Facebook Twitter

№ას-134-130-2016 5 მაისი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ი/მ თ. შ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „A-o“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 26 დეკემბერს, ინდმეწარმე თ. შ-ესა (შემდგომში მყიდველს, მოპასუხეს ან კასატორსა) და შპს „A-o-ს“ (შემდგომში გამყიდველს ან მოსარჩელეს) შორის დაიდო საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 31-34).

2. ზემოხსენებული ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

- გამყიდველი ყიდის, ხოლო მყიდველი ყიდულობს 51 418.40 ლარის ღირებულების 16 654 წყვილ რეზინის ფეხსაცმელს ერთ პარტიად;

- ნასყიდობის ფასი მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯებსაც, რომლის ნაწილი - 16 257.35 ლარი, მყიდველს გამყიდველისათვის გადახდილი აქვს 2013 წლის 30 ნოემბერს;

- საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველი სრულად გადარიცხავს გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების დარჩენილ ნაწილს - 35161.05 ლარს, გარდა ამისა, მყიდველმა გამყიდველს უნდა გადაუხადოს დღგ - 9872 ლარი, მომსახურების საფასური - 400 ლარი და საქონლის მიწოდების - მომსახურებისათვის საქონლის ღირებულების 25% - 12 864.60 ლარი;

- ტვირთის მყიდველზე ჩაბარების ადგილამდე უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს გამყიდველი მის მიერ დაქირავებული საგზაო-სატრანსპორტო საშუალებით (ავტოგადაზიდვა), რომლის ღირებულებაც შესულია კონტრაქტის საერთო ღირებულებაში და ფაქტობრივად ანაზღაურდება საქონლის ღირებულებასთან ერთად.

3. გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი - 16 654 წყვილი ფეხსაცმელი, ხოლო მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის ნაწილი - 23557.35 ლარი.

4. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის 50 987.65 ლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხეს მიაწოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინეული 16 654 წყვილი ფეხსაცმელი. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 74 545 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში გადაეხადა გადაცემული საქონლის ღირებულება. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 23557.35 ლარი და, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 50 987.65 ლარი, რომელიც მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ, შეთანხმებული ვადის დარღვევით, მიაწოდა მას 51 418.40 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხს, კერძოდ, მიწოდებული საქონელი არ იყო დამზადებული რეზინისაგან. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 23 557 ლარი, შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 27 861.40 ლარი, რომელიც მას არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან მოსარჩელემ უხარისხო საქონელი მიაწოდა.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 27 861.05 ლარის გადახდა.

7. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.1 და 4.1 პუნქტების ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებით შეადგენდა 51 418.40 ლარს და არა 74 545 ლარს, როგორც ამაზე მოსარჩელე მიუთითებდა. მხარეებმა ხელშეკრულების 4.1 პუნქტში დააფიქსირეს, რომ მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა 35 161.05 ლარი, ამის შემდეგ, მან დამატებით გადაიხადა 7300 ლარი და გადასახდელი დარჩა 27 861.05 ლარი (51418.40 - 16 257.35 – 7 300 = 27 861.05 ლარს). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 477.2 მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაჰკისრებოდა დარჩენილი დავალიანების - 27 861.05 ლარის გადახდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

9. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

- სასამართლომ არასწორად შეაფასა ხელშეკრულების 4.1 მუხლით გათვალისწინებული პირობა, რომლის თანახმად, მოპასუხეს საქონლის ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 35 161.05 ლარის გარდა, მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა, ასევე, დღგ - 9872 ლარი, მომსახურების საფასური - 400 ლარი და საქონლის მიწოდების-მომსახურებისათვის საქონლის ღირებულების 25% - 12854.60 ლარი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით :

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 9 872 ლარის გადახდა.

11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მისთვის დამატებით უნდა გადაეხადა ხელშეკრულების 4.1 პუნქტში მითითებული მომსახურების საფასური - 400 ლარი და საქონლის მიწოდების - მომსახურებისათვის საქონლის ღირებულების 25% - 12854.60 ლარი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტში არსებული ზემოხსენებული ჩანაწერი ბუნდოვანი იყო, ამასთან, იგი ეწინააღმდეგებოდა ამავე ხელშეკრულების 6.1 პუნქტის დებულებას, რომლის მიხედვით, გაყიდული საქონლის ტრანსპორტით მიწოდების ხარჯები მყიდველს უნდა გადაეხადა, რომელიც შედიოდა ნასყიდობის ფასში და ცალკე არ ანაზღაურდებოდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზემოხსენებული თანხების ანაზაღურების თაობაზე უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

12. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა დღგ-ის - 9872 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე შეტანილ საჩივარში მოპასუხე თავად განმარტავდა, რომ 2013 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 64 943 ლარის ღირებულების უხარისხო ფეხსაცმელი დღგ-სა და განბაჟების თანხების ჩათვლით, საიდანაც მას წინასწარ გადახდილი ჰქონდა 23 540 (16 240 + 7 300) ლარი და გადასახდელი რჩებოდა 41 403 ლარი. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზემოხსენებულ საჩივარში მითითებული 64943 ლარი მოიცავდა საქონლის ღირებულების, ტრანსპორტირებისა და დღგ-ის ჯამს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ასევე, ხელშეკრულების 4.1 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საქონლის ღირებულების დარჩენილ ნაწილთან - 35161.05 ლართან ერთად, მყიდველს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) – 9872 ლარი.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2013 წლის 26 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მყიდველს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა 51 418.40 ლარი, რაც მოიცავდა საქონლის ღირებულებასა და ტრანსპორტირების ხარჯებს, აგრეთვე, დღგ - 9 872 ლარი, ე.ი. ჯამში 61 290.40 ლარი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 23 557.35 ლარი და გადასახდელი დარჩა 37 733.05 ლარი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 27 861.05 ლარის გადახდა, სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა დარჩენილი სხვაობის - 9 872 ლარის (დღგ-ის) დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- ხელშეკრულების მიხედვით, საქონლის შესყიდვის ღირებულება შეადგენს 51 418.40 ლარს, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს 23 557 ლარი, ხოლო გადასახდელია 27 861.40 ლარი (51 418.40 – 23 557). მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მოითხოვს, ასევე, დამატებითი ღირებულების გადასახადს, რაც ხელშეკრულების პირობებს ეწინააღმდეგება, კერძოდ, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შემადგენელი ნაწილია დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელიც, საგადასახადო პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოველთვის მიბმულია საქონლის თვითღირებულებასთან. დღგ-ის გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის შემომტანს და იგი ცალკე დამოუკიდებლად არ განიხილება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთისგან უკანონოდ გამიჯნა საქონლის თვითღირებულება, სატრანსპორტო ხარჯები და დამატებითი ღირებულების გადასახადი;

- გამყიდველმა დაარღვია ხელშეკრულების პირობა და მყიდველს მიაწოდა შეთანხმებულისგან განსხვავებული (წუნდებული და არასერტიფიცირებული) საქონელი. გარდა ამისა, გამყიდველმა დაარღვია საქონლის მიწოდების ვადა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 26 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა 51 418.40 ლარი, რაც მოიცავდა საქონლის ღირებულებასა და ტრანსპორტირების ხარჯებს. მყიდველს უნდა გადაეხადა, ასევე, დღგ - 9 872 ლარი, ე.ი. ჯამში 61 290.40 ლარი. მყიდველმა გადაიხადა 23 557.35 ლარი და გადასახდელი დარჩა 37 733.05 ლარი.

22. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 27 861.40 ლარის გადახდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით - დღგ-ის (9872 ლარის) გადახდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია მოპასუხისათვის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაკისრების მართლზომიერება.

23. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დააკისრა დღგ-ის გადახდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი შედის საქონლის ღირებულებაში და მისი გადახდის ვალდებულება გამყიდველს ეკისრება.

24. საკასაციო პალატა კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან 26.12.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი ვალდებული იყო, საქონლის ღირებულებასთან (51418.40 ლართან) ერთად, გამყიდველისათვის გადაეხადა დამატებითი ღირებულების გადასახადიც (9 872 ლარი). აქედან გამომდინარე, მყიდველისათვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 61290.40 ლარით, რომელშიც შედიოდა როგორც საქონლის ღირებულება, ასევე, დამატებითი ღირებულების გადასახადი (51418.40+9872=61290.40). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმება დღგ-ის გადახდის შესახებ გამომდინარეობს სსკ-ის 319.1 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპიდან და თავსდება ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე გავლენას ვერ მოახდენს საგადასახადო (საჯარო) კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი მომსახურების მიმწოდებლის მიერ დღგ-ის გადახდის შესახებ, ვინაიდან საგადასახადო კანონმდებლობა აწესრიგებს მომსახურების მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას, ხოლო, სამოქალაქო კოდექსი - კერძოსამართლებრივი გარიგებების საფუძველზე კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს. მოცემულ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა წარუდგინა გამყიდველმა საგადასახადო ორგანოს. ანგარიშფაქტურის არასწორად შევსება იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას დამრღვევი პირის მიმართ, რაც, ცხადია, მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სსკ-ის 477.2 მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის, მათ შორის, დღგ-ის გადახდა.

26. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ეფუძნება მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ნაკლს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნაკლიანი საქონლის მიწოდება, სსკ-ის 492-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს შესაძლებელია ანიჭებდეს ფასის შემცირების მოთხოვნის უფლებას, მაგრამ, ვინაიდან მას არ გაუსაჩივრებია მის წინააღმდეგ გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიწოდებული საქონლის ღირებულების დაკისრების თაობაზე, საკასციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა დაკარგა უფლება საკასაციო სასამართლოში იდავოს ნივთის ნაკლის გამო. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორისათვის ასეთი უფლება რომც მიგვენიჭებინა, მისი პრეტენზია დაუსაბუთებელი იქნებოდა, ვინაიდან, სსკ-ის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იგი, როგორც მეწარმე სუბიექტი, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ შეემოწმებინა გამყიდველის მიერ მიწოდებული საქონელი და ამ უკანასკნელისათვის წარედგინა პრეტენზია ნივთის ნაკლის გამო. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კასატორმა დაუყოვნებლივ (მიწოდებისთანავე) შეამოწმა საქონელი, შესაბამისად, მან დაკარგა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების გამოთხოვისა და მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, ვინაიდან სსსკ-ის 407.1 მუხლი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას. ასეთი დანაწესი განპირობებულია საკასაციო განხილვის თავისებურებით, რაც, უპირველესად, გულისხმობს იმას, რომ საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მას შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და შეამოწმოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (495.00 ლარის, საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი - 29/02/2016) 70% – 346.50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ თ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ი/მ თ. შ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. შ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (495.00 ლარის, საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი - 29/02/2016) 70% – 346.50 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი