№ას-1069-1022-2014 16 ივნისი, 2016 წელი,
ას-1069-1022-2014-მ-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) - თ. მ-ი
წარმომადგენელი (ადვოკატი) - ი. ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. ჯ-ი
წარმომადგენელი (ადვოკატი) - ქ. მ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 3 სექტემბერს ლ. კ-სა (შემდეგში გამყიდველსა) და თ. მ--ი-ს (შემდეგში მყიდველს, მოპასუხეს ან კასატორს) შორის დაიდო უძრავი ქონების (ქ.თბილისში, ს-ის ქ.N...-ში, ს-ოს ქ.N...-ში მდებარე N9 ბინის) ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35000 აშშ დოლარით, რომელიც გადაიხადა მყიდველმა. 2012 წლის 7 სექტემბერს უძრავი ქონება აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 477-ე და 183-ე მუხლები).
2. მოპასუხის (მყიდველის) ბინის შესაძენად საჭირო 35000 აშშ დოლარიდან 27500 აშშ დოლარი მოსარჩელემ გამყიდველს საკუთარი სახსრებით გადაუხადა. ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნდა ვალი - 11300 აშშ დოლარი.
3. ზ. ჯ-მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სესხის - 27500 აშშ დოლარისა და ზიანის - 4125 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
4. მოსარჩელის განმარტებით, მას მოპასუხესთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ამ უკანასკნელმა ისარგებლა მოსარჩელის ნდობით და ბინის შეძენაში დახმარება სთხოვა. მათ უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე მოლაპარაკება აწარმოეს გამყიდველის ძმასთან ვ. კ-თან (შემდეგში გამყიდველის ძმასთან ან მოწმესთან). ამ უკანასკნელს მოსარჩელემ სხვადასხვა დროს გადაუხადა ნასყიდობის ფასის ნაწილი - 27500 აშშ დოლარი, კერძოდ: 2012 წლის 1 აგვისტოს - 7500 აშშ დოლარი, 2012 წლის 9 აგვისტოს - 10000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 20 აგვისტოს - 10000 აშშ დოლარი. მას შემდეგ, რაც მოპასუხემ უძრავი ქონება თავის საკუთრებაში აღრიცხა, მან უარი განაცხადა მოსარჩელისათვის იმ თანხის დაბრუნებაზე, რაც ამ უკანასკნელმა გამყიდველს გადაუხადა. მოსარჩელის განმარტებით, მას შეეძლო 27500 აშშ დოლარი გამოეყენებინა სამეწარმეო საქმიანობისთვის და ყოველთვიურად მიეღო 1.5%-იანი შემოსავალი, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან სარჩელის აღძვრამდე შეადგენდა 4125 აშშ დოლარს.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს მისთვის ბინის შესაძენად თანხა არ უსესხებია. მოპასუხის განმარტებით, მან თავისი სახსრებით შეიძინა ბინა, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე გამყიდველს სრულად გადაუხადა ნასყიდობის ფასი 35000 აშშ დოლარი (2012 წლის 31 ივლისს - 7500 აშშ დოლარი, 2012 წლის 16 აგვისტოს - 10000 აშშ დოლარი, 2012 წლის 20 აგვისტოს - 10000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 3 სექტემბერს - 7500 აშშ დოლარი). მოპასუხის განმარტებით, 31.07.2012 წელს და 20.08.2012 წელს გამყიდველისათვის გადაცემული თანხა იყო დანაზოგი, რომელსაც მოსარჩელესთან ერთად არსებული საერთო ბიზნესიდან აგროვებდა. რაც შეეხებოდა 16.08.2012 წელს გამყიდველისათვის გადაცემულ თანხას, ეს უკანასკნელი მას ასესხა მეგობარმა, ხოლო 03.09.2012 წელს გადაცემული ფული კი, დეიდამ გამოუგზავნა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 16200 აშშ დოლარის გადახდა;
- მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე;
- მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის - 2000 ლარის დაკისრებაზე.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ბინის შესაძენად ასესხა 27500 აშშ დოლარი, რომელსაც უნდა გამოჰკლებოდა 11300 აშშ დოლარი (ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოსარჩელის ვალი მოპასუხის მიმართ) და მიღებული სხვაობა - 16200 აშშ დოლარი, სსკ-ის 623-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა.
8. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ამ ნაწილში მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ, კერძოდ, მოპასუხემ (პირველმა აპელანტმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოსარჩელემ (მეორე აპელანტმა) გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის - 2000 ლარის დაკისრებაზე) ნაწილობრივ გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის – 1140 ლარის ანაზღაურება;
- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
11. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელმა სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსკ-ის 623-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მართებულად დაეკისრა 16200 აშშ დოლარის გადახდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო მოპასუხის (პირველი აპელანტის) მიერ გასაჩივრებულ ნაწილში და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის (მეორე აპელანტის) პრეტენზია, წარმომადგენლის დახმარების გამო, გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და მიიჩნია, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 53-ე და 47.2-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაჰკისრებოდა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი სარჩელის მოგებული ნაწილის პროპორციულად, კერძოდ, 16200 აშშ დოლარის 4% ანუ 648 აშშ დოლარი (1140 ლარი).
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 623-ე მუხლი, რადგან მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა და, შესაბამისად, არც სესხის დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობია მოპასუხეს. ორივე ინსტანციის სასამართლომ ბინის მყიდველის თანმხლები პირი მიიჩნია ნასყიდობის ფასის გადამხდელად (გამსესხებლად), ყოველგავარი მტკიცებულების გარეშე. არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სესხის ხელშეკრულების დადება;
- სსკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს მოწმეებიც კი არ ადასტურებდნენ, მასზე მხოლოდ მოსარჩელე მიუთითებდა;
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლომ არსწორად შეაფასა 2012 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი (ბეს გადახდის დამადასტურებელი საბუთი), ასევე, მოწმის 2013 წლის 17 დეკემბრის ჩვენება და 2013 წლის 13 ივნისის ხელწერილი;
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 47-ე და 53-ე მუხლები და, შესაბამისად, მოპასუხეს არასწორად დააკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების დადების ფაქტი არ ადასტურებს აპელანტის მიერ ხარჯის გაწევას. აპელანტს დამატებით უნდა წარმოედგინა ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის (მყიდველის) ბინის შესაძენად საჭირო 35000 აშშ დოლარიდან 27500 აშშ დოლარი გამყიდველს გადაუხადა მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით. ეს გარემოება სააპელაციო სასამართლომ დაადგინა 2013 წლის 13 ივნისის ხელწერილის საფუძველზე (იხ. წინამდებარე გაჩინების მე-2, მე-7 და მე-11 პუნქტები).
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს წარმოდგენილი აქვს ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო ურთიერთობა, კერძოდ, ამ ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არასწორად გამოიყენა სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები.
21. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 986-ე მუხლი (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება).
22. მითითებული ნორმის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება.
23. ზოგადად, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.
24. სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ვალი და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა გაისტუმრა.
25. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს (მყიდველს) გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა 35000 აშშ დოლარი. დადგენილია ისიც, რომ მყიდველის ვალდებულება გამყიდველის წინაშე ნაწილობრივ შეასრულა მესამე პირმა (მოსარჩელემ). ეს შესრულება შეესაბამება სსკ-ის 371-ე მუხლის დანაწესს (თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შესარულოს მესამე პირმაც), კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არც კანონიდან და ხელშეკრულებიდან და არც ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალეს (მოპასუხეს) პირადად უნდა შეესრულებინა ვალდებულება.
26. მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ მოპასუხის ნაცვლად გასტუმრებული ვალის მოცულობა, კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მან მოპასუხის ბინის შესაძენად საჭირო 35000 აშშ დოლარიდან 27500 აშშ დოლარი გადაუხადა გამყიდველს. მოსარჩელის მოსაზრებით, ეს გარემოება დასტურდება 13.06.2013 წლის ხელწერილით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 30) და ამავე ხელწერილის დამწერი პირის (მოწმის) ჩვენებით (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 17.12.2013 წლის მოსამზადებელი სხდომის ოქმი (ელექტრონული კოპმაკ-დისკი), ტომი 1, ს.ფ. 212-216, 287). მითითებული ხელწერილის მიხედვით, გამყიდველმა მოსარჩელისგან მიიღო ბინის საფასურის ნაწილი - 27500 აშშ დოლარი, კერძოდ: 2012 წლის 1 აგვისტოს - 7500 აშშ დოლარი, 2012 წლის 9 აგვისტოს - 10000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 20 აგვისტოს - 10000 აშშ დოლარი.
27. ზემოხსენებულ ხელწერილს მოპასუხე უპირისპირებს 31.07.2012 წლის თანხის მიღება-ჩაბარების აქტს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 136), რომელსაც ხელს აწერენ მყიდველი (მოპასუხე) და გამყიდველის ძმა. ამ აქტის მიხედვით, მყიდველმა ბინის შესაძენად გადასცა, ხოლო გამყიდველის ძმამ მიიღო ბე - 7500 აშშ დოლარი. სადავო არაა, რომ გამყიდველის ძმა მოქმედებდა გამყიდველის დავალებით (სსკ-ის 709-ე მუხლი) და ამ უკანასკნელმა მიიღო ნასყიდობის საფასური.
28. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 13.06.2013 წლის ხელწერილით დასტურდება მოსარჩელის მიერ გამყიდველისათვის 7500 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოხსენებული ხელწერილი და მიღება-ჩაბარების აქტი წინააღმდეგობრივი შინაარსისაა, კერძოდ, ერთ შემთხვევაში (ხელწერილში), გამყიდველის რწმუნებული აცხადებს, რომ მან, 2012 წლის პირველ სექტემბერს, 7500 აშშ დოლარი მიიღო მოსარჩელისგან, ხოლო, მეორე შემთხვევაში (მიღება-ჩაბარების აქტში) კი, მიუთითებს, რომ, 2012 წლის 31 ივლისს, იმდენივე თანხა მიიღო უშუალოდ მყიდველისგან. საკასაციო პალატას სწორედ ეს უკანასკნელი მტკიცებულება მიაჩნია სარწმუნოდ, ვინაიდან იგი წარმოადგენს ბეს ხელშეკრულებას (სსკ-ის 421-ე მუხლი) და ხელმოწერილია ორივე მხარის (გამყიდველისა და მყიდველის) მიერ. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია უშუალოდ თანხის გადაცემის მომენტში, ხოლო 13.06.2013 წლის ხელწერილი კი - თანხის გადაცემიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ. გარდა ამისა, წინააღმდეგობრივია მოწმის სახით დაკითხული გამყიდველის რწმუნებულის ჩვენებაც ხსენებული თანხის გადაცემის თაობაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თუ გადახდილად მივიჩნევთ როგორც ხელწერილში, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ თანხას, მაშინ 7500 აშშ დოლარით გაიზრდება ნასყიდობის ფასი და, შესაბამისად, უფრო მეტი იქნება, ვიდრე ეს ხელშეკრულებაშია მითითებული. უნდა აღინიშნოს, რომ გამყიდველი არ ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე უფრო მეტი თანხის მიღების ფაქტს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 13.06.2013 წლის ხელწერილი ვერ გააქარწყლებს ბეს ხელშეკრულებას, რომლითაც დასტურდება 7500 აშშ დოლარის გამყიდველისათვის გადაცემა უშუალოდ მყიდველის მიერ, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში კასატორს წარმოდგენილი აქვს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება).
29. დაუსაბუთებელია კასატორის (მოპასუხის) პრეტენზია იმის შესახებ, რომ 13.06.2013 წლის ხელწერილში მითითებული 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარით მოსარჩელეს მოპასუხის ვალი არ გაუსტუმრებია. კასატორის მოსაზრებით, ეს გარემოება დასტურდება გამყიდველის რწმუნებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ჯერ ერთი, მოწმე თავის ჩვენებაში არ უარყოფს ზემოხსენებული ხელწერილის დაწერისა და მოსარჩელისგან 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის მიღების ფაქტს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის მოთხოვნით შესრულების მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული ხელწერილის გაქარწყლება მხოლოდ ამ უკანასკნელის ზეპირი განმარტებით შეუძლებელია.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სსკ-ის 986-ე მუხლის წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელემ შეგნებულად გაისტუმრა მოპასუხის ვალი, რითაც ეს უკანასკნელი მოსარჩელის ხარჯზე გამდიდრდა (დაზოგა საკუთარი ქონება), შესაბამისად, მოსარჩელემ განიცადა ქონებრივი დანაკლისი, ამასთან, სამართლებრივმა სიკეთემ მოსარჩელისაგან (კრედიტორიდან) მოპასუხესთან (მოვალესთან) უსაფუძვლოდ გადაინაცვლა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის უპირველესი ფუნქცია კრედიტორის ადრინდელ ქონებრივ მდგომარეობაში აღდგენაა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნოს დაზოგილი ქონება.
31. გამდიდრების მოცულობის განსაზღვრისას, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოპასუხის მოთხოვნა (11300 აშშ დოლარი) და 13.06.2013 წლის ხელწერილიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა (27500 აშშ დოლარი) სასამართლომ ერთმანეთში გაქვითა, ხოლო გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა - 16200 აშშ დოლარი მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება ამ ნაწილში მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, წინამდებარე განჩინების 28-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, 16200 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 7500 აშშ დოლარი და მიღებული სხვაობა - 8700 აშშ დოლარი (16200-7500=8700) გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
32. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
33. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, არ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, ვინაიდან ასეთი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
34. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების ან ასეთი მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას (იხ. სუს 09.02.2012წ., №ბს-1330-1315 (კ-11); 30.10.15წ. №ას-444-423-2015; 25.03.2016წ. №ას-12-12-2016წ. გადაწყვეტილებები). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს ადვოკატთან გაფორმებული აქვს იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლები), რომლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, ადვოკატს გადაუხადოს 2000 ლარი ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოში საქმის წარმოებისათვის (იხ. ტომი 1, ს.ფ. 37). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 744.00 ლარის (8700X4%=348X2.14=744.00) გადახდა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
35. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 560.00 ლარის (8700X3%=261X2.14=560.00) გადახდა, ხოლო, მოსარჩელეს, მოპასუხის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 1445.00 ლარის (7500X9%=675X2.14=1445.00) გადახდა მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 53-ე, 264.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ. ჯ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. თ. მ-ს, ზ. ჯ-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 8700.00 აშშ დოლარის გადახდა;
5. ზ. ჯ-ის სარჩელი თ. მ-ისათვის 7500.00 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
6. თ. მ-ს, ზ. ჯ-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 744.00 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
7. თ. მ-ს, ზ. ჯ-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 560.00 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
8. ზ. ჯ-ს, თ. მ-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 2150.00 ლარის გადახდა მოპასუხის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი