№ ას-880-847-2016 1 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ-ას მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. 2015 წლის 28 ოქტომბერს თ. გ-ამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული საქმის გადაწყვეტამდე.
5. რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებით (შემდგომში „2015 წლის 15 დეკემბრის განჩინება“) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება; თ. გ-ას განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინებით (შემდგომში „უსწორობის გასწორების განჩინება“) გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა; სასამართლოს შემადგენლობის წევრად, მოსამართლე მარინა იმერლიშვილის ნაცვლად, მიეთითა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. გ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უსწორობის გასწორების განჩინებით 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებიდან ამოიღო მოსამართლის ხელმოწერა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული უსწორობის გასწორების საპროცესო მექანიზმით დაუშვებელია. აღნიშნულს დაარქვა არა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან/და არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული ხელმოწერა, არამედ „არასწორი მითითება მოსამართლე მარინა იმერლიშვილზე“. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსამართლე მარინა იმერლიშვილის მაგივრად განჩინებაზე ხელი უნდა მოეწერა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და რომელიც არ აწერდა ხელს სადავო განჩინებას. ფაქტია, რომ უსწორობის გასწორების შედეგადაც მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ვეღარ მოაწერს ხელს იმ განჩინებას, რომელსაც უკვე მოაწერა ხელი არაუფლებამოსილმა მოსამართლე მარინა იმერლიშვილმა. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, უსწორობის გასწორება არ წარმოადგენს არსებული პრობლემის გადაჭრის ვარგის საშუალებას - გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორება არ შეიძლება გასცდეს ტექნიკურ და გამოთვლის დროს დაშვებულ შეცდომას. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ამგვარი განმარტება წარმოადგენს სამართლებრივი სტაბილურობისათვის საფრთხეს. მიუღებელია, რომ უსწორობის გასწორებამ მოიცვას იმ ტიპის ცვლილებები, რომლებიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციას და ეჭვს ბადებს მათი მიმღები პირების ლეგიტიმაციაში. სწორედ ამითაა განპირობებული ის გარემოება, რომ თუ საკითხი ეხება არსებით ცვლილებას, ასეთ პირობებში საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებულია განსხვავებული რეგულაციები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლში მკაცრად მოიაზრება ისეთი შესწორებები და დაზუსტებები, რომლებიც არ არის არსებითი ხასიათის და უკავშირდება მაგალითად, თარიღში, ტექნიკურ თუ გამოთვლის დროს დაშვებულ შეცდომებს და ა.შ.
10. 2016 წლის 28 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორმა უზენაეს სასამართლოში დამატებით წარმოადგინა „განცხადება საპროცესო აქტის ვალიდურობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“, რომელსაც თან დაურთო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინების მხარისათვის გადასაცემად დამოწმებული ასლი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით თ. გ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება, რომლითაც გასწორდა 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა და სასამართლოს შემადგენლობის წევრად, მოსამართლე მარინა იმერლიშვილის ნაცვლად, მიეთითა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი.
15. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემული სახის უსწორობა არ შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკურ შეცდომად, რომლის გასწორებაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო მექანიზმით. აღნიშნული მოსაზრება არსებითად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ როგორც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სხვა მოსამართლეებთან ერთად მიიღო მარინა იმერლიშვილის მონაწილეობით, რომელმაც ხელი მოაწერა საქმის განხილვის შედეგად მიღებულ საპროცესო აქტს.
16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტი არ დასტურდება, რადგან საქმეში არსებული სადავო საპროცესო აქტი, რომელიც მიღებულ იქნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე - 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინების დედანი - ხელმოწერილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამი მოსამართლის - სიმონ ჩხაიძის (თავმჯდომარე), ირმა პერანიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ და იგი არ შეიცავს მოსამართლე მარინა იმერლიშვილის ხელმოწერას (იხ. ტ.1, ს.ფ. 218), მიუხედავად იმისა, რომ განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმის განმხილველი შემადგენლობის ჩამონათვალში მოსამართლეებთან - სიმონ ჩხაიძესა და ირმა პერანიძესთან - ერთად მითითებულია მარინა იმერლიშვილი.
17. მოსამართლე მარინა იმერლიშვილის ხელმოწერას არ შეიცავს არც კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინების ასლი. იგი დამოწმებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბეჭდით, რომლის ქვეშ იკითხება ტექსტი „ასლი სწორია“ და მოსამართლის თანაშემწის ხელმოწრა (ქურასბედიანი) (იხ. ტ.2, ს.ფ. 138-143). აღნიშნული ასლი წარმოადგენს 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქმეში დაცული დედნის ზუსტ, ხელმოუწერელ ანალოგს, რომლის შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში, ისევე როგორც განჩინების დედანში, სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმის განმხილველი შემადგენლობის ჩამონათვალში სხვა მოსამართლეებთან ერთად მითითებულია მარინა იმერლიშვილი, თუმცა, კერძო საჩივრის ავტორის მითითების საპირისპიროდ, არც განჩინების დედანი და არც კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ასლი ხელმოწერილი არ არის მარინა იმერლიშვილის მიერ.
18. ამრიგად, საქმის მასალებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინება მიღებულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, კოლეგიურად და იგი ხელმოწერილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამი მოსამართლის - სიმონ ჩხაიძის (თავმჯდომარე), ირმა პერანიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ.
19. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სამი მოსამართლის შემადგენლობით (დიმიტრი გვრიტიშვილი (თავმჯდომარე), სიმონ ჩხაიძე, მურთაზ მეშველიანი), რომელთაგან ორი მოსამართლე - დიმიტრი გვრიტიშვილი და სიმონ ჩხაიძე - ასევე ხელს აწერს 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებას, საკუთარი ინიციატივით აღმოჩინა და გაასწორა ზემოხსენებულ განჩინებაში არსებული უსწორობა და მიუთითა, რომ განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში მოსამართლე მარინა იმერლიშვილის სახელის მითითება განპირობებული იყო ტექნიკური შეცდომით და 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებას ხელი მოაწერეს სწორედ იმ მოსამართლეებმა, რომლებიც კოლეგიურად მონაწილეობდნენ ამ განჩინების მიღებაში.
20. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც: (ა) არსებობს სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ ხელმოწერილი 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინება, რომლეთაგან ერთ-ერთი დიმიტრი გვრიტიშვილია, (ბ) აღნიშნული სამი მოსამართლიდან ორი (დიმიტრი გვრიტიშვილი და სიმონ ჩხაიძე) უსწორობის გასწორების განჩინებაში მიუთითებს, რომ სწორედ დიმიტრი გვრიტიშვილი მონაწილეობდა 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინების მიღებაში, (გ) არ დადასტურდა კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ განჩინების დედანს ან ასლს ხელს აწერს არა დიმიტრი გვრიტიშვილი, არამედ მარინა იმერლიშვილი და არც რაიმე სხვა გარემოებით დასტურდება საქმის განხილვაში მარინა იმერლიშვილის მონაწილეობა - საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საკმარისი საფუძველი დაადგინოს, რომ განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში მოსამართლე მარინა იმერლიშვილის სახელის მითითება არ წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას. კერძო საჩივრის ავტორმა შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ სწორედ მარინა იმერლიშვილი და არა დიმიტრი გვრიტიშვილი მონაწილეობდა საქმის განხილვასა და ზემოაღნიშნული განჩინების მიღებაში.
21. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს რომელიმე სხვა საფუძვლის არსებობაზე, რაც კონკრეტული მოსამართლის (დიმიტრი გვრიტიშვილის) მიერ განჩინების მიღებაში უკანონო მონაწილეობას დაადასტურებდა.
22. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავოდ ქცეული აქტით დავა არსებითად არ გადაწყვეტილა - აღნიშნული განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმების თაობაზე და საქმის წარმოება განახლდა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი 2015 წლის 15 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასასწორებლად. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
24. აღნიშნული განჩინება ასევე შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ ანალოგირ შემთხვევებზე დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ #ა-1222-ბ-10-2015, 10 სექტემბერი, 2015 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე