Facebook Twitter

საქმე № 330210016001361612

საქმე №ას-1174-1129-2016 28 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ააიპ „თ.-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრისა და 13 დეკემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ააიპ „თ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.-ს“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული 144803,50 ლარის დაბრუნების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 11 ნოემბერს მხარეთა შორის გამარტივებული შესყიდვების საშუალებით გაფორმდა 15-11-131 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა შეესრულებინა დამხმარე შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები.

3. შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ გადაურიცხა მოპასუხეს სამუშაოების ღირებულება, თუმცა მოგვიანებით გამოვლინდა, რომ მოპასუხის გაანგარიშება არ შეესაბამებოდა რეალურად შესრულებულ სამუშაოს მოცულობას, რის გამოც მოპასუხემ მიიღო იმაზე მეტი ანაზღაურება, ვიდრე ეკუთვნოდა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ შესასრულებელი სამუშაო აღმოჩნდა იმაზე მეტი, ვიდრე ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ 144803,50 ლარის ტოლფას ფულად სახსრებს, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

განმცხადებლის მოთხოვნა:

6. 2016 წლის 20 ოქტომბერს მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მოპასუხის საკუთრებაშია კოშკურა ამწეს სრული კომპლექტი გამართულ მდგომარეობაში. აღნიშნული კოშკურა ამწე შეძენილ იქნა კომპანიის მიერ 80 000 აშშ დოლარად. 2016 წლის 19 სექტემბრის დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის შესაბამისად, მისი ღირებულება 186 300 ლარია. განმცხადებელმა მოითხოვა სწორედ აღნიშნულ კოშკურა ამწის დაყადაღება და საქალაქო სასამართლოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ჩანაცვლება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით 2016 წლის 20 ოქტომბრის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მოპასუხის კუთვნილ 144803,50 ლარის ტოლფას ფულად სახსრებს, ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ კოშკურა ამწეს საქარხნო №....

საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

9. საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა მოპასუხის განცხადებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის განცხადება ჩაითვლება უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის მოთხოვნის ლეგიტიმურ საფუძვლად, სააპელაციო პალატას იგი წარმოებაში არ უნდა მიეღო. სსსკ-ის 196-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების დანაწესი არ აძლევს სააპელაციო პალატას უფლებას, განიხილოს მხარის განცხადება მაშინაც, როდესაც საქმე ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოს წარმოებაში იმყოფება. გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით მოსარჩელისათვის გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რომელიც, თავის მხრივ, ყველა შესაძლო ინსტანციის მიერ საქმის განხილვასაც გულისხმობს.

10. რაც შეეხება უშუალოდ მოპასუხის განცხადებას, მან ვერ დაასაბუთა საკუთარი ორგანიზაციული საქმიანობის ხელშეშლის ისეთი ფაქტების არსებობა, რომელიც შეიძლება კონკრეტული მსჯელობის საგანი გამხდარიყო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების არათანაბარზომიერების განხილვისას.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

14. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივარი, რომელიც დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით გაეგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, ამ სასამართლოს მიერ განიხილება კერძო საჩივრისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. მითითებული ნორმების მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხლი). ამასთან, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება (სსკ-ის 419-ე მუხლის მესამე ნაწილი). სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს საჩივრის განხილვას ორი ინსტანციის სასამართლოს წესით, შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოცემულ საკითხზე საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს.

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ 144803,50 ლარის ტოლფას ფულად სახსრებს, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.

17. ამავე სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა ზემდგომ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის საჩივრის განხილვამდე ამ უკანასკნელმა განცხადებით მიმართა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორეთი შეცვლა.

19. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლომ განახორციელა ყველა ის საპროცესო მოქმედება, რაც თან სდევს სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეტანილი განცხადების წარმოებას, კერძოდ, დაადგინა ხარვეზი განცხადებაზე, მიიღო იგი წარმოებაში.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად, დადგინდა, რომ მხარეებს ეცნობა მოპასუხის განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე, აგრთვე, მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვა 5 დღის ვადა ამ განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან.

21. 2016 წლის 8 ნოემბერს მოწინააღმდეგე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა, რომლის თანახმადაც მან მხარი არ დაუჭირა მოპასუხის 2016 წლის 20 ოქტომბრის განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე. სააპელაციო პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორეთი შეცვლის შესახებ.

22. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს, მართალია, ცალკე არ უმსჯელია მოპასუხის საჩივარზე, რომლითაც მხარე სადავოდ ხდიდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, თუმცა სააპელაციო პალატამ მოპასუხის საჩივრის ფარგლებში შეაფასა მხარის განცხადება, რომლითაც მან ფაქტობრივად დააზუსტა მოთხოვნა, სადავოდ აღარ გახადა და, მაშასადამე, დაეთანხმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას, თუმცა მოითხოვა ფულად ანგარიშზე ყადაღა შეცვლილიყო ამავე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მისი კუთვნილი სხვა ქონების – სამშენებლო ამწის მიმართ.

23. საკასაციო სასამართლო ზოგადად იზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ განცხადება წარედგინება იმ სასამართლო ინსტანციას, რომელიც არსებითად იხილავს საქმეს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საჩივარს იხილავდა სააპელაციო პალატა, მოწინააღმდეგე მხარეს კი თავის წერილობითი მოსაზრებაში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ მოპასუხის სადავო განცხადების – სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორეთი შეცვლის – განსახილველად მიღების ფაქტი. მისი სამართლებრივი დასაბუთება შეეხება მხოლოდ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობას (ტომი 2, ს.ფ. 289-291).

24. ამდენად, სააპელაციო პალატამ, როგორც საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების კანონიერების შემფასებელმა სასამართლო ინსტანციამ, მოპასუხის განცხადებაზე, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორეთი შეცვლის შესახებ, იმსჯელა მოპასუხის საჩივრის პროცესუალურ ფარგლებში, რითაც დაცულია სსსკ-ის 196-ე მუხლის მოთხოვნა.

25. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა წარმოადგენდა საჩივრის განმხილველ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, შესაბამისად, მისი განჩინება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა სსსკ-ის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე და საჩივარი საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვეღარ გახდება.

26. ზემოთ მითითებული მსჯელობის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ „თ.-ის“ საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე