Facebook Twitter

საქმე №ას-578-553-2016 28 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ე-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის 52 ლარამდე, ხოლო იძულებითი განაცდურის _ 1 539 ლარამდე შემცირება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. ე-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ი-ს“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა დამსაქმებლის დირექტორის 2014 წლის 26 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის კომპენსაციის, არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების დაკისრება, დაკავებულ თანამდებობაზე (ბავშვთა ექიმ-სტომატოლოგი) აღდგენა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან (2014 წლის 29 ივნისიდან) 2015 წლის 4 მარტამდე იძულებითი განაცდურის _ 2 116 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 260 ლარის ანაზღაურება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კლინიკაში ბავშვთა ექიმ-სტომატოლოგად. შრომითი ურთიერთობის განმავლობაში დამსაქმებელის მხრიდან არც ერთი საყვედური ან დისციპლინური ზემოქმედების ზომა არ გამოყენებულა. ორგანიზაციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დასაქმებულთა მიმართ შეიცვალა დამოკიდებულება და ექიმებს მუდმივად თავის მართლება უწევდათ, თუმცა რაიმე გადაცდომა ვერ იქნა დაფიქსირებული. დამსაქმებლის გართულებული დამოკიდებულება განსაკუთრებით მოსარჩელის მიმართ შეიმჩნეოდა, რადგანაც ის იყო საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და ყველა კოლექტიური წერილი სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებაში იგზავნებოდა მისი სახელით. 2014 წლის 26 მაისს დასაქმებულმა წერილობით მოითხოვა კუთვნილი შვებულება, თუმცა დაწესებულების იმდროინდელ დირექტორს არ მიეცა რეზოლუციის დადების შესაძლებლობა, რაც შეეხება ამჟამინდელ ხელმძღვანელს, მან მოსარჩელისაგან ახალი განცხადების დაწერა მოითხოვა, რაც შესრულდა, რადგანაც მას შვებულება ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო ესაჭიროებოდა, თუმცა ამ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასაქმებულს მოუწია საავადმყოფო ფურცელზე გასვლა 2014 წლის 9 ივნისიდან 19 ივნისამდე, ხოლო 20 ივნისს ახალ ხელმძღვანელს სიტყვიერად განემარტა დასაქმებულის მხრიდან, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო, ესაჭიროებოდა კუთვნილი შვებულება, 23 ივნისს მოსარჩელემ მესამედ დაწერა განცხადება შვებულებაში გასვლის თაობაზე, რომელიც ორგანიზაციის კანცელარიაში დაიკარგა, ხოლო პირველ ივლისს მას გაუგზავნეს 26 ივნისით დათარიღებული შეტყობინება წინასწარი გაფრთხილების გარეშე შრომითი ურთიერთობის 2014 წლის 29 ივნისიდან შეწყვეტის შესახებ. დასაქმებულის კატეგორიული მოთხოვნით მას 2014 წლის 2 ივლისს ჩაბარდა გათავისუფლების ბრძანება, სადაც გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტია მითითებული (იხ. სარჩელი).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის დაცვით შეწყდა. 2014 წლის 26 ივნისს მოსარჩელეს პირადად ეცნობა 29 ივნისიდან გათავისუფლების შესახებ. ამ შეხვედრაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა ბრძანების ჩაბარებაზე, რის გამოც, შედგა შესაბამისი აქტი და გადაწყდა შეტყობინების კურიერის მეშვეობით გაგზავნა. სწორედ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოსარჩელის გათავისუფლების გამო, არ არსებობს დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრებისა და დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობაც, რაც შეეხება შვებულების ანაზღაურების მოთხოვნას, დაწესებულების რეორგანიზაციის გამო, 2014 წლის 4 მარტის შრომითი ხელშეკრულება იყო ვადიანი, რაც გამორიცხავს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც (იხ. შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2014 წლის 26 ივნისის #... ბრძანება თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა ბავშვთა სტომატოლოგის თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის _ 2 თვის შრომის, 2014 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 4 მარტამდე იძულებითი განაცდურის _ 2 116 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების _ 260 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 15.04.2016წ. სხდომის ოქმი).

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის თანამდებობდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2014 წლის 26 ივნისის #... ბრძანება და მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 4 მარტამდე იძულებითი განაცდურის _ 1 753 ლარის, ასევე, გამოუყენებელი შვებულების 214 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენასა და კომპენსაციის ანაზღაურებაზე, ამავე გადაწყვეტილებით აპელანტს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟიდან 88 ლარის ანაზღაურება.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის 52 ლარამდე, ხოლო იძულებითი განაცდურის _ 1 539 ლარამდე შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის შემდგომი ნაწილები გვთავაზობენ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, რომელთა შორისაა სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება და/ან არასწორი განმარტება, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების საპროცესო ნორმათა დარღვევით დადგენა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). საკასაციო პრეტენზიათა არსებითობის შემოწმებამდე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკასაციო მსჯელობის საგანსა და ფარგლებზე. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტებს, რომლებითაც მხარეთა შორის განაწილდა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი, ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება. ამ უკანასკნელ ნაწილში საკასაციო განაცხადი ფორმირებულია შემდეგი სახით: დაკისრებული იძრულებითი განაცდური _ 1 753 ლარი შემცირდეს 1 539 ლარამდე, ხოლო თავად საკასაციო საჩივრის შინაარსობრივი კვლევით დასტურდება, რომ დავის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიმართ მხარე პრეტენზიას გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრებისა და არა იძულებითი განაცდურის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში გამოთქვამს, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 და 409-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც სწორედ გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების კანონიერება იქნება.

1.2. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად დასაშვები შედავება იქნა წარმოდგენილი კასატორის მხრიდან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი, წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. მოსარჩელესთან 2014 წლის 5 მარტს დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა ერთ წელს;

1.2.2. დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდა 2014 წლის 29 ივნისიდან. გათავისუფლების შესახებ ბრძანება იყო უკანონო, რაც მისი ბათილობის წინაპირობად იქნა მიჩნეული ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან. ბრძანების ბათილობა დამსაქმებელს სააპელაციო სასამართლოში სადავო აღარ გაუხდია და ამ ნაწილში მან შეამცირა სააპელაციო მოთხოვნა, თუმცა, სამუშაოზე დასაქმებულის აღდგენას გამორიცხავდა ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დროისათვის გასული იყო შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა (იხ. მხარეთა განმარტებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.04.2016წ. სხდომის ოქმი);

1.2.3. დასაქმებულის იძულებითი მოცდენის პერიოდი გაგრძელდა 2014 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 4 მარტამდე;

1.2.4. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 214 ლარს, მხარეთა განმარტებით კი, იძულებითი მოცდენის პერიოდში მიუღებელი შემოსავალი _ განაცდური (29.06.2014წ.-04.03.2015წ.) შეადგენდა 1 753 ლარს;

1.2.5. დასაქმებულს კუთვნილი ერთთვიანი ანაზღაურებადი შვებულების უფლებით არ უსარგებლია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ ზემოაღნიშნულ გარემოებებს საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებისათვის სავალდებულო ძალა გააჩნია, რამდენადაც კასატორს ამ გარემოებათა თაობაზე დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს დამსაქმებილს პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის მისთვის არაწორად დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, საფუძვლიანია კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებების პირობებში დამსაქმებლისათვის იძულებითი მოცდენის პერიოდის შრომის ანაზღაურების სრულად დაკისრება გამორიცხავს დამატებით გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციას, რამდენადაც დაკისრებული თანხა მოიცავდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრულ ანაზღაურებას და დამატებით მე-13 თვის ანაზღუარებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა.

1.5. საკასაციო პალატა მოიხმობს სადავო საკითხის მარეგულირებელ ნორმას _ შრომის კოდექსის 21-ე მუხლს, რომელიც ადგენს დასაქმებულის უფლებას, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 კალენდარული დღით (21.1. მუხლი). შეიძლება ითქვას, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს დასაქმებულის სოციალურ უფლებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლების _ შვებულებით სარგებლობის მინიმალურ სტანდარტს, რამდენადაც ამავე ნორმის მე-3 ნაწილით რეგლამეტირებულია შრომითი ხელშეკრულებით შვებულებით სარგებლობის განსხვავებულ ვადაზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობა იმ პირობით, რომ ეს შეთანხმება არ გააუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. კანონის ეს უკანასკნელი დანაწესი ნაკარნახევია ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილის გენერალური დათქმიდან, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

1.6. შვებულების, როგორც დასაქმებულის სოციალური უფლების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, შრომით კანონმდებლობაში აღიარებულია, ასევე, დასაქმებულის შესაძლებლობა, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია, თუმცა, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სახეზე უნდა იყოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობები, რის შესახებაც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.

1.7. ანაზღაურებადი შვებულების უფლების არსის გასარკვევად პალატა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, განიმარტოს ამ უფლების შინაარსი: შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით შემოთავაზებულია შრომითი ურთიერთობის განსაზღვრება, კერძოდ, ეს არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რის გამოც მას ეძლევა ხელფასი, ანუ შრომის ანაზღაურება პირს სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ მიეცემა. შრომის სამართალი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეჩერების ინსტიტუტს და შრომის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია შრომითი ურთიერთობის შეჩერების ამომწურავი ჩამონათვალი, რომელთა შორისაცაა ანაზღაურებადი შვებულება (შკ-ის 36.2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი). შრომითი ურთიერთობის შეჩერებასთან მიმართებით მოხმობილი ნორმა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ (სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა) და „მ“ (ანაზღაურებადი შვებულება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (36.4 მუხლი). სწორედ შრომის ანაზღაურების ოდენობას უკავშირებს კანონმდებელი შვებულების თანხას და იგი განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით (შკ-ის 26-ე მუხლი), ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს შრომის სამართლით გარანტირებულ და საგამონაკლისო შემთხვევას, როდესაც დასაქმებული არ ასრულებს სამუშაოს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მას ეძლევა შრომის ანაზღაურება, შესაბამისად, გამოუყენებელი შვებულების საკითხი, თუ ხელშეკრულება სხვა დამატებითი მატერიალური სიკეთით დასაქმებულის სარგებლობას არ ითვალისწინებს (მაგალითად ე.წ მეცამეტე ხელფასის ანაზღაურება), მოიცავს კალენდარული წლის (იხ. სკ-ის 126.1 მუხლი) განმავლობაში დასაქმებულის შესაძლებლობას, ისარგებლოს დასვენების უფლებით, თუმცა, სრულად მიიღოს ამ პერიოდის შრომის ანაზღუარება (იხ. შკ-ის 22.1 მუხლი, დასაქმებულის უფლება, მოითხოვოს შვებულება).

1.8. საკასაციო პალატა მიუბრუნდება მთავარ საკითხს _ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების კომპენსაციის უფლებას, რასაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი არეგულირებს. მითითებული ნორმის თანახმად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), „ვ“–„თ“ (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) და „ო“ (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით (დამსაქმებლის მიზეზით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

1.8.1. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც მხარეებს მიუთითებიათ და არც ქვემდგომ სასამართლოებს დაუდგენიათ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან დადებული 1-წლიანი შრომითი ხელშეკრულება, გარდა კანონით გარანტირებული შრომის ანაზღაურებისა, დამატებითი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას აძლევდა დასაქმებულს, ამასთანავე, უდავოა, რომ გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ცალმხრივი ნება იყო კანონსაწინააღმდეგო (სკ-ის 54-ე მუხლი), რასაც ხელშეკრულების დარჩენილი ვადის განმავლობაში დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა _ განაცდურის მიღება მოჰყვა შედეგად (შკ-ის 32-ე და სკ-ის 411-ე მუხლები). ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების ბათილად ცნობით გამოწვეული პირის უფლებრივი რესტიტუცია, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იწვევს იმ მდგომარეობის აღდგენას, რაც ხელშეკრულების უსაფუძვლოდ მოშლის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა. თავად რესტიტუციის სამართლებრივი არსი გამორიცხავს დამსაქმებლისათვის იმაზე მეტი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, ვიდრე ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გვექნებოდა სახეზე, რაც არსებითად განსხვავდება იმგვარი ვითარებისაგან, როდესაც პირი, რომელსაც ანაზღაურებადი შვებულების უფლება ჰქონდა მოპოვებული და სრულად ან ნაწილობრივ არ უსარგებლია ამ უფლებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება დამსაქმებლის მიზეზით და სადავოდ არ გახდის გათავისუფლების მართლზომიერებას.

1.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც მტკიცებულებათა შეფასება, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამატებით დადგენა თუ საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების სხვა წინაპირობები არ იკვეთება, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის ნაწილობერივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ეთანხმება კასატორის პოზიციას სააპელაციო პალატის მხრიდან სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის არასწორად განაწილების თაობაზე და არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის შესახებ, რომ მან დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნის მხოლოდ 9%, რის გამოც მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 100 ლარი სრულად უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს, ხოლო სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 150 ლარიდან დასაქმებულს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 12 ლარის გადახდა. მიუხედავად ამ საკითხზე მხარის მიერ დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენისა, პალატა განმარტავს, რომ სასამართლო ხარჯების განაწილება, საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს და იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით რეგულირდება, რომლის თანახმადაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

2.2. პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 100 ლარი, მოპასუხის მიერ კი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო _ 450 ლარი (150+300). საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ურთიერთგადასაცემი თანხა უნდა გაიქვითოს და საბოლოოდ მოსარჩელეს კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 114,5 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ს-ი-ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. მ. ე-ას სარჩელი შპს „ს-ი-ს“ მიმართ გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. მ. ე-ას (პ/#...) შპს „ს-ი-ს“ (ს/#...) სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის სახით დაეკისროს 114,5 ლარის გადახდა.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე