საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-123-119-2016 28 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ი“ (მოპასუხე)
მეორე კასატორი - შპს „ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს და ბაჟის დაკისრების ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „მ-ას“ (შემდეგში: გამქირავებელი) და შპს „ჯ-ს“ (შემდეგში: დამქირავებელი, მოპასუხე, საწარმო ან მეორე კასატორი) შორის, 2010 წლის 6 აგვისტოს, გაფორმდა ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც გამქირავებელმა საწარმოს 3 წლით მიაქირავა უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობის მეხუთე სართული და სახურავზე საკომუნიკაციო აპარატურის განსათავსებლად არასაცხოვრებელი ფართი მდებარე: ქ. თბილისში, გ-ის ქ. №15.
2. ხელშეკრულების 2.1პუნქტით ქირა განისაზღვრა თვეში 1500 (ათას ხუთასი) ლარით დღგ-ს გარეშე, რაც, 2.2 პუნქტის თანახმად, დამქირავებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (მხარეთა ხელმოწერის დღიდან - იხ. ხელშეკრულების 7.1. პუნქტი) ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილია მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამქირავებელი წერილობითი გაფრთხილების საფუძველზე, დარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის დაწესების პარალელურად, ჯარიმდება გადასახდელი თანხის 0.1%-ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 581-ე, 531-ე მუხლები; იხ. ტ. 1, ს.ფ. 16-20).
3. იმავე ხელშეკრულების 7.6. პუნქტით განსაკუთრებული პირობა შეთანხმდა, რომლის მიხედვით, ქ.თბილისის მთავრობის მიერ გამქირავებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან გაქირავებული უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში, აღნიშნული ეცნობება დამქირავებელს (საწარმოს) და ეს გარემოება წარმოადგენს ხელშეკრულების მოშლის უპირობო საფუძველს.
4. ხელშეკრულების 9.1. პუნქტით მესაკუთრის მიერ ქონების მესამე პირზე გასხვისების/გადაცემის შემთხვევაში, შემძენი/უფლებამონაცვლე დაიკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადავა ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.
5.ქირავნობის ურთიერთობაში, 2011 წლის 17 ივნისიდან, ქ.თბილისის მერია (შემდეგში: მოსარჩელე, მერია, აპელანტი ან პირველი კასატორი) გახდა გამქირავებლის უფლებამონაცვლე (სსკ-ის 572-ე მუხლი; ტ. 1, ს.ფ. 22, 26).
6. მერიამ 2013 წლის 19 აგვისტოს აცნობა საწარმოს, რომ 2011 წლის 17 ივნისიდან ქონება ამოღებული იქნა გამქირავებლის კაპიტალიდან და ახალ მესაკუთრეს გადაეცა (იხ. ტ.1, ს.ფ. 24, ასევე, ამ განჩინების პირველი და მე-5 პუნქტები).
7. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გასვლით - 2013 წლის 6 აგვისტოს.
8. მერიამ, 2014 წლის 30 ივლისს სარჩელი აღძრა დამქირავებლის წინააღმდეგ და მოითხოვა გადაუხდელი ქირის - 40 500 ლარის, პირგასამტეხლოს 16 888.50 ლარისა და 2013 წლის 6 აგვისტოდან გადახდამდე დარიცხული ქირის (40 500 ლარი) გადასახდელი თანხის 0.1%-ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9. მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, სარჩელი ნაწილობრივ ცნო ქირის მოთხოვნის - 37 500 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ ივნისის თვის ქირა- 1000 ლარი ანაზღაურებული იყო. დამქირავებელი არ დაეთანხმა მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ საწარმოს არ ჰქონდა მისი გადახდის ვალდებულება (იხ. საქალაქო სასამაართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 104).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის, სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა გადაუხდელი ქირის 37 500 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს - 1 500 ლარის გადახდა; სარჩელი არ დაკმაყოფილდა ქირის სახით - 1 000 ლარის, პირგასამტეხლოს - 13 804 ლარისა და 2013 წლის 6 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ქირის - 38 500 ლარის 0.1.%-ის მოთხოვნის ნაწილში. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 541-ე, 559-ე, 572-ე, მე-6, 417-418-ე, 420-ე მუხლები.
11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ის ფაქტიც, რომ # 5551 საგადახდო დავალების (იხ. ტ. 1, ს.ფ. 71) მიხედვით, დამქოირავებლის მიერ ქირა ანაზღაურებულია 2011 წლის ივნისის თვის ჩათვლით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე არ იყო ინფორმირებული მესაკუთრის ცვლილების შესახებ, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი ქირა უნდა მიჩნეულიყო მართებულად გადახდილად.
12. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხელშეკრულების საგნის მესაკუთრე სუბიექტის შეცვლის შესახებ დამქირავებელს არ ეცნობა (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი), მაგრამ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლოა დადგინდეს არა მხოლოდ წერილობითი აქტით, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივი შეწყვეტის მომენტით.
13. სასამართლომ მიუთითა, მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირითადი თანხის - 37 500 ლარის ნაწილში (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი) და მას უნდა დაჰკისრებოდა აღნიშნული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, მე-3 მუხლი).
14. სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყდა ქირავნობის ურთიერთობის დასრულებისას, 2013 წლის 6 აგვისტოს, როდესაც დამქირავებელმა გამოათავისუფლა დაქირავებული ფართი, ხოლო ივნისის თვის ჩათვლით მოპასუხეს ქირა გადახდილი აქვს, შესაბამისად, არ არსებობდა, ამ უკანასკნელისათვის, ქირის სახით, სარჩელით მოთხოვნილი 1000 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
15. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება სასამართლომ განმარტა, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის, ასევე კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო თავის თავში მოიცავს, როგორც პრევენციას, ასევე ზიანს. ამავდროულად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე.
16. სასამართლომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირა 1500 ლარამდე და აღნიშნა, რომ 2013 წლის 6 აგვისტოდან ქირის გადახდამდე, მოპასუხისათვის, ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ქირის 0.1% -ის დაკისრება იმავე მიზანს ემსახურება, რასაც პირგასამტეხლო 2013 წლის 6 აგვისტომდე - ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, კერძოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
17. მოსარჩელემ სააპელაციო წესით მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება უარყოფილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე მითითებით:
17.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რამაც გავლენა იქონია ნაწილობრივ არასწორი და უკანონო გადაწყვეტილების მიღებაზე;
17.2. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) შესაბამისად, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მხარეს ეკისრება გადასახდელი თანხის 0.1%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვინაიდან მოპასუხე არასათანადოდ ასრულებდა ფინანსურ ვალდებულებებს, კერძოდ, დადგენილ ვადაში არ იხდიდა საიჯარო ქირას, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო - 15 304 ლარი, ასევე, 2013 წლის 6 აგვისტოდან დარიცხული ქირის - 38 500 ლარის გადახდამდე გადასახდელი თანხის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 38.5 ლარს;
17.3. დაუსაბუთებელია სასამართლოსეული განმარტება, პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი და არ დაასაბუთა მისი გამოყენების მიზანშეწონილობა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამატეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალდებულების დამრღვევს დაეკისრებოდა ქირის 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხისათვის ცნობილი იყო ქირის საფასური და მისი გადაუხდელობის გამო განსაზღვრული პირგასამტეხლო. შესაბამისად, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, განესაზღვრა ქირის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც გულისხმობს, რომ მხარეს გათვითცნობიერებული ჰქონდა მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღევისას;
17.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0.1% რამდენი პროცენტით უნდა შემცირდეს. 2010 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებით განსაზღვრულია მზარდი პირგასამტეხლოს ფორმა (საურავი) და არა ფიქსირებული ფორმა (ჯარიმა). სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის მხოლოდ 1 500 ლარის დაკისრება, იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლომ თვითნებურად შეცვალა მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს შინაარსი. კერძოდ, მოპასუხეს დააკისრა ფიქსირებული (ჯარიმის ფორმის) პირგასამტეხლო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უგულებელყოფილია მოპასუხისათვის მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა, სასამართლოს მსჯელობა და დასაბუთება პირგასამტეხლოს დაკისრებაზე ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების კერძო ავტონომიის პრინციპს. სასამართლოს არ გააჩნია ხელშეკრულების თავისუფლებაში ჩარევისა და მისი შინაარსის შეცვლის უფლებამოსილება. მხარეებს უფლება აქვთ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. სასამართლოს ასეთი მიდგომა კი ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ბუნებას, რომელიც დამოუკიდებელია დამდგარი ზიანის ოდენობისაგან.
17.5. ქირის - 1000 ლარის მოსარჩელის ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ არის.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შეცვლით მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, დამქირავებელს, აპელანტის სასარგებლოდ, დაეკისრა 2013 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო - 7 652 ლარი და იმავე თარიღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 18.75 ლარი, ქირის დავალიანების - 37 500 ლარის სრულად გადახდამდე. აპელანტის მოთხოვნა 2011 წლის ივნისის თვის ქირის - 1000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, საწარმოსათვის ქირის სახით, დამატებით 1000 ლარის დაკისრების თაობაზე და ამ განჩინების მე-11 პუნქტში მითითებულ ფაქტზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ არ არსებობდა განმეორებით 2011 წლის ივნისის ქირის მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
20. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს არამართებულად შემცირებასთან დაკავშირებით და, სსკ-ის 417-418-ე, 420-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლო ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევით, კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს მისი გადახდა და, იმავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნეს იმდაგვარად გაგებული, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით, ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, ხოლო აღნიშნული შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად, წყდება. პირგასამტეხლოს შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს, მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა საფუძველზე ხდება.
21. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვ.
22. საქმეში წარდგენილი მტკიცებულების - დავალიანების შესახებ ინფორმაციისა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 98) და მხარეთა განმარტებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიაჩნია რომ მოპასუხემ დაარღვია ქირის გადახდის ვადა, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში - 2013 წლის 6 აგვისტომდე, ისე ამ თარიღის გასვლის ანუ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც.
23. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ქირის გადახდამდე, მოპასუხისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრება მხოლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზანს ემსახურება, იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ქირის დავალიანების გადაუხდელობის გამო, მოპასუხისთვის ყოველდღიურად მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრება, მოვალის მხრიდან ვალდებულების მოკლე ვადაში შესრულების მაპროვოცირებელ საშუალებას წარმოადგენს. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანი სწორედ ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფაა. სასამართლოს დასკვნით, მოპასუხეს, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ისე ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც, ვადაგადაცილებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.
24. სასამართლომ იმსჯელა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაფარდობის გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი იყო (წლიური 36,5%) და გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია მისი განახევრება გადასახდელი ქირის დავალიანების - 0.05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ისე ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც, აღნიშნული კი თანხვედრაშია პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არსებულ სასამართლო პრაქტიკასთან.
25. პირგასამტეხლოს შემცირების შემდეგ, სასამართლომ იგი შემდეგნაირად განსაზღვრა: 2013 წლის 6 აგვისტომდე - 6 752 ლარით (15 304:2), ხოლო 2013 წლის 6 აგვისტოდან საიჯარო ქირის - 37 500 ლარის გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი ქირის 0.05%-ით, რაც ყოველდღიურად 18.75 ლარს შეადგენს.
26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ (პირველი კასატორი) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ (მეორე კასატორი) - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს და ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მერიის სარჩელის უარყოფა
27. მოსარჩელე საკასაციო საჩივარში ძირითადად იმეორებს მისივე სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს (წინამდებარე განჩინების 17.1.-17.6. პუნქტები) და დამატებით აღნიშნავს:
27.1.გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია;
27.2. სასამართლოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებით, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ აღნიშნული არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას ნიშნავს, არამედ ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას. სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, თუ რატომ მიიჩნევს შეუსაბამოდ პირგასამტეხლოს და გონივრული თანხით შეამციროს იგი, რაც დასაბუთებული უნდა იყოს სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით;
27.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს შემცირება ზოგადი განმარტებით - არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაფარდობის გათვალისწინებით არის დასაბუთებული, თუმცა, არ არის მითითებული კონკრეტული თანაფარდობა, ანუ რატომ არის 0.1 % შეუსაბამოდ მაღალი;
27.4. პირგასამტეხლო დამოუკიდებელია დამდგარი ზიანის ოდენობისგან. იგი თავისი არსით ე.წ. „მინიმალური ზიანია“, რასაც მხარეები ურთიერთშეთანხმებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევისათვის აწესებენ. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების დარღვევის პრევენციასა და სავარაუდო მინიმალური ზიანის ანაზღაურებაში მდგომარეობს. შესაბამისად, პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობის პირობებში, „მინიმალური ზიანი“ მტკიცებას არ საჭიროებს. ხელშეკრულების დარღვევით დამდგარი ზიანი ყოველთვის არ არის პირგასამტეხლოთი უზრუნველყოფილი ე.წ. „მინიმალური ზიანის“ ეკვივალენტი. უფრო მეტიც, ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი ხშირად აღემატება პირგასამტეხლოთი უზრუნველყოფილ ე.წ. „მინიმალურ ზიანს“ ან შესაძლებელია მასზე ნაკლები იყოს, თუმცა, აღნიშნული გავლენას არ ახდენს პირგასამტეხლოს ოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანი აღემატება პირგასამტეხლოთი უზრუნველყოფილ ე.წ. „მინიმალურ ზიანს“. კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა, იგი ვალდებულია, ამტკიცოს ზიანის ოდენობა;
27.5. პირგასამტეხლოს შემცირებისას გაითვალისწინება ძირითადი ვალდებულების მოცულობისა და პირგასამტეხლოს თანაფარდობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და მოვალის ქონებრივი მდგომარეობა. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა.შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. მოწინააღმდეგე მხარე იურიდიული პირია, რაც გულისხმობს, რომ მხარეს სრულად უნდა ჰქონოდა გათვითცნობიერებული მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას. პირგასამტეხლო არის ერთგვარი გარანტია კრედიტორისთვის, რათა მოვალის მიერ კეთილსინდისიერად იყოს შესრულებული სახელშეკრულებო პირობები და არ მოხდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდება;
27.6. 2013 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 15 304 ლარს, რაც ორნახევარჯერ ნაკლებია ძირითადი ვალდებულების მოცულობაზე (38 500). ამასთან, საკმაოდ დიდია ვალდებულების შეუსრულებლობის პერიოდიც და მოვალის ქონებრივი მდგომარეობაც არ იძლევა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს.
28. მოპასუხემ საკასაციო საჩივარში შემდეგ პრეტენზიებზე მიუთითა:
28.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი-შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობდა.
28.2. ხელშეკრულების მოშლის პერიოდში მოქმედებდა ქალაქ თბილისის საკრებულოს 27.08.2010 წ. # 9-65 გადაწყვეტილება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ. ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. ცხადია, რომ მოსარჩელესთან ხელშეკრულების დადება ავტომატური წესით დაუშვებელია და მას ესაჭიროება საგანგებო პროცედურა - აუქციონი ან პირდაპირი განკარგვა. მოცემულ შემთხვევაში, არცერთ მათგანს ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე არ გაფორმებულა. ამავე გადაწყვეტილების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება ან/და ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი აქტის გამოცემის ან/და ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2 თვისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ნორმით განსაზღვრული არც ხელშეკრულება დადებულა მოპასუხესთან და არც რაიმე აქტი გამოცემულა;
28.3. სასამართლომ არ იმსჯელა, რომ ხელშეკრულების 7.6. დათქმის იმპერატიული შინაარსით, ქირავნობის ობიექტის სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში გადაცემა ავტომატურად, ყოველგვარი დამატებით პირობის თუ მიმოწერის გარეშე იწვევდა ხელშეკრულების მოშლას ანუ სახელშეკრულებო უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტას;
28.4. სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 572-ე მუხლი და არასწორად დაადგინა გამქირავებლის უფლებამონაცვლედ მერიის (მოსარჩელის) ჩართვის ფაქტი. ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 19 აპრილის 09.13.343 დადგენილებაით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა, განეხორციელებინა კანონმდებლბით გათვალისწინებული პროცედურები გამქირავებლის კაპიტალიდან ამოღებული ქონების მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით, მაგრამ საქმის მასალებით არ დგინდება, კონკრეტულად როდის გახდა ქონება მოსარჩელის საკუთრება;
28.5. გამქირავებელთან ხელშეკრულება მოიშალა მოშლის პირობის დადგომის გამო. ამ დროს კი, რაიმე უფლებამონაცვლეობას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი. მოშლა, თავისი არსით, გულისხმობს სამართლებრივი ურთიერთობების დასრულებას. მოსარჩელე უფლებამონაცვლედ კი არ უნდა იქნეს განხილული, არამედ მასთან, როგორც სამართლის ახალ სუბიექტთან უნდა დადებულიყო ახალი ხელშეკრულება და განსაზღვრულიყო მისი პირობები, მათ შორის პირგასამტეხლოც. ახალი ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია არც პირგასამტეხლოსათვის კანონით განსაზღვრულ იმპერატიულ დათქმას - წერილობით შეთანხმებას.
28.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (სუსგ-ები: #ას-815-770-2014, 30.10.2015წ.; #ას-341-322-2014, 27.04.2015წ.) პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების წერილობითი ფორმით არსებობის შესახებ.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო საჩივრები მიიღო წარმოებაში, სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 15 აპრილის განჩინებით დასაშვებად ცნო საკასაციო განაცხადები მოხმობილი ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
30. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მითითებული მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევა.
32. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
33.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთაგან არცერთს წარმოუდგენია ასეთი დასაბუთებული პრეტენზია (იხ. საკასაციო განაცხადები - ტ.2, ს.ფ. 77-99).
34. განსახილველი დავის საგანია ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე, გამქირავებლის უფლებამონაცვლის - მერიის პრეტენზია პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლად შემცირების თაობაზე (იხ. ამ განჩინების 27.1-27.6 ქვეპუნქტები), ხოლო დამქირავებლის მოთხოვნის ნაწილში - პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლად დაკისრება საწარმოსათვის, რადგან ამაზე არ არსებობდა მხარეთა წერილობითი შეთანხმება (შესაბამისად, დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი - იხ. ამ განჩინების 28.1-28.6 ქვეპუნქტები).
35. პირველი კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო მოთხოვნის უარყოფისას, სასამართლო უთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებზე (იხ. 20-24 პუნქტები) და აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეესატყვისება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ-ები: # ას-783-740-2015წ., #ას-103-99-2016, 08.04.2016წ., #ას- 399-383-2015, 15.07.2016წ.). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა: „პირგასამტეხლოს შემცირების დისკრეციით ლეგიტიმური სარგებლობისათვის მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა” – (იხ. სუსგ # ას-2-2-2016,14.06.2016წ.). ამდენად, მერიის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
36. მეორე კასატორის (მოპასუხის) საკასაციო პრეტენზია ძირითადად იმას ეხება, რომ კანონით დადგენილი წესით წერილობითი ფორმით არ დადებულა ახალი ხელშეკრულება მოსარჩელესთან, შესაბამისად, პირგასამტეხლოზე დამქირავებელი არ შეთანხმებულა მერიასთან, ამასთან, დარღვეულია ხელშეკრულების 7.6 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობა (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი), რაც პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობაზე მიუთითებს (იხ. ამ განჩინების 28.3-28.5 ქვეპუნქტები).
37. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უდავო გარემოებებზე მიუთითებს, რომელთა საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელესთან 2010 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული 3 წლიანი ხელშეკრულება მოიშალა ვადის გასვლით, 2013 წლის 6 აგვისტოს, ამასთან, დამქირავებელი სწორედ ამ თარიღამდე ფლობდა და სარგებლობდა დაქირავებული უძრავი ქონებით და ის, როგორც ხელშეკრულების განმავლობაში, ისე, მისი ვადის გასვლის შემდეგაც არღვევდა ქირის გადახდის ვალდებულებას (იხ. ამ განჩინების 1,7,9,14,22 პუნქტები), შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
38. წინამდებარე განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ დამქირავებელმა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად ისარგებლა დაქირავებული ფართით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების 7.6 პუნქტით შეთანხმებული წესით, საწარმოს არ ეცნობა გამქირავებლის ცვლილების შესახებ, რაც მას ხელშეკრულების ცალმხრივად და უპირობოდ მოშლის უფლებას წარმოუშობდა; თუმცა, ფაქტია, რომ იმავე ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებული წესით, მერიამ დაიკავა გამქირავებლის ადგილი სსკ-ის 572-ე მუხლის საფუძველზე და ყოფილ გამქირავებელს მოსარჩელე ჩაენაცვლა იმ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, რომელშიც შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებიც. განსახილველ შემთხვევაში, ასევე, სამართლებრივად მნიშვნელოვანია, რომ დამქირავებლის მიერ გადახდილი ქირა სასამართლომ მართებულად მიიჩნია გადახდილად (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი), ამდენად, მეორე კასატორის პოზიცია, ერთი მხრივ, უკვე გადახდილი ქირის გამქირავებლისათვის გადახდილად მიჩნევის თაობაზე, მიუხედავად ამ უკანასკნელის ცვლილების არცოდნისა, ხოლო დასახელებული გარემოების შეუტყობინებლობის გამო, პირგასამტეხლოს დასკირების უსაფუძვლობის მტკიცება, წინააღმდეგობრივია ზემოხსენებული დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით.
39. მეორე კასატორის მიერ მითითებული საკასაციო სასამართლოს განჩინებები (იხ. 28.6 ქვეპუნქტი), მოცემულ შემთხვევაში არ მიესადაგება მოპასუხის პოზიციის სამართლებრივ დასაბუთებას, რადგან სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 572-ე მუხლი და, უფლებამონაცვლეობის გზით, მოსარჩელეზე გადავიდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც, 2010 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებაში გამქირავებლის ადგილის დაკავებით. ამდენად, საკასაციო პრეტენზიის არსებითი განხილვის შედეგად გადამოწმებით, არც მეორე კასატორის განაცხადია დასაბუთებული, რაც მისი უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
40. მერია (პირველი კასატორი) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო საწარმოს (მეორე კასატორს) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს "ჯ-ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
5. შპს "ჯ-ს" სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე