№ ას-680-651-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. ს-ი (მოსარჩელე), კ. ც-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს“ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა მისი ავტომანქანის ყადაღისაგან გათავისუფლება.
2. მოსარჩელის განცხადებით, 2015 წლის 20 აპრილს თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა მას ჩამოართვეს ავტომანქანა აუდი „ა6“, რომელსაც იგი ფლობდა 2012 წლიდან.
3. აღნიშნული ავტომანქანა მოსარჩელემ შეიძინა ნ. ფ-ან, თუმცა მანქანა იყო კ. ც-ას საკუთრება. მასთან ერთად ავტომანქანის გადასაფორმებლად მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მანქანის საიდენტიფიკაციო ნომერი იყო გადაკეთებული და გადაფორმება ვერ მოხერხდა.
4. ამის შემდეგ, მოსარჩელის განცახდებით, 2013 წლის 4 ოქტომბრიდან იგი ავტომანქანას ფლობდა კ. ც-ას მიერ გაცემული გენერალური მინდობილობის საფუძველზე, მანქანაში დაამონტაჟა ბუნებრივი აირის აპარატურა, შეიძინა საბურავები, გადახდილი აქვს ადმინისტრაციული ჯარიმებიც. მხოლოდ ავტომანქანის ჩამორთმევის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი, რომ მის საკუთრებაში არსებულ ქონებას ედო ყადაღა.
5. მოსარჩელის განცხადებით, იგი სამხედრო პირია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის ავტომანქანით სარგებლობა. შესაბამისად, გადადგილდება ნაქირავები მანქანით, რაც აუარესებს მის მატერიალურ მდგომარეობას.
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 11 მარტსა და 2015 წლის 16 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლების შესაბამისად, კ. ც-ას დაევალა ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 ლარის და 500 ლარის გადახდა, ასევე უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟი. სააღსრულებო ფურცელი გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომელიც ემსახურება სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა და უკანონო ქმედებით დარღვეული საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას.
7. მოპასუხის განცხადებით, ზ. ს-ს არანაირი შეხება არ ჰქონია ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან. აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წამოებათა შესახებ“ კანონის შესაბამისად.
8. მოპასუხე კ. ც-ას სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან გათავისუფლდა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალება AUDI A6 2 8, სახ. ნომრით: ....
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტორივი გარემოებები:
13. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2015 წლის 22 მაისის წერილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე, სადაც მოვალეა კ. ც-ა, ხოლო კრეტიდიტორი სახელმწიფო ბიუჯეტი. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 23 თებერვალს ყადაღა დაედო 2015 წლის 17 აპრილს დაკავებულ და საჯარიმო სადგომზე გადაყვანილ მოვალე კ. ც-ას საკუთრებაში რიცხულ ავტომობილს AUDI A6 2 8, სახ. ნომრით ....
14. 2013 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული მინდობილობით კ. ც-ამ ზ. ს-ს მართვისა და განკარგვის უფლებით გადასცა AUDI A6 2 8, სახ. ნომრით ... (საიდენტიფიკაციო ნომერი ...). მინდობილობა გაიცა ერთი წლის ვადით, 2014 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს მიერ 2015 წლის 18 მაისს გაცემული ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნული ავტომანქანით 2012 წლის 4 აპრილიდან დაფიქსირებულია 8 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და აღნიშნული ქმედებებისათვის ჯარიმა გადაიხადა ზ. ს-მა.
16. 2014 წლის 4 ნოემბერს გაცემული №ელ-0143435641 სასაქონლო ზედნადების შესაბამისად, ზ. ს-მა შპს ,,თეგეტა მოტორსისაგან“ შეიძინა 4 ცალი 600 ლარის ღირებულების საბურავი.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით და განმარტა, რომ მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: მესაკუთრის ნამდვილი, ლეგიტიმური უფლება და ნივთის გადაცემა.
18. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურდა მხარეთა შორის შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, ასევე მოძრავი ნივთის შემძენის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის ფაქტი, პალატამ დაასკვნა, რომ ერთის მხრივ, კ. ც-ას, ხოლო, მეორეს მხრივ, ზ. ს-ს შორის დადებული შეთანხმებები წარმოადგენდა ავტომანქანის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებებს.
19. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-105-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოსარჩელემ გაართვა თავი მტკიცების ტვირთს, რადგან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები - მინდობილობით ავტომანქანის მართვის და განკარგვის უფლების გადაცემის, 2012 წლიდან რვა ადმინისტრაციული სახდელის ჩადენის გამო საჯარიმო ქვითრების გადახდის, 2014 წლის 5 ნოემბერს საბურავების შეძენის შესახებ - იძლევა მოსარჩელის სასარგებლოდ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ზ. ს-მა შეიძინა ავტომობილი AUDI A6 2 8 სახ. ნომრით ... და აღნიშნული ავტომანქანა 2012 წლიდან წარმოადგენს მის საკუთრებას. საწინააღმდეგო გარემოების დამდასტურებელი მტკიცებულებები კი საქმის მასალებში არ მოიპოვება.
20. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე, 149-ე მუხლებით და განმარტა, რომ ავტომანქანა წარმოადგენს მოძრავ ნივთს, შესაბამისად მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირეული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი და შემძენზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტის განსაზღვრის საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსით მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად.
21. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნასყიდობის ზეპირი გარიგების დადების შემდეგ ზ. ს-ს პირდაპირ მფლობელობაში გადაეცა ავტომანქანა და დაიწყო ამ ნივთით სარგებლობა, ამდენად, დადასტურდა ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი ორივე წინაპირობის - ნამდვილი უფლებისა და ნივთის გადაცემის არსებობა.
22. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრული მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესები ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე. ამასთან, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იმპერატიულად დადგენილია ყველა სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაცია, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი აქტი და მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის, რაც თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.
23. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამათლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინება საქმეზე #ას-1685-1579-2012; 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე #ას-914-954-2011).
24. საამართლომ ასევე იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით და განმარტა, რომ აღნიშნული კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ავტომანქანაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველს ქმნიდა.
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
27. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი დარღვევებით, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და საქმის გადაწყვეტისათვის გამოიყენა შეუსაბამო ნორმები.
28. სასამართლომ მსჯელობა ააგო 2013 წლის 4 ოქტომბრის მინდობილობაზე, რომელიც ავტომობილის მესაკუთრე კ. ც-ას მიერ ზ. ს-ის სახელზე გაიცა მხოლოდ 1 წლის ვადით, 2014 წლის 4 ოქტომბრისათვის აღნიშნულ მინდობილობას ძალა ჰქონდა დაკარგული. სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კ. ც-ას საკუთრებაში არსებულ ქონებას ყადაღა დაადო 2015 წლის 23 თებერვალს, 2015 წლის 17 აპრილს კი საჯარიმო სადგომზე გადაყვანილ იქნა ავტომანქანა. აღნიშნული ქმედება განხორციელდა მას შემდეგ, რაც ვადა გაუვიდა 2013 წლის 4 ოქტომბერს გაცემულ მინდობილობას.
29. კასატორის აზრით, სასამართლოს ასევე ყურადღება უნდა გაემახვილებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 5 დეკემბერს #ას-658-625-2014 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, სასამართლომ მართალია შემძენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრესა და შემძენს შორის გაფორმებული იყო მინდობილობა არა ერთი წლის, არამედ განუსაზღვრელი ვადით. განსახილველ დავაში კი კ. ც-ას მიერ ზ. ს-ისათვის ავტომობილის გადაცემა მოხდა მხოლოდ ერთი წლით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა ავტომობილის საკუთრებაში გადაცემის მიზანი.
30. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2014 წლის 5 ნოემბერს ზ. ს-ის მიერ შპს ,,თეგეტა მოტორსში“ საბურავების შეძენისას გაცემული ზედნადებიდან არ ჩანს კონკრეტულად რომელი ავტომანქანისათვის მოხდა აღნიშნული საბურავების შეძენა. სააპელაციო პალატამ უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტიც, რომ ავტომობილის ექსპლუატაციისას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება შესაძლებელი შეიძლებოდა ყოფილიყო კ. ც-ასთვის იმ შემთხევავშიც კი, თუ ის, როგორც მესაკუთრე, ავტომანქანას ათხოვებდა ზ. ს-ს.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
32. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
35. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მსჯელობას მესაკუთრის ნამდვილ, ლეგიტიმურ უფლებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არ არსებობს ნივთზე საკუთრების წარმოშობის კანონით განსაზღვრული წინაპირობები.
36. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ საკითხზე უკვე დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე. კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას“ (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი; სუსგ №ას-123-115-2015, 23 აპრილი, 2015 წელი).
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენასთან დაკავშირებით შეესაბამება უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ განმარტებას, რის გამოც დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია ამ საფუძვლით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სადავო განჩინების გაუქმების შესახებ.
38. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან კ. ც-ას მიერ დ. ს-ის სახელზე გენერალური მინდობილობა გაცემული იყო 1 წლის ვადით, აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე სადავო ავტომანქანის ზ. ს-ისთვის გადაცემა მოხდა დროებით სარგებლობის მიზნით.
39. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ 2013 წლის 4 ოქტომბრის გენერალური მინდობილობის შინაარსს, რომლითაც ირკვევა, რომ ზ. ს-ს, როგორც „მინდობილ მესაკუთრეს“ მინდობილობით მიენიჭა შემდეგი უფლებები: მართოს და განკარგოს (გადაიფორმოს საკუთარ სახელზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს) კ. ც-ას, როგორც „საკუთრების მიმნდობის“ საკუთრებაში არსებული ა/მანქანა AUDI A6 2 8, სახ. ნომრით ... (საიდენტიფიკაციო ნომერი ...), შეკრიბოს ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი და ხელი მოაწეროს მათ, იყოს მისი წარმომადგენელი სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოში, საპატრულო პოლიციაში, ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში, მიიღოს მიყენებული ზარალისთვის განკუთვნილი სადაზღვევო თანხა, თავისი შეხედულებისამებრ აღნიშნული ა/მანქანა გადასცეს სხვა პირებს შემდგომი გადანდობის, მათ შორის, განკარგვის და საზღვარგარეთ გაყვანის უფლებით. ამრიგად, მინდობილობის შინაარსიდან ცალსახად დასტურდება, რომ ზ. ს-ისათვის ავტომანქანის გადაცემა არ მომხდარა მხოლოდ დროებითი სარგებლობის მიზნით. მას ჰქონდა აღნიშნულ პერიოდში ავტომანქანის საკუთარ სახელზე გაფორმების, გაყიდვის, გაცვლის, გაჩუქებისა და დაგირავების უფლებამოსილება, რაც მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემას ადასტურებს. შესაბამისად, დასტურდება მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული ორივე წინაპირობის - ნამდვილი უფლებისა და ნივთის გადაცემის არსებობის ფაქტი.
40. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. სუსგ-ებები №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი; №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1685-1579-2012, 28 იანვარი, 2013 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
42. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე