Facebook Twitter

საქმე №ას-854-820-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. და ნ. ნ-ები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თ. და ნ. ნ-ებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ფ-ა 3-ის დასახელების მე-17 კორპუსში მდებარე 62,44 კვ.მ #1-- ბინის რეალიზაციისა და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეებს შორის განაწილების გზით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეებს თანასაკუთრებაში გააჩნიათ ზემოხსენებული უძრავი ქონება, რომელსაც ფლობს მოპასუხე და მოსარჩელეებს საშუალებას არ აძლევს, ისარგებლონ საზიარო საგნით, ის ასევე წინააღმდეგია ქონების გამიჯვნისა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 12 ივნისს გაცემული #002969014 აქტის მიხედვით, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, თუმცა, ვინაიდან მოპასუხემ უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შედგენა შეუძლებელი გახდა. მოპასუხეს შეეთავაზა ქონების გასხვისების გზით მიღებული თანხის წილების პროპორციულად განაწილებაც, თუმცა, იგი ამ პირობაზეც წინააღმდეგია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეები უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებად სასამართლომ უკანონოდ ცნო, შესაბამისად, იგი არ არის ვალდებული, პასუხი აგოს მოსარჩელეთა მოთხოვნაზე, ამასთანავე, მოპასუხეს ექსპერტისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნივთის გაყიდვის გზით გაუქმდა მხარეთა საზიარო უფლება 62.44 კვ.მ #1-- ბინაზე, მდებარე ქ.თბილისში, ფ-ა 3-ის დასახლების მე-17 კორპუსში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #01.18.13.024.006.01.1...) და საგნის გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდა მხარეთა წილების მიხედვით, კერძოდ: მოსარჩელეებს მიეკუთვნათ ამონაგები თანხის 2/3, ხოლო მოპასუხეს _ 1/3.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, სადავო ქონების თანამესაკუთრეები არიან მოდავე მხარეები. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: N1-5890 პრივატიზაციის ხელშეკრულება (გაფორმების თარიღი 26.06.2006წ); თბილისის საქალაქო სასამართლოს 13.03.2013წ. გადაწყვეტილება; უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

1.2.2. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 12 ივნისს გაცემული №002969014 აქტის მიხედვით, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დანიშნული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის შედგენა სადავო ქონებაზე შეუძლებელი გახდა, ვინაიდან, მოპასუხემ უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე, შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გამოყოფის ფორმით შესაძლებელია და ამ სახით საზიარო უფლების გაუქმებისას არ იზღუდება მოსარჩელეთა უფლებები, ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელსაც შესაბამისი მტკიებულებები სასამართლოში არ წარმოუდგენია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ იგი უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენია, რადგანაც ნასყიდობის ხელშეკრულება მან მოსარჩელეების წარმომადგენელთან _ მამასთან გააფორმა, რომელმაც შესაბამისი ვალდებულება იკისრა შვილების მიმართ. კასატორისათვის უცნობი იყო იმგვარი ფაქტების შესახებ, როგორიც შეიძლება იყოს მშობლის უფლების შეზღუდვა თუ მოსარჩელეებისათვის მეურვის/მზრუნველის დანიშვნა. გარიგების დადებისას, თუკი სადავო ქონების გამსხვისებელს არ ჰქონდა უფლება, საჯარო რეესტრს არ უნდა დაერთო ნება მისთვის, ხელი მოეწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს იმ დასაბუთებით, რომ საქმეში წარმოდგენილი შესაგებელი მსგავს შედავებას არ შეიცავს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზეა დამყარებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს უზოგადესი და ამავდროულად ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება, მათ შორისაა კოდექსის 201-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. გარდა ზემოხსენებულისა, რომც არ მივიღოთ მხედველობაში კასატორის მხრიდან დაშვებული საპროცესო დარღვევა, პალატა თვლის, რომ მაინც არ შეიძლება დასაბუთებულად იქნას მიჩნეული მისი შედავება, იმ პირობებში, როდესაც უძრავ ნივთზე საზიარო უფლება დადგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერით, ხოლო მოპასუხეს უფლების საკითხი შეგებებული სარჩელით სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე მითითებით სწორად დაემყარა რეესტრის უტყუარობის კანონისმიერ პრეზუმფციას და საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა მოთხოვნა საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე სწორად იქნა მიჩნეული დასაბუთებულად ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (სკ-ის 961-ე მუხლი).

1.6. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა საზიარო საგნის/კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის არსი (სკ-ის 173.1 და 961.1 მუხლები) და სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 26.09.2016წ. #11 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ თ. ა-ეს (პ/# ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 26.09.2016წ. #11 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი