Facebook Twitter

საქმე №ას-835-801-2016 30 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ლ-ი (მოპასუხე)

მესამე პირი - წინარეხის ადმინისტრაციული ერთეული (გამგეობა)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, უფლების რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. ლ-ისა და მესამე პირის, წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის (გამგეობა) მიმართ ა. და მ. ლ-ების მემკვიდრედ ა. ლ-ის ცნობის, მემკვიდრეობით მიღებული სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარებისა და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მისი უფლების რეგისტრაციის დავალების თობაზე.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელე მ. გ-ი და მისი წარმომადგენლები, გ. ზ-ა და ვ. მ-ე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა მოსარჩელისთვის დაიწყო 2016 წლის 28 აპრილს და ამოიწურა იმავე წლის 11 მაისს. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს (2016 წლის 29 მარტს) აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებს გაგზავნის მოთხოვნით, თუმცა სასამართლო არ იყო ვალდებული მოსარჩელისთვის გაეგზავნა გადაწყვეტილება, არამედ თვითონ მხარეს ევალებოდა კანონით დადგენილ 20-დან 30 დღემდე ვადაში მიემართა სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, რაც მას არ გაუკეთებია. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2016 წლის 19 მაისს, რითაც, პალატის მოსაზრებით, დაირღვა საჩივრის წარდგენისთვის კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადა.

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექის 59-ე, 63-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. გ-ის წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლო სხდომა, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, წარიმართა მთელი რიგი საპროცესო დარღვევებით, ამასთან გაურკვევლად განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესიც.

9. საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი 2016 წლის 29 მარტიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან) 20 დღის შემდეგ სისტემატურად მიმართავდა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა. მან ასევე არაერთხელ სცადა მოსამართლის თანაშემწესთან ტელეფონით დაკავშირება, რაც შეუძლებელი აღმოჩნდა, კანცელარიის დახმარებით რამდენჯერმე დაუკავშირდა სასამართლო სხდომის მდივანს და სტაჟიორს, თუმცა გადაწყვეტილება ვერ ჩაიბარა, ვინაიდან სასამართლოს არ ჰქონდა მზად. ამრიგად, ვინაიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ მოხერხდა სასამართლოს მიზეზით, ხოლო სააპელაციო საჩივარი აპელანტმა წარადგინა მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, არ არსებობდა გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის წარმომადგენლის, ვ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

13. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

14. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

16. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელე მ. გ-ი და მისი ორი კანონიერი წარმომადგენელი - გ. ზ-ა და ვ. მ-ე (ტომი 1, ს.ფ. 165-172), რომელთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია 1 წლის ვადით გაცემული რწმუნებულებით (ტომი 1, ს.ფ. 16).

18. კერძო საჩივრის ავტორი, მ. გ-ის წარმომადგენელი ვ. მ-ე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გაურკვევლად განმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ იგი სისტემატურად მიმართავდა სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით, თუმცა სასამართლოს მიზეზით აღნიშნული გადაწყვეტილება მას არ გადასცემია.

19. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პირველ პრეტენზიას სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის არასწორად განმარტების თაობაზე და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გორის რაიონულ სასამართლოში მ. გ-ის ინტერესებს იცავდა მისი ორი წარმომადგენელი - ვ. მ-ე და გ. ზ-ა, რომლებიც მ. გ-ის მიერ მათ სახელზე გაცემული მინდობილობის შესაბამისად, უფლებამოსილნი იყვნენ მარწმუნებელის სახლით განეხორციელებინათ სასამართლოში საქმის წარმოებისათვის მხარისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საპროცესო უფლება-მოვალეობა, მათ შორის, გაესაჩივრებინათ სასამართლოს ნებისმიერი აქტი, წარედგინათ სააპელაციო და საკასაციო საჩივარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 16). აღნიშნული პირები, მ. გ-თან ერთად ესწრებოდნენ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 165-172).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობა რეგულირდება დავალების ხელშეკრულების ნორმებით, რომლებსაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. აღნიშნული კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს.

21. სამოქალაქო კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებული მოვალეა მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია დავალების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.

22. ადვოკატის საქმიანობა და კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა რეგულირდება, აგრეთვე, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ადვოკატის საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას სამოქალაქო სამართლის საქმეზე სასამართლოში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას.

23. იმავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოველისა, გულისხმობს ადვოკატის ვალდებულებას კლიენტის წინაშე მის მიერ ნაკისრ მოვალეობებს მოეკიდოს სათანადო გულისხმიერებით, კერძოდ, კლიენტის უფლებების დაცვისა და რეალიზებისათვის იზრუნოს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი მისი პროფესიის მქონე ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და იმოქმედოს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კლიენტისათვის.

24. კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას; ხოლო ადვიკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას, კომპენტენტურობას და დამოუკიდებლობას. ადვოკატმა არ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისდამი კლიენტის ნდობა. აღნიშნული თვისებები ადვოკატის პროფესიული ვალდებულებაა (იხ. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, მუხლი 3, დამტკიცებულია ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს, 2012 წლის 8 დეკემბრის ცვლილებებითა და დამატებებით).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს ჰყავდა ორი წარმომადგენელი, რომლებიც გაცემული მინდობილობის საფუძველზე სასამართლოში იცავდნენ მ. გ-ის ინტერესებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის - მოსარჩელის ერთ-ერთი წარმომადგენლის მითითება მის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის არასათანადოდ გაგების შესახებ სასამართლოს მხრიდან გაურკვევლად განმარტების გამო, უსაფუძვლოა და კლიენტის წინაშე ადვოკატის მიერ ნაკისრი მოვალეობების არასათანადოდ შესრულებას გულისხმობს, რადგან საპროცესო კანონმდებლობის სათანადო ცოდნა და კლიენტისათვის მისი უფლება-მოვალეობების განმარტება ადვოკატის პირდაპირ მოვალეობებს წარმოადგენს.

26. რაც შეეხება საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ იგი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20 დღის შემდეგ სისტემატურად ცხადდებოდა სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა სასამართლოს მიზეზით მას გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ასევე ვერ იქნება გაიზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ. აღნიშნული არგუმენტი სრულიად დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ მ. გ-მა ან მისმა წარმომადგენლებმა მიმართეს სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნით. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ასევე სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვადის დარღვევით მომზადების ფაქტი. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება აგრეთვე მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების 2016 წლის 8 მაისს ჩაბარების შესახებ. რაც შეეხება მოსამართლის თანაშემწესთან ან კანცელარიის თანამშრომელთან სატელეფონო ზარის (ზარების) განხორციელებას, რაც ასევე არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებებით, დადასტურების შემთხვევაშიც კი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებად. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს მხარის (რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი გასაჩივრების ვადის ათვლას იწყებს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

27. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში მხარეს ეს ვალდებულება არ განუხორციელებია და სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის დარღვევით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე