28 ივლისი, 2016 წელი,
ას-441-423-2016- ბე-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ბ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იპოთეკის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 22.08.2009 წელს შპს „ბ-სა“ (შემდგომში - შემკვეთს, მოპასუხეს ან კასატორსა) და შპს „აბ-ს“ (შემდგომში მენარდეს ან მოვალეს) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მენარდემ იკისრა ვალდებულება, მოემზადებინა ქ.თბილისში, ბ-ის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის ელექტროგაყვანილობის პროექტი და შეესრულებინა ხარჯთაღრიცხვით გათვალიწინებული სამუშაოები (ელექტროგაყვანილობის ინსტალაცია (მონტაჟი)) შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის - შემდეგში სსკ-ის - 629-ე მუხლი).
2. 26.08.2009 წელს შემკვეთსა და ი-ეს (შემდგომში - იპოთეკის საგნის მესაკუთრეს ან მოსარჩელეს) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, ქ.თბილისში, რ-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...) 1/2 ნაწილი (სსკ-ის 286.1 მუხლი). იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (სსკ-ის 289.1 და 3111 მუხლები).
3. ზემოხსენებული იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყოფდა 22.08.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ელექტროგაყვანილობის საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების) შესრულებას. ეს ხელშეკრულება მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე მოქმედებდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შემკვეთის სარჩელი მენარდისა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა ნარდობის ხელშეკრულებების (მათ შორის, 22.08.2009 წლის ხელშეკრულების) საფუძველზე მენარდისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის დაკისრებასა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციას.
5. ზემოხსენებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მენარდემ სრულად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებებით, მათ შორის, 22.08.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, ასევე, რომ მენარდეს შემკვეთისაგან არ მიუღია შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე მეტი თანხა.
6. მოსარჩელემ (იპოთეკის საგნის მესაკუთრემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 26.08.2009 წლის იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტა (გაუქმება). მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყოფდა 22.08.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა, ამასთან, გასული იყო იპოთეკის ხელშეკრულების მოქმედების ვადა. მოსარჩელის განმარტებით, იპოთეკის ხელშეკრულების 4.1. მუხლის მიხედვით, მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა იპოთეკის გაუქმების საფუძველს, შესაბამისად, ვინაიდან მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის შენარჩუნების საფუძველი აღარ არსებობდა.
7. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 28.02.2010 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით არ დასტურდებოდა მენარდის მიერ 22.08.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა იპოთეკის გაუქმების საფუძველი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 05 იანვრის გაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2009 წლის 26 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელის კუთვნილ უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე.
9. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება, უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან მენარდის მიერ 22.08.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით შეწყდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
10. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 266-ე მუხლით და სსკ-ის 153-ე, 286-ე და 427-ე მუხლებით.
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ აღარ არსებობდა 26.08.2009 წლის იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, კერძოდ, 22.08.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებები.
14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება 28.02.2010 წლის ურთიერთგაგების მემორანდუმზე და აღნიშნა, რომ ეს მემორანდუმი წარმოადგენდა სასამართლოს კვლევის საგანს იმ დავაში, რომლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებაც შესულია კანონიერ ძალაში.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 153-ე, 286-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობებში, ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის შენარჩუნების საფუძველი აღარ არსებობდა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- მენარდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 149 337.86 ლარის სამუშაოები არ შეუსრულებია, შესაბამისად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა ვალდებულების არარსებობის თაობაზე;
- სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს) შესაგებელი არ წარუდგენია, რის გამოც სასამართლოს მის წინააღმდეგ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სწორია.
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. განსახილველ შემთხვევაში, 19.05.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ შეასრულა 22.08.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც დაიდო 26.09.2009 წლის იპოთეკის ხელშეკრულება შემკვეთსა და მოსარჩელეს შორის.
24. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებას, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, მენარდეს არ შეუსრულებია 149 337.86 ლარის სამუშაოები და მას აღნიშნული თანხა ზედმეტად აქვს მიღებული შემკვეთისაგან.
25. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და ყურადღებას მიაქცევს შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნებს, რომლითაც იგი მენარდისაგან მოითხოვდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ზემოთ გადახდილი თანხის დაბრუნებას და იპოთეკის საგნის რეალიზაციას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და მათი შესრულებისათვის შემკვეთისაგან შეთანხმებულზე მეტი თანხა არ მიუღია. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით არ დაკმაყოფილდა შემკვეთის სარჩელი.
26. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ 14.09.2014 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 266-ე მუხლის საფუძველზე, გააჩნიათ პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი საქმის მიმართ, ხოლო, სსსკ-ის 407.2 მუხლის მიხედვით, ეს ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
27. განსახილველი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო იპოთეკა გასაუქმებელია, ვინაიდან აღარ არსებობს ძირითადი ვალდებულების (22.08.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულების) საფუძველზე წარმოშობილი შესრულების მოთხოვნის უფლება.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკის უფლება აქცესორულ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება. იგი არ არსებობს ძირითადი (უზრუნველყოფილი) მოთხოვნის უფლების გარეშე (სსკ-ის 153-ე მუხლი). იპოთეკის უფლება, როგორც წესი, წყდება კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ან მისი იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემით. თუმცა, იპოთეკის უფლების შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს, ასევე, ძირითადი ვალდებულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული ზოგადი საფუძვლები (ვალდებულების შესრულება (სსკ-ის 427-ე მუხლი), ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა (სსკ-ის 442-ე მუხლი), ვალის პატიება (სსკ-ის 448-ე მუხლი) და ა.შ.).
29. იპოთეკის უფლება რეგისტრირებულ სანივთო უფლებათა რიგს მიეკუთვნება, ამიტომ იპოთეკის რეგისტრაციის გასაუქმებლად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, იპოთეკა შესაძლებელია გაუქმდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
30. მოცემულ შემთხვევაში, 26.08.2009 წლის იპოთეკის ხელშეკრულების 4.1. მუხლის მიხედვით, იპოთეკის გაუქმების საფუძველია 22.08.2009 წლის ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მენარდემ ვალდებულება შეასრულა, რაც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაბამისად, აღარ არსებობს ძირითადი (უზრუნველყოფილი) მოთხოვნის უფლება, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, იპოთეკის გაუქმების კანონიერი საფუძველია.
31. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებაზე, რომელმაც დაუშვებლად მიიჩნია შესაგებლის წარუდგენლობის გამო სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, ხსენებული განჩინებით დიდმა პალატამ განმარტა: „იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ მიმართული შესაგებელი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებულ მტკიცებულებით საქმიანობას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას, ე.ი. წარსულში უკვე შედავებულ და გამოკვლეულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობას არ მოჰყვება პირველ ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები - ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ამ ტიპის შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს. შესაბამისად, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფართო განმარტება, ნორმის გავრცელება ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უცხოა სააპელაციო სამართალწარმოებისათვის, დაუშვებელია.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016 წლის განჩინება №ას-121-117-2016).
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ი-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 10.05.2016) 70% – 210.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ბ-ს“ დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ი-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 10.05.2016) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი