№ ას-955-920-2016 19 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ბ. დ-ი, შპს „ტ-ი", მ. ფ-ა, მ. ც-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს ’’ტ-ს’’ შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ შპს ,,ტ-ში” შეტანილი 621 426 ლარის გადახდა; შ. ბ-ეს უარი ეთქვა ამ ნაწილში 656 666 ლარის დაკისრებაზე, ასევე გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1.5 % სარგებელის დაკისრებაზე; შ. ბ-ეს უარი ეთქვა აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებულად აღიარებაზე უსაფუძვლობისა და იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო; შპს „ტ-ს’’ შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 621 426 ლარის გადახდის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 13 177.86 ლარის ოდენობით; ამ ნაწილში სხვა თანხების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ბ. დ-ს შპს ,,ტ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 682 123 ლარის ოდენობით; შ. ბ-ის სარჩელი ბ. დ-ისა და მ. ფ-ას მიმართ სოლიდარულად კომპენსაციის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ის სარჩელი მიუღებელი ხელფასის ნაწილში და ხელფასის დაყოვნებისათვის დარიცხული საპროცენტო სარგებელის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ის სარჩელი მიუღებელ ხელფასზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საურავის 0.07%-ის დარიცხვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ის სარჩელი აუდიტორიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 20 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ის სარჩელი შპს „ტ-ის’’ სასარგებლოდ ბ. დ-ის და მ. ფ-ას მიმართ 572 125.68 ლარის და მიუღებელი შემოსავლის ნაწილში (ა. ს-ის და დ. ჯ-ის ფართების იაფად რეალიზიით დამდგარი ზიანის ნაწილი) არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შ. ბ-ეს შპს „ტ-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების თანხის 73 873 ლარის გადახდა; შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ას და მ. ც-ის სარჩელი შ. ბ-ეზე საწარმოსთვის მიყენებული ზიანის (საგადასახადო ვალდებულების, შოთა მახარაძისათვის ქონების იაფად გასხვისების გამო, მოზიდული თანხების ბუღალტერიაში არ ასახვითა და უძრავი ქონების ნასყიდობის ფასების სხვაობის ნაწილში) ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შ. ბ-ეს, შპს ,,ტ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 257 108.21 ლარის გადახდა; შპს „ტ-ის,’’ ბ. დ-ის, მ. ფ-ას და მ. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა შ. ბ-ეზე მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტ-ის“ 2012 წლის 12 ოქტომბრის კრების ოქმი; შ. ბ-ეს დაეკისრა შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ას და მ. ც-ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარი; მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ შ. ბ-ისათვის მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5 000 ლარის ანაზღაურება.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. დ-მა, შპს „ტ-მა“, მ. ფ-ამ, მ. ც-ემ და შ. ბ-ემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. ბ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ტ-ისა“ და ბ. დ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და შ. ბ-ისათვის შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის სასარგებლოდ 5000 ლარის დაკისრების ნაწილში; შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ. ბ-ის სარჩელი შპს ტ-ისათვის შ. ბ-ის სასარგებლოდ თანხისა და სარგებლის დაკისრების, მიუღებელი ხელფასისა და მიუღებელ ხელფასზე პროცენტის დაკისრების, ბ. დ-ისათვის შპს ტ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრებისა და შპს ტ-ისათვის შ. ბ-ის სასარგებლოდ აუდიტორული მომსახურებისათვის გადახდილი 20 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში; გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შ. ბ-ეს უარი ეთქვა აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, 2008 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულებულად აღიარებაზე, გადახდის დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე და ბ. დ-ისა და მ. ფ-ას მიმართ შ. ბ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად კომპენსაციის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე, დარჩა უცვლელი; შ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა შპს „ტ-ს“ შ. ბ-ის სასარგებლოდ, დამატებით დაეკისრა სესხზე დარიცხული სარგებლის, 656 666 ლარისა და 2012 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 621 426 ლარის 1,5%-ის გადახდა; შპს „ტ-ს“ შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის, 22 500 ლარისა და 2009 წლის 1 ივნისიდან ამ თანხის გადახდამდე, ყოველდღიურად, 22 500 ლარის 0,07%-ის გადახდა; შპს „ტ-ს“ შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა; გარდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა ბ. დ-ს შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 838 542 ლარისა და 60 თეთრის გადახდა; შპს „ტ-ს“ და ბ. დ-ს შ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 5000 ლარის გადახდა; შპს „ტ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 ლარის გადახდა; ბ. დ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს ბ. დ-მა, შპს „ტ-მა“, მ. ფ-ამ და მ. ც-ემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ბ. დ-ის, შპს „ტ-ის“, მ. ფ-ასა და მ. ც-ის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს „ტ-ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დარჩა ძალაში; დანარჩენ ნაწილში გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება შ. ბ-ისა და ბ. დ-ის სააპელაციო საჩივრების გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ტ-მა“, ბ. დ-მა, მ. ფ-ამ და მ. ც-ემ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ას და მ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინება დარჩა უცვლელი.
8. 2016 წლის 13 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შ. ბ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შ. ბ-ის განცხადება, შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დარჩა განუხილველი; განემარტა შ. ბ-ეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით შეუძლია მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს; შ. ბ-ის განცხადება შპს ტ-ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით, 21-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი უნდა გასცეს იმ ორგანომ - სასამართლომ, რომელმაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სააღსრულებო ფურცლის გაცემა იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება არ გამოუტანია, დაუშვებელია.
11. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც, თავის მხრივ, არ დაკმაყოფილდა შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე.
12. ამის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელიც კრედიტორის, შ. ბ-ის სასარგებლოდ აღსრულებას დაექვემდებარებოდა. ამგვარი გადაწყვეტილება გამოიტანა ბათუმის საქალაქო სასამართლომ და სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ტ-ისათვის“ შ. ბ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე შევიდა კანონიერ ძალაში, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით.
13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი უნდა გასცეს აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ, ე.ი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
14. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186, 372-ე, 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შ. ბ-ის განცხადება შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო დაუშვებლობის გამო.
15. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. კრედიტორი კი არის ის, ვის სასარგებლოდაც მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
16. მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს „ტ-ისათვის“ თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში შ. ბ-ე შპს „ტ-ის“ კრედიტორი არ არის, ამიტომ, ამ ნაწილში, მისთვის სააღსრულებო ფურცლის გადაცემა დაუშვებელია. შესაბამისად, შპს „ტ-ისათვის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე შ. ბ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შ. ბ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
18. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მას 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, მაშინ, როდესაც 2014 წლის 17 ოქტომბრის #2ბ/-651-2014 საქმეზე მიღებული განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს უარი არის უკანონო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე მისი განცხადების განუხილველად დატოვებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებასაც განმცხადებელი მოითხოვდა, უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული და ამიტომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე უნდა გაეცა სააღსრულებო ფურცელი.
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ არგუმენტს და აღნიშნავს შემდეგს:
23. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ტ-ის“, ბ. დ-ის, მ. ფ-ასა და მ. ც-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც, თავის მხრივ, არ დაკმაყოფილდა შპს „ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაზე.
24. ამრიგად, შ. ბ-ის სასარგებლოდ აღსრულებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილება გამოიტანა არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლომ. სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. ბ-ის სარჩელი შპს „ტ-ისათვის“ მის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე და იგი როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ასევე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის საბოლოო განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა.
25. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი სააღსრულებო ფურცელს გასცემს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება გამოტანილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააღსრულებო ფურცელი შ. ბ-ის განაცხადებაზე უნდა გასცეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად შ. ბ-ის განცხადება დაუშვებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე