№ ას-912-878-2016 21 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს ტ-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ტ-ის" მიმართ ნასყიდობის საფასურის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ტ-მა".
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინებით შპს ტ-ის" სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოქალაქის სამუშაო ადგილზე გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს. მოცემულ ნორმაზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ე, ჩაიბარა რა მან შპს ტ-ის“ წარმომადგენლის, ე. პ-ის განკუთვნილი გზავნილი, უფლებამოსილი იყო ამგვარი მოქმედების განხორციელებაზე თვითონ მათ (თანამშრომლებს) შორისვე არსებული შეთანხმებით - ერთმანეთისთვის გადასაცემად ჩაიბარონ სასამართლო გზავნილები. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინება უშუალოდ ე. პ-ეს ჩაბარდა 2016 წლის 5 მაისს, ე. პ-ეს კი შპს ტ-ის“ სახელით მოქმედების უფლება მინიჭებული ჰქონდა ამავე საწარმოს დირექტორის, ზ. ს-ის მიერ გაცემული მინდობილობით. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის ათვლა შპს ტ-ისთვის“ დაიწყო 2016 წლის 6 მაისს (ანუ განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს) და დასრულდა 2016 წლის 10 მაისს, 24:00 საათზე. შესაბამისად, 2016 წლის 11 მაისს ფოსტაში ჩაშვებული განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
7. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აპელანტს სურდა საქმის წარმოების გაჭიანურება, რადგან ყველა შემთხვევაში, როცა იგი მიმართავდა სასამართლოს საპროცესო ვადის გასაგრძელებლად, განცხადებას ფოსტას აბარებდა საპროცესო ვადის ბოლო დღეს. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის შესვლიდან გასული იყო რამდენიმე თვე და ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, ამდენად, სასამართლოს არ ჰქონდა კანონიერი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაეგრძელებინა საპროცესო ვადა, მით უფრო, რომ არცერთ განცხადებას არ ერთვოდა მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ტ-მა" შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ტ-ის" კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შპს ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 720 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 186-188).
12. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში 2016 წლის 21 იანვარს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 (ათი) დღით გაგრძელება. ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზად კი მიუთითა მარწმუნებელთან დაკავშირების შეუძლებლობაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 191-192).
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 იანვრის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 10 (ათი) დღით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 194-196).
14. 2016 წლის 8 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში კვლავ წარადგინა შუამდგომლობა, რომელსაც დაურთო დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადავადება ან აღნიშნული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხარვეზის სრულად შევსების მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელება. ბაჟის დროულად გადაუხდელობის მიზეზად კი მიუთითა აპელანტის, შპს ტ-ის“ დირექტორის ოჯახის წევრის გარდაცვალებაზე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 201-212).
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა კიდევ 7 (შვიდი) დღით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 214-219), თუმცა არც ამ ვადაში შეუვსია მას დადგენილი ხარვეზი.
16. 2016 წლის 24 თებერვალს და 21 მარტს აპელანტმა კვლავ წარადგინა შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის გამო საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რაც ამავე წლის წლის 2 და 30 მარტის განჩინებებით დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 220-231).
17. 2016 წლის 16 მაისს შპს ტ-ის“ წარმომადგენელმა, ე. პ-ემ სასამართლოს მიმართა განცხადებით და განმარტა, რომ მის მარწმუნებელს, შპს ტ-ის“ დირექტორს ვერ უკავშირდებოდა და ვერ ახერხებდა დადგენილი ხარვეზის შევსებას. შესაბამისად, უარი განაცხადა წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე და მოითხოვა კომუნიკაციის უშუალოდ მხარესთან განხორციელება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 236-237).
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინებით ე. პ-ის განცხადება დარჩა განუხილველი; ამავე განჩინებით განუხილველი დარჩა შპს ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 239-240).
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა შპს ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონით განსაზღვრული საფუძველი.
20. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, უდავოა, რომ აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობისა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების საფუძვლად უთითებს მარწმუნებელთან, შპს ტ-ის“ დირექტორთან დაკავშირების შეუძლებლობაზე, ასევე დირექტორის ოჯახის წევრის გარდაცვალებაზე. მან ერთ-ერთი შუამდგომლობით ასევე მოითხოვა ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაც.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოუსწორებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი, რომლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა თხოვნით სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა.
22. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება. ამავე დროს, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას და სასამართლოს მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებას ითვალისწინებს მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე.
23. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია ასევე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების აუცილებლობა და იგი მხარის სარჩელის თუ საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ არსებით კომპონენტს წარმოადგენს. ამასთან, კანონითაა განსაზღვრული ცალკეულ შემთხვევებში საპროცესო მხარის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების, მისთვის დაკისრებული ბაჟის შემცირების ან გადავადების საფუძვლები, თუმცა აღნიშნული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
24. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გონივრული ვადით გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაშიც მხარემ გარკვეული მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ ხარვეზის დროულად შეუვსებლობის ობიექტური მიზეზები.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნას დაუსრულებლად. სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.
26. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა რა ხარვეზი, შემდეგ გონივრული ვადით არაერთხელ გაუგრძელდა აღნიშნული ვადა. კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არაერთხელ გაგრძელება წარმოადგენს არა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რითაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახება, არამედ პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ შპს ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 10 აგვისტოს და 2016 წლის მაისშიც კი არ იყო გადაწყვეტილი მისი ფორმალური დასაშვებობის საკითხი.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ მიიჩნია აპელანტის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის კიდევ ერთხელ გადავადების საფუძვლად და მართებულად დატოვა იგი განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ტ-ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე