Facebook Twitter

საქმე № 090210015001149850

საქმე №ას-848-814-2016 28 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე „მ. შ.-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე „მ. შ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს – 31 038,40 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №102 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ამბროლაურის სატყეო უბნის სხვავას სატყეოს მე-9, მე-10, 23-ე და 30-ე კვარტალში, საორიენტაციოდ, 1021 მ3 მერქნული რესურსის დამზადებას, სამანქანე გზამდე გამოტანასა და სოფელ ხოტევის მიმდებარედ დასაწყობებას. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 81680 ლარს.

3. მხარის მითითებით, მოპასუხემ ხელშეკრულება შეასრულა ნაწილობრივ და 1021მ3 მერქნული რესურსის ნაცვლად, დაამზადა 343.59 მ3.

4. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხეს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2015 წლის 4 სექტემბრამდე, რაც მან დაარღვია.

5. ხელშეკრულების 10.1 პუნქტი ითვალისწინებდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას. ვადაგადაცილებამ შეადგინა 23 დღე, შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 18786.40 ლარი. ასევე, ხელშეკრულების 10.2 პუნქტი ითვალისწინებდა არაჯეროვანი შესრულებისათვის საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, რამაც შეადგინა 4084.00 ლარი, ხოლო ხელშეკრულების 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, რამაც შეადგინა 8168.00 ლარი. სულ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ მიაღწია 31038.40 ლარს. აღნიშნულის შესახებ, მოპასუხეს შეტყობინება გაეგზავნა 2015 წლის 15 ოქტომბერს, თუმცა მას დავალიანება დღემდე არ გადაუხდია.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 15 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №102 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, კერძოდ, ივლისი-აგვისტოში მაღალი ტემპერატურის გამო, ხე-ტყის დამამზადებელ ბრიგადაში არსებულ ცოცხალ გამწევ ძალას – (ხარებს) შეექმნა სიცოცხლისათვის საშიში პირობები, რამაც გამოიწვია მათი პიროპლაზმოზით დაავადება. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს წერილობით და დაელოდა პასუხს. ამ მოლოდინში სამუშაოების შესრულება, რამდენიმე დღით შეჩერებული იყო. სამუშაოს შესრულება ასევე ვერ მოხდა იქედან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ჰქონდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება, რათა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ მიწის ფართზე განეხორციელებინა სამუშაოები. აღნიშნული ბრძანება, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გაიცა 2015 წლის 8 სექტემბერს და მოპასუხეს ეცნობა 23 სექტემბერს. 24 სექტემბერს მან წერილობით აცნობა მოსარჩელეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეუძლებელი იყო სამუშაოების შესრულება, რაზედაც მან მოსარჩელისაგან პასუხი ვერ მიიღო, ხოლო 2015 წლის 1 ოქტომბერს მიიღო წერილი, რომლის საფუძველზეც ეცნობა, რომ მოსარჩელე წყვეტდა ხელშეკრულებას.

7. ამდენად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა. გარდა ამისა, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2015 წლის 15 ივლისის №102 ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით 18786.40 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1879 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 15 ივლისს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №102 ხელშეკრულება, რომლის საგანსა და ობიექტს წარმოადგენდა ამბროლაურის სატყეო უბნის სხვავას სატყეოს მე-9, მე-10, 23-ე და 30-ე კვარტალში, საორიენტაციოდ, 1021 მ3 მერქნული რესურსის დამზადება, სამანქანე გზამდე გამოტანა და სოფელ ხოტევის მიმდებარედ დასაწყობება.

11. ამავე ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 81680 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 2015 წლის 15 ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

12. ხელშეკრულებაში 4.1 და 4.2 პუნქტების თანახმად, კონკრეტულად განისაზღვრა მომსახურების განხორციელების პირობები – ვადები და ადგილი, კერძოდ, სამუშაოს დასრულების სპეციალური ვადა განისაზღვრა 2015 წლის 4 სექტემბრამდე.

13. მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 15 ივლისის №102 ხელშეკრულების მე-4 მუხლის (მომსახურების განხორციელების ვადები და ადგილი) 4.6 პუნქტის თანახმად, ხე-ტყის დამამზადებელი ჯგუფები დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალი გამავლობის მანქანებით, გამწევი ცოცხალი ძალებით (ხარები), ბენზოხერხებით და სხვა საჭირო ინვენტარით. აღნიშნული სახელშეკრულებო ნორმის თანახმად, სააპელაციო პალატამ, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოსი, ობიექტურ მიზეზად ხელშეკრულების ვადის დარღვევისათვის, არ მიიჩნია მოპასუხის პოზიცია, რომ დაუავადდა ცოცხალი გამწევი ძალა (ხარები), რადგან თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხე-ტყის დამამზადებელი ჯგუფის ვალდებულებას, ჰქონოდა სხვა არაერთი ალტერნატიულ საშუალება, გარდა ცოცხალი გამწევი ძალისა (ხარებისა).

14. სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა მოპასუხე მხარის (აპელანტის) პოზიცია, რომ სამუშაოს შეუსრულებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ შესრულების ადგილი იყო ციცაბო, დამრეცი და აღმოჩნდა მოსახლეობის წყალმომარაგების ქსელის გაყვანის ტერიტორიაზე.

15. აპელანტის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების ობიექტის, მისი ადგილმდებარეობისა და საზღვრების თაობაზე ცნობილი იყო მოპასუხე მხარისათვის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, შესაბამისად, მას აღნიშნული მოტივი, რისკები ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა გაეთვალისწინებინა, რაც ამჟამად ხელშეკრულების პირობების დარღვევის ობიექტურ მიზეზად ვერ გამოდგება.

16. ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებასა და მის ოდენობაზე, კერძოდ, ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით. ასევე, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით – 4084.00 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეს სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით – 8168.00 ლარით.

17. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ შეასრულა 2015 წლის 4 სექტემბრამდე და მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად 2015 წლის 1 ოქტომბერს. ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 23 დღე.

18. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებაა.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

20. სსკ-ის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის – პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

21. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს.

22. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ანუ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. მაგ: პროცენტის ოდენობას და ა. შ.

23. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო პირველი ინსტანციის სასამართლომ შეამცირა 1 პროცენტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და მისი ოდენობა განისაზღვრა 18786.40 ლარით, თუმცა სააპელაციო პალატამ მითითებული პირგასამტეხლოც შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მიიღო მხედველობაში ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი და ჩათვალა, რომ გონივრული იქნება, პირგასამტეხლო შემცირდეს 10-ჯერ და განისაზღვროს 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბოლოოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1879 ლარით.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 16907 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

25. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ გაურკვეველი მიზეზით მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომ მხარეთა შორის არსებობდა სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება და მოიყვანა აღნიშნულის დეფინიცია, რასაც ლოგიკური განვითარება არ მოჰყოლია.

26. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, თუმცა არ უმსჯელია, რატომ არის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. ხელშეკრულების დადების დროს მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, შესაბამისად, იგი შეუსაბამოდ არ მიუჩნევიათ.

27. კასატორმა დაუსაბუთებლად ჩათვალა სასამართლოს არგუმენტი, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ხელშეკრულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, რადგან სააპელაციო პალატას არ მიუთითებია, რა იგულისხმებოდა დარღვევის ხასიათში მაშინ, როცა უდავოდ დადგენილია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

28. მხარემ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მკაცრად განსაზღვრულ კონკრეტულ ვადასთან იყო დაკავშირებული, პირგასამტეხლოს ოდენობაც სწორედ ამ გარემოებას ასახავს.

29. სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს სადავო ოდენობა არ შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამავე განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადაწყდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

31. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

32. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

33. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მხარეთა მიერ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოდგენილა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ:

34. 2015 წლის 15 ივლისს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №102 ხელშეკრულება, რომლის საგანსა და ობიექტს წარმოადგენდა ამბროლაურის სატყეო უბნის სხვავას სატყეოს მე-9, მე-10, 23-ე და 30-ე კვარტალში, საორიენტაციოდ, 1021 მ3 მერქნული რესურსის დამზადება, სამანქანე გზამდე გამოტანა და სოფელ ხოტევის მიმდებარედ დასაწყობება.

35. ამავე ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 81680 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი განისაზღვრა 2015 წლის 15 ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

36. ხელშეკრულებაში 4.1 და 4.2 პუნქტების თანახმად, კონკრეტულად განისაზღვრა მომსახურების განხორციელების პირობები – ვადები და ადგილი, კერძოდ, სამუშაოს დასრულების სპეციალური ვადა განისაზღვრა 2015 წლის 4 სექტემბრამდე.

37. მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 15 ივლისის №102 ხელშეკრულების მე-4 მუხლის (მომსახურების განხორციელების ვადები და ადგილი) 4.6 პუნქტის თანახმად, ხე-ტყის დამამზადებელი ჯგუფები დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალი გამავლობის მანქანებით, გამწევი ცოცხალი ძალებით (ხარები), ბენზოხერხებით და სხვა საჭირო ინვენტარით.

38. ხელშეკრულების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებასა და მის ოდენობაზე, კერძოდ, ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით. ასევე, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით – 4084.00 ლარით, ხოლო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით – 8168.00 ლარით.

39. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2015 წლის 4 სექტემბრამდე ვერ შეასრულა და 2015 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. საბოლოოდ ვალდებულება შესრულდა მხოლოდ 1/3-ის ოდენობით, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ კი შეადგინა 23 დღე.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თავად იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.

42. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, რატომ არის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. შესაბამისად, მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ით, სულ – 1879 ლარით განსაზღვრას.

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

44. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის, შესაბამისად იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,Rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbeitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aufl.,Rn.6; BGH NJW 1963, S.1197).

46. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

47. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

48. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

49. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

50. საურავი, ისევე როგორც ჯარიმა, წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს. იგი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს, შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც.

51. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

52. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე უნდა შეესრულებინა 81680 ლარის ღირებულების სამუშაო. რეალურად მის მიერ განხორციელდა სრული მოცულობის 1/3, ანუ დაახლოებით 27226,67 ლარის ღირებულების შესრულება და შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობა შეადგენს მიახლოებით 54 453,33 ლარს.

53. სააპელაციო პალატის მიერ ასევე უდავოდ დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდი შემოიფარგლება 23 დღით.

54. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ როგორც სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 31 038,40 ლარი, აგრეთვე საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი 16907 ლარი, ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და ხანგრძლივობის ადეკვატური არ არის და უნდა ჩაითვალოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

55. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტული მაჩვენებლების ჯამით (ხელშეკრულების მე-10 პუნქტი) კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს მიზნებს სცდება და მოვალის მიმართ გადაჭარბებული სანქციის დაწესებას გამოიწვევს, თუმცა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობაც არ შეესაბამება სადავო შემთხვევაში პირგასამტეხლოს ობიექტურ და სამართლიან მოცულობას.

56. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობასთან – 54 453,33 ლართან მიმართებით (სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება-პ.9), პირგასამტეხლოს ობიექტურ და სამართლიან ოდენობად მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს 10 000 ლარი. აღნიშნული თანხის დადგენისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ შესრულების ვადაგადაცილების შემდეგ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულება შეწყდა, რაც ხაზს უსვამს მხარის ინტერესს სადავო სამუშაოების დროულად შესრულებასთან დაკავშირებით და მოპასუხის მიმართ პასუხისმგებლობის მეტისმეტად შემცირებას გაუმართლებელს ხდის.

57. რაც შეეხება სასამართლო ხარჯებს, სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს.

58. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, – პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ლარის ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით (პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადახდილი 931,15 ლარიდან და საკასაციო საჩივარზე გადახდილი 895,37 ლარიდან, (საიდანაც 50,37 ლარი კასატორმა გადაიხადა ზედმეტად) გადახდილი 1776,15 ლარიდან სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად 572 ლარის ანაზღაურება. ამავდროულად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ხაზინიდან მის მიერ საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50,37 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე „მ. შ.-ს“ მოსარჩელე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 10000 (ათი ათასი) ლარის პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

5. მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე „მ. შ.-ს“ მოსარჩელე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 572 ლარის ანაზღაურება.

6. კასატორ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს №15277 საგადახდო დავალებით გადახდილი 50,37 ლარი.

7. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე