Facebook Twitter

№ ას-859-825-2016 28 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს ი.+“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ,,ა-იმ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი +’’-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ა-ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ,,ი +’’-ს შპს ,,ა-ის’ სასარგებლოდ დაეკისრა 242 990 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ი +’’-მა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით შპს ,,ი +’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება.

6. 2016 წლის 28 ივნისს შპს „ა-იმ“ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით შპს „ა-ის“ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს ი.+“-ს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, კ-ოს ქ. #..., დაზუსტებული ფართობი 1110.00 კვ.მ.; ნაკვეთის წინა ნომერი: 8, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: #... გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა; ყადაღა დაედო ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს ი.+“-ის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს - 242 990 ლარის ფარგლებში.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადექვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

9. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, რომელზეც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადებას ითხოვს განმცხადებელი, წარმოადგენს აპელანტის (მოპასუხის) - შპს „ი+“-ის საკუთრებას.

10. პალატის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფასთან მიმართებაში განმცხადებლის კანონიერი ინტერესის დაცულობა მოითხოვს მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნებას, რისთვისაც საკმარისია უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ღონისძიების გამოყენება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ყადაღა გულისხმობს გაცილებით მეტი შეზღუდვების დადგენას მესაკუთრისათვის, რაც, თავის მხრივ, არ არის აუცილებელი განმცხადებლის (მოსარჩელის) კანონიერი ინტერესის დაცვის უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც განმცხადებლის კანონიერი ინტერესის დაცვა შესაძლებელია გაცილებით ნაკლები შეზღუდვის მქონე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, სააპელაციო პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია უფრო მკაცრი და უფრო მეტი შეზღუდვების მქონე უზრუნველყოფის ღონისძიების - უძრავ ქონებაზე ყადაღის გამოყენება.

11. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის მისი კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისა და დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, დაცული იქნებოდა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი და, მეორეს მხრივ, არ მოხდებოდა მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა. ამრიგად, აღნიშნული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფდა ორივე მხარის ინტერესის დაბალანსებას გონივრულობის ფარგლებში.

12. პალატამ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რიცხული უძრავი ქონება წარმოადგენს 1100.00 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზე საჯარო რეესტრის 2016 წლის 27 ივნისის მონაცემებით რეგისტრირებულია რამდენიმე იპოთეკა, ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ამავე ქონებაზე რეგისტრირებულია ყადაღა. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია დაკისრებული თანხის მოცულობის გათვალისწინებით შპს ი.+“-ის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადება.

13. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ი.+“-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

14. ორგანიზაციის უძრავ ქონებასა და ანგარიშებზე ყადაღის დადების გამო საწარმოს არ გააჩნია საბრუნავი საშუალებები, იგი ვერ იყენებს თანხებს და ფაქტობრივად გადახდისუუნაროა. საწარმოს შედგენილი აქვს წარმოების რეაბილიტაციის სრულყოფილი გეგმა და სურს ქონების გასხვისება, რაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურთან. ამ ღონისძიებით კი გადარჩება არა მარტო წარმოება, არამედ შედეგი მოსარჩელისთვისაც გაცილებით მომგებიანი იქნება (საკასაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც).

15. საჩივრის ავტორმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასევე მოითხოვა მოსალოდნელი ზარალის 300 000 ლარის გარანტიით უზრუნველყოფა სასამართლო დეპოზიტზე თანხის განთავსებით.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს ი.+“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

17. შპს ი.+“-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს ი.+“-მა, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ი.+“-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად (საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულია ამ მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს), სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

21.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

22.მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ა-ის’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს ,,ი +’’-ს შპს ,,ა-ის’ სასარგებლოდ დაეკისრა 242 990 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი შპს ,,ი +’’-ს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

23. მოცემულ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების კანონიერება.

24. კერძოდ, დადგენილია, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) შპს „ა-იმ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება იმ საფუძვლით, რომ საწარმოს გაუარესებული მატერიალური მდგომარეობა და მისი დამფუძნებლების მხრიდან შემოსავლების არამართლზომიერი ხარჯვა საბოლოოდ გამოიწვევდა შპს ი.+“-ის გადახდისუუნარობას და ამ გზით მხარე შეეცდებოდა თავი აერიდებინა ვალდებულების შესრულებისთვის, ამასთან, იგი გაასხვისებდა ქონებას, რაც შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის კანონიერი ინტერსის დაცულობისათვის საჭირო იყო უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის ღონისძიების გამოყენება. ამასთან, პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს შპს ი. +“-ის საბანკო ანგარიშებსა და ფულად სახსრებზე 242 990 ლარის ფარგლებში ყადაღის დადების გამოყენებას და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შესაძლოა გააძნელოს გადაწყვეტილების აღსრულება ან გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება შპს ი.+“-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა შპს „ა-ის“ სასარგებლოდ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამრიგად, ის მიზანი, რისთვისაც მოთხოვნილი იქნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების საშუალებების გამოყენება, შესრულდა - კანონიერ ძალაშია შესული აღსასრულებელი გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არსებობს ამ ღონისძიებების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

26. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მოთხოვნას მის მიმართ მიყენებული ზიანის უზრუნველყოფის გარანტიის შექმნის მიზნით მოსალოდნელი ზარალის, არანაკლებ 300 000 ლარის სასამართლო დეპოზიტზე განთავსების შესახებ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ზიანის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს და ასევე სახეზეა ზიანი, რომელიც მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიებით ადგება ან შეიძლება მიადგეს. სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ზიანის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში ზიანი მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება ხდება და მან უნდა ამტკიცოს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მისი უფლებები დაუშვებლად ილახება და ზიანი ადგება, ან გარდაუვალია მისთვის ზიანის მიყენება, რაც შპს „ი+“-მა ვერ განახორციელა. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეზე დასრულებულია წარმოება და კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ა-ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის 242 990 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს იმის ალბათობა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს.

27.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და შპს ი.+“-ის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ი.+“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე