გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-11-კ-ს-03 26 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სარჩელის წარმოებაში მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ქუთაისის სასამართლოს 1995წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ეს სს «ი-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 13520 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით, 1996წ. 22 ოქტომბერს გაიმართა საჯარო ვაჭრობა, რის შედეგადაც ქუთაისში, ... მდებარე ა. ბ-ის სახლი ვალში წაიღო სს «ი-მა». 1996წ. 30 დეკემბერს ... მდებარე სახლი სს «ი-ისაგან» შეიძინა ქ. ქუთაისის მერიამ და სახლი აღირიცხა ქუთაისის მერიის ბალანსზე.
მიუხედავად არაერთი წერილობითი გაფრთხილებისა, ა. ბ-ე უარს აცხადებდა მერიის მიერ სს «ი-ისაგან» შეძენილი სახლის გამოთავისუფლებაზე. 2001წ. 9 ნოემბერს ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი აღძრა ა. ბ-ის მიმართ და სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოითხოვა ა. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან ქ. ქუთაისში, ... მდებარე სახლის გამოთხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა. ბ-ე, ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა სადავო სახლიდან, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს, ა. ბ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმეში მესამე პირად სს «ი-ის» იმ მოტივით ჩაბმის შესახებ, რომ სს «ი-ი» სადავო სახლის მესაკუთრე გახდა ა. ბ-ის მიერ 13520 აშშ დოლარის კრედიტის დაუფარავობის გამო ჩატარებული საჯარო ვაჭრობის შედეგად. სახლი მდებარეობს ბაგრატის ტაძრის ისტორიულ ზონაში, ამიტომ მისი შესყიდვით დაინტერესებული იყო ქუთაისის მერიაც და მოხდა მხარეთა ზეპირი შეთანხმება, რომ ქუთაისის მერია შეიძენდა სახლს, ა. ბ-ის ვალი დაიფარებოდა, ხოლო დარჩენილ თანხას - 8950 აშშ დოლარს «ი-ი» დაუბრუნებდა ა. ბ-ეს. ვინაიდან «ი-მა» არ შეასრულა შეთანხმება და ა. ბ-ეს არ დაუბრუნა სახლის ღირებულების დარჩენილი თანხა, ბ-ე უარს აცხადებდა სახლის გათავისუფლებაზე და არ ცნობდა მერიის სარჩელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ბ-ე მოითხოვდა საქმეში მესამე პირად სს «ი-ის» ჩაბმას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინებით ა. ბ-ის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად სს «ი-ის» ჩართვის შესახებ, უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინება გასაჩივრებულ იქნა ა. ბ-ის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 აგვისტოს განჩინებით, დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა ა. ბ-ის კერძო საჩივარი და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება, მე-3 პირად სს «ი-ის" ჩართვაზე უარის თქმის შესახებ, უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 11 ოქტომბრის განჩინებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებით 2002წ. 12 დეკემბერს საქმეში მე-3 პირად ჩაბმულ იქნა თ. ბ-ე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა სარჩელი ქ. ქუთაისის მერიისა და სკბ «ი-ის" მიმართ. სარჩელის საფუძველზე მე-3 პირმა მოითხოვა ქუთაისის მერიასა და სკბ «ი-ს" შორის 1996წ. 30 დეკემბერს დადებული გარიგების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლო სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო თ. ბ-ეს სარჩელი არ შეუტანია და მისი განხილვა არ მომხდარა პირველი ინსტანციის წესით, თ. ბ-ეს უარი უთხრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
მითითებულ განჩინებაზე თ. ბ-ის მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, სადაც კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ სასამართლომ სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიყენა სსკ-ს 373-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია I ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საოლქო სასამართლომ სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, რომლის თანახმადაც მე-3 პირი სარგებლობს მოსარჩელის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა ვალდებულება. სასამართლოს მიერ ასევე გამოყენებულ არ იქნა სსკ-ს 88-ე მუხლის მოთხოვნები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის განჩინებით, თ. ბ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამსად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ს 372-ე მუხილის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია I ინსტანციის საქმეთა განხილვისას, სსკ-ის 46-ე თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებულია საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს სსკ-ის 88-ე მუხლით დადგენილი ნორმებით, მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის დეფინაციას, რომლის შესაბამისადაც, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ მე-3 პირის სარჩელი წარმოებაში იქნეს მიღებული, კანონმდებელი ითხოვს ორი ძირითადი პირობის არსებობას. პირველი _ მესამე პირი დამოუკიდებელ მოთხოვნას უნდა აცხადებდეს სასამართლო განხილვაში არსებულ დავის საგანზე და მეორე _ სარჩელი მიმართული უნდა იყოს მოსარჩელის ან მოპასუხის წინააღმდეგ.
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დასტურდება, დავის საგანს წარმოადგენს ბინიდან გამოსახლება, ხოლო თ. ბ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა შეეხება არა კონკრეტულ დავის საგანს _ ბინიდან გამოსახლებას, არამედ ქ. ქუთაისის მერიასა და სკბ «ი-ს" შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობას, რომელიც მოცემულ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენს.
თ. ბ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა მიმართულია «ი-ისადმი", რომელიც განსახილველ საქმეში მხარედ არ ფიგურირებს. ამდენად, თ. ბ-ის სარჩელი არ აკმაყოფილებს სსკ-ის 88-ე მუხლის არც ერთ მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოში მისი განხილვა უნდა მოხდეს საქმეში წარმოდგენილი სარჩელისაგან დამოუკიდებლად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს ქუთაისის საოლქო სასამართლოს დასაბუთებას, რომ თ. ბ-ეს არსებითად სწორად ეთქვა უარი სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რისთვისაც საჭიროდ არ თვლის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
აქვე საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საქმის განსჯადობის საკითხს და მიუთითებს, რომ სასამართლოს მხრიდან ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული მოცემულ ეტაპზე, რამდენად განეკუთვნება განსახილველი დავა ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე და 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 იანვრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.