№020211416700015498
საქმე №ას-560-535-2016 02 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ- ძ-ი (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ- ძ-ი (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) 1995 წლის 01 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო შპს „ს-ში“ (შემდეგში: მოპასუხე ან დამსაქმებელი) ექიმ-ალერგოლოგის თანამდებობაზე ხელშეკრულების საფუძველზე.
2. მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2006 წლის 29 დეკემბერს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო.
3. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2006 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრება.
4. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 08 ივნისს.
5. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) მე-2 და 31-ე მუხლები.
6. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში: „2006 წლის ხელშეკრულება“) საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ გაფორმებული იყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და დამსაქმებელს შორის.
7. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა) და იმავდროულად, მიუთითა სარჩელის ფაქტობრივი გარემოების უსაფუძვლობაზე.
8. სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1-4 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
12. ამასთან, დადგენილ იქნა, რომ ხელშეკრულების, რომელსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, საგანია მოსახლეობის სტაციონარული/ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. იმავე მხარეებს შორის, იმავე წელს დაიდო N---ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა „2006 წლის ხელშეკრულების“ სპეციფიკური პირობები. ამ პირობების მიხედვით, შემსყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესების შესაბამისად, ვალდებულებას იღებდა მიმწოდებლისათვის აენაზღაურებინა მოსახლეობის სტაციონარული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტის მიხედვით შესრულებული სამუშაო. ექიმ-სპეციალისტის მიერ პროგრამით შესრულებული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდებოდა ფიქსირებული ანაზღაურების წესით. დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 120 ლარით.
13. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს, როგორც ექიმ-სპეციალისტს ეკუთვნოდა შრომის ანაზღაურება, არც ის გარემოება ირკვევა, რომ მოსარჩელემ, როგორც ექიმ-სპეციალისტმა სტაციონალური დახმარება გაუწია ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამავე პროგრამით დადგენილი წესით.
14. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სშკ-ის მე-31 მუხლით. აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 128-131-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სარჩელი წარდგენილი იყო ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის დარღვევით და იმავდროულად, მოთხოვნას არც ვარგისი სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა.
15. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
16. კასატორი არ ეთანხმება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მუშაობდა მხოლოდ ექიმი-ალერგოლოგის თანამდებობაზე და ექიმ-სპეციალსიტად მუშაობის ან/და ამ პოზიციიდან მოსახლეობისათვის ამბულატორიული დახმარების გაწევის შესახებ ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული არ არის. სადავო ფაქტობრივი გარემოების გასაქარწყლებლად, კასატორი აღნიშნავს, რომ ცალ-ცალკე ექიმ-ალერგოლოგად და ექიმ-სპეციალისტად მუშაობა წარმოუდგენელია. მისი მითითებით, იმ დღიდან, როდესაც ექიმებზე გაიცა სახელმწიფო სერტიფიკატები, მას მიეცა სერთიფიკატი ნომრით 010716, რომელშიც წერია ექიმ სპეციალისტი - ნ. ძ--ი. ნებადართული სპეციალობა ალერგოლოგია-იმუნოლოგია 2001 წლის 25 მაისი, ხოლო სიტყვა ექიმ სპეციალისტს არ გააჩნია ცალკე დატვირთვა. კასატორის მოსაზრებით, შეუძლებელი იყო გათავისუფლების ბრძანებით გარკვეულიყო თუ რა თანამდებობაზე მუშაობდა მოსარჩელე. კასატორი აღნიშნავს, რომ მას სასამართლოში არ წარმოუდგენია შრომის წიგნაკი, რადგან მ. ბოჯგუას უნდა დაფიქსირებინა სერთიფიკატის მიღების მერე მოსარჩელე თანამდებობაზე მუშაობდა და რომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა, რაც მან არ შეასრულა. სასამართლოსათვის სადავო მაინც არ უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი, რადგან მ. ბოჯგუა თავის შესაგებელში დაეთანხმა სარჩელის პირველ ფაქტობრივ გარემოებას აღნიშნულის შესახებ.
17. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ხანდაზმულობა არ ვრცელდება, რადგან მოთხოვნა გამომდინარეობს შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც ხანდაზმულობის რაიმე ვადით შეზღუდული არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
19. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
20. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არ დაობენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხესთან, თუმცა საკვანძო საკითხს სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის წარმოადგენს ის გარემოება წარმოიშვა თუ არა შრომის ანაზღაურების ვალდებულება სწორედ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტაციონარული მომსახურების გაწევის საფუძველზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იმ ხელშეკრულების, რომელსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, საგანია მოსახლეობის სტაციონარული/ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა (ზოგადი ხასიათის). ხელშემკვრელ მხარეებს შორის იმავე წელს დადებული N----- ხელშეკრულებით განისაზღვრა 2006 წლის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები. ამ პირობების მიხედვით, შემსყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესების შესაბამისად, ვალდებულებას იღებდა მიმწოდებლისათვის აენაზღაურებინა მოსახლეობის სტაციონარული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტის მიხედვით შესრულებული სამუშაო. ექიმ-სპეციალისტის მიერ პროგრამით შესრულებული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდებოდა ფიქსირებული ანაზღაურების წესით. დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 120 ლარით. მოცემულ შემთხვევაში დაუდასტურებელია, რომ მოსარჩელეს, როგორც ექიმ-სპეციალისტს ეკუთვნოდა შრომის ანაზღაურება, არც ის გარემოება დგინდება, რომ მოსარჩელემ, როგორც ექიმ-სპეციალისტმა სტაციონალური დახმარება გაუწია ბენეფიციარებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამავე პროგრამით დადგენილი წესით. ყოველივე კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
21. კასატორის შემდეგ პრეტენზიას მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შედავების (ხანდაზმულობა) უსაფუძვლობა წარმოადგენს. აღნიშნულს კასატორი იმით ხსნის, რომ მოთხოვნას სახელფასო დავალიანების ანაზღაურება წარმოადგენს, რაზედაც მოქმედი სშკ-ით ხანდაზმულობის რაიმე ვადა არ ვრცელდება, ხოლო სსკ-ის გამოყენება მითითებულ დავაზე კანონმდებლის ნორმატიული ნებით ნაკარნახევი არ არის.
22. კასატორის ზემოთმითითებულ პოზიციას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სარჩელში დავის საგანია ხელფასის ანაზღაურება. სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე კი, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება სსკ-ის ნორმებით. სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის 2006 წლის სახელფასო დავალიანებას, სარჩელი კი, სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 08 ივნისს, რაც ერთმნიშვნელოვანს ხდის მოთხოვნის ხანდაზმულობას.
23. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დავებზე არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ- ძ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე