6 დეკემბერი, 2016 წელი, №აs-763-731-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი– შპს „ა.ი." (მოსარჩელე )
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ქ.გ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება– თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად ზედმეტად გადახდილი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი :
1. ფონდმა „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ (შემდეგში:ძირითადი შემკვეთი) 2008 წლის 20 მარტს სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა; ტენდერის პირობები დააკმაყოფილა შპს „ა. ი–მა“ (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გენერალური კონტრაქტორი ან შემკვეთი), რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა.
2. მხარეებს შორის 2008 წლის 20 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც პირველმა მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა ფ-კ–ის, კ-ნ–სა და ნ-ს–ს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე მუხლი}.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2008 წლის 3 მაისს, საქართველოში გენერალური კონტრაქტორის წარმომადგენლობასა და შპს „ჯ. ქ.გ–ს“ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, ქვეკონტრაქტორი, მოწინააღმდეგე მხარე, შემსრულებელი ან მენარდე) შორის დაიდო #MCG/SC-...ხელშეკრულება (შემდეგში: მეორე ხელშეკრულება ან ქვეკონტრაქტი), რომლის შესაბამისად, ქვეკონტრაქტორმა ფ-კ–ის 27.0 კმ - 64.1 კმ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა.
4. ქვეკონტრაქტის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების საერთო ღირებულება (დღგ-ს გარეშე) 5 321 760 (ხუთი მილიონ სამას ოცდაერთი ათას შვიდას სამოცი) აშშ დოლარით (მითითებული ხელშეკრულების 3.1. პუნქტი), ხოლო სამუშაოთა ხანგრძლივობა მათი დაწყების თარიღიდან 14 თვით განისაზღვრა.
5. შესრულებული სამუშაოები ყოველთვიურად, შემკვეთისათვის შესრულებულ სამუშაოთა განაცხადის (შემდეგში: სერთიფიკატი) წარდგენის შემდეგ უნდა ანაზღაურებულიყო. თუ გენერალური კონტრაქტორი ათი დღის ვადაში დაამტკიცებდა (დაადასტურებდა) ქვეკონტრაქტორისგან მიღებულ განაცხადში მითითებულ მონაცემებს, ის 7 დღის ვადაში გადაიხდიდა სამუშაოს ღირებულებას.
6. შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების დაგვიანებისათვის გენერალურ კონტრაქტორს ეკისრებოდა პირგასამტეხლო - მიუღებელი თანხის 0,05 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს 10 %-ისა.
7. 2008 წლის 16 მაისს, სს „საქართველოს სახალხო ბანკმა“ 532 176 აშშ დოლარზე გასცა საავანსო გადახდის საბანკო გარანტია, რომლის ბენეფიციარი იყო გენერალური კონტრაქტორი, ხოლო პრინციპალი - ქვეკონტრაქტორი (იხ. ტ. 4 ს.ფ. 232).
8. 2008 წლის 6 მაისის წერილით, შემსრულებელს მიეცა ინსტრუქცია, დაეწყო სამუშაოები მეორე ხელშეკრულების 1.3. პუნქტის მიხედვით. სამუშაოების დაწყების თარიღი 2008 წლის 20 მაისი, ხოლო დასრულების თარიღი - 2009 წლის 20 ივლისი იყო. ხელშეკრულება შეწყდა 2009 წლის დეკემბრის ბოლოს.
9. გენერალურმა კონტრაქტორმა ქვეკონტრაქტორს 2008 წლის 29 მაისიდან 2009 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში გადაუხადა 3 551 085,79 ლარი.
10. ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობების შესაბამისად, 2009 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამუშაოთა ღირებულება 320 233, 39 აშშ დოლარი იყო, რაც გენერალურმა კონტრაქტორმა არ აანაზღაურა.
11. მეორე ხელშეკრულების 3.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ გენერალური კონტრაქტორი ქვეკონტრაქტორს გადაუხდიდა საავანსო თანხას, კონტრაქტის 10 %-ის ოდენობით, ქვეკონტრაქტორისგან უპირობო საბანკო გარანტიის მიღების შემდეგ. შესაბამისად, წინასწარი გადახდის (ავანსის) ანაზღაურება შემსრულებლის მიერ უნდა განხორციელებულიყო ყოველი გადახდიდან (შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან) 10%-იანი დაკავებით.
12. შემსრულებელმა გენერალური კონტრაქტორისაგან ავანსის სახით მიიღო 532 176 აშშ დოლარი.
13. გენერალურ კონტრაქტორს (ბენეფიციარს) გარანტმა, 2008 წლის 16 მაისის საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე, ანგარიშზე ჩაურიცხა 355 832,67 ლარი {სსკ-ის 879-ე მუხლი, საქმე # 2/8120-12. ტ. 4, ს.ფ. 230, 232}.
14. წინასწარი გადახდა (ავანსი) განხორციელებულია 489 766, 49 აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად, აუთვისებელმა ავანსმა 42 409,51 აშშ დოლარი შეადგინა.
15. პირველმა მოსარჩელემ 2013 წლის 8 თებერვალს სარჩელი აღძრა მენარდის (ქვეკონტრაქტორი) წინააღმდეგ პირგასამტეხლოს - 532176 აშშ დოლარის, დაუბრუნებელი ავანსის - 77377,46 აშშ დოლარის, ასევე აღნიშნული თანხის უკანონო სარგებლობისათვის ზიანის - 43354,58 აშშ დოლარის და დამატებით ქვეკონტრაქტორისათვის ზედმეტად გადახდილი -251913,52 აშშ დოლარის, ასევე აღნიშნული თანხის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისთვის ზიანის - 141 147,12 აშშ დოლარის, ანაზღაურების მოთხოვნით.
16. უფრო ადრე, 2012 წლის 21 ივნისს, მეორე მოსარჩელეს დამოუკიდებლად ჰქონდა აღძრული სარჩელი გენერალური კონტრაქტორის წინააღმდეგ 2009 წლის ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 242 209,06 აშშ დოლარის, ტექნიკის მოცდენისათვის - 1 311 320 ლარის, პირგასამტეხლოს - 110 362,62 აშშ დოლარის, შპს „ი–თვის“ სამუშაოების გადაცემის შედეგად მიყენებული ზიანის - 311 322, 96 აშშ დოლარის, ზიანის - 10 371,75 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით- 9 564,38 ლარის, მომსახურებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანების - 28 442,71 აშშ დოლარის, ინერტული მასალების ასანაზღაურებელი თანხის დაგვიანებით გადახდისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს - 37 953,98 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით, პირველი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები მეორე მოსარჩელის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 317-ე, 629-ე და 417-ე მუხლები.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, მეორე მოსარჩელის მოთხოვნები გენერალური კონტრაქტორის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გენერალურ კონტრაქტორს მენარდის მიერ 2009 წლის ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 242 209,06 აშშ დოლარის - გადახდა დაეკისრა; არ დაკმაყოფილდა ტექნიკის მოცდენით მიყენებული ზიანის - 1 311 320 ლარისა და ”შპს ”ი–თვის” სამუშაოების გადაცემის შედეგად მიყენებული ზიანის - 311 322, 96 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნები; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ტექნიკის მობილიზაციისა და შესრულებული სამუშაოსათვის გადასახდელი თანხის დაგვიანებით გადახდისათვის პირგასამტეხლოს სახით 110 362,62 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და მოპასუხეს 11 036 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს მიყენებული ზიანის - 10 371,75 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 9 564,38 ლარის - გადახდა დაეკისრა. მასვე ემულსიის მომსახურებიდან გამომდინარე დარჩენილი დავალიანების - 28 442,71 აშშ დოლარის, ინერტული მასალების ასანაზღაურებელი თანხის დაგვიანებით გადახდისათვის პირგასამტეხლოს სახით 37 953,98 და 3 795 ლარის გადახდა დაეკისრა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-317, 327-ე, 629-ე, 411-412, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლები.
19. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა გენერალურმა კონტრაქტორმა (პირველი მოსარჩელე).
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, ერთ წარმოებად გააერთიანა სამოქალაქო საქმე (# 2-12576-13), პირველი მოსარჩელის სარჩელის გამო მეორე მოსარჩელის მიმართ და სამოქალაქო საქმე (#2/8120-12) მეორე მოსარჩელის სარჩელის გამო პირველი მოსარჩელის მიმართ {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 372-ე მუხლი და 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილი}.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, რომლითაც გენერალურ კონტრაქტორს მიუღებელი შემოსავლის სახით 9 564.38 ლარის გადახდა დაეკისრა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქვეკონტრაქტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 იანვრისა და 15 აპრილის გადაწყვეტილებები;
21.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოთა შესრულება მუდმივად ფერხდებოდა იმ მიზეზით, რომ გენერალური კონტრაქტორის მიერ მიწოდებული ნახაზები შეიცავდა უზუსტობებსა და შეცდომებს, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ხარვეზები აფერხებდა სამუშაოების წარმოებას და შეუძლებელს ხდიდა მუშაობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას.
21.2. სააპელაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა არ ყოფილა განპირობებული ქვეკონტრაქტორის ბრალეული მოქმედებით (უმოქმედობით).
22. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა ქვეკონტრაქტორზე პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:
22.1. სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნები. სასამართლომ კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის არსებული ურთიერთობები გააგივა შემკვეთსა და შემსრულებელს შორის არსებულ ურთიერთობასთან. სინამდვილეში კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი ორივე შემსრულებელია, იმ განსხვავებით, რომ კონტრაქტორისგან გადმოცემული აქვს ძირითადი კონტრაქტიდან მასზე გადმოსული უფლება-მოვალეობების ნაწილი და როგორც კონტრაქტორისთვის, ისე ქვეკონტრაქტორისთვის ძირითადი ხელშეკრულება წარმოადგენს საბაზისო სამართლებრივ ურთიერთობას.
22.2. სასამართლომ ვერ განასხვავა ერთმანეთისაგან შემკვეთის, შემსრულებლისა და ქვეკონტრაქტორის (ქვეშემსრულებლის) სამართლებრივი მდგომარეობა.
22.3. გენერალური კონტრაქტორის პასუხისმგებლობის ფარგლები ძირითადი კონტრაქტითაა განსაზღვრული. შესაბამისად, ის პასუხს არ აგებს ქვეკონტრაქტორის წინაშე, რადგანაც მან მხოლოდ ძირითადი კონტრაქტიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ქვეკონტრაქტორზე დელეგირება მოახდინა.
22.4. ქვეკონტრაქტორმა დაარღვია შესრულების ვადები. მან სამუშაოები არ დაასრულა 14 თვეში, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
22.5. სასამართლომ არ გამოიკვლია ვადის გადაცილების ნამდვილი მიზეზები და ისე დაასკვნა, რომ არა ქვეკონტრაქტორის, არამედ გენერალური კონტრაქტორის ბრალით მოხდა ვადის გადაცილება. არ დაადგინა თუ რა ვადით შეფერხდა სამუშაოები, შეეძლო თუ არა მხარეს თუნდაც ვადების დარღვევით მაინც მოესწრო მშენებლობის დამთავრება დათქმულ დროს; სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია შეეძლო თუ არა მხარეს 5 - თვიანი საპატიო მოცდენის შემდეგ დაემთავრებინა სამუშაოები 14 თვეში. ქვეკონტრაქტორს, ოქტომბრის ბოლოს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი 16 სერტიფიკატის წარდგენისას უნდა დაემთავრებინა სამუშაოები, რაც არ გაკეთებულა და შესაბამისად სახეზეა ვადაგადაცილება, რაც სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს - 532 176 აშშ დოლარის დაკისრების საფუძველი იყო.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
27. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
27.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27.2. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შინაარსი და მართებულად შეაფასა ის ნარდობის ხელშეკრულებად (629-ე და მომდევნო მუხლები). პალატის დასკვნა, რომ კასატორი ვალდებული იყო, ქვეკონტრაქტორისათვის (მენარდე) ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება -242 209,06 აშშ დოლარი სრულად აენაზღაურებინა სამართლებრივად დასაბუთებულია (სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება). კასატორი ამ ნაწილში ფაქტობრივად ეთანხმება სასამართლოს დასკვნას, როცა მიუთითებს: „ჩვენ არ ვდავობთ ამ კასაციის ფარგლებში იმაზე, რომ დაგვეკისრა ბოლო 3 თვის გადასახადი ქვეკონტრაქტორისათვის, გასაგებია რომ ეს გადასახდელია, რამეთუ სამუშაოები რეალურად განხორციელდა. ჩვენ ვდავობთ მთავარზე-სამუშაოები უნდა დამთავრებულიყო 14 თვეში, ხოლო რეალურად არ დამთავრდა...“ .
27.3. ამრიგად, კასატორის ძირითადი პრეტენზია ქვეკონტრაქტორის მიერ ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების უარყოფის მართებულობას შეეხება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სამუშაოთა შესრულება მუდმივად ფერხდებოდა გენერალური კონტრაქტორის (კასატორის) მიზეზით, ვინაიდან მის მიერ მიწოდებული ნახაზები შეიცავდა უზუსტობებსა და შეცდომებს, ზოგიერთ შემთხვევაში, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა აღწერილობა არ ემთხვეოდა ადგილზე არსებულ რეალურ მდგომარეობას, არასწორად იყო მოცემული გეოდეზიური ნიშნულები, რის თაობაზეც ქვეკონტრაქტორი მიმართავდა გენერალურ კონტრაქტორს, რომლის საპასუხო წერილებიც ადასტურებდა ზემოთმითითებულ გარემოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზუმირებულია, რომ მენარდე ნაკისრ ვალდებულებას დროულად შეასრულებდა, კრედიტორს მისთვის სათანადოდ და ჯეროვნად შესრულებული პროექტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია რომ წარედგინა {სსკ-ის 390-ე მუხლის მეორე ნაწილი, 401-ე მუხლი}. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ არ არსებობდა ქვეკონტრაქტორისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
28.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ -ები: № ას-1560-1463-2012, 28.12.2012წ.; № ას-23-23-2014, 10.04.2014წ., №ას-943-905-2014, 08.04.2015წ.; № ას-783-740-2015, 22.10.2015 წ.; №ას-1002-946-205, 13.11.2015წ.).
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა
1. შპს "ა.ი–ს" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ა.ი–ს" (ს/კ ....) დაუბრუნდეს შპს "ა.კ.ჯ–ას" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (ელექტრონული საგადახდო დავალება # 0467), გადახდის თარიღი: 26.09.16 სს ,,საქართველოს ბანკი“), 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი