აშშ დოლარი, ასეთ პირობებში მოსარჩელეს დასჭირდებოდა მხოლოდ 7650 აშშ დოლარის სესხება.

50. კასატორმა ყურადღება გაამახვილა 2015 წლის 26 იანვრის მოსარჩელის მიერ წარდგენილ 2013 წლის 11 ოქტომბრის აუდიტორულ შეფასებაზე და აღნიშნა, რომ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება შეიძლება ბევრით აღემატებოდეს შენობის მშენებლობის ხარჯებს. შესაბამისად, მითითებული შეფასება ვერ დაადასტურებს, რამდენი დაუჯდა მოსარჩელეს სახლის მშენებლობის სამუშაოები.

51. მხარემ ჩათვალა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოსარჩელის მიერ სესხის აღების ფაქტს იმის გამო, რომ მოპასუხემ 50 000 აშშ დოლარი დროულად არ გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სესხების მხოლოდ 15%-ია უშუალოდ მოსარჩელის მხრიდან აღებული. დანარჩენი სესხების სხვა პირების მიერ მოსარჩელისათვის დათმობის ხელწერილები კი მოცემული დავისათვისაა შექმნილი და რეალობას არ ასახავს. სხვა პირთა მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებში არ ფიქსირდება, რომ თანხის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრება. ამასთან, მოწმეები, რომლებიც მოსარჩელემ წარადგინა, მისი ახლობელი და მიკერძოებული პირებია.

52. კასატორი არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნას ზიანის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, რადგან იგი შედგენილი ტენდენციურად. დასკვნაში ყველა სესხი განხილულია, როგორც მოსარჩელის მიერ მიღებული ვალი, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არასწორია.

53. მხარემ მიიჩნია, რომ არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, რა ოდენობის სესხი აიღო მოსარჩელემ, ასეთ პირობებში შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ზიანი მიაყენა სესხის აღებამ მოწინააღმდეგე მხარეს.

54. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობას შეუქმნა მცდარი წარმოდგენა მოპასუხის მხრიდან მის მიმართ ზიანის მიყენების თაობაზე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დასადგენია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებანი, გაუმართლებელია საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს იმავე შემადგენლობისათვის დაბრუნება, რომელსაც უკვე ჩამოუყალიბდა მცდარი შინაგანი რწმენა დავის ირგვლივ.

55. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით კი საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად. მოცემულ საქმეზე ჩაატარდა ზეპირი სხდომა მხარეთა მორიგების მიზნით 2016 წლის 14 დეკემბერს.

56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით კი, განუხილველად დარჩა მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის იმავე გადაწყვეტილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

57. საკასაციო სასამართლომ მხარეთა დასწრებით ზეპირი მოსმენით შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე შემადგენლობას ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

58. უპირველესად, საკასაციო სასამართლოს მიზანია იმის განსაზღვრა, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ნაწილს შეეხება საკასაციო პრეტენზია და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის კონკრეტულად რა ფაქტობრივ-სამართლებრივი დებულებების გადასინჯვას მოითხოვს კასატორი. აღნიშნული მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 404-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებთან მიმართებით. მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

59. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მოპასუხის (კასატორის) მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, კერძოდ, 50 000 აშშ დოლარის გადაუხდელობით მოსარჩელისათვის (მოწინააღმდეგე მხარე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება და აღნიშნული ზიანის ოდენობა. ამავდროულად, კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების წინმსწრებ განჩინებას მოსარჩელის (აპელანტის) სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

60. სააპელაციო პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით წარდგენილ მოთხოვნას კასატორი მხარე იმით ასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გადაუვადა მოსარჩელე აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა თითქოსდა მხარის მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმ დროს, როდესაც მოსარჩელის (აპელანტის) მეუღლის სახელზე ირიცხებოდა 4 საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანა, ხოლო აპელანტის მამის სახელზე კი რეგისტრირებული იყო სულ დაახლოებით 21 ჰექტარი მიწა. შესაბამისად, აპელანტ მხარეს გააჩნდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა.

61. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის ზემოთ მითითებული პრეტენზია დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება შემდეგ გარემოებათა გამო:

62. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანისას, მოსარჩელემ (აპელანტმა) იშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე, სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო. აპელანტმა განმარტა, რომ განიცდის უკიდურეს გაჭირვებას, დასაქმებული არ არის. მრავალწლიანი სასამართლო დავებისა და სესხების გამო, იგი იძულებული გახდა, ერთადერთი საცხოვრებელი სახლი გაეყიდა. თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით, ქირის გადახდის სახსრებიც აღარ გააჩნია. მის სახელზე არ ირიცხება რაიმე სახის მოძრავი ან/და უძრავი ქონება. კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა კი, მის ყოველმხრივ შესაძლებლობეს აღემატება.

63. მხარემ შუამდგომლობას დაურთო შემდეგი მტკიცებულებები: სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 13 მაისის №… ცნობა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 მაისის პასუხი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 5 მაისის ცნობა; 2014 წლის 17 თებერვლის ქირავნობის ხელშეკრულება; სს „ლ.-ის“ 2015 წლის 5 მაისის ქვითარი და სს „პ.-ის“ 2015 წლის 27 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერი.

64. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

65. კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

66. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობა დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მხარის მიერ შესაბამისი თანხის გადაუხდელობის სამართლებრივ შედეგებსაც, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების მექანიზმი მხარისათვის სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კანონისმიერ საშუალებასაც წარმოადგენს. ამდენად, მისი გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს და შეაფასოს თანხის გადახდევინების პროცესში წარმოშობილი ყველა გარემოება.

67. სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც. სასამართლო სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები.

68. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით მრავალ საქმეზე და, მათ შორის, საქმეებზე: კრეუცი პოლონეთის წინააღმდეგ, იედამსკა და იედამსკი პოლონეთის წინააღმდეგ, გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ბრუალა გომეს დე ლა ტორე ესპანეთის წინააღმდეგ, ტოლსტოი-მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და ა. შ. განმარტა შემდეგი: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის უფლებას, სასამართლო წესით დაიცვას თავისი უფლებები და მოვალეობები.

69. სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება „სასამართლოს უფლების“ მხოლოდ ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული კომპონენტი კონვენციის ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის გარანტიაა. „სასამართლოს უფლება“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი აძლევს რა მხარეებს თავიანთ უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად „სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას“, სახელმწიფოს ამავე დროს აღნიშნული უფლების შეზღუდვის იმ საშუალებათა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ანიჭებს, რომელთა მეშვეობითაც „სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება“ შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა ამავე დროს სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.

70. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზოგიერთ საქმეზე დასაშვებად მიიჩნია ფიზიკურ პირთათვის სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გარკვეული სახის, მათ შორის, ფინანსური შეზღუდვის დაწესება. აღნიშნული შესაძლებლობა განსაკუთრებით იმ საქმეებს ეხება, სადაც საჩივრის დასაშვებობაზეა საუბარი ან სადაც მართლმსაჯულება მომჩივნისაგან იმ ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს, რომლებიც მეორე მხარემ გასწია. სარჩელის ან საჩივრის დასაშვებად ცნობის ერთ-ერთ წინაპირობად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაწესება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს გაგებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად, თუმცა სასამართლოს მიერ გამოყენებულმა შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდოს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება იმ გზით ან იმ ფარგლებში, რაც თვით აღნიშნული უფლების (სასამართლო ხელმისაწვდომობის) არსს ხელყოფს: სასამართლო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობის ჩათვლით. ასევე, გათვალისწინებულ უნდა იქნას სამართალწარმოების ეტაპი, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული.

71. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი არ ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოების შექმნას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, მაშინ აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებების დაცვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებშიც, თუმცა მოცემულ უფლებათა დაცვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში აღნიშნული ინსტანციის სასამართლოების თავისებურებების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლომ განმარტა ისიც, რომ მის მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას არა თეორიული, ილუზიური უფლებები, არამედ უზრუნველყოს პრაქტიკული და ეფექტური უფლებების განხორციელება და დაცვა, სწორედ ისეთის როგორიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მისი განსაკუთრებული ადგილიდან გამომდინარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებაა.

72. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: 1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას დასაშვებად მიიჩნევს; 2. შეზღუდვები შეიძლება ატარებდეს ფინანსურ ხასიათს, რაც მოსარჩელისა ან განმცხადებლისათვის ბაჟის დაკისრებაში გამოიხატება; 3. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის ფინანსურიც, შესაძლებელია უფრო გამკაცრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში; 4. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა კონვენციის საწინააღმდეგო ხასიათს იძენს, თუ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად სამართალწარმოება საერთოდ არ შედგა; 5. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად; 6. შეზღუდვები უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის; 7. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის, ფინანსური, არ უნდა იყოს გადაჭარბებული და არაგონივრული.

73. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია (სუსგ 22.07.2015წ. საქმე №ას-597-565-2015).

74. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან სარწმუნოდ დასტურდება აპელანტის მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების წინაპირობების არსებობა.

75. გაზიარებული ვერ იქნება კასატორის არგუმენტი, რომ აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება არამართლზომიერი იყო, რადგან მოსარჩელის მამისა და მეუღლის სახელზე ირიცხებოდა გარკვეული ქონება.

76. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარის ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობა გავლენას ვერ მოახდენს აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების აქტუალობაზე, ვერ გააბათილებს მათ შინაარსს და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებული შეღავათების გამოყენების .

77. ამდენად, სააპელაციო პალატის 2015 წლის 5 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა მიღებული წარმოებაში და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მის მიმართ მოხდა ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის დაცვით.

78. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა.

79. საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასრულად დადგენა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, როდის და რა ოდენობის სესხი აიღო მოსარჩელემ, ასეთ პირობებში კი შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ზიანი მიაყენა მას სესხის აღებამ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

80. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

81. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ 2011 წლის 7 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მიჰყიდა მოპასუხეს. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით.

82. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/1748-12) შესაბამისად, ამჟამინდელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც 2011 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულების – 200 000 აშშ დოლარის გადაუხდელ ნაწილს წარმოადგენდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2012 წლის 20 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

83. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 17 დეკემბრის წერილის შესაბამისად, 2012 წლის 20 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლით (საქმე №2ბ/1748-12) გათვალისწინებული დავალიანება 50 000 აშშ დოლარის და 5883 ლარის ოდენობით, სრულად დაიფარა 2014 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით (დაფარვა ხდებოდა ეტაპობრივად, ყოველთვიურად 2013 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით).

84. დავის საფუძველად მოსარჩელის მიერ მითითებულია ის გარემოება, რომ მოპასუხის (კასატორი) მიერ მოსარჩელისათვის (მოწინააღმდეგე მხარე) 50 000 აშშ დოლარის ოდენობით ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) იძულებული გახდა, სახლის მშენებლობისათვის აეღო სესხი და ეხადა სარგებელი, რითაც მას მიადგა მატერიალური ზიანი.

85. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს თანხა ერთიანად და დროულად რომ მიეღო, მას და მის ოჯახს 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში ფულადი ვალდებულებების სესხად აღება არ მოუწევდა, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არ შეიცავს სარწმუნოდ და ნათლად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ოდენობის სესხი აიღო პირადად მოსარჩელემ და რა პერიოდში მოხდა სესხის აღება.

86. შესაბამისად, დასაბუთებულია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, რა ოდენობის სესხი აიღო მოსარჩელემ და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა ზიანი მიაყენა სესხის აღებამ მოსარჩელეს (მოწინააღმდეგე მხარეს).

87. კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას 42-თვიანი ვადაგადაცილებული პერიოდისათვის წლიურ სარგებლად 20%-ის განსაზღვრის თაობაზე და უთითებს, რომ ეს მოსაზრება სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

88. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ საკმარისად არ დაადგინა და გამოიკვლია დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული გარემოება კი სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

89. სსსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

90. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ასევე, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

91. კანონის აღნიშნული დანაწესი საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მიიჩნევს ისეთ გარემოებას, როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება არ ეფუძნება სწორ ფაქტობრივ დასაბუთებას, რის გამოც საჭიროა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენა და მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ასეთ დროს საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებანი და მათი იურიდიული შეფასების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

92. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭიროა რა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მტკიცებულებების გამოკვლევა, საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

93. ამდენად, საქმის ხელახლა განმხილველმა სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე უნდა დაადგინოს, სადავო მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში (მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება), რა ოდენობის სესხი აიღო უშუალოდ მოსარჩელემ და რა პირობებით. სწორედ აღნიშნული გარემოებების უტყუარად დადგენის შედეგადაა შესაძლებელი იმის შეფასება, გამოიწვია თუ არა მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის (და რა ოდენობით) წარმოშობა მოპასუხის მიერ 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში ვადის გადაცილებით ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობამ. არასაკმარისადაა დასაბუთებული სააპელაციო პალატის მსჯელობა გონივრულ საპროცენტო სარგებლად წლიური 20%-ის მიჩნევის შესახებაც, თუმცა გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხის (კასატორის) მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებამ შეადგინა 42 თვე.

94. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით. ასევე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის შესაბამის ნორმებში.

95. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს 50 000 აშშ დოლარი თითქოსდა უნდა გადაეხადა არა ერთიანი გადახდის სახით, არამედ პერიოდულად, ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ოდენობით.

96. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მხარეთა შორის 2011 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობის შეფასება მოცემული დავის საგანს სცდება და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება №2ბ/1748-12 საქმეზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა სადავო 50 000 აშშ დოლარის ერთიანად გადახდის ვალდებულება.

97. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის განსახილველად დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მხარე უთითებს სააპელაციო პალატის შემადგენლობის მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ შინაგანი რწმენის შექმნაზე. ამგვარი საფუძვლით საქმის განმხილველი სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემა საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

98. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გამოწვეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ბ.–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს სასამართლოს იმავე შემადგენლობას ხელახლა განსახილველად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე