საქმე №ას-720-688-2016 2 ნოემბერი, 2016 წელ
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ქ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტიელბა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. ქ-ას მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; უარი ეთქვა ნ. გ-ს 2012 წლის 20 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების იმდაგვარდ შეტანაზე, რომ სესხის ძირითადი თანხა შემცირდა 3000 აშშ დოლარის ოდენობით; დაკმაყოფილდა ნ. გ-ის მოთხოვნა პირგასამტეხლოს თანხის შემცირების ნაწილში ნაწილობრივ და 2012 წლის 20 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება იმდაგვარად, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებელ დღეზე 2011 წლის 20 სექტემბრიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულ შესრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ ან ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შევიდა ცვლილება ნოტარიუს სოსო მუმლაძის მიერ 2012 წლის 20 დეკემბერს გაცემულ #121345212 სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 0.05%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სააღსრულებო ფურცლის სხვა მონაცემები დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. გ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 560.625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2016 წლის 27 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. გ-მა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რის გამოც ვერ ახერხებს სახელმწიფი ბაჟის გადახდას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 560.625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 560.625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2016 წლის 13 ოქტომბერს (იხ.შეტყობინების აქტი ტ.II, ს.ფ.167).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის თაობაზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სახელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონის დანაწესებთან შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2016 წლის 13 ოქტომბერს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2016 წლის 14 ოქტომბერს და ამოიწურა 2016 წლის 18 ოქტომბერს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური