Facebook Twitter

№ ას-977-941-2016 21 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შ- გ-ე (ლ. ს-ას უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ამ.

5. 2016 წლის 29 ივნისს ლ. ს-ამ ფიზიკურ პირს შ- გ-ეს თ. მ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე დაუთმო მოთხოვნა, რაც მოიცავს მოპასუხისგან 3000 აშშ დოლარის და 2013 წლის 22 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - სესხის თანხის 0.3 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - დაკისრების მოთხოვნის უფლებას. ლ. ს-ამ, აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის ავტორად მოთხოვნის მიმღების დაშვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით #2ბ/1792-16 სამოქალაქო საქმეზე შ- გ-ე ცნობილ იქნა ლ. ს-ას უფლებამონაცვლედ. ამავე სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით შ- გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

8. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი შპს „თბილისის #13 პოლიკლინიკის“ სსე აქტის ამონაწერის (სერია #0249638) შესაბამისად, შ- გ-ეს შემოწმება ჩაუტარდა 2014 წლის 1 დეკემბერს და დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი 2016 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მორიგი გადამოწმების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 1 დეკემბერი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ცნობა არ ასახავდა შ- გ-ის ჯანმრთელობის აჟამინდელ მდგომარეობას და იგი მხედველობაში არ უნდა ყოფილიყო მიღებული.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2016 წლის 22 ივნისს, მისთვის ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო მომდევნო დღეს, 2016 წლის 23 ივნისს და ამოიწურა იმავე წლის 29 ივნისს. ამ ვადაში კი მას ხარვეზი არ შეუვსია. შესაბამისად, არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ- გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მიხედვით, გათვისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა მან წარუდგინა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ იგი არ მიიღო მხედველობაში. საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლოს შეეძლო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვა მხარისათვის, თუ არ აკმაყოფილებდა ცნობის შინაარსი ან უბრალოდ ბაზაში გადაემოწმებინა ინფორმაცია. ამის ნაცვლად მან პირდაპირ უარი უთხრა სააპელაციო საჩივრის მიღებაზე, რაც უკანონოა.

12. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საჩივარზე დართულ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობაზე და აღნიშნავს, რომ იგი არასდროს გამოჯანმრთელებულა და აღრიცხვაზე იმყოფება, როგორც სოციალური პაკეტის მიმღები შესაძლებლობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით და დანიშნული აქვს პენსია 2015 წლის 1 იანვრიდან, დღემდე ირიცხება სოციალური პაკეტის მიმღებად, ანუ მე-2 ჯგუფის ინვალიდად, რაც ათავისუფლებს მას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სასამართლოს დადგენილი ხარვეზი შევსებულად უნდა ჩაეთვალა და სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიეღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ- გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

15. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდა არის გამხდარი ლ. ს-ას უფლებამონაცვლე შ- გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. საჩივრის ავტორის განცხადებით, იგი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა და ხარვეზის შეუვსებლობის გამო დაუშვებლად მიიჩნია მისი სააპელაციო საჩივარი.

16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შესწავლის მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 440,96 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოსთვის წარდგენა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 3-5).

18. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში ცვლილების შეტანა და გადასახდელი თანხის 243.93 ლარით განსაზღვრა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 10), რაც არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა კიდევ 7 (შვიდი) დღით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 11-12).

19. ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში, 2016 წლის 29 ივნისს აპელანტმა ლ. ს-ამ სასამართლოს მიმართა განცხადებით, რომელსაც დაურთო დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, შ- გ-ისათვის მოთხოვნის დათმობის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, შპს „თბილისის #13 პოლიკლინიკის“ სსე აქტის ამონაწერი (სერია #0249638) შ- გ-ის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათვისუფლება (იხ. ტ. 2, ს.ფ. 14-28).

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით შ- გ-ე ცნობილ იქნა ლ. ს-ას უფლებამონაცვლედ, თუმცა ამავე პალატის 8 ივლისის განჩინებით შ- გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტში - შპს „თბილისის #13 პოლიკლინიკის“ სსე აქტის ამონაწერში მითითებული ჩანაწერი მორიგი გადამოწმების თარიღად 2015 წლის 1 დეკემბრის შესახებ საკმარისი იყო იმისათვის, რომ აღნიშნული ცნობა არ მიჩნეულიყო აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად.

22. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოუსწორებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი, რომლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა თხოვნით სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა.

23. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება. ამავე დროს, საპროცესო კანონმდებლობა უშვებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესაძლებლობას და სასამართლოს მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენებას ითვალისწინებს მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე (სსსკ-ის 368.7 მუხლი).

24. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია ასევე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების აუცილებლობა და იგი მხარის სარჩელის თუ საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ არსებით კომპონენტს წარმოადგენს. ამასთან, კანონითაა განსაზღვრული ცალკეულ შემთხვევებში მხარის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების, მისთვის დაკისრებული ბაჟის შემცირების ან გადავადების საფუძვლები. ასე მაგალითად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები ყველა სარჩელზე თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტ ლ. ს-ას უფლებამონაცვლემ, შ- გ-ემ სწორედ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. მან სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ იყო II ჯგუფის ინვალიდი და აღნიშნულის დასადასტურებლად განცხადებას დაურთო სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წლის 8 დეკემბერს გაცემული სსე აქტის ამონაწერი (სერია #0249638), რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ შ- გ-ეს დადგენილი აქვს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი. ამავე ცნობაში მითითებულია, რომ მორიგი გადამოწმების თარიღია 2015 წლის 1 დეკემბერი. თუმცა 2015 წლის 1 დეკემბრის შემდგომ სამედიცინო დაწესებულების მიერ რაიმე სახის დოკუმენტის გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

26. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული დოკუმენტის შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მასში გაკეთებული ჩანაწერი მორიგი სამედიცინო შემოწმების თარიღის განსაზღვრის შესახებ არ შეიძლება უპირობოდ აძლევდეს სასამართლოს შესაძლებლობას ცნობაში მითითებული პირი არ მიიჩნიოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ, ვინაიდან დოკუმენტში არსებული ინფორმაცია შ- გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცალსახად ამგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორმა მისი სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძვლად ინვალიდობაზე მიუთითა და აღნიშნულის დასადასტურებლად წარადგინა კიდეც სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, სააპელაციო სასამართლოს მისი ნამდვილობის დასადასტურებლად (შ- გ-ე სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვისაც ითვლებოდა თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად), მხარისათვის უნდა განესაზღვრა ვადა და მოეთხოვა განახლებული ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა, რაც საშუალებას მისცემდა მას კვალიფიციურად შეემოწმებინა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

27. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე დართულ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ 2016 წლის 6 ოქტომბერს გაცემულ ცნობაზე, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ შ- გ-ე იმყოფება აღრიცხვაზე თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრში, როგორც სოციალური პაკეტის მიმღები (შესაძლებლობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით) და დანიშნული აქვს ყოველთვიური გასაცემელი (პენსია) 2015 წლის 1 იანვრიდან. ამრიგად, აღნიშნული ცნობის შესაბამისად ცალსახაა, რომ შ- გ-ე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გათავისუფლებულია სასამართლოში წარდგენილ სარჩელზე/საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (ამ ცნობის საფუძველზე იგი ასევე გათავისუფლდა საკასაციო სასამართლოში წარდგენილ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან).

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმებისა და შ- გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ- გ-ის (ლ. ს-ას უფლებამონაცვლის) კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინება და საქმე შ- გ-ის (ლ. ს-ას უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე