Facebook Twitter

N010258915950940

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-4550-ა-12-2016 18 იანვარი, 2017 წელი

№ა-4550-ა-12-2016 უზრუნველყოფა ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ლ- ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ- ლ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

განმცხადებლის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია ლ-- ს-–ის განცხადება (მოწინააღმდეგე მხარე – ლ-- ლ–ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება დასაშვებად არის მიჩნეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 03 იანვრის განჩინებით.

2. 2017 წლის 18 იანვარს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ლ- ს–მა, რომელმაც მოითხოვა საკასაციო პალატის წარმოებაში არსებულ განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ქ.თბილისში, ნ- ბ-ს ქ.N5-ში, მე-2 სადარბაზო, მე-5 სართულზე მდებარე N104 ბინაზე ბლოკი „ბ“, რომელიც საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ--ლ–ის სახელზე, ყადაღის დადება.

3.1 განმცხადებლის ზემოაღნიშნული მოთხოვნა შემდეგი არგუმენტებით არის მოტივირებული:

3.2 ლ--ს-–ის განცხადება (მოწინააღმდეგე მხარე – ლ- ლ-–ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით დასაშვებად არის მიჩნეული საკასაციო პალატის 2017 წლის 03 იანვრის განჩინებით. აღნიშნული განჩინების ასლი მოწინააღმდეგე მხარემ ჩაიბარა 2017 წლის 13 იანვარს.

3.3. განმცხადებლის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნისაგან თავის დასაღწევად ისეთი ქმედება განახორციელოს, რომელიც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს ინსტიტუტი გამოიყენება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დასაცავად და იმ საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შესაძლოა არაკეთისინდისიერი აღმოჩნდეს და საკუთარი ქონება გაასხვისოს გადამალოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებელი დარჩება. უზრუნველყოფის საკითხის განხილვის ძირითად და გადამწყვეტ ფაქტორს სასამართლოს მიერ მიღებული აქტის ეფექტურობის განსაზღვრა ანუ, მისი აღსრულებისადმი დაქვემდებარება წარმოადგენს.

3.4. მოწინააღმდეგე მხარემ 2013 წლის ივლისის თვის დასაწყისში სარჩელის შეტანამდე ერთი დღით ადრე, ფიქტიურად გაასხვისა მის საკუთრებაში იმჟამად რიცხული უძრავი ქონება შვილსა და ძმისშვილზე (რაც დასტურდება საქმის მასალებით). მის მიზანს წარმოადგენდა გაუთვალისწინებელი შედეგისაგან ქონების დაზღვევა. აგრეთვე, სასამართლოს წინაშე თავის უმწეოდ წარმოჩენა.

3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აქტის აღსრულების არათუ გაძნელება, არამედ პრაქტიკულად მისი აღსრულების შეუძლებლობა, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უფლებით ამჟამად მხოლოდ ერთი უძრავი ქონება ირიცხება, რაც განცხადების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა წარმოადგენდეს მისი აღსრულების ერთადერთ გარანტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა განცხადების საფუძვლების შესწავლისა და სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. განმცხადებელი შუამდგომლობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, იგი მოითხოვს მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, ვინაიდან მისი მოსაზრებით, განსახილველი განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული სასამართლო აქტის აღსრულება არათუ გაძნელდება, არამედ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უფლებით ამჟამად მხოლოდ ერთი უძრავი ქონება ირიცხება, რაც განცხადების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა წარმოადგენდეს მისი აღსრულების ერთადერთ გარანტს.

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში, კერძოდ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. თუმცა, ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და ამდენად, იგი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას. შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეიტანოს მოსარჩელემ. საპროცესო მოქმედება (მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელე ლ. ლ--ი) ქონებაზე ყადაღის დადება), რომლის გატარებასაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში მოითხოვს ლ- ს-–ი, არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისკენ მიმართულ ქმედებას, აღნიშნული არც სამომავლოდ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების უზრუნველყოფაა და ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე საკასაციო პალატა სსკ-ის 191 -ე მუხლის ფარგლებში ვერ იმსჯელებს.

7. წარმოდგენილი განცხადება განხილული ვერ იქნება ვერც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის მოწესრიგების ფარგლებში, გამომდინარე იქიდან, რომ ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება შეეხება კანონიერ ძალაში შესულ ისეთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ არ არის აღსრულებული.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ წარმოდგენილი განცხადება განხილული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლის სამართლებრივი საფუძვლით, რომლის დანაწესით, „1. აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით. 2. გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე წყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო“.

9. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებასაც ლ-ს-–ი მოითხოვს, კანონიერ ძალაშია შესული და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი 2015 წლის 4 დეკემბერს. ირკვევა, რომ სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე, ლ- ს-–ის დავალიანება დაფარულია სრულად. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის უზრუნველყოფის აუცილეობლობა ანუ, იმ იურიდიული შედეგის უზრუნველყოფა, რასაც საქმის წარმოების სავარაუდო განახლებისა და საქმის წარმოების არსებითი განხილვის შემდეგ მიაღწევს განმცხადებელი. სწორედ ამიტომ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უზრუნველყოფის ობიექტური აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან, საკასაციო პალატის მიერ ჯერ არ არის გადაწყვეტილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საკითხი. ამ საკითხის გადაწყვეტამდე კი, ყადაღის დადების უფლებამოსილება საკასაციო პალატას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესით არ გააჩნია.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 423-ე, 2672, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ-- ს-ის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე