№ ას-950-915-2016 21 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ზ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. რ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ზ-ის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით რ. გ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა სასამართლომ გაუგრძელა ორჯერ, თუმცა მას ხარვეზი არ შეუვსია. აპელანტმა მის მიერ მესამედ წარდგენილ განცხადებაში ბაჟის სრულად გადაუხდელობისა და ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა ოჯახის წევრის გარდაცვალება, თუმცა განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
6. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა განცხადებაში მითითებული გარემოება და მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის მესამედ გაგრძელების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩნება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტს ჩაბარდა 2016 წლის 12 აგვისტოს და მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადში ხარვეზი არ შეუვსია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ. გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მას არასოდეს დაუტოვებია უყურადღებოდ სასამართლოს განჩინებები, ხარვეზი ნაწილობრივ ორჯერ შეავსო და მოითხოვა დამატებითი დრო ხარვეზის სრულად შესავსებად, თუმცა მაშინ, როდესაც აპელანტს მზად ჰქონდა გადასახდელი თანხა და ელოდა განჩინებას საპროცსო ვადის გაგრძელების შესახებ, მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
10. საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი და უსაფუძვლოდ მოუსპო მხარეს ზემდგომი სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, რითაც ხელყო მისი კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი უფლება, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ფუძემდებლური პრინციპები.
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცენდენტული სამართლიდან შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა არ უნდა იყოს გადაჭარბებული და არაგონივრული, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
12. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მას შეეზღუდა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა 14 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 720 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (იხ. ტ.2, ს.ფ. 43-46).
16. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში 2016 წლის 18 ივნისს აპელანტ რ. გ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 7 დღით გაგრძელება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 49-50), რაც 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 7 დღით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 67-69).
17. 2016 წლის 18 ივლისს აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში კვლავ წარადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა ხარვეზის სრულად შევსების მიზნით საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება. ბაჟის დროულად გადაუხდელობის მიზეზად კი მიუთითა, რომ აპელანტს არ ჰქონდა აღებული ხელფასი და მძიმე ოჯახური მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას დადგენილ ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 72-73).
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით რ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა კიდევ 5 დღით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 75-77), თუმცა არც ამ ვადაში შეუვსია მას სრულად ხარვეზი. 2016 წლის 16 აგვისტოს რ. გ-ის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა 100 (ასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის კიდევ 4 (ოთხი) დღით გაგრძელების შესახებ. დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის მიზეზად კი მიუთითა აპელანტის ოჯახის წევრის გარდაცვალებაზე და აღნიშნა, რომ ამ გარემოებამ კიდევ უფრო დაამძიმა მისი მარწმუნებლის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 80-81).
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით რ. გ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა და რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 85-90).
20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა რ. გ-ის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და კიდევ ერთხელ უნდა გაეგრძელებინა აპელანტისთვის საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. თავად კერძო საჩივრის ავტორი საჩივარში მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან შემცირებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მხარის ქონებრივი მდგომარეობა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს.
23. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობას ასაბუთებს იმით, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალებით მისი ისედაც მძიმე ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, თუმცა აღნიშნული ფაქტების უტყუარად დადგენილად მიჩნევისათვის მას სასამართლოსთვის არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია აპელანტის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის კიდევ ერთხელ გადავადების საფუძვლად.
24. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნას დაუსრულებლად. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა რა ხარვეზი, შემდეგ გონივრული ვადით არაერთხელ გაუგრძელდა აღნიშნული ვადა. კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არაერთხელ გაგრძელება წარმოადგენს არა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რითაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახება, არამედ პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო, აპელანტისათვის კვლავ გაეგრძელებინა საპროცესო ვადა.
25. უსაფუძვლოა ასევე კერძო საჩივრის ავტორის განცხადება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.
26. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
28. ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.
29. თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.
30. საკასაციო პალატა ამ მიმართებით ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მოიცავს აპლიკანტის გადახდისუნარიანობას, ასევე განხილვის სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა (იხ. Kreuz v. Poland, 2011 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება, განაცხადი #28249/95, §60). უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის (Weissman and Others v. Romania, 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, განაცხადი #63945/00, §36; საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ, 2007 წლის 31 ივლისის დაწყვეტილება, განაცხადი #38736/04, §41).
31. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს მისი ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე