Facebook Twitter

საქმე №ას-513-490-2016 21 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „მ-ო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ე, მ. ვ-ე, შ. ა-ე (მოპასუხე)

მესამე პირი _ რ. ქ-ე (დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „მ-ომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ქ-ის, მ. ვ-ისა და შ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან სოლიდარული თავდებები), ასევე, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის _ რ. ქ-ის (შემდგომში _ მემკვიდრე, მესამე პირი ან მსესხებლის უფლებამონაცვლე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 7 583,38 აშშ დოლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2013 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელესა და გ. ქ-ეს (შემდგომში _ მსესხებელი, მოვალე ან მამკვიდრებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 24 თვით და მსესხებელზე გაიცა 7 000 აშშ დოლარი. სესხი იყო სარგებლიანი, რომლის ოდენობაც სულ 2 183,56 აშშ დოლარს შეადგენდა და მსესხებელს იგი ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად უნდა დაებრუნებინა. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევაც, ჯამში შესასრულებელი ვალდებულება შეადგენდა 9 533,48 აშშ დოლარს. ვალდებულების დარღვევის გამო მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდაც. 2013 წლის 9 აგვისტოს მოპასუხეებთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სოლიდარულმა თავდებებმა იკისრეს, როგორც მთლიანი თანხის, ისე _ შესაძლო ჯარიმების გადახდის ვალდებულება. 2014 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა მსესხებელი, რის თაობაზეც გამსესხებელმა აცნობა სს „ს-ი-ს“ (შემდგომში _ მზღვეველი), თუმცა, სესხის ანაზღაურებაზე მას ეთქვა უარი იმ დასაბუთებით, რომ მსესხებელი დაზღვეული იყო მოსარჩელესა და მზღვეველს შორის 2013 წლის 15 თებერვალს გაფორმებული სიცოცხლის დაზღვევის #... ღია პოლისის საფუძველზე, რაც გარდაცვალების მიზეზისა და სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, მზღვეველს არ წარმოუშობდა ანაზღაურების ვალდებულებას. სოლიდარული თავდებები, მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა, ნებაყოფლობით არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას (ვრცლად იხ. სარჩელი).

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოვალის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მისმა მემკვიდრეებმა კრედიტორს წარუდგინეს გარდაცვალების მოწმობა, რაც დასტურდება სარჩელზე დართული სადაზღვევო კომპანიის წერილითაც. ხსენებული მტკიცებულებით დგინდება ის, რომ მოსარჩელისათვის ძირითადი მოვალის გარდაცვალების თაობაზე 2014 წლის 12 თებერვლამდეც იყო ცნობილი. სარჩელი სასამართლოში 2015 წლის 5 აგვისტოსაა აღძრული და მასში მითითებული არცერთი გარემოებით არ დასტურდება, რომ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში და წესით წარუდგინა კრედიტორმა მსესხებლის მემკვიდრეს მოთხოვნა. გარდა ამისა, მოსარჩელე თავად აღნიშნავს, რომ სესხი იყო დაზღვეული, რაც სადაზღვევო კომპანიას წარმოუშობდა მისი ანაზღაურების ვალდებულებას, დაზღვევის თანხას მსესხებელი იხდიდა ვალდებულებასა და სარგებელთან ერთად. სადაზღვევო კომპანიის წერილიდან ირკვევა ისიც, რომ ხელშეკრულება გაფორმებული იყო მოსარჩელესა და კომპანიას შორის, რომელსაც დაეთანხმა მსესხებელი, თავად შეთავაზება იყო ბუნდოვანი, რაც დაზღვეული პირის სასარგებლოდ უნდა განიმარტოს (იხ. შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით სოლიდარული თავდებების მიმართ გამსესხებლის მიერ აღძრული სარჩელის უსაფუძვლობას განაპირობებდა ის გარემოება, რომ მას, როგორც კრედიტორს, კანონით დადგენილ ვადაში პრეტენზია არ წარუდგენია გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრისათვის. პალატის მიერ დადგენილ ამ გარემოებას არ ეთანხმება კასატორი და პრეტენზიას გამოთქვამს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, როგორც მატერიალური სამართლის ნორმათა არასწორი გამოყენება-განმარტების, ისე _ საპროცესო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დარღვევის თაობაზე.

1.2. საკასაციო პრეტენზიათა არსებითობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

1.2.1. 2013 წლის 9 აგვისტოს მამკვიდრებელსა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და იგი მოსარჩელესა და სს „ს-ის“ შორის დადებული დაზღვევის პირობების შესაბამისად იყო დაზღვეული. სადაზღვევო პრემიას სესხის ძირ თანხასა და სარგებელთან ერთად ყოველთვიურად იხდიდა მსესხებელი;

1.2.2. 2013 წლის 9 აგვისტოს გამსესხებელსა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალის ვალდებულების სრულად შესრულება;

1.2.3. 2014 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა მსესხებელი, რომლის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრეც საქმეში მესამე პირად ჩაბმული რ. ქ-ეა. ამ უკანასკნელმა კი, დადგენილი წესითა და ვადაში მიიღო მამის სამკვიდრო;

1.2.4. მსესხებლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მისმა მემკვიდრეებმა გამსესხებელს წარუდგინეს გარდაცვალების მოწმობა, შესაბამისად, 2014 წლის 12 თებერვლამდე (სადაზღვევო კომპანიისათვის მიმართვამდე) კრედიტორისათვის ცნობილი იყო, როგორც მსესხებლის გარდაცვალების ფაქტი, ისე _ მისი მემკვიდრეების შესახებ;

1.2.5. დაზღვევის პირობების, მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისა და გარდაცვალების მიზეზის გათვალისწინებით, მზღვეველმა უარი განაცხადა სესხის ანაზღაურებაზე;

1.2.6. მოვალის მემკვიდრე მოსარჩელის მიერ არ არის გაფრთხილებული ვალდებულების შესრულების, ასევე, მისი შეუსრულებლობის გამო მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ;

1.2.7. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2015 წლის 5 აგვისტოს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება (სსსკ-ის 393-ე მუხლი).

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა იმ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც აპელანტს საჩივარში არ მიუთითებია. საკასაციო საჩივრის თანახმად, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მემკვიდრისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადა და სხვა საკითხები შედავებული იყო მოპასუხეთა შესაგებელში, რომლის თაობაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას, ხოლო მოპასუხეებს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლით რეგულირებულია სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმების ფარგლებთან დაკავშირებით და მისი პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემული ნორმის არსის გარკვევა შესაძლებელია მისი ამავე კოდექსის 380-ე მუხლთან ერთობლიობაში განმარტებით, რომელთა ანალიზის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს ე.წ შეზღუდული აპელაციის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში დაიშვება, თუკი მხარე სათანადოდ დაადასტურებს ამ მტკიცებულებათა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზის არსებობას. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს (შემოწმების ობიექტი), იგი ბუნებრივია, სააპელაციო პრეტენზიებს არ უნდა ცდებოდეს, თუმცა, მათი საფუძვლიანობის გამოკვლევა სწორედ სარჩელსა და შესაგებელში მოყვანილი ფაქტების ანალიზით ხორციელდება. ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა შესაგებელში მითითებულ რომელიმე საკითხზე, არ შეამოწმა მოპასუხის მიერ სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებად არჩეული საპროცესო შედავება, ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი შეუსწავლელობის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს. კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს შეეძლო გაესაჩივრებინა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი (დაუდგენელი) ცალკეული გარემოებები, ვერ იქნება გაზიარებული, ამასთან, მოცემული პრეტენზიის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები), შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. მართალია, კანონში არ არის პირდაპირი მითითება გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის გასაჩივრების უფლებაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა საწინააღმდეგოს არ ადგენს. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი). ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი. სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ №ას-710-1011-09, 7 სექტემბერი, 2009 წ.). ამდენად, კასატორის ზემოაღნიშნულ შედავებას, როგორც სამართლებრივად უსაფუძვლოს, უარყოფს საკასაციო პალატა.

1.5. დაუსაბუთებელია კასატორის პოზიცია ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან იმ ფაქტის არასწორად დადგენის თაობაზე, რომ მოვალის გარდაცვალების დამადასტურებელი მოწმობა კრედიტორს წარედგინა მისი მემკვიდრეების მხრიდან, რომელთაც მოსარჩელე დაპირდა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მსესხებლის პასუხისმგებლობის დაზღვევის გამო, მათ თანხის გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობოდათ. კასატორის განმარტებით, მან მსესხებლის მემკვიდრეებს აცნობა მხოლოდ ის, რომ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან სესხის დაფარვის შემთხვევაში, მათ პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრებოდათ, სხვა ვითარებაში, თანხის ამოღება მემკვიდრის ან სოლიდარული თავდებების მეშვეობით განხორციელდებოდა. მოხმობილი პრეტენზიის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლად საკასაციო პალატა მიიჩნევს იმას, რომ ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება, რომლის წარდგენის ვალდებულებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა მოსარჩელეს, საპირისპირო ვითარებაში კი, მხოლოდ ამ ფაქტზე საკასაციო საჩივარში მითითება ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული იმ პრეზუმფციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, რომლის თანახმადაც, მსესხებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა მის მემკვიდრეს სწორედ მზღვეველის მიერ ვალდებულების შესრულების მოლოდინს წარმოუშობდა. პალატა აქვე ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ განსახილველი დავის ფარგლებს სცდება სასამართლოს მსჯელობა სადაზღვევო კომპანიის მხრიდან სესხის დაფარვაზე უარის თქმის კანონიერების, ასევე, დაზღვევის ხელშეკრულების დებულებების ბუნდოვანების თაობაზე, თუმცა, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი სასამართლოს ამ ფაქტებზე დაყრდნობით არ განუცხადებია, იგი არ შეიძლება იმგვარ დარღვევად მივიჩნიოთ, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

1.6. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან მას და მსესხებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის, ნაცვლად სესხის ხელშეკრულებისა (სკ-ის 623-ე მუხლი), საბანკო კრედიტის (სკ-ის 867-ე მუხლი) ხელშეკრულებად არასწორად დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს მოსარჩელის უფლებადამდგენი სპეციალური კანონის _ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-4 მუხლების მოთხოვნები, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას: გარდაცვლილი მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება სოლიდარული თავდებებისაგან სწორად მოითხოვა კრედიტორმა? დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი, უნდა შეფასდეს სოლიდარული თავდებობისას თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობები და ის, თუ რა შემთხვევაშია კრედიტორის მოთხოვნა წარმატებული.

1.6.1. კასატორის/მოსარჩელის პოზიცია დასაბუთებულია იმგვარად, რომ მას და გარდაცვლილ მსესხებელს შორის არსებობს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება, რომლის ანაზღაურებაც მას შეუძლია პირდაპირ მოითხოვოს სოლიდარული თავდებებისაგან. მოსარჩელის ამ პოზიციის წინააღმდეგ მოპასუხეებმა არსებითი შედავება წარადგინეს, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, მოთხოვნის განხორციელება ფერხდება, კერძოდ, სოლიდარულ თავდებთა შესაგებლის თანახმად, კრედიტორს, რომლისთვისაც ცნობილი იყო, როგორც მოვალის გარდაცვალების, ისე _ მისი მემკვიდრის თაობაზე, კანონით დადგენილ ვადაში პრეტენზია არ წარუდგენია ვალდებული პირის უფლებამონაცვლისათვის.

1.6.2. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.3.-1.2.4. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით განმარტავს, რომ განსახილველ დავაში მესამე პირად ჩაბმული რ. ქ-ე, სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 1421-ე მუხლების საფუძველზე, წარმოადგენს მოვალის უფლებამონაცვლეს (უნივერსალური უფლებამონაცვლეობა), რომელმაც არა მხოლოდ მამკვიდრებლის დანაშთი აქტივი, არამედ, ამ აქტივის ფარგლებში პასივიც (ვალდებულებები) მემკვიდრეობით მიიღო, შესაბამისად, მან, როგორც უფლებების, ისე _ სამოქალაქო მოვალეობების ნაწილში ჩაანაცვლა მამკვიდრებელი. რაც შეეხებათ მოპასუხეებს, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა _ სოლიდარული თავდებობა, რაც ჩვეულებრივი თავდებობისაგან იმით განსხვავდება, რომ კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ვალდებულების შესრულება, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ამდენად, ამ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 891.1 და 895-ე მუხლები წარმოადგენს, ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 896-ე და 463-ე მუხლების ძალით, მოპასუხეები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია საკუთარი არჩევით შესრულება მოითხოვოს, როგორც ერთ-ერთი, ისე ყველა თავდებისაგან, როგორც მთლიანად, ისე _ ნაწილობრივ. მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება (სკ-ის 465-ე მუხლი). სოლიდარულ თავდებობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, რომ კანონი იცნობს თავდების უფლებადამცავ დანაწესებსაც, რომელთაგან, განსახილველ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები 899-ე მუხლი (თავდების უფლება შესაგებელზე). მოხმობილი ნორმის თანახმად, თავდებს ძირითადი მოვალის ყველა შესაგებლის წარდგენის უფლება გააჩნია მაშინც კი, თუ ძირითადი მოვალე უარს იტყვის შესაგებლის უფლებაზე, ამასთან, თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე.

1.6.3. როგორც უკვე აღინიშნა, სოლიდარულმა თავდებებმა კრედიტორის მოთხოვნის საპირისპიროდ, ისარგებლეს საპროცესო უფლებით და სარჩელის წინააღმდეგ წარადგინეს მატერიალურ-სამართლებრივი შესაგებელი, რომელშიც მიუთითეს, რომ კრედიტორმა არ დაიცვა სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის წინაპირობა _ მოვალის უფლებამონაცვლე ვადის გადაცილების გამო არ გააფრთხილა, გარდა ამისა, კრედიტორმა იმ დღიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, ექვსი თვის ვადაში მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო მიიღო, არ წარუდგინა მოთხოვნა (სკ-ის 1488-ე მუხლი), ამ წესის დაუცველობამ კი, გამოიწვია კრედიტორის მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვა. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის _ მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. სუსგ №ას-143-136-10, 7 ოქტომბერი, 2010 წ).

1.6.4. პალატა განმარტავს, რომ საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარდგენა შეიძლება განხორციელდეს, როგორც ზეპირად, ისე _ წერილობით, რის გამოც, იმის მიხედვით, თუ რა ფორმით იქნა წარდგენილი იგი, ფაქტის დამტკიცება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულებით, ამასთანავე, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან დაცულია სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის წინაპირობები, რაც დასტურდება მემკვიდრის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით: სადაზღვევო კომპანიისათვის მიმართვით, ასევე, მზღვეველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მესამე პირის ინფორმირებითა და სხვა გარემოებებით, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და საკასაციო სასამართლოს მხრიდან მათ შეფასებას გამორიცხავს. წარმოდგენილი სარჩელით, ასევე, საქმის მოსამზადებელი სტადიის დასრულებამდე მოსარჩელის მხრიდან მემკვიდრის გაფრთხილების ფაქტზე ფორმალური მითითებაც კი არ დასტურდება, არც საკასაციო საჩივარშია აღნიშნული ის მტკიცებულება, რომელიც ზემოხსენებულ გარემოებას დაადასტურებდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. აქვე საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარის არგუმენტს, რომლის თანახმადაც, თუკი სააპელაციო პალატა მიიჩნევდა, რომ მოსარჩელემ ძირითადი მოვალის მიმართ დაკარგა მოთხოვნის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 476-ე მუხლის შესაბამისად, სხვა სოლიდარული მოვალეების მიმართ მას ეს უფლება კვლავ გააჩნდა, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით თავდებობა აქცესორული უფლებაა, კერძოდ, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველობით კრედიტორმა დაკარგა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, რაც სოლიდარულ თავდებთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების აბსოლუტური საფუძველია.

1.7. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე და თვლის, რომ კასატორს არ მიუთითებია იმგვარ ფაქტებსა და გარემოებებზე, რაც ამ განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან წინამდებარე განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ-ოს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

პ. ქათამაძე