Facebook Twitter

#ას-1394-1410-2011 16 ნოემბერი, 2016 წელი

#ას-1394-1410-2011-ე-ი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ზ. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ე-ი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით კ. და გ. ე-ების სარჩელი მოპასუხე ზ. ე-ის მიმართ, რომლითაც მათ მოითხოვეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და უფლების განხორციელება, არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით კ. და გ. ე-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. და გ. ე-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზ. ე-ს აეკრძალა მოპასუხეებისათვის მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხეების ტოტების მოჭრაში ხელშეშლა; საღორეების მოშლის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს აეკრძალა მოპასუხეებისათვის მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გადასული ჯონჯოლის ხეების ტოტების მოჭრაში ხელშეშლა, საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ე-მა.

5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

6. საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართა ზ. ე-მა.

7. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა.

8. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა განმცხადებელმა და მიუთითა, რომ მისი განცხადება შეეხება არა საქმის წარმოების განახლებას, არამედ სასამართლოს არაკანონიერი გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებას, მისი განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებს და ითხოვს ხარვეზის შევსებულად მიჩნევას და საქმის განხილვას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ზ. ე-ის საკასაციო საჩივარზე წარმოება დასრულდა საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 264.3 მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაშია შესული, ასევე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

12. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი არ უთითებს საქმის წარმოების განახლების მითითებულ საფუძვლებს. იგი განმარტავს, რომ წარმოდგენილი განცხადება შეეხება არა საქმის წარმოების განახლებას, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნებას.

13. სსსკ-ის 2672 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსსკ-ის 2672 მუხლის მეორე ნაწილზე და განმატავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე წყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, ჯერ ერთი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და არც ახალი გადაწყვეტილება ყოფილა მიღებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მეორეც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმებულიც რომ იყოს, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხი უნდა გადაწყვიტოს იმავე სასამართლომ.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 186.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს.

16. რაც შეეხება მოთხოვნას შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2013 წლის 23 აპრილის ოქმის გაუქმების შესახებ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნული ოქმის გაუქმებისა და კანონიერების საკითხზე, ვინაიდან, უზენაესი სასამართლო იხილავს საკასაციო საჩივრებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და განჩინებებზე და არა სარჩელებს.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ე-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვას არ ექვემდებარება და იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე და 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ე-ის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე