საქმე № 330210015001092648
საქმე №ას-1048-1009-2016 28 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. წ.-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. წ.-ასა (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე) და მ. წ.-ას (შემდგომში – თავდები მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 32 498.31 ლარის გადახდა, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით, მსესხებელი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით დავალიანება არ დაიფარება, მოსარჩელემ მოითხოვა თანხის ამოღება მოპასუხის კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2013 წლის 12 ივლისს მსესხებელ მოპასუხესთან გააფორმა საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელს გაეხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 23 იანვარს გაიცა კრედიტი – 45 000 ლარი 18 თვის ვადით წლიური 16%-ით, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0,5%-ით.
3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. სესხი, ასევე, უზრუნველყოფილ იქნა მეორე მოპასუხესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით.
4. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ 2015 წლის 1 მაისიდან დაარღვია ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის დაფარვის პირობები და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება, კერძოდ, სესხის ძირითადმა თანხამ შეადგინა 26824.58 ლარი, პროცენტმა – 2687.45 ლარი, ხოლო პირგასამტეხლომ – 2986.28 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მსესხებელი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების განცხადება და მათ აღუდგათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10 დღე და დაევალათ: ა) მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ბ) მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1299 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდნენ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
9. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინების ასლი 2016 წლის 8 სექტემბერს ჩაბარდა მსესხებელ მოპასუხეს, მანვე ჩაიბარა განჩინების ასლი თავდები მოპასუხისათვის გადასაცემად.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ასლის ადრესატისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2016 წლის 9 სექტემბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 18 სექტემბერს, რომელიც იყო ყოველკვირეული დასვენების დღე – კვირა. შესაბამისად, საპროცესო ვადის დამთავრების დღე იყო მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე 2016 წლის 19 სექტემბერი.
11. 2016 წლის 20 სექტემბერს მსესხებელმა მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით მიმართა და განმარტა, რომ გადასახდელი თანხა მისთვის საკმაოდ დიდია, ერთიანად ვერ გადაიხდის და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ნაწილ-ნაწილ გადახდა საქმის დამთავრებამდე.
12. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მსესხებელმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მისი არგუმენტი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. მხარის მითითებით, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტებს დაუდგინათ ხარვეზი და არაერთხელ განუსაზღვრა საპროცესო ვადა მის გამოსასწორებლად. 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით სააპელაციო პალატამ აპელანტებს აღუდგინათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა და დაავალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 1299 ლარისა და კანონით გათვალისწინებული წესით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
19. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მსესხებელ მოპასუხეს პირადად და თავდები მოპასუხისათვის გადასაცემად ჩაბარდა 2016 წლის 8 სექტემბერს (ტომი 2, ს.ფ. 29).
20. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 9 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 19 სექტემბერს (2016 წლის 18 სექტემბერი იყო უქმე, არასამუშაო დღე), თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 20 სექტემბერს მსესხებელმა მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, ნება დაერთო სასამართლოს, სახელმწიფო ბაჟის ნაწილი – 700 ლარი გადაეხადა წინასწარ, დარჩენილი 600 ლარის გადახდა კი გადავადებულიყო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ის 63-ე მუხლზე მითითებას, რომლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით წარადგინა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისად აღნიშნული, როგორც შუამდგომლობის, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა. აქვე აღსანიშნავია, რომ აპელანტს სასამართლო განჩინებით დაევალა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, თუმცა მხარეს არც მითითებულ ნაწილში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
24. ამავდროულად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
26. ამდენად, სსსკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
27. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე რაიმე მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია, არამედ მიუთითა თავის მძიმე ეკონომიკურ მდგომაროებაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კანონის მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას არ წარმოადგენდა.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. წ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე