Facebook Twitter

№ას-973-937-2016 6 დეკემბერი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჯ.ო. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გ.მ.ს.ტ.ს.ს. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2014 წლის 18 ნოემბერს, სსიპ გ.მ.ს.ტ.ს.ს. (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან სკოლა) სარგებლობის უფლებით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 20 414 კვ.მ. საკადასტრო კოდით #.... (შემდეგში: პირველი მიწის ნაკვეთი) რომელსაც ესაზღვრება ჯ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით # .... (შემდეგში: მეორე მიწის ნაკვეთი).

2. პირველი მიწის ნაკვეთიდან 120.1 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (შემდეგში: სადავო მიწის ნაკვეთი) მოპასუხეს უკანონოდ, სათანადო ნებართვის გარეშე, აშენებული აქვს ცხოველთა სადგომი და საქონლის საკვების შესანახი ოთახი.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და შენობის დემონტაჟის მოთხოვნით.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი იმ საფუძვლით, რომ იგი წლების მანძილზე ფლობდა და განკარგავდა სადავო მიწის ნაკვეთს და წარმოადგენდა მის მესაკუთრეს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრში საკადასტრო საზღვრების დაზუსტებისას აღნიშნული ფართი მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ პირველ მიწის ნაკვეთში.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უკანონო ხელშეშლისა და შენობის დემონტაჟის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის (საქონლის სადგომი და საკვების სათავსო, რომელიც განთავსებულია გ.მ.ს.ტ–ში - მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ....) დემონტაჟი.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

8. პალატამ მიუთითა, რომ იმავე სასამართლოს 2016 წლის 4 ივნისის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინებით აპელანტს დაევალა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2016 წლის 29 ივლისს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული უკუგზავნილით, შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 30 ივლისიდან და ამოიწურა 2016 წლის 8 აგვისტოს.

9. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი {სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

10. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ იმ საფუძვლით, რომ იგი არაერთხელ დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომელსაც აცნობა მისამართის შეცვლის შესახებ და სთხოვა, გზავნილები გაეგზავნათ მის მიერ სატელეფონო შეტყობინებით მითითებულ მისამართზე.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი 414-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი :

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

15. სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

17. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2016 წლის 30 ივლისს და დასრულდა 2016 წლის 8 აგვისტოს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

18. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

19. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მისმა წარმომადგენელმა ტელეფონის მეშვეობით მოსამართლის თანაშემწეს შეატყობინა მისამართის ცვლილების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულებით აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდება. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ სასამართლოსთვის საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის ცვლილების შესახებ ცნობება უნდა განხორციელდეს სათანადო ფორმით. იმ პირობებში, როდესაც აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში წერილობით მითითებული აქვს თავისი მისამართი, აუცილებელია, რომ აღნიშნული მისამართის ცვლილების შესახებ შეტყობინებაც მხარემ ასევე წერილობითი ფორმით განახორციელოს. ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-1035-970-2010, 21.12.2010).

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ო–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება;

3. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი