საქმე №ას-788-755-2016 14 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. ა-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ა-ას მიმართ და მოითხოვა ავტომანქანის დაზიანების გამო გადახდილი თანხების, ასევე სსიპ „112“-ში გადახდილი საჯარიმო თანხების ანაზღაურება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ი. ა-ას მოსარჩელე გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10 700 ლარის, საქართველოს შს სამინისტროს სსიპ „112“-ში გადახდილი საჯარიმო სადგომზე მანქანის განთავსების საფასურის - 178 ლარის, ევაკუატორის მომსახურების საფასურის - 42 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის - 1 285 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-ამ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით ი. ა-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა-ა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა არ გამოცხადებულა სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. მან აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 67-ე დღეს, 2016 წლის 15 ივნისს და იმავე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარადგინა 2016 წლის წლის 17 ივნისს. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ა-ამ გაუშვა გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობაში მოყვანილი მსჯელობა ვადის გაშვების საპატიოობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ავადმყოფობა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისათვის, რათა დადასტურდეს პირის მიერ საპროცესო მოვალეობების შესრულების შეუძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში ი. ა-ას მიერ სამედიცინო დაწესებულებებიდან წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის განმავლობაში მოპასუხის მიერ გარკვეული მოქმედებების შესრულების შეუძლებლობა. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა-ას იცავდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ა. გ-ი, რომელსაც 2017 წლის 1 აპრილის ჩათვლით გაცემული მინდობილობის შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებაც და, ამავე დროს, იგი ესწრებოდა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. ა-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2016 წლის 15 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარადგინა იმავე წლის 17 ივნისს. ი. ა-ას განცხადებით. აღნიშნულ დრომდე არც მას და არც მის წარმომადგენელს გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის არ იყო ცნობილი სასამართლოს სხდომისა და აღნიშნულ სხდომაზე გამოცხადებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის თაობაზე. მართალია სხდომას ესწრებოდა მისი წარმომადგენელი, ამირან გიგუაშვილი, მაგრამ ამ დროისათვის მასთან ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება. სხდომის დასრულების შემდეგ გიგუაშვილმა აცნობა მას საქმის განხილვის შედეგი და უახლოეს დღეებში უნდა შეხვედროდა მას, თუმცა სწორედ ამ პერიოდში (2016 წლის აპრილ-მაისის თვეში) შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, დაუდგინდა ფარისებრი ჯირკვლის კიბო, რის გამოც მოკლებული იყო გადაადგილების შესაძლებლობას. მოგვიანებით კი გიგუაშვილმა აცნობა მას, რომ გასული იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა.
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის #1151-1106-2014 განჩინებაზე და აღნიშნა, რომ მართალია სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვებს, მაგრამ ამ შეზღუდვებმა არ უნდა იქონიოს გავლენა სასამართლო უფლების არსზე. ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მის მიერ მითითებული გარემოებები და საპატიოდ მიეჩნია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
16. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
17. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
20. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა ი. ა-ას სასამართლოსთვის არ მიუმართავს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნით მან საქალაქო სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 67-ე დღეს, 2016 წლის 15 ივნისს, იმავე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილება და ორი დღის შემდეგ, 2016 წლის 17 ივნისს წარადგინა სააპელაციო საჩივარი. ამრიგად, უდავოა, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.
21. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განიჩინებას იმ საფუძვლით, რომ 1) მისთვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის დღე, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, არ ესწრებოდა სხდომას და არ ჰქონდა ინფორმაცია გასაჩივრების წესის თაობაზე. ამასთან, მართალია, მისი ადვოკატი გამოცხადდა პროცესზე, მაგრამ ამ დროისათვის მას წარმომადგენელთან ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება; და 2) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მას არ ჰქონდა შესაძლებლობა პირადად მისულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილება.
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენტიას სხდომის თარიღის არცოდნის თაობაზე და მიუთითებს საქმეში არსებულ სატელეფონო შეტყობინებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2016 წლის 24 თებერვალს სხდომის მდივანმა გ. ს-ემ პირადად ი. ა-ას აცნობა 2016 წლის 11 აპრილს, 12 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ (იხ. ს.ფ. 258). დადგენილია ასევე, რომ 2016 წლის 11 აპრილს სასამართლო პროცესზე გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი, ამირან გიგუაშვილი, რომელმაც სასამართლოს წარუდგინა ი. ა-ას მიერ მისთვის 2017 წლის 1 აპრილის ჩათვლით გაცემული რწმუნებულება (იხ. ს.ფ. 259-269). შესაბამისად, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ მას ამ დროისთვის ადვოკატთან ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდა საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება. ეს გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.
23. თუმცა, იმ პირობებშიც კი, თუ დადასტურდებოდა ი. ა-სა და ა. გ-ს შორის საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, აღნიშნული მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრისათვის წარდგენილი ვადის დარღვევის საპატიო მიზეზად, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, ი. ა-ასთვის ცნობილი იყო 2016 წლის 11 აპრილის სხდომის თაობაზე და იგი 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. აღნიშნული უფლება კი მას არ გამოუყენებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აითვალა გასაჩივრების 14 დღიანი ვადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღედ მიიჩნია 2016 წლის 25 მაისი.
24. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
25. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც უკვე აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებშიც კი, თუ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუშვებდა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ი. ა-ას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
27. კერძო საჩივრის ავტორი მის მიერ სააპელაციო საჩივრის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს გასაჩივრების ვადის ამოწურვის დროისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და კერძო და სააპელაციო საჩივრებს ურთავს ცნობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული გამოკვლევების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ ი. ა-ამ ციტოლოგიური გამოკვლევების ჩატარების მიზნით სხვადასხვა კლინიკებს მიმართა 2016 წლის 25 მაისს და იმავე წლის 7 ივნისს (იხ. ს.ფ. 292-294). ამავე ცნობებიდან ირკვევა, რომ პაციენტი 2010 წლიდან იმყოფება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ (იხ. ს.ფ. 293), ხოლო რადიოაქტიური იოდით სამკურნალოდ სტანციონარში იგი მოთავსდა 2016 წლის 27-29 ივლისს.
28. ამრიგად, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დასტურდება ი. ა-ას ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობა, რაც შეუძლებელს გახდიდა მხარის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოსთვის მიმართვას 2016 წლის 1 მაისიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე) 11 მაისამდე (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე) ან 25 მაისამდე (სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მოსაზრება წარდგენილი ცნობების საფუძველზე კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევის შესახებ.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე