საქმე №ას-745-713-2016 7 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ძ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საკუთრებით სარგებლობის ხელყოფა, უკანონო მოქმედების აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ა. გ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ძ-ის (შემგდომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის საკუთრების ხელყოფისა და მის მიერ ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, ასევე, მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, კომპეტენტური საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგენილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველი პროექტის შესაბამისად, სამუშაოების წარმოების დავალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ, ერთი მხრივ, ხელშეშლას არ აქვს ადგილი, ხოლო, მეორე მხრივ, საკანალიზაციო ქსელი დიდი ხნისაა, რომელზეც მოსარჩელემ თავად დააშენა სამზარეულო და საკუთარი მილი შეუერთა მის კუთვნილ საკანალიზაციო ქსელს. ამასთანავე, მოპასუხის სახლი ახალი აშენებულია და სახლის ექსპლუატაციაში მისაღებად ქ.თბილისის მერიის მიერ დაეკისრა გარკვეული სამუშაოების შესრულება, რასაც ხელს უშლის თავად მოსარჩელე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა საკუთრების ხელყოფისა და საკუთრების გამოყენებაში ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, ჩაატაროს მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად (კერძოდ, ამორტიზებული წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილების გამოცვლა, დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია. მისივე კუთვნილი სველი წერტილის (აბაზანა-ტუალეტის) შენობის სახურავის წყლის შემკრების დაყენება) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დადგინდა კომპეტენტური საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგენილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველი პროექტის საფუძველზე.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი საკანალიზაციო მილების რეაბილიტაციისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. კერძო საჩივრის თანახმად, მენჯ-ბარძაყის რენტგენოგრაფიის საფუძველზე შპს „ა-ის კლინიკის“ მიერ 2016 წლის 22 ივლისს გაცემული ცნობით დასტურდება აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცნობაში მითითებული ჩვენების საფუძველზე მას ემართება სუბქონდრალური სკლეროზი და არ შეუძლია გადაადგილება. 2016 წლის 6 ივლისს, პროცესამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, მოულოდნელად დაემართა სუბქონდრალური სკლეროზი, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოში დროულად გამოცხადება, ასევე, შეუძლებელი იყო სასამართლოსთან დაკავშირება, რის გამოც, მისი გამოუცხადებლობის მიზეზი არ ყოფილა ცნობილი საქმის განხმილველი შემადგენლობისათვის, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების შემდეგ მან სცადა სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა არსებული გადატვირთული მოძრაობის გამო. 2016 წლის 25 ივლისს შპს „ნ-ის“ მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორი უჩივის ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში ტკივილს, ანამნეზში მითთებულია თანდაყოლილი პათოლოგიის შესახებ. პასიური მოძრაობები სახსრებში თავისუფალია, აქტიური _ სუბიექტური მონაცემებით მტკივნეული. რენტგენოგრამაზე აღინიშნება ორმხრივი დისპლაზიური კოქსართროზი, პაციენტი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 6 ივლისს მიიღო ტრავმა წაქცევის შედეგად, ავადმყოფობის მიმდინარეობა არის ქრონიკული.
6.1.2. წარმოდგენილ კერძო საჩივარს მხარემ დაურთო შპს „ა-ის კლინიკის“ მიერ გაცემული 2016 წლის 22 ივლისის მენჯ-ბარძაყის რენტგენოგრაფიის შედეგები, ასევე, შპს „ნ-ის“ 2016 წლის 25 ივლისის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #IV-100/ა). მოგვიანებით მან კვლავ მომართა სასამართლოს განცხადებით და წარმოადგინა ქ.თბილისის მერიის მიერ 2016 წლის 11 აგვისტოს გაცემული საგარანტიო წერილის, ანგარიშ-ფაქტურის, შპს „ნ-ის“ მიერ გაცემული ოპერაციული ჩარევის კალკულაციისა და ამავე სამედიცინო დაწესებულების მიერ 2016 წლის 25 ივლისს გაცემული ცნობის (ფორმა #IV-100/ა) ასლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ლ. ძ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2016 წლის 6 ივლისს დანიშნული სახდომის თაობაზე 2016 წლის 26 აპრილს პირადად ჩაბარდა უწყება;
1.2.2. დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა იგი და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის;
1.2.3. გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებმა (წარმომადგენლებმა) სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
1.3. კერძო საჩივრის ავტორი პრეტენზიას ძირითადად იმ საფუძვლით აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მან ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება, ასევე ის, რომ არსებული მდგომარეობის შესახებ ეცნობებინა საქმის განმხილველი შემადგენლობისათვის.
1.3.1. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, შესაბამისად, ამ გარემოებათა არსებობა-არარსებობა საკასაციო პალატის კვლევის ობიექტი ვერ გახდება. კერძო საჩივრის ფარგლებში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარემ მიუთითა საპატიო მიზეზის არსებობაზე - ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
1.6.1. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მხარის მიერ შუამდგომლობის წარდგენისა თუ მისი წარდგენის შეუძლებლობის საკანონმდებლო რეგლამენტაციას და, ერთი მხრივ, მიუთითებს განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობის აუცილებლობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ამ გარემოების თაობაზე მხარის ობიექტურ შეუძლებლობას, წინასწარ აცნობოს სასამართლოს. ნორმის ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია. ამასთანავე, უდავოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, ავადმყოფობის გამო, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა კანონმდებელმა მტკიცების სპეციალურ სტანდარტს დაუქვემდებარა და დაადგინა, რომ ამ მოტივით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებობა დადატურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, სადაც მითითებული იქნება სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე.
1.6.2. საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) მიიჩნევს, რომ ისინი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, რადგანაც დოკუმენტაცია არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს იმისათვის, რომ კონკრეტულ დღეს _ 2016 წლის 6 ივლისს აპელანტს არ შეეძლო სასამართლოში გამოცხადება ან/და სასამართლოს ინფორმირება იმის თაობაზე, რომ საპატიო მიზეზის გამო იგი ვერ შეძლებდა სხდომაზე დასწრებას, კერძოდ:
ა) შპს „ა-ის კლინიკის“ მენჯ-ბარძაყის რენტგენოგრაფიის შედეგებში ასახულია კერძო საჩივრის ავტორის მდგომარეობა, დოკუმენტი გაცემულია სასამართლო სხდომიდან საკმაო დროის შემდეგ _ 2016 წლის 22 ივლისს და არ შეიცავს რაიმე მითითებას, როგორც დაავადების ზოგადი მაჩვენებლების (შეუძლებელია გადაადგილება და სხვა), ისე დაავადების სასამართლო სხდომის დღეს გამოვლენისა და ამ გზით პაციენტის გადაადგილების შეუძლებლობის თაობაზე;
ბ) შპს „ნ-ის“ მიერ გაცემული ცნობის თაობაზე უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ცნობაც, მსგავსად წინა შემთხვევისა, გაცემულია 2016 წლის 25 ივლისს, ამბულატორიაში მიმართვის თარიღად ფიქსირდება 2016 წლის 25 ივლისი. მართალია, დიაგნოზად მითითებულია ორმხრივი დისპლაზიური კოქსართროზი M16.2, ხოლო ავადმყოფობის მიმდინარეობა არის ქრონიკული, თუმცა არც ეს დოკუმენტი ადგენს, რომ პაციენტს ეზღუდება გადაადგილების უნარი და ეს შედეგი კონკრეტულ დღეს დადგა, შრომით რეკომენდაციად მითითებულია ოპერაციული მკურნალობა და კიდურის მოსვენება დატვირთვის გარეშე. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას იმის თაობაზე, რომ ცნობა ადგენს სასამართლო სხდომის დღეს ტრავმის მიღებას, ამას პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოკლე ანამნეზში მითითებული 2016 წლის 6 ივლისს მიღებული ტრავმა არა საექიმო კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნაა, არამედ, პაციენტის მითითებაა. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს #338/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესის“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო ცნობის (ფორმა #IV-100/ა) მოკლე ანამნეზში (მე-11 პუნქტში) მიეთითება პაციენტის ყოფაცხოვრების პირობების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობის, აგრეთვე იმ მავნე ფაქტორების შესახებ, რომლებსაც შეეძლოთ გამოეწვია დაავადება ან მისი გამწვავება. რაც შეეხება საექიმო კვლევის შედეგებს, იგი ცნობის მე-12 და შემდგომ პუნქტებში აღინიშნება, ამდენად, მხარის მითითება, რომ შპს „ნ-ის“ ცნობით დასტურდება 2016 წლის 6 ივლისს ტრავმის მიღების ფაქტი, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ;
გ) საკასაციო პალატა სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ განიხილავს ასევე ქ.თბილისის მერიის მიერ გაცემულ ოპერაციული ჩარევის დაფინანსების საგარანტიო წერილს, თანდართული ანგარიშ-ფაქტურითა და ოპერაციული მკურნალობის კალკულაციით, რადგანაც, მსგავსად ზემოხსენებულისა, ეს დოკუმენტები ადასტურებენ მხოლოდ მხარის ჯანმრთელობის ზოგად მგომარეობას, ხოლო ის ფაქტი, რომ კონკრეტულ დღეს მხარეს შეზღუდული/წართმეული ჰქონდა გადაადგილების უნარი, საქმის მასალებით არ დგინდება.
1.7. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი იმის თაობაზე, რომ სამედიცინო ცნობა უნდა შეიცავდეს პირდაპირ მითითებას პირის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ არ არის შემთხვევითი, რადგანაც სასამართლოში მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს ადგენს ამავე კოდექსის 105-ე მუხლი, რომლის თანახმადაც საქმის მასალების ინდივიდუალური და ერთობლივი შეფასების ვალდებულება გააჩნია სასამართლოს, რაც შეეხება სამედიცინო კვლევის შედეგების შეფასებას, კერძოდ, იმას, ამა თუ იმ დიაგნოზის მქონე პაციენტს შეუძლია თუ არა სასამართლოში გამოცხადება, სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს ცდება (იხ. სუსგ №ას-1269-1289-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი).
1.8. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩვარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური