№ას-145-141-2016 31 მარტი, 2016 წელი
ას-145-141-2016-ქ-ე თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ნ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) – ნ. მ-ი, ლ. ა-ი, ბ. წ-ია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ. მ-მა, ლ. ა-მა და ბ. წ-იამ (შემდგომში – მოსარჩელეებმა) სარჩელით მიმართეს სასამართლოს ნ. ქ-ის (შემდგომში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვეს ამ უკანასკნ.ს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ მოსარჩელეებს.
3. დაუწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 ნოემბრის განჩინებით:
- საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
7. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის გადახდა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სამი დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. ეს განჩინება აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. მიუხედავად ამისა, მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 368.5 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან ამ უკანასკნელმა დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსება, მაგრამ მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და მოხდეს მისი საქმის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულ გარემოებებს ანუ სადავო არაა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
12. სსსკ-ის 368.5 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374.1 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
13. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ამ უკანასკნელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მას ანიჭებს უფლებამოსილებას, მოითხოვოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად გნხილვა.
15. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’. (იხ., Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან თავისივე დაუდევრობით ხდება იმ უარყოფითი საპროცესო შედეგის რისკის მატარებელი, რასაც საპროცესო კანონმდებლობა აწესებს კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).
17. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან დადგენილ ვადაში არ შეასრულა კანონიდან გამომდინარე სასამართლოს მითითებები და არც მათი შეუსრულებლობის საპატიო მიზეზებზე უთითებს, შესაბამისად, მან დაკარგა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი