№330210014606199
საქმე №ას-1003-964-2016 25 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ- ლ--ე (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ- ლ-ე, ნოტარიუსი ი- ხ--ი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2012 წლის 09 აგვისტოს ბ- ლ-ემ (შემდეგში: პირველი მოპასუხე ანუ იპოთეკარი), ნ- ხ-–იას (შემდეგში: წარმომადგენელი), როგორც გ- ლ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) წარმომადგენელს, სამი თვის ვადით, 2012 წლის 09 ნოემბრამდე, ასესხა 38 000 აშშ დოლარი, თვეში 3,5%-ის გადახდით, სულ დასაბრუნებელი იყო 41 990 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, პის ქუჩა N5-ში მდებარე ბინა N10ა (შემდეგში: იპოთეკის საგანი ან უძრავი ქონება), რომელზედაც რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება.
2. 2012 წლის 9 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად ნოტარიუსმა ი-ხ-მა (შემდეგში: მეორე მოპასუხე) გამოიყენა ნოტარიუს რ-ჩ-თან 2012 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მინდობილობა. ამ მინდობილობის შესაბამისად, წარმომადგენელს მესაკუთრისაგან მინიჭებული ჰქონდა შემდეგი უფლებამოსილებები: „იყოს ჩემი წარმომადგენელი ყველა სახელმწიფო, არასახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია-დაწესებულებებში, ასევე წარმომადგენელი სანოტარო ბიუროში, საჯარო რეესტრში გააუქმოს ჩემს მიერ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე ვაძლევ უფლებას იპოთეკით დატვირთოს ჩემი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მის: თბილისი, პ-ის №5, ასევე ცვლილებები შეიტანოს ხელშეკრულებაში და გააუქმოს ნებისმიერი ხელშეკრულება და ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს და შეასრულოს ყველას ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან“.
3. 2013 წლის 28 თებერვალს იპოთეკარსა და მესაკუთრეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფუძველზეც იპოთეკარმა 48200 აშშ დოლარად შეიძინა იპოთეკის საგანი გამოსყიდვის უფლებით. ამ უფლების რეალიზაციის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 28 მაისამდე. იპოთეკარი აღირიცხა იპოთეკის საგნის მესაკუთრედ. მესაკუთრემ დადგენილ ვადაში იპოთეკის საგანი არ გამოისყიდა.
4. 2013 წლის 20 დეკემბერს ა-ა-სა (შემდეგში: შემძენი) და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე უძრავი ქონება 42 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ შეიძინა შემძენმა და აღირიცხა შეძენილი უძრავი ქონების მესაკუთრედ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მესაკუთრის სარჩელი შემძენისა და იპოთეკარის მიმართ 2013 წლის 28 თებერვლისა და 2013 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6. მესაკუთრემ სარჩელი აღძრა იპოთეკარისა და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ მატერიალური ზიანის - 146 000 ლარისა და მორალური ზიანის - 5000 ლარის დაკისრების მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 992-ე და 413-ე მუხლები].
7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: მოსარჩელე ზიანის მიყენების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მას წარმომადგენლისათვის არ მიუცია მისი სახელით სესხის აღების უფლება, რაც უნდა გაეთვალისწინებინა ნოტარიუსს და იპოთეკარს, და მასთან არ უნდა გაეფორმებინათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და აღარც სესხი გაეცათ. თუმცა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი და იმავდროულად, ვერც ამ გარემოებასა და ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა დადასტურდა. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ კი, საქმეში წარმოდგენილი იყო 2013 წლის 28 თებერვლის ხელშეკრულება, რომელსაც წინ უსწრებდა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. 2013 წლის 28 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარმა 48 200 აშშ დოლარად შეიძინა იპოთეკის საგანი, რომლის გამოსყიდვის უფლების რეალიზაციის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 28 მაისამდე. იპოთეკარი აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ. რაც შეეხება 2012 წლის 09 აგვისტოს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას, იპოთეკარმა მესაკუთრის წარმომადგენელს სამი თვის ვადით, 2012 წლის 09 ნოემბრამდე, ასესხა 38 000 აშშ დოლარი. საქმის მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სესხის აღება განხორციელდა მესაკუთრის თანხმობით, რომელიც ეცნობოდა მისი მონაწილეობით შედგენილ გარიგებებს და ინფორმირებული იყო მითითებული ხელშეკრულების თაობაზე. ამდენად, არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ კუთვნილი ბინის მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებების შედეგად დაკარგვის ფაქტი. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის ქონება დაიტვირთა მისივე თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად, ხოლო მოსარჩელის მხრიდან წარმომადგენელისათვის სესხის აღების უფლების მიუნიჭებლობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგენდა.
10. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარდგინა მოსარჩელემ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო პალატამ დადგენლად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1-4. ამასთან, გაიზიარა აპელანტის პოზიცია წარმომადგენლის მიერ მარწმუნებლის სახელით სესხის აღების უფლების არ ქონასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნა, რომ მოპასუხეთა ქმედება არაუფლებამოსილ პირთან სესხის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ არ გამხდარა უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვის საფუძველი. წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა ვალდებულების უზრუნველსაყოფად სადავო უძრავი ქონების იპოთეკით დარტვირთვის უფლება. პირველი მოპასუხე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე სადავო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არ გამხდარა. 2013 წლის 28 თებერვალის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია და ქონება არ გამოუსყიდია. ამდენად, დადგენილი იქნა, რომ სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება დაკარგა მისივე თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად (რაც თავის მხრივ შემოწმებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით) გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით. შესაბამისად, 2012 წლის 09 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებას და უძრავი ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვას შორის არ არსებობს პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
14. კასატორი სადავოდ ხდის წინამდებარე განჩინების პპ: 1 -ში მითითებულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ 2012 წლის 09 აგვისტოს ხელშეკრულებით მსესხებლად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე, მაშინ, როდესაც რეალურად, ფაქტობრივად მას არც თანხა უსესხებია და არც ამის ნება გამოუხატავს. მას არც იმის ნება არ გამოუხატავს, რომ მისი სახელით მის წარმომადგენელს გაეფორმებინა სესხის ხელშეკრულება და მსესხებლად გამოეყვანა მოსარჩელე. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სესხის ხელშეკრულების იმდაგვარად გაფორმება, რომლის დროსაც მოსარჩელე გამოყვანილია მსესხებლად ეწინააღმდეგება მოსარჩელის ნებას და მის მიერ წარმომადგენლისათვის მიცემული მინდობილობის დანაწესებს. მითუმეტეს, სასამართლოს აღნიშნული გარემოება უნდა დაედგინა იმ პირობებში, როდესაც თვით სააპელაციო სასამართლო მოსარჩელეს ეთანხმება და იზიარებს მის პოზიციას მასში, რომ ნოტარიუს რ.ჩ--ის მიერ 09.08.2012 წელს დამოწმებული მინდობილობის თანახმად, (რომლითაც ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედებდა წარმომადგენელი), წარმომადგენელს არ ჰქონდა მარწმუნებლის ამ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელით სესხის აღების უფლება მინიჭებული.
15. კასატორი უთითებს წინამდებრე განჩინების პ:2 -ში მითითებულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ ამ გარემოების უდაოდ მიჩნევასა და დადგენასთან ერთად სასამართლოს უდაო გარემოებად უნდა მიეჩნია შემდეგი: 2012 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მინდობილობით წარმომადგენელს მოსარჩელისაგან არ ჰქონდა მინიჭებული მოსარჩელის სახელით სესხის აღების უფლება. ამ მინდობილობით წარმომადგენელს უფლება არ ჰქონდა მოსარჩელის სახელით აეღო სესხი და გაეფორმებინა ხელშეკრულება იმდაგვარად, რომ მოსარჩელე ყოფილიყო მსესხებელი. ამ მინდობილობით წარმომადგენელს შეეძლო მხოლოდ გაეუქმებინა მოსარჩელის მიერ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ცვლილებები შეეტანა ხელშეკრულებაში, გაეუქმებინა ნებისმიერი ხელშეკრულება, იპოთეკით დაეტვირთა მისი ქონება, ხელი მოეწერა ყველა საჭირო დოკუმენტზე და შეესრულებინა ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან. დავალება კი გამოიხატებოდა მხოლოდ ხელშეკრულების გაუქმებაში, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაში და ნებისმიერი ხელშეკრულების გაუქმებაში, რისთვისაც იპოთეკით შეეძლო დაეტვირთა მოსარჩელის ქონება ანუ, წარმომადგენელს მინდობილობით ჰქონდა მხოლოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების, არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის, ნებისმიერი ხელშეკრულების გაუქმების და ამისათვის საჭიროების შემთხვევაში, ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში არსებული 2012 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მინდობილობით, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწინააღმდეგეთა ახსნა-განმარტებით სადაც ისინი უთითებენ, რომ მინდობილობაში პირდაპირ არ არის მითითებული, რომ წარმომადგენელს მოსარჩელის სახელით სესხის აღების უფლება გააჩნდა, წარმომადგენლის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებით, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მსესხებელი თვითონ იყო, ხოლო ნოტარიუსმა, რატომ გააფორმა ხელშეკრულება ამდაგვარად არ იცის, ნოტარიუსს უნდა სცოდნოდა როგორ გაეფორმებინა ხელშეკრულება და თვით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, რომლითაც სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასში, რომ ნოტარიუს რ.ჩ-ის მიერ 09.08.2012 წელს დამოწმებული მინდობილობის თანახმად, წარმომადგენელს არ ჰქონდა მინიჭებული მარწმუნებლის სახელით სესხის აღების უფლება.
16. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის, ზიანის მიყენების ფაქტის არსებობა უნდა დადგინდეს განხორციელებული ქმედების რაობის დადგენის, მისი მართლზომიერების გარკვევისა და მიღებულ შედეგს შორის ურთიერთკავშირით, ხოლო განხორციელებული ქმედების რაობის და მისი მართლზომიერების გარკვევა- დადგენისათვის აუცილებელია დადგინდეს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს გააჩნდათ თუ არა ხელშეკრულების დადებისათვის შესაბამისი უფლებამოსილება და მათ მინიჭებული ჰქონდათ თუ არა იმ ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილება, კერძოდ ვინაიდან გაფორმებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც გამსესხებელი ბ-- ლ--ეა, ხოლო მსესხებელი მოსარჩელის წარმომამადგენელია, რომელიც მოქმედებდა მინდობილობით და საბოლოოდ, მსესხებლად გამოდის მოსარჩელე, ამიტომ მნიშვნელოვანია დადგინდეს იმ მინდობილობით რომლის საფუძველზეც გაფორმებულია ეს ხელშეკრულება, წარმომადგენელს ჰქონდა თუ არა მოსარჩელის სახელით სესხის აღების უფლება, იმდაგვარად, რომ მსესხებლად გამოვიდეს მოსარჩელე და შემდგომ აღნიშნულ ჭრილში უნდა მოხდეს შეფასება იმისა, თუ რამდენად სწორად და კანონიერად გააფორმა და დაამოწმა ნოტარიუსმა ხელშეკრულება.
17. კასატორი მიუთითებს წინამდებარე განჩინების პ: 3-ში მითითებულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გარემოებები განჩინების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებაში გამოყენებული აქვს საქმის მთლიანი ფაქტობრივი გარემოებისაგან მოწყვეტილად, ცალკე აღებულად, კონტექსტიდან და ერთიანი ფაქტისგან განცალკევებით, არასრულად და გარიგების ხასიათისა და შინაარსის გაუთვალისწინებლად. ამავე დროს, კასატორი აღნიშნავს, რომ ამ გარემოების უდაოდ მიჩნევასა და დადგენასთან ერთად სასამართლოს უდაო გარემოებად უნდა მიეჩნია დაედგინა და მიეთითებინა თავის განჩინებაში ქვემოთ მითითებული გარემოებები:
- თავდაპირველად მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს წარმომადგენელსა და იპოთეკარს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე გამოდიოდა მსესხებლად.
– მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს მინდობილობის საფუძველზე გაფორმდა 2012 წლის 9 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გამოდიოდა მსესხებელი, მოსარჩელე იძულებული გახდა მოლაპარაკება ეწარმოებინა იპოთეკართან სესხის თანხის გადახდის გადავადებაზე, იმისათვის, რომ თავიდან აცილებულიყო მოსალოდნელი ზიანის დადგომა, კერძოდ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვა.
- აღნიშნული მოლაპარაკების, ანუ სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების მიზნით, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილება, მხარეები 2013 წლის 28 თებერვალს მივიდნენ ნოტარიუსთან და გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ქმედებით მოსარჩელე შეეცადა თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი ზიანი.
- მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება არ ასახავს იმ მოლაპარაკებას, რაც მხარეთა შორის არსებობდა. იგი მაინც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მომხდარიყო თანხის გადახდა და მოსარჩელის ბინის იპოთეკისა და სხვა ვალდებულებებისაგან განთავისუფლება, რაც არ განხორციელდა. ამდენად, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან 2013 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით და მისი გაფორმებით მიღებულ იქნა ზომები, რათა თავიდან აცილებულიყო ზიანი.
- 2013 წლის 28 თებერვალს გაფორმდა არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ხელშეკრულება.
- 2013 წლის 28 თებერვალს გაფორმებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ნასყიდობის საგანი, დატვირთული იყო იპოთეკით, რომლითაც იპოთეკარი გახლდა აღნიშნული ბინის შემძენი.
- 2013 წლის 28 თებერვალს მოსარჩელესა და იპოთეკარს შორის ისე გაფორმდა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებადე არ მომხდარა 2012 წლის 9 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების გაუქმება ან ამ ხელშეკრულებით იპოთეკარის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულება. აღნიშნული გარემოებები დასტურდება 2013 წლის 28 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, მხარეთა განმარტებებით.
- 2013 წლის 28 თებერვლის მოსარჩელესა და იპოთეკარს შორის გაფორმებულ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თითქოს იპოთეკარმა მესაკუთრეს გადაუხადა 48200 აშშ დოლარი, მაგრამ თანხის გადაცემა ფაქტობრივად არ მომხდარა. გადაცემულ თანხად ჩაითვალა 2012 წლის 9 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულებით დასაბრუნებელი თანხა 41900 აშშ დოლარი თავისი პროცენტებითა და ჯარიმებით.
- 2013 წლის 28 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა იმ მიზნით, რომ ფაქტობრივად მომხდარიყო 2012 წლის 9 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.
- 2013 წლის 28 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ამდაგვარად არ გაფორმდებოდა, სახეზე რომ არ ყოფილიყო 2012 წლის 9 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულება.
- 2013 წლის 28 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება არის, გაგრძელება, თანმდევი შედეგი 2012 წლის 9 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულებისა, საიდანაც გამომდინარეობს იგი. სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ სახეზეა მჭიდრო ფაქტობრივი და სამართლებრივი ურთიერთკავშირი 2013 წლის 28 თებერვლის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და 2012 წლის 9 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ერთიანი ხელშეკრულებას შორის და შესაბამისად ისინი ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივ კავშირში იმყოფებიან, რა დროსაც 2013 წლის ხელშეკრულება ამ სახით არ იარსებებდა, რომ არა 2012 წლის ხელშეკრულება და 2013 წლის ხელშეკრულების გაფორმების დროს შექმნილი ფაქტობრივი მდგომარეობა, რა დროსაც მოსარჩელე შექმნილ გარემოებათა გამო იძულებული გახდა გაეფორმებინა სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისათვის ხელშეკრულება, რათა წარმომადგენელს მისცემოდა სავალო ვალდებულების გასტუმრებისათვის დამატებითი დრო, რითიც აცდენილი იქნებოდა ზიანი და რათა საბოლოოდ თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი ზიანის დადგომი ფაქტი, ზიანი. უძრავი ქონების გამოსყიდვა დადგენილ ვადაში არა თუ არ მოხდა, არამედ ვერ მოხდა, ვინაიდან მოსარჩელეს ამისათვის არ გააჩნდა მატერიალური სახსრები, იგი სოციალურად დაუცველია და მას ამ გარიგებებიდან გამომდინარე არანაირი თანხა არ მიუღია. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან სასამართლოებმა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ დაადგინა და ისინი არ მიუთითა არც უდაო და არც დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებებში და საერთოდ არ იმსჯელა ამ გარემოებაზე, ამიტომ სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქმის ნამდვილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
სამოტივაციო ნაწილი:
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
19. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
20. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას (პირველი მოთხოვნა). კასატორი ზიანის მიყენების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას წარმომადგენლისათვის არ მიუცია მისი სახელით სესხის აღების უფლება, რაც უნდა გაეთვალისწინებინა ნოტარიუსს და იპოთეკარს. იმავდროულად, ეს გარემოება და წინამდებარე განჩინების პ:3 -ში დადგენილი გარემოება ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა სასამართლოს. მოთხოვნის განხორციელებადობა დამოკიდებულია სსკ-ის 992-ე მუხლის (დელიქტური ვალდებულება) ნორმის შემადგენლობის არსებობასთან, სახელდობრ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დასახელებულ კომპონენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა განაპირობებს სარჩელის წარუმატებლობას. იმავდროულად, ნორმის შემადგენლობის (ფაქტობრივი გარემოებების) მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც დელიქტური ურთიერთობის არსებობისათვის საჭირო სტრუქტურის ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტის - მიზეზშდეგობრივი კავშირის დასაბუთება ვერ შეძლო სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოც, მოთხოვნა ამ ნაწილში განუხორციელებელია.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს წინამდებარე განჩინების პპ: 1-4 და აღნიშნავს, რომ არაუფლებამოსილ პირთან სესხის ხელშეკრულების გაფორმება არ დადებია საფუძვლად იპოთეკის საგანზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვას. შესაბამისად, პირველი მოპასუხე უძრავი ნივთის მესაკუთრე სადავო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არ გამხდარა. 2013 წლის 28 თებერვალის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელეს გამოსყიდვის უფლებით არ უსარგებლია და ქონება არ გამოუსყიდია. ამდენად, სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება დაკარგა მისივე თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად (რაც თავის მხრივ შემოწმებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით) გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით.
ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი და ვერც ამ გარემოებასა და მატერიალურ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელეს ვალდებულების დარღვევაზე არ მიუთითებია. ვალდებულების დარღვევის ფაქტი არც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე რელევანტური ვერ იქნება სსკ-ის 412-ე მუხლთან.
22. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მის სამართლებრივ საფუძველს ქმნის სსკ-ის 413-ე მუხლი, რომელიც კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურდება. მოცემულ საქმეზე კი დადგენილი არ არის ამ მუხლის გამოყენების წინაპირობები. ამდენად, სარჩელი ამ ნაწილშიც წარუმატებელია.
23. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საკითხებზე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე