№ ას-859-825-2016 24 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ი-. +“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ა-იმ“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი +’’-ის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2. 2013 წლის 12 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 377 110 ლარის ღირებულების პროდუქცია (ასფალტო-ბეტონის ნაწარმი). მოპასუხემ თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, აანაზღაურა მიღებული საქონლის ღირებულება მხოლოდ 154 119.95 ლარით. ამასთან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით 2014 წლის 20 თებერვლიდან (მხარეთა მიერ შედარების აქტის შედგენის მომენტი), 2014 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით , რაც ჯამში შეადგენს 36 791 ლარს.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მას სადავოდ არ გაუხდია 2013 წლის 12 ნოემბერს მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტი და არც ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მას მიაწოდა 377 110 ლარის ღირებულების ასფალტო-ბეტონის ნაწარმი, თუმცა მოპასუხის განმარტებით, ის არ არის ვალდებული აანაზღაუროს მიწოდებული საქონლის ღირებულება სრულად, ვინაიდან საქონელი ნაკლის მქონეა (არ არის შესაბამისი ხარისხის). ამასთან, მოსარჩელის მიერ უხარისხო საქონლის მიწოდებით მას მიადგა ზიანი. კერძოდ, აღნიშნული ასფალტო-ბეტონის ნაწარმით მოპასუხეს მესამე პირის მიმართ უნდა შეესრულებინა გარკვეული სახის სამუშაო. მიწოდებული საქონლის ხარისხმა კი ასახვა ჰპოვა მის მიერ შესრულებელი სამუშაოს ხარისხზეც, რის გამოც შემკვეთმა უარი თქვა სამუშაოს მიღებაზე და მოპასუხეს მოსთხოვა პირგასამტეხლოს გადახდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ა-ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ,,ი +’’-ს შპს ,,ა-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 242 990 ლარის გადახდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. შპს ი-.+”-სა და შპს „ა-ის“ შორის 2013 წლის 12 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა ასფალტო-ბეტონის ნაწარმი: წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონი, მსხვილმარცვლოვანი ა/ბეტონი და ქვიშოვანი ა/ბეტონი; თავის მხრივ, შპს ი-. +“-ს უნდა აენაზღაურებინა მიღებული საქონლის ღირებულება.
9. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, წვრილმარცვლოვანი ა/ბეტონის ფასი ერთ ტონაზე (დღგ ჩათვლით) შეადგენდა 145 ლარს, მსხვილმარცვლოვანი ა/ბეტონის - 140 ლარს, ხოლო ქვიშოვანი ა/ბეტონის - 170 ლარს. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო საქონლის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში; ამასთან, საქონლის რაოდენობისა და მიწოდების შესახებ მხარეები წერილობით ან ზეპირსიტყვიერად უნდა შეთანხმებულიყვნენ წინასწარ, ერთი დღით ადრე.
10. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადების დარღვევისათვის გამყიდველს ენიჭებოდა უფლება მოეთხოვა, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით.
11. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს 377 110 ლარის ღირებულების ასფალტო-ბეტონის ნაწარმი, ხოლო მოპასუხემ აანაზღაურა მიღებული საქონლის ღირებულება 154 119.95 ლარის ოდენობით.
12. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) 2014 წლის 27 იანვრის №000399314 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ქ. მცხეთაში, ა-ის, რ-ის, ა-ის და ს-ოს ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ხარვეზები: საფარის ზედაპირი ხშირ შემთხვევაში ტალღოვანია, უმეტეს შემთხვევაში გადაბმის ადგილების (ე.წ სტიკები) ზედაპირი არ ემთხვევა ერთმანეთს, რამდენიმე ადგილას საფარის ზედაპირი განიცდის სეგრეგაციას, ერთ ადგილზე ფიქსირდება ბადისებრი ბზარები; აღნიშნულ ქუჩებზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ხარისხის პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-84-ისა და СниП 3.06.03-85-ის მოთხოვნებს.
13. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ქ. მცხეთაში ა-ის ქუჩაზე (№...-№... ბინებს შორის) დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-84-ისა და СниП 3.06.03-85-ის მოთხოვნებს; ქ. მცხეთაში ა-ის ქუჩაზე (№...-№... ბინებს შორის) დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან დატკეპნის ხარისხი და ფორიანობა ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-84-ისა და СниП 3.06.03-85-ის მოთხოვნებს; ქ. მცხეთაში, რ-ის ქუჩაზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ბიტუმის შემცველობა, დატკეპნის ხარისხი და ფორიანობა ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-84-ისა და СниП 3.06.03-85-ის მოთხოვნებს; ქ. მცხეთაში, რ-ის ქუჩაზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ბიტუმის შემცველობა, დატკეპნის ხარისხი და ფორიანობა ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-84-ისა და СниП 3.06.03-85-ის მოთხოვნებს; ქ. მცხეთა, ს-ოს ქუჩაზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ბიტუმის შემცველობა, დატკეპნის ხარისხი და ფორიანობა ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-84-ისა და СниП 3.06.03-85-ის მოთხოვნებს.
14. სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ექსპერტის დასკვნა შეეფასებინა სასამართლოს სხდომაზე მიწვეული ექსპერტის - ალექსი ბურდილაძის მოსაზრებებთან და განმარტებებთან ერთად. სასამართლომ წარდგენილი საექსპერტო დასკვნის, სხდომაზე მოწვეული ექსპერტის ჩვენებისა და მხარეთა ახსნა–განმარტებების შეფასების საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მიღებული საქონლის ღირებულების სრულად ანაზღაურებაზე მოპასუხის მხრიდან დასახელებული უარის თქმის საფუძველი - მოსარჩელის მიერ მიწოდებული ასფალტო-ბეტონის ნარევის უხარისხობა, არ დასტურდებოდა და დასკვნაში ასახული ნაკლოვანებები ძირითადად განპირობებული იყო მოპასუხის მიერ საკუთარი სამუშაოს არასათანადოდ შესრულებით.
15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში წარდგენილი შედარების აქტის შეფასებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ შედარების აქტი წარმოადგენდა ორივე მხარის მიერ შედგენილ დოკუმენტს, რომლითაც არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა მონაცემები დაზუსტდა და მოხდა მათი ურთიერთშეთანხმება; იგი ხელმოწერილი იყო უფლებამოსილი პირების მიერ.
16. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელზე 2014 წლის 11 თებერვალს გაგზავნილი წერილი წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად წარდგენილ პრეტენზიას.
17. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წერილით მოპასუხე ვერ ადასტურებდა სადავო ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მან პროდუქციის ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ამ ნაკლის შესახებ მოსარჩელეს დასაბუთებული პრეტენზია წარუდგინა . მითითებულ დოკუმენტში საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ მყიდველი ანაზღაურებდა იმ პროდუქციის ღირებულებას, რაც მის მიერ არ იყო დაწუნებული. აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, საჭიროებდა დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენას და მხარეთა შეთანხმებას პროდუქციის ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით.
18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 488-ე, 490-491-ე, 495-ე მუხლებით და მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მეწარმე ვალდებულია დაუყოვნებლივ თვითონ შეამოწმოს ნივთი, ან უზრუნველყოს მისი შემოწმება სიტუაციის შესაბამისად მაქსიმალურად მოკლე დროში. თუ მყიდველი ნაკლს აღმოაჩენს შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა და არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას (რეკლამაციას), მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.
19. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ხარისხზე მოპასუხის მიერ გამოთქმული პრეტენზიაც არ იყო დასაბუთებული და არ ემყარებოდა შესაბამის მტკიცებულებებს.
20. ამრიგად, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად შეთანხმებულ ვადაში ანაზღაურების თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების გადაუხდელი ნაწილის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მართებულად დააკმაყოფილა ნაწილობრივ (შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც შემდგომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია) და მართებულად დააკისრა მოპასუხეს 242 990 ლარის გადახდა.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
22. სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტის ჩვენება და მას მიანიჭა მეტი მნიშვნელობა, ვიდრე მის მიერვე სხვა ექსპერტთან ერთად ხელმოწერილ დასკვნას, რომლის დებულებებიც არსებითად განსხვავდება ექსპერტ ბურდილაძის ჩვენებაში ჩამოყალიბებული პასუხებისგან. კერძოდ, სასამართლომ მართებულად აღიქვა ექსპერტის ჩვენების ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ თითქოსდა ქ. მცხეთაში ა-ის, ს-ოს და ა-ის ქუჩებზე დაგებული ასფალტის ხარისხი უხარისხოდ დაგების გამო უმნიშვნელოდ არ შეესაბამებოდა სტანდარტს, ხოლო ასფალტო ბეტონის ნარევი კი ხარისხიანი იყო და ეს მაშინ, როდესაც დასკვნაში, რომელსაც ექსპერტი ბურდილაძეც აწერს ხელს, გარკვევით წერია, რომ ნარევი არ იყო ხარისხიანი ბიტუმის, ქვიშის და სხვა კომპონენტების არასათანადო შემცველობის გამო.
23. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე #ას-24-22-2013, რომლის თანახმად, უფლებრივად უხარისხო ნივთის გადაცემულად ჩათვლის დასადასტურებლად საკმარისია ორი პირობის არსებობა: მხარეებს შორის უნდა იყოს დადებული ხელშეკრულება და სახეზე უნდა იყოს ნაკლით გამოწვეული ზიანი. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ მოპასუხემ გამოასწორა ასფალტის საფარის ნაკლი, მან აყარა მოსარჩელის მიერ უხარისხო პროდუქციის მიწოდების გამო დაგებული ნაკლიანი ასფალტი და დააგო სხვა. რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარდგენას, კასატორის განცხადებით, მან ვერ შეძლო ამ მტკიცებულების წრადგენა, რადგან სასამართლომ დააყადაღა მოპასუხის ანგარიშები და გახადა იგი გადახდისუუნარო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-719-687-2016, 4 ნოემბერი, 2016 წელი; №ას-146-142-2016, 23 მარტი, 2016 წელი; №ას-640-608-2013, 26 ნოემბერი, 2013 წელი), სადაც განმარტებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის (ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ) არსი და მისი გამოყენების წინაპირობები.
29. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ი-.+“-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის გადახდა კასატორის გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30% - 2400 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ი-. +“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ შპს ი-. +“-ს (ს/კ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30% – 2 400 ლარის გადახდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე