№ ას-201-190-2016 5 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს +“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ-ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ს +“-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და შპს ,,ჰ-ის’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მენარდის საზღაურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ჰ-მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ს +’’-ის მიმართ და მოითხოვა ნარდობის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2. 2013 წლის 21 თებერვალს შპს „ჰ-სა“ და შპს „ს +“-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „ჰ-მა“ იკისრა შპს „ს+“-ს საოფისე შენობის ფასადის კონსტრუქციული ნაწილის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, ფასადის კონსტრუქციული ნაწილის შემინვა და ფასადის სამღებრო სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებაზე დართული პროექტის მიხედვით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
3. მხარეებს შორის 2013 წლის 24 ივნისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ჰ-მა“ აიღო ვალდებულება სარემონტო სამუშაოები შეესრულებინა შპს „ს+“-ის კუთვნილ ადმინისტრაციულ და საოფისე შენობებში არა უგვიანეს 2013 წლის 30 ნოემბრისა, ხოლო შპს „ს +“-მა აიღო ვალდებულება გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა. შპს „ჰ-მა“ შეასრულა 2 041 439.83 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია 1 656 749.40 ლარი. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ მას არ აუნაზღაურა დარჩენილი 422 882 ლარი, რის გამოც მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
4. საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა 350 882 ლარამდე.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ, რის გამოც რემონტი თავიდანაა გასაკეთებელი. შესაბამისად, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. მოპასუხემ ასევე შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ჰ-ისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით 257 318 ლარის, ასევე ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს, 103 610.84 ლარის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7. მხარეებს შორის 2013 წლის 21 თებერვალს და 2013 წლის 24 ივნისს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს „ჰ-მა“ შპს „ს +“-ის დაკვეთით განახორციელა საოფისე შენობის ფასადის კონსტრუქციული ნაწილის სამშენებლო სამუშაოები, ფასადის კონსტრუქციული ნაწილის შემინვა და ფასადის სამღებრო სამუშაოები. ასევე სარემონტო სამუშაოები შეასრულა ორგანიზაციის კუთვნილ ადმინისტრაციულ და საოფისე შენობებში. მოპასუხემ სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ. შენობის შიდა და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოების ხარისხი არ იყო ხელშეკრულების პირობების შესაბამისი. უხარისხოდ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა თავიდან იყო გასაკეთებელი და ხელახალი რემონტის ჩატარებას სჭირდებოდა 150 000 ლარი. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო არაუგვიანეს 2013 წლის 30 ნოემბრისა. სამუშაოები კი დასრულდა 2013 წლის 31 დეკემბერს. ვადის დარღვევით ხელშეკრულების შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ანაზღაურების 6 68 457 ლარის 0.5 %, რაც ვადაგადაცილების მიხედვით შეადგენს 103 610.84 ლარს.
8. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ, შპს „ჰ-მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამუშაოების ვადაში დაუსრულებლობა გამოწვეული იყო შპს „ს +“-ის მიზეზით, ამიტომ შესრულების ვადის გადაცილების გამო პასუხისმგებლობა მას არ უნდა დაკისრებოდა. მართალია სამუშაოების შესრულდა დეფექტით, მაგრამ აღნიშნული გამოწვეული იყო შპს „ს +“-ის მიერ მიწოდებული უხარისხო მასალებით, ასევე მოსარჩელის გადაწყვეტილებით მშენებლობისას სამშენებლო ქაფის გამოყენებით, რის გამოც დამდგარი ზიანის წარმოშობაში მას ბრალი არ მიუძღვოდა.
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ჰ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ს +’’-ს შპს ,,ჰ-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 312 690.43 ლარის გადახდა; შპს ,,ჰ-ს’’ უარი ეთქვა მოპასუხისათვის 38 191.57 ლარის დაკისრებაზე; შპს ,,ს +’’-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ჰ-ს’’ შპს ,,ს +’’-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 103 610.84 ლარის ოდენობით; შპს ,,ს +’’-ის შეგებებული სარჩელი 257 318.11 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასჩივრეს შპს ,,ს +’’-მა და შპს ,,ჰ-მა’’. შპს ,,ჰ-მა’’ ასევე წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს +’’-ის სააპელაციო საჩივარი და შპს ,,ჰ-ის’’ შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ,,ს +’’-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ს +’’-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ჰ-ს’’ დაეკისრა 51 463.62 ლარის გადახდა შპს ,,ს +’’-ის სასარგებლოდ; შპს ,,ჰ-ს’’ დაეკისრა 14 505.21 ლარის გადახადა შპს ,,ს +’’-ის სასარგებლოდ’’; შპს ,,ს +’’-ისათვის 312 690.43 ლარის გადახდევინების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; შპს ,,ს +’’-ს დაეკისრა 5 150 ლარის გადახდა შპს ,,ჰ-ის’’ სასარგებლოდ; შპს ,,ს +’’-ს დაეკისრა 3 564.22 ლარის გადახდა შპს ,,ჰ-ის’’ სასარგებლოდ; შპს ,,ს +’’-ს დაეკისრა 750 ლარის გადახდა შპს ,,ჰ-ის’’ სასარგებლოდ; შპს ,,ჰ-ს’’ დაეკისრა 3 747.5 ლარის გადახდა შპს ,,ს +’’-ის სასარგებლოდ.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
13. 2013 წლის 21 თებერვალს შპს „ჰ-სა“ და შპს „ს +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს ,,ჰ-მა” (შემსრულებელი) იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა დაბა ხელვაჩაურში, ფ-ი-ცის ქუჩის №...-ში მდებარე, შპს ,,ს+”-ის (დამკვეთი) კუთვნილი საოფისე ფართის ფასადის კონსტრუქციული ნაწილის სამშენებლო სამუშაოები, ფასადის კონსტრუქციული ნაწილის შემინვა და ფასადის სამღებრო სამუშაოები, ხელშეკრულებაზე დანართი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის (საერთო ღირებულება - 165 000 ლარი დღგ-ს გარეშე) შესაბამისად, 60 დღის ვადაში.
14. შპს ,,ს+”-ს შპს ,,ჰ-ისათვის” უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური უნაღდო ანგარიშსწორებით, მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრისა.
15. 2013 წლის 24 ივნისს შპს „ჰ-სა“ და შპს „ს +“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ჰ-მა” იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ზემოთ მითითებული ფართის სარემონტო სამუშაოები, არაუგვიანეს 2013 წლის 30 ნოემბრისა; ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ფასის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
16. შპს ,,ჰ-მა” შეასრულა და, საბოლოოდ, 2013 წლის 31 დეკემბერს შპს ,,ს+”-ს ჩააბარა საერთო ჯამში 2 041 439.83 ლარის ღირებულების სამუშაოები. შპს ,,ს+”-მა შპს ,,ჰ-ს” გადაუხადა 1 728 749.4 ლარი; შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 312 690.43 ლარი.
17. სააპელაციო საასმართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამუშაოების დასრულებიდან მალევე გამოვლინდა გარკვეული დეფექტები. სადავო იყო ამ დეფექტების გამომწვევი მიზეზები, რის გამოც მხარეებმა წარმოადგინეს ექსპერტიზების დასკვნები, კერძოდ: შპს ,,ს+”-მა წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 21 თებერვლის №000888914 დასკვნა, რომლის თანახმად, შენობის შიდა და გარე კედლების სამღებრო სამუშაოები არასრულფასოვნად და არასათანადოდაა შესრულებული; ამასთან, იმავე საექსპერტო დაწესებულების 2014 წლის 27 ოქტომბრის №005790914 დასკვნის თანახმად, არსებული დაზიანებების მიზეზად დასახელდა როგორც უხარისხო მოსაპირკეთებელი მასალის გამოყენება, ასევე - სამუშაოების უხარისხო შესრულება.
18. შპს ,,ჰ-მა” წარმოადგინა ინჟინერ-კონსტრუქტორ რ. კ-ის 2014 წლის 4 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, დეფექტები გამოწვეულია ფასადების ლითონის კარკასებს შორის სივრცის სამშენებლო ქაფით შევსების ტექნოლოგიით.
19. სააპელაციო სასამართლომ, დეფექტების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რის შედეგადაც საქმეში წარდგენილი იქნა შპს ,,ს-ის” 2015 წლის 29 ივლისის №143 დასკვნა.
20. მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი საკითხის - თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება სამშენებლო ქაფის გამოყენების თაობაზე, გადაწყვეტის მიზნით საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო შპს ,,ს+”-მა და თავისივე თანამშრომლის, ლევან ფაცაციას მეშვეობით სამშენებლო ქაფი ჩაასხა ფასადის ლითონის კონსტრუქციებს შორის არსებულ სივრცეში.
21. სასამართლომ ასევე იმსჯელა არსებული დეფექტების აღმოფხვრისათვის აუცილებელი სამუშაოების ღირებულებაზე და მიუთითა შპს „სს“ მიერ წარმოდგენილ კომერციულ წინადადებაზე, რომელიც შედგენილია შპს „ბენზეს“ მიერ. აღნიშნული გაანგარიშების მიხედვით, სამუშაოების ღირებულებაა 257 318.11 ლარი. პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ჰ-ის“ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება, რომლის თანახმად, სამუშაოების ღირებულებაა 2 622.9 ლარი, რეალურად წარმოადგენს შპს „ჰ-ის“ ახსნა-განმარტების ნაწილს, რის გამოც იგი ვერ გააქარწყლებს შპს „ბენზეს“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მონაცემებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ს+”-ის კუთვნილ შენობაში არსებული დეფექტების აღმოფხვრისათვის აუცილებელია 257 318.11 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება.
22. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე. 629-ე, 645-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევა გამოიკვეთა ორივე მხარის მიერ, შესაბამისად, სახეზე იყო ,,შერეული ბრალი’’. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილ და გარემონტებულ შენობაში გამოვლენილი მთელი რიგი დეფექტების გამომწვევი მიზეზებია: ა) უხარისხო მინამაგნიტური ფილების გამოყენება; ბ) სამშენებლო ქაფის გამოყენების ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა; გ) გარკვეული სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ შესრულება შპს „ჰ-ის“ მიერ.
23. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ შენობის დეფექტების ძირითადი ნაწილი გამოწვეული იყო შპს „ს +“-ის ბრალით, დანარჩენზე პასუხისმგებლობა კი უნდა დაკისრებოდა შპს „ჰ-ს“. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ნაკეთობის ნაკლის აღმოფხვრის მიზნით პასუხისმგებლობის ოდენობა განსაზღვრა შემდეგნაირად: შპს „ს +“- 80%, შპს „ჰ-ი“ - 20%.
24. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა შპს „ს +“-ის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სამშენებლო ქაფის გამოყენების გამო პასუხისმგებელი შპს „ჰ-ი“ უნდა იყოს, რადგან მენარდემ არ შეასრულა სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება - არ გააფრთხილა დროულად შემკვეთი, რომ არსებობდა მენარდისაგან დამოუკიდებელი გარემოებები (უხარისხო მასალა, სამშენებლო ქაფის, როგორც ტექნოლოგიური სიახლის, თვისებების სათანადოდ არცოდნა და სხვ.), რაც განაპირობებდა ნამუშევრის ხარვეზიანობას. მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამშენებლო ქაფი ჩაასხა არა მენარდემ, არამედ თავად შემკვეთმა, ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმა ერთმნიშვნელოვნად არ ადგენდა მენარდის მიერ შემკვეთისათვის მასალის უხარისხობის შეუტყობინებლობისას სრული პასუხისმგებლობის მენარდისათვის დაკისრებას.
25. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობაზეც, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით (ჩვეულებრივ, ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გონივრულ განაკვეთად მიჩნეულია საბაზისო თანხის 0.07%) და მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა მიერ შეთანხმებული განაკვეთი - 0,5% შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0.07%-მდე.
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს შპს ,,ჰ-მა’’ და ,,ს +’’-მა.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ჰ-ის’’ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
28. შპს „ს +“-მა საკასაციო მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „ს +“-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და შპს ,,ჰ-ის’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
29. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება „შერეულ ბრალსა“ და ბრალის პროცენტულად დაანგარიშებაზე არასწორია. სამოქალაქო სამართლისათვის უცნობია დაანგარიშების ამგვარი მეთოდი. სასამართლოს შეეძლო ესარგებლა შპს „ს +“-ის მიერ წარდგენილი ზიანის ოდენობის ხარჯთაღრიცხვით, რომელიც შეადგენს 257 318.11 ლარს და, შესაბამისად, ემსჯელა კონკრეტული სამუშაოს ბრალის მიხედვით ხარჯის განაწილებაზე. სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზით არ დგინდება დამკვეთის უტყუარი პასუხისმგებლობა, ხოლო შესრულებულ სამუშაოებზე ერთადერთ პასუხისმგებლ პირს წარმოადგენს შემსრულებელი. ექსპერტიზის არცერთი სიღრმისეული დასკვნით არ დასტურდება, რომ დაზიანების მიზეზი არის სამშენებლო ქაფი.
30. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე და 641-ე მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობის დამზადების ვალდებულებას მენარდის მიერ. არსებული სამი ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მენარდეს თავიდან ბოლომდე უნდა დაესრულებინა შენობა-ნაგებობა. თვით დამკვეთის მიდგომაც ასეთი იყო, რადგან არ მომხდარიყო შემდგომში კონტრაქტორი კომპანიების მიერ ბრალის ერთმანეთზე წარდგენა. მენარდემ არ დაასრულა სამუშაოები სათანადო ფორმით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს საფრთხეს, რომ მსგავსი მიდგომით მოხდება არაკეთილსინდისიერი მენარდე სამშენებლო კომპანიების წახალისება, რომ მათ შექმნან სამუშაოების ჯეროვნად შესრულებისაგან თავის არიდების გარემოებები.
31. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში შპს „ჰ-ის“ მიერ თავად იქნა შეძენილი, გამოყენებული და დამონტაჟებული, მინამაგნეტიზის ფილები, მას დამკვეთის მიმართ არასოდეს განუხორციელებია რაიმე შენიშვნა მოსალოდნელ შედეგებზე. შპს „ჰ-ს“ არ შეუწყვეტია ხელშეკრულება და ბოლომდე დაასრულა სამუშაოები, რაც მკაფიოს ხდის მიერ მიერ სამუშაოებზე პასუხისმგებლობის აღებას ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
32. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლი, რომლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამცრიოს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული შეადგენს 257 318 ლარს, სწორედ ამ თანხის ფარგლებში უნდა დაეკისროს პასუხიმსგებლობა შპს „ჰ-ს“.
33. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი და არასწორად მიუთითა უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე სხვა ობიექტურ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ დამკვეთმა განიცადა 257 318 ლარის ზიანი, ვერ აამოქმედა დაგეგმილი ბიზნესი სრულფასოვნად, სამუშაოების შესრულების ვადა გადასცდა 31 კალენდარული დღით, თუმცა მან მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ შესრულებული 668 457 ლარის სამუშაოდან 257 318 ლარის სამუშაო (38,49%) არის უხარისხო, მენარდემ არ აღიარა მიყენებული ზიანი, ვადის გაცდენა და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოუთხოვია პირგასამტეხლოს შემცირება.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს ,,ს +’’-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
35. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს +’’-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
38. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალების შემოწმების შედეგად არ გამოიკვეთა რაიმე ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
39. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-343-328-2015, 25 მარტი, 2016 წელი).
40. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სადავოდ ხდის ვალდებულების დარღვევის ფაქტს, იგულისხმება, რომ მან სადავოდ გახადა აღნიშნული ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე მეორადი მოთხოვნებიც, მათ შორის, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის მოთხოვნილი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
42. ამრიგად,, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,ს +’’-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს +“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ შპს „ს +“-ს (ს/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 24 მარტს №154110 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე