№ ას-814-781-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ა’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს რ-ი’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის ნაწილში
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ე-ა’’ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს რ-ის’’ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ვალდებულების არარსებობის აღიარების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და, იმავდროულად, აღძრა შეგებებული სარჩელი ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ მიმართ საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-ის“ ფულადი ვალდებულების არარსებობა მოპასუხის წინაშე მოსარჩელესა და შპს ს-ას“ შორის (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს მოპასუხე) 2010 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №ქმს/10-001 იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2010 წლის ნოემბრის, 2011 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2012 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის (სულ 6144 ლარის) გადაუხდელობიდან გამომდინარე; აღიარებულ იქნა მოსარჩელის ფულადი ვალდებულების არარსებობა მოპასუხის წინაშე ზემოაღნიშნული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობიდან გამომდინარე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურების საფასურის - 2 400 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის - 55.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 55.55 ლარის, დოკუმენტების მომზადებისათვის გახარჯული ფურცლების ხარჯის - 5.55 ლარის, ქსეროასლების მომზადების ხარჯის - 5.55 ლარის, წარმომადგენლის მივლინებისა და კვებისათვის გათვალისწინებული ხარჯის - 5.55 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის კომერციული ბანკის სასარგებლოდ გადახდილი 1 ლარის დაკისრებაზე.
4. ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოსგარეშე ხარჯების დაუკმაყოფილებლობის ნაწილში საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი, ხოლო 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-ის“ ფულადი ვალდებულების არარსებობა მოპასუხის წინაშე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-სა“ და შპს ს-ას“ შორის ( უფლებამონაცვლე შპს „რ-ი“) 2010 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №ქმს/10-001 იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2010 წლის ნოემბრის, 2011 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2012 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის - 6144 ლარის გადაუხდელობიდან გამომდინარე; აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-ის“ ფულადი ვალდებულების არარსებობა ზემოაღნიშნული საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობიდან გამომდინარე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურების საფასურის - 2 400 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის - 55.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 55.55 ლარის, დოკუმენტების მომზადებისათვის გახარჯული ფურცლების ხარჯის - 5.55 ლარის, ქსეროასლების მომზადების ხარჯის - 5.55 ლარის, წარმომადგენლის მივლინებისა და კვებისათვის გათვალისწინებული ხარჯის - 5.55 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის კომერციული ბანკის სასარგებლოდ გადახდილი 1 ლარის დაკისრებაზე; შპს „რ-ის" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლო ხარჯების ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. მან ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის: (ა) 2010 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, (ბ) 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ, (გ) 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინება - 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და (დ) 2015 წლის 1 მაისის საოქმო განჩინება, რომლითაც საქმეზე მოსმენის დასრულების შემდგომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად სასამართლო სხდომა გადაიდო სხვა დროისთვის.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ სააპელაციო საჩივარი სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე, ასევე სააპელაციო საჩივარი სასამართლოს 2010 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე, 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებასა და 2015 წლის 1 მაისის საოქმო განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი; შპს რ-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ სარჩელი ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით გაუქმდა და განახლდა საქმის წარმოება. თუმცა საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით საქმეზე დადგა იგივე შედეგი - დაკმაყოფილდა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ სასარჩელო მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ასაჩივრებდა მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის სუბიექტებად მიიჩნევს სამართალწარმოების მხოლოდ იმ მხარეებს, რომელთა სამოქალაქო უფლებებსაც შეეხება გასაჩივრებული განჩინება. შესაბამისად, პირს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება (განჩინება) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მის წინააღმდეგაა გამოტანილი და სასამართლო აქტი უშუალოდ ზეგავლენას ახდენს მის უფლებებსა და მოვალეობებზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მსჯელობა ასევე შეესაბამებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (იხ. საქმე #ას-458-437-2015, 28 მაისი, 2015 წელი; საქმე #ას-1087-1037-2013, 3 ოქტომბერი, 2014 წელი).
12. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ე-ა’’ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
13. სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით მიიღო განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ვინაიდან არ არის დასაბუთებული თუ რატომ დატოვა იგი განუხილველად მაშინ, როდესაც წარმოებაში ჰქონდა მიღებული და არსებითად განიხილა და მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდგომ აღმოაჩინა, რომ არსებობდა ისეთი გარემოება, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდებოდა. ამ დარღვევამ შედეგად გამოიწვია სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხის არასწორად გადაწყვეტაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ დატოვა მისი საჩივარი განუხილველად წარმოებაში მიღების შემდეგ.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი სამართლებრივი ნორმებით. დასახელებული ნორმის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის X თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
18. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვის წესებს.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.
20. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას როგორც წარმოებაში მის მიღებამდე, ფორმალური დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას, ასევე წარმოებაში მისი მიღებისა და არსებითად განხილვის შემდგომ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები სასამართლომ წარმოებაში მისი მიღების შემდგომ გამოავლინა და ძირითად გადაწყვეტილებაში ასახა თავისი მსჯელობა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ საპროცესო უფლებამოსილების გამოყენებით სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები და საჩივრის დაუშვებლობის საფუძვლების გამოვლენის შემდგომ მართებულად დატოვა იგი განუხილველად.
21. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლითაც რეგულირებულია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. აღნიშნული ნორმის შინაარსობრივი და ლოგიკური განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ დაინტერესებულ პირს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, თუ იგი მის წინააღმდეგ არის მიღებული ან, რაიმე ფორმით მის კანონიერ ინტერესს შეეხება.
22. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრით ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად სადავოდ იყო გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს შუალედური განჩინება - საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინება, რომლითაც გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და განახლდა საქმის წარმოება. ამასთან, მართალია, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა მოპასუხის საჩივრის საფუძველზე, მაგრამ საქალაქო სასამართლოს ძირითადი გადაწყვეტილებით (2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით) საქმეზე დადგა იგივე შედეგი, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით იყო დამდგარი - დაკმაყოფილდა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ სარჩელი და აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-ის“ ფულადი ვალდებულების - 6 144 ლარის მოთხოვნის არარსებობა შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის“ წინაშე ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-სა“ და შპს ს-ას“ შორის (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს შპს „რ-ი“) 2010 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №ქმს/10-001 იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2010 წლის ნოემბრის, 2011 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2012 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობიდან გამომდინარე.; აღიარებულ იქნა ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-ის“ ფულადი ვალდებულების - ყოველდღიურად ზრდადი პირგასამტეხლოს მოთხოვნის არარსებობა შპს „რ-ის“ წინაშე, ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე-სა“ და შპს ს-ას“ შორის (რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს შპს „რ-ი“) 2010 წლის 1 თებერვალს გაფორმებული №ქმს/10-001 იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2010 წლის ნოემბრის, 2011 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2012 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს გადაუხდელობიდან გამომდინარე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით იურიდიული მომსახურების საფასურის - 2 400 ლარის, საფოსტო მომსახურების ხარჯის - 55.55 ლარის, სატრანსპორტო ხარჯის - 55.55 ლარის, დოკუმენტების მომზადებისათვის გახარჯული ფურცლების ხარჯის - 5.55 ლარის, ქსეროასლების მომზადების ხარჯის - 5.55 ლარის, წარმომადგენლის მივლინებისა და კვებისათვის გათვალისწინებული ხარჯის - 5.55 ლარის და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის კომერციული ბანკის სასარგებლოდ გადახდილი 1 ლარის დაკისრებაზე; შპს „რ-ის" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ასაჩივრებდა მის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
25.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ე-ის’’ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაუშვებლად ცნობის ნაწილში დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე