საქმე №ას-804-771-2016 28 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ს-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – კომპანია კ-ი" (მოსარჩელე), ამხანაგობა ს-ი", ვ. ბ-ა, თ. ა-ა, მ. მ-ი, გ. მ-ი, ა. მ-ი, თ. მ-ი, ვ. ფ-ე, რ. ლ-ე, ა. ლ-ე, დ. ლ-ე, ი. თ-ა, ზ. ბ-ე, შპს ს-ი" (მოპასუხეები)
მხარე - კომპანია კ-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. კომპანია კ-მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობის ს-ი", ვ. ბ-ას, თ. ა-ას, გ. მ-ის, ნ. მ-ის, ა. მ-ის, თ. მ-ის, ვ. ფ-ის, რ. ლ-ის, ა. ლ-ის, დ. ლ-ის, ი. თ-ასა და შპს ს-ის" მიმართ ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით კომპანია კ-ის" სარჩელზე მოპასუხეებად ჩაბმული იქნენ ზ. ბ-ე და შპს ს-ი".
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე #2/7684-13 ნ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე. ამავე პალატის 2014 წლის 8 აპრილის საოქმო განჩინებით განახლდა სამოქალაქო საქმე #2/7684-13-ის წარმოება და კომპანია კ-ის" სარჩელზე ნ. მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ. მ-ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით კომპანია კ-ის" სარჩელზე გურამ მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მ. მ-ი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით კომპანია კ-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კომპანია კ-მა" და შპს „ს-მა".
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით შპს ს-ის" სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
9. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით, კომპანია კ-ის“ სარჩელზე მოპასუხეებად ჩართული იქნენ ზ. ბ-ე და შპს ს-ი“. ამასთან, აპელანტის - შპს ს-ის“ მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანია კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 364-ე მუხლის დანაწესი მოიაზრებს გასაჩივრების მსურველი მხარის იმ შესაძლებლობას, რომ ზემდგომ ინსტანციებში იდავოს მხოლოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მის მოთხოვნას ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი პირდაპირ მითითებას არ შეიცავს აღნიშნულზე, თუმცა, პალატის მოსაზრებით, ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის განსხვავებულად განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოპასუხეს კანონი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას არ ანიჭებს და ეს ბუნებრივია, რადგან გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ არ არის გამოტანილი.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა შპს ს-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „საქართველოს ენერგეტიკულმა ტექნოლოგიებმა" შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
13. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით საქმე ეხება იბა ს-ი“-ს წევრთა თ. ა-ას, ვ. ბ-ას და სხვათა მიმართ კრედიტორ კომპანია „კ-ის“ მიერ აღძრულ სარჩელს ამავე ამხანაგობის წევრის, მოვალე შპს „ს-ის“ კუთვნილი ქონების ამავე ამხანაგობაში არსებულ, მის საკუთრებად განსაზღვრულ ქონებაზე აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით მოვალის ქონებრივი უფლებების გადაცემის მოთხოვნას, რასაც სრულად უჭერს მხარს შპს ს-ი“, რადგან ჯერ ერთი, საუბარია კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელიც სავალდებულოა ყველასთვის, საკუთრივ კი შპს ს-ისათვის“, როგორც აღმასრულებლის კანონიერ ძალაში შესული განკარგულებით „დავალებულ პირად“ მიჩნეული ამხანაგობის წევრისთვის. ამასთან, შპს ს-ი“, ისევე როგორც სხვა მონაწილენი, წარმოადგენს ამავე კრედიტორისადმი ვალდებულს იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ მისგან იქნა მოძიებული ის ძირითადი ფულადი სახსრები, რითაც აშენდა ამხანაგობის კუთვნილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და მიღწეულ იქნა ერთობლივი საქმიანობის მთავარი მიზანი.
14. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მას როგორც სასამართლოს მიერ საქმეში ჩაბმულ პირს, აქვს შესაბამისი პოზიციის თავისუფალი გამოხატვის უფლება, თუნდაც ეს არ შეესაბამებოდეს ამხანაგობის დანარჩენი წევრების პოზიციას. ამრიგად, სასამართლოს დასკვნა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს და კოდექსის 364-ე მუხლის დანაწესს, რომლის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ მხარებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამრიგად, არ შეიძლება სასამართლომ შეზღუდოს პირის საპროცესო უფლებები და თავად განუსაზღვროს პროცესის მონაწილეს თავისივე კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივი საშუალებების მისივე შეხედულებით გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ს-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შპს ს-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შპს ს-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლითაც რეგულირებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. აღნიშნული ნორმის შინაარსობრივი და ლოგიკური განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ პირს შეუძლია სასამართლო წესით დაიცვას მხოლოდ საკუთარი კანონიერი ინტერესები და იდავოს თავისი უფლებების დარღვევის ფაქტზე.
20. ამდენად, მხარე უფლებამოსილია, სააპელაციო წესით გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მას არ შეუძლია სადავოდ გახადოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
21. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა კომპანია კ-მა“ ამხანაგობის ს-ი", ვ. ბ-ას, თ. ა-ას, გ. მ-ის, ნ. მ-ის, ა. მ-ის, თ. მ-ის, ვ. ფ-ის, რ. ლ-ის, ა. ლ-ის, დ. ლ-ის, ი. თ-ასა და შპს ს-ის" მიმართ და მოითხოვა მისთვის ქონების საკუთრებაში გადაცემა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 1-16).
22. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეზე მოპასუხეებად ჩართული იქნენ ზ. ბ-ე და შპს ს-ი“ (იხ. ტ.1. ს.ფ. 196-199).
23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით კომპანია კ-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
24. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კომპანია კ-ის" სარჩელი და შესაბამისად, საქმეში მოპასუხედ ჩართული შპს ს-ის“ მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილებით რაიმე ვალდებულება (უფლება ან მოვალეობა) არ დადგენილა, შპს ს-ი“ წარმოადგენს მოგებულ მხარეს.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრიოს ავტორის მოსაზრებას, რომ მას მიუხედავად მისი საპროცესო სტატუსისა, უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინაიდან იგი ეხებოდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებულ პირად ამა თუ იმ პრეტენზიის მქონე სუბიექტის მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ სუბიექტური ინტერესის არსებობა, ასეთ პირად მიიჩნევა მხოლოდ ის, ვის უფლება-მოვალეობებზეც გავლენას იქონიებს სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად შპს ს-ის" სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ს-ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე