საქმე №ას-603-578-2016 28 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ვ. და ნ. თ-ეები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ვ-ი, ნ. ზ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე საქმის წარმოების შეჩერებასა და მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. ვ-მა და ნ. ზ-მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. და ვ. თ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები) მიმართ და მოითხოვეს ქ.თბილისში, ბ-ის ქ#...ში არსებულ ეზოში მდებარე, მხარეთა თანასარგებლობაში არსებული ონკანის მკვებავი მილისა და საპირფარეშოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის მოპასუხეებისათვის დავალდებულება (თვითნებურად ჩაჭრილი ონკანის მკვებავი მილის ჩაჭრის ადგილას აღდგენა და საპირფარეშოს გასუფთავება ქვიშა-ცემენტის ხსნარისაგან).
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან ე. ჟ-ა, ნ. თ-ე, გ. ვ-ი და ნ. ზ-ი. მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ ეზოში განთავსებულია საპირფარეშო და ონკანის მკვებავი მილი. საპირფარეშო ნ.თ-ის მეუღლემ, მოპასუხე ვ.თ-ემ, გახადა უმოქმედო _ ჩაასხა ქვიშა-ცემენტის ხსნარი, ასევე, თვითნებურად გადაჭრა ონკანის მკვებავი მილი, რის შედეგადაც შეუძლებელი გახდა თანამესაკუთრეების მხრიდან სველი წერტილით სარგებლობა. მხარეთა შორის გართულებული ურთიერთობის გამო არაერთხელ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიცია, ასევე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი. შესაგებლის თანახმად, სადავო საპირფარეშო წარმოადგენს უკანონო ნაგებობას და აღრიცხულია უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე. იგი წარმოადგენდა დამხმარე ფართს სადაც ასევე განთავსებული იყო საქვაბე ნაგებობა, რომელიც თანამესაკუთრეთა შეთანხმებით უნდა დანგრეულიყო. სწორედ ამიტომ, არ დაკანონდა იგი. დღეისათვის საქვაბე უკვე დანგრეულია, გარდა ამისა, ყველა თანამესაკუთრეს გააჩნია ინდივიდუალური წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო ქსელი, შესაბამისად, ონკანმა, რომელიც 50-60 წლის წინ გაკეთდა და დამზადებული იყო რკინის მილებისაგან, დაკარგა ფუნქცია. მილის კოროზიულობის გამო ონკანი პრაქტიკულად დაიშალა და წყალი ჩაედინებოდა ავტოსადგომის საძირკველში, რასაც შედეგად შენობის ჯდენა მოჰყვა, მოსალოდნელია შენობის მეორე სართულზე ამავალი რკინის კიბის დაზიანებაც, რომელიც ავტოსადგომის კედელს ეყრდნობა. საგულისხმოა, რომ თანამესაკუთრეები თავს არიდებდნენ საერთო საკუთრების მოსავლელად ხარჯის გაწევას. წყლის ონკანის არსებულ მდგომარეობაში აღდგენას შედეგად ავტოსადგომის ჩამონგრევა მოჰყვება, გარდა ამისა, გაურკვეველია, რა საფუძვლითაა აღძრული სარჩელი ნ. თ-ის მიმართ მაშინ, როდესაც მოსარჩელე სადავო ქმედების განხორციელებას უკავშირებს მხოლოდ ვ. თ-ეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა #...ში არსებულ ეზოში მდებარე საერთო სარგებლობის ონკანის მკვებავი მილისა და საპირფარეშოს აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში, კერძოდ, თვითნებურად ჩაჭრილი ონკანის მკვებავი მილის აღდგენა და საპირფარეშოს გასუფთავება ქვიშა-ცემენტის ხსნარისაგან.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი, ასევე, საქმის წარმოების შეჩერებასა და მოწმეთა დაკითხვაზე აურის თქმის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან მოპასუხეებისათვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულების კანონიერება. ამ თვალსაზრისით კასატორები პრეტენზიას გამოთქვამენ, როგორც პროცესუალური თვალსაზრისით მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არასწორად დადგენის, ისე _ ერთ-ერთი თანამოპასუხისათვის ამ ვალდებულების არასწორად დაკისრების თაობაზე.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის შემდგომი ნაწილები გვთავაზობენ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, რომელთა შორისაა სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება და/ან არასწორი განმარტება, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების საპროცესო ნორმათა დარღვევით დადგენა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად დასაშვები შედავება იქნა წარმოდგენილი კასატორთა მხრიდან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. ქალაქ თბილისში, ბ-ის ქ#...ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.13.07.013.023) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებს წარმოადგენენ: გ. ვ-ი, ე. ჟ-ა, ნ. თ-ე და ნ. ზ-ი. საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია კონკრეტულად თუ რა ფართი გააჩნია თითოეულ მათგანს საკუთრებაში (მითითებულია სართული, განსაზღვრულია როგორც საერთო ფართი, ასევე ცალკეა გამოყოფილი სარდაფის, მანსარდის, ავტოფარეხის ფართი);
1.2.2. საერთო საკუთრების ეზოში მდებარე დამხმარე №3/1 ნაგებობა წარმოადგენს კანონიერ შენობა-ნაგებობას, იგი უძრავი ნივთის მესაკუთრეთა თანასაკუთრებაა, რამდენადაც მასზე, როგორც ინდივიდუალური საკუთრების საგანზე ან ცალკე უფლების ობიექტზე, კონკრეტული პირის სახელზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი, გენ.გეგმაზე დაფიქსირებული შენობა-ნაგებობა ლიტერი ,,გ“ და საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი ლიტერი ,,ვ“ წარმოადგენს ერთსა და იმავე შენობა–ნაგებობას. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული #ლ-382 ცნობა-დახასიათების მიხედვით, ლიტერი ,,გ“ დაფიქსირებულია, როგორც კანონიერი შენობა-ნაგებობა და გენ გეგმაზე დატანილია (მოხაზულია) შავი კალმით;
1.2.3. თანამესაკუთრეთა შორის საზიარო უფლება გაუქმებული არ არის. სადავო საპირფარეშო და ონკანის მკვებავი მილი, რომელიც განთავსებულია მხარეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენს მესაკუთრეთა (მხარეთა) საერთო სარგებლობის ნივთს;
1.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 11 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის #... დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ბ-ის ქ#...ის ეზოში მდებარეობდა საპირფარეშო, რომელსაც დაკარგული აქვს ფუნქცია, რადგან მისი იატაკის დონე შევსებულია ქვიშა-ცემენტის ხსნარით. ეზოს შესასვლელში მდებარეობს წყლის ჭა, სადაც მოწყობილია წყლის მილები და ჩამკეტი ონკანები, ერთ-ერთი წყლის მილი გადაჭრილია და საპირფარეშოს გვერდით მდებარე ონკანი არ ფუნქციონირებს;
1.2.5. საპირფარეშოსა და ონკანის მკვებავი მილის გაუქმება ერთ-ერთი თანამესაკუთრის _ ნ. თ-ის მეუღლის, ვ. თ-ის თვითნებური მოქმედების შედეგია: მან გადაჭრა წყლის მკვებავი მილი და საერთო სარგებლობაში არსებული ტუალეტი ამოავსო ქვიშა-ცემენტის ხსნარით;
1.2.6. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ვ.თ-ის მიერ ზემოხსენებული მოქმედების თვითდახმარების ფარგლებში განხორციელება, კერძოდ ის, რომ გადაჭრისას ონკანის მილები კოროზიისაგან ისე იყო დაშლილი, რომ წყალი ჟონავდა პირდაპირ ავტოფარეხის საძირკველში, რამაც გამოიწვია შენობის ჯდენა. მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 26 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის #... დასკვნის თანახმად, ავტოფარეხის შენობის არსებული დეფორმაციები და ბზარები გამოწვეულია ატმოსფერული ნალექებით და წყალ-კანალიზაციის სისტემის გაუმართაობით, საძირკვლის ფუძის დასველების გამო, შენობის საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციების განვითარებით. ავტოფარეხის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ავტოფარეხის შემდგომი ნორმალური ფუნქციონირებისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია, ატმოსფერული ნალექების ორგანიზებული გადაყვანის სისტემისა და შემონაკირწყლის მოწყობა, წყალ-კანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ატმოსფერული ნალექები მოსცილდება შენობას. ამ ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, შენობის გაძლიერებისათვის საჭიროა მისი ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევისა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე შენობის გამაგრება სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებისათვის სავალდებულო ძალა გააჩნია, რამდენადაც კასატორებს ამ გარემოებათა თაობაზე დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
1.4. ვიდრე საკასაციო პრეტენზიათა დეტალურ ანალიზს შევუდგებოდეთ, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს განსახილველი დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე. მოკლედ თუ შევაჯამებთ, სარჩელით მოთხოვნილია თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ამასთანავე, უდავოა, რომ სახეზე გვაქვს საზიარო საგანი, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებიც კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებისა (საზიარო უფლებები) და საკუთრების უფლების მარეგულირებელ დანაწესებში (სანივთო სამართალი) უნდა ვეძიოთ.
1.4.1. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. თანასაკუთრების წარმოშობის მსგავს დანაწესს შეიცავს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლიც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ამავე მუხლით მოწესრიგებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა საერთო საკუთრების დაცვა, მისი უფლებრივი დატვირთვა, მოვლა და შენახვა, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო საკუთრების რეჟიმზე ვრცელდება მესაკუთრის ისეთივე გარანტიები, როგორც ეს დამახასიათებელია ინდივიდუალური საკუთრებისათვის, მათ შორის ძირითადი განსხვავება არის ის, რომ საერთო საკუთრების შემთხვევაში, მესაკუთრე უფრო მეტად არის შეზღუდული კანონით, ვიდრე ინდივიდუალური საკუთრების შემთხვევაში (მაგ: სკ-ის 173.1. მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ, ასევე, 959-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად). მესაკუთრის/თანამესაკუთრის უფლებათა გენერალურ დათქმას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
1.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა შედავებას იმის თაობაზე, რომ საზიარო საგნის წინა თანამესაკუთრეები შეთანხმებული იყვნენ სადავო საპირფარეშოს დემონტაჟზე. ამ თვალსაზრისით მხარეები აპელირებენ თანასაკუთრებაში არსებულ ეზოში მდებარე სხვადასხვა ნაგებობების ლეგალიზაციის ფაქტზე, რა დროსაც არ განხორციელდა საპირფარეშოს დაკანონება. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული არ შეიძლება საერთო საკუთრებით სარგებლობის წესზე თანამესაკუთრეთა შეთანხმებად იქნას მიჩნეული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როგორც სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებაზე მიმთითებელ მხარეს, ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელსაც სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია განკუთვნადი მტკიცებულებები. ასეთად ვერ იქნება მიჩნეული კასატორის შედავება მოწმედ ქონების წინა თანამესაკუთრის დაკითხვაზე სასამართლოს მხრიდან უარის არასწორად თქმის შესახებ. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილით საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეამოწმოს იმ შუალედური განჩინებების კანონიერების საკითხი, რომლებიც დამოუკიდებელ გასაჩივრებას არ ექვემდებარება (მათ შორის მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ განჩინება), თუმცა, შემოწმების ფაქტობრივ საფუძველს ადგენს ამავე ნორმის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საჩივრის შესწავლით პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, კასატორებს მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
1.6. პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სადავო ნაგებობის (საპირფარეშოს) კანონიერების არასწორად შეფასების თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხზე:
1.6.1. როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი, გენ.გეგმაზე დაფიქსირებული შენობა-ნაგებობა ლიტერი „გ“ და საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი ლიტერი „ვ“ წარმოადგენს ერთსა და იმავე ნაგებობას. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული #ლ-382 ცნობა-დახასიათების მიხედვით, ლიტერი „გ“ დაფიქსირებულია როგორც კანონიერი შენობა-ნაგებობა და გენ გეგმაზე დატანილია (მოხაზულია) შავი კალმით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.09.2014 წლის #... და 12.02.2015წ. #... წერილებით დასტურდება, რომ ბ-ის ქუჩა #...ში მდებარე უძრავ ნივთზე _ 18.05.2009 წელს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ მომზადებულ საინვენტარიზაციო გეგმაზე დატანილი ლიტ. „ვ“ შეესაბამება სამსახურის მიერ 07.03.2011 წელს მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე დატანილ შენობა-ნაგებობა #3/1-ს. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორები შემოიფარგლებიან სასამართლო დასკვნების ზოგადი კრიტიკით და აბსტრაქტული პრეტენზიით ამ დასკვნების საპირისპირო მტკიცებულებების საქმის მასალებში არსებობის, ასევე, მოსარჩელის მიერ მტკიცებულების (საჯარო რეესტრის ამონაწერის) გაყალბების ფაქტზე, რაც, პალატის შეფასებით, დასაბუთებულ შედავებას არ წარმოადგენს.
1.6.2. აქვე პალატა არ ეთანხმება მხარეთა პოზიციას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის არასწორად თქმის შესახებ. კასატორები შუამდგომლობას ასაბუთებდნენ იმით, რომ მათ წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე. თავის მხრივ, აღძრული სარჩელი შეეხებოდა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილებებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების საგანს კი, წარმოადგენდა სადავო შენობა-ნაგებობის კანონიერება. თუკი დადგინდება, რომ საპირფარეშო უკანონო ნაგებობაა, მაშინ იგი დემონტაჟს დაექვემდებარება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ადგენს საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობებს, რომლებიც შეიძლება პირობითად დავყოთ ორ სახეობად. ერთ შემთხვევაში, კანონით იმპერატიულადაა განსაზღვრული სასამართლოს ვალდებულება, შეაჩეროს საქმის განხილვა (სსსკ-ის 279-ე მუხლი), ხოლო, მეორე შემთხვევაში _ იმის მიხედვით, თუ რამდენად მიზანშეწონილია საქმის წარმოების შეჩერება, ამ საკითხს წყვეტს სასამართლო (სსსკ-ის 280-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, კასატორები მიიჩნევენ, რომ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობა მანამ, ვიდრე ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით (ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე წინამდებარე საქმოქალაქო საქმის გადაწყვეტის შეუძლებლობის ფაქტი, რაც ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზიის გაზიარებაზე უარის თქმის წინაპირობაა.
1.7. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თანამესაკუთრეებს შორის უძრავი ქონებით სარგებლობის წესზე რაიმე შეთანხმების არსებობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს, ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას. მოხმობილი ნორმის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში, ვინაიდან მოპასუხე მხარემ საზიარო საგნის სარგებლობით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი ვერ დაადასტურა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.2.6. პუნქტი), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა ხელმყოფის _ ვ.თ-ის მიმართ წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში საფუძვლიანია, რის გამოც არსებობს ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.8. რაც შეეხება ნ. თ-ისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას და ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე თავადვე ადასტურებდა ონკანის მკვებავი მილის ჩაჭრასა და საპირფარეშოს ქვიშა-ცემენტის ხსნარით ვ.თ-ის მიერ ამოვსების ფაქტს (იხ. სარჩელი), თავის მხრივ, ეს გარემოება დადგენილია სააპელაციო პალატის მხრიდან (იხ. სამოტივაციო ნაწილი 1.2.5. პუნქტი), რომლის თაობაზე შედავებას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.4.1. პუნქტში მოხმობილი ნორმების დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანასაკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის, ასევე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე წარდგენილ პრეტენზიაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უშუალოდ ხელმყოფი, ანუ პირი, რომლის ქმედების უშუალო შედეგსაც წარმოადგენს მესაკუთრის გარანტირებული უფლების ხელყოფა.
1.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მტკიცებულებათა შეფასების, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამატებით დადგენისა თუ საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების სხვა წინაპირობები არ იკვეთება, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე კი, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ნ. თ-ის პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი, მოსარჩელეთა მიერ, როგორც მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ისე _ სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების კანონიერება. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო შედავებას იმის თაობაზე, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება იმ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად გაწეული ხარჯი, რომელთაც არ ემყარება მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იცნობს პროცესის ხარჯების ცნებას და 37-ე მუხლით ადგენს, რომ იგი სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებისაგან შედგება, თავის მხრივ, სასამართლო ხარჯად განიხილება სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები (სსსკ-ის 44-ე მუხლი), ხოლო, სასამართლოს გარეშე ხარჯებს კი, წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება, რაც პირდაპირ ვალდებულებას წარმოუშობს მხარეს, მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცების მიზნით, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები (სსსკ-ის მე-4 და 83-ე მუხლები), რაც შესაბამისი ხარჯის გაწევასთანაა დაკავშირებული. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია სასამართლოსგარეშე ხარჯების მოსარჩელეების მიერ გაწევის ფაქტი, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებადაა მიჩნეული სასამართლოს მხრიდან, შესაბამისად, დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების მოპოვებისათვის მხარის მიერ გაწეული დანახარჯები არ შეიძლება არ დაექვემდებაროს ანაზღაურებას მხოლოდ იმ დასაბუთებით, რომ ეს მტკიცებულებები სასამართლოს მიერ სახელდებით არ არის გადმოცემული გადაწყვეტილებაში.
2.2. მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ ამ ხარჯების განაწილების საკითხზეც: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით მოწესრიგებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების მხარეთა შორის განაწილების წესი და ნორმით დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საპროცესო ხარჯების თაობაზე საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ, როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს შეხედულებით, ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ-ებები: №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი, №ას-330-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი).
2.3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული მართლწესრიგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ წაგებულ მხარეს _ ვ. თ-ეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 120 ლარის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების კონსტანტაციისათვის გაწეული _ 100 ლარის, ექსპერტიზის საფასურის _ 200 ლარისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დოკუმენტაციის გამოთხოვის გამო გაწეული ხარჯის _ 50 ლარის გადახდა (ამ ხარჯების გაწევა დადასტურებულია საქმეში არსებული შესაბამისი დოკუმენტებით), რაც შეეხება იურიდიული მომსახურების გამო გაწეულ ხარჯს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არსებობს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობის სრულად გაზიარების წინაპირობა, კერძოდ, მართალია, საქმის მასალებით დასტურდება გ. ვ-ის მიერ იურიდიული მომსახურების გამო, ადვოკატისათვის 600 ლარის გადახდის ფაქტი, თუმცა, როგოც ზემოთ აღინიშნა (იხ. სამოტივაციო ნაწილის 2.2. პუნქტი), იგი კანონმდებლის მიერ დადგენილი პროცენტული ცენზის შესაბამისად განისაზღვრება. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დავის საგანი ხელშეშლის აღკვეთა და პირვანდელი მდგომაროების აღდგენაა, შესაბამისად, პროცესუალური თვალსაზრისით სარჩელის ფასი 4 000 ლარს შეადგენს (სსსკ-ის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი), ამ თანხის 4% კი _ 160 ლარია.
2.4. საქმეში წარმოდგენილი ქვითრების საფუძველზე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს ნ. თ-ის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო სახელმწიფო ბაჟის _ 160 და 300 ლარის გადახდას, რომლის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ანაზღაურებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროთ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეებს. რაც შეეხება ვ. თ-ეს, იგი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯს გაიღებს სასამართლო.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
3.1. სასამართლოს დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართეს კასატორებმა, რომელსაც დაურთეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი 2 (ორ) ფურცლად.
3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი მტკიცებულების საქმისათვის დართვის წინაპირობები, შესაბამისად, იგი უნდა დაუბრუნდეს წარმომდგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 404-ე, 407-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ. და ნ. თ-ეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ. თ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების, ასევე, ნ. და ვ. თ-ეებისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. გ. ვ-ისა და ნ. ზ-ის სარჩელი ნ. თ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
4. ვ. თ-ეს (პ/# ...) გ. ვ-ისა (პ/#...) და ნ. ზ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 120 ლარის, ადვოკატის მომსახურების _ 160 ლარის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფაქტების კონსტანტაციისათვის გაწეული _ 100 ლარის, ექსპერტიზის საფასურის _ 200 ლარისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დოკუმენტაციის გამოთხოვის გამო გაწეული ხარჯის _ 50 ლარის გადახდა.
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.
6. კასატორების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებასა და მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
7. გ. ვ-სა (პ/#...) და ნ. ზ-ს (პ/#...) ნ. თ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 460 (160+300) ლარის ანაზღაურება.
8. ვ. თ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
9. კასატორებს დაუბრუნდეთ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 7 დეკემბრის წერილი 2 (ორი) ფურცლად.
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ე. გასიტაშვილი