საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-133-129-2016 4 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – ა(ა)იპ ,,ს-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)
მეორე კასატორი – სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ "ს-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმიანობის უფლების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. სამტრედიის წ-ი (შემდეგში წმ. ქ-ის სათნოების სახლი, იურიდიული პირი, მოსარჩელე ან პირველი კასატორი) რეგისტრირებულია 27.09.2004წ. მისი ლიკვიდაცია/ რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს, იგი ირიცხება, როგორც იურიდიული პირი ს/ნ-ით 238758965 (იხ. ტ.1, ს.ფ. 12-13). მისი წესდებით დასტურდება, რომ იურიდიული პირის საქმიანობის უმთავრესი მიზანია მიუსაფარ და დავრდომილ თანამემამულეებზე ზრუნვა. კავშირის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომელსაც იწვევს გამგეობა თავისი შეხედულებით. გამგეობა განაგებს კავშირის ქონებას. მესამე პირებთან ურთიერთობაში კავშირს წარმოადგენს მისი თავმჯდომარე, რომელიც განკარგავს იურიდიული პირის ფულად სახსრებს და მატერიალურ საშუალებებს, ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას (იხ. ტ 1, ს.ფ. 14-22).
2. წმ. ქ-ის სათნოების სახლის 16.08.2010წ. #1 ოქმში აღნიშნულია, რომ ამ უკანასკნელის სოციალური პროგრამების 80 %-ზე მეტს აფინანსებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სოციალური პროგრამების სახით, რაც ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე (შემდეგში ორგანული კანონი). ოქმის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური სფეროს მიზნების ააიპ-ის დაფუძნების შედეგად, ეს უკანასკნელი იქნება წმ. ქ-ის სათნოების სახლის უფლებამონაცვლე, ხოლო იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთის (მ.შ. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების) მუნიციპალიტეტის მიერ ააიპ-ისთვის სარგებლობაში გადაცემისათვის, აუცილებელია, რომ ქონება საკუთრებაში გადაეცეს მუნიციპალიტეტს. ამავე ოქმით გადაწყდა, წმ. ქ-ის სათნოების სახლის საკუთრებაში არსებული ყველა მოძრავი ნივთი (მ.შ. მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები) გადაეცეს საკუთრებაში სამტრედიის მუნიციპალიტეტს. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს კავშირის გამგეობის ექვსი წევრი, ხოლო ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ (იხ. ტ 1, ს.ფ. 25-27).
3. დადგენილია, რომ 2010 წლის 17 აგვისტოს წერილით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეცნობა წმ. ქ-ის სათნოების სახლის მოძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ხოლო იმავე წლის 26 ოქტომბერს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, სათნოების სახლის მოძრავი ნივთები გადაეცა მუნიციპალიტეტის გამგეობას (იხ. ტ 1, ს.ფ. 24, 159-160)
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.08.2010წ. # 56 განკარგულებით (შემდეგში # 56 განკარგულება), დაფუძნდა ააიპ „ს-ი“ (შემდეგში მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი ან ააიპ), დამტკიცდა მისი წესდება და ამავე განკარგულების მე-3 პუნქტით, ააიპ ჩაითვალა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული წმ. ქ-ის სათნოების სახლის უფლებამონაცვლედ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28-31).
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.08.2010წ. # 57 განკარგულებით, # 56 განკარგულების ძალაში შესვლიდან, ერთთვიანი ვადა განისაზღვრა ააიპ-ის რეგიტრაციაში გატარების, წმ. ქ-ის სათნოების სახლის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემისა და მათი ააიპ-ისათვის გადაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის (იხ. ტ 1, ს.ფ. 32-33).
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 04.11.2010წ. # 90 განკარგულებით, ამ განჩინების მე-5 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისათვის, შეიცვალა # 57-ე განკარგულებით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რომელიც აითვლებოდა 18.08.2010წ-დან. მუნიციპალიტეტის გამგეობის მოთხოვნით, ახალი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 1 ნოემბრიდან (იხ. ტ 1, ს.ფ. 34-35).
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.11.2010წ. # 95 განკარგულებით წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ # 56 განკარგულებაში შევიდა ცვლილებები და დამატებები, მისი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული წმ. ქ-ის სათნოების სახლის წევრთა კრების 16.08.2010წ # ოქმის (იხ. მე-2 პუნქტი) მიხედვით, ამავე სათნოების სახლის უფლებამონაცვლედ ჩაითვალა ააიპ ს-ი (იხ. ტ.1, ს.ფ. 25-26).
8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22.11.2010 წ. # 96 განკარგულებით ცვლილება - დამატებები შევიდა ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ # 56 განკარგულებაში, კერძოდ, ამოღებული იქნა მისი მე-3 პუნქტი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი), რომლის თანახმად, ააიპ ჩაითვალა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სათნოების სახლის უფლებამონაცვლედ. ძალადაკარგულად გამოცხადდა 17.08.2010წ. # 56 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზემოხსენებული 17.11.2010წ. # 95 განკარგულება (იხ. ტ.1, ს.ფ. 27-28).
9. ს-ი (ააიპ) რეგისტრირებულია 22.11.2010წ. ს/ნ -ით 438724203 (იხ. ტ.1, ს.ფ. 176-179).
10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 03.12.2010წ. # 97 განკარგულების თანახმად (იხ. ტ.1, ს.ფ. 38-46), დამტკიცდა ააიპ-ის მიერ 2010 წელს განსახორციელებელი პროგრამა და მისი შესრულებისათვის საჭირო ხარჯი, იმავე წლის შემოსავლების გეგმა, ხოლო განკარგულების მე-4 პუნქტით, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული წმ. ქ-ის სათნოების სახლის უფლებამონაცვლედ ჩაითვალა მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი (იხ. მე-9 პუნქტი).
11. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულმა წმ. ქ-ის სათნოების სახლმა, 2015 წლის 6 მარტს, ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა სასამართლოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდეგში მოპასუხე ან პირველი კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის # 56, 57, 90, 95, 96, 97 განკარგულებების არარა აქტად, ბათილად ცნობა, ასევე საქმიანობის უფლების აღდგენა (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 1-11).
12. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განიხილა სარჩელი და, 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა სათნოების სახლის მოთხოვნა იმ დასაბუთებით, რომ წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის, როგორც იურიდიული პირის, ახალი სუბიექტის წარმოშობას, არ გამოუწვევია ძველი სათნოების სახლის (იხ. პირველი პუნქტი) ფუნქციონირების შეწყვეტა, ორივე მათგანი, როგორც მოქმედი სუბიექტი, კვალავაც ირიცხება სამეწარმეო რეესტრში სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ნომრით.
13. სასამართლოს შეფასებით, განკარგულების ჩანაწერის უზუსტობა გამოიწვია თვითონ ძველი სუბიექტის დამფუძნებელთა კრების ოქმის სამართლებრივმა ხარვეზმა, რომელმაც არასწორად მიუთითა უფლებამონაცვლეობის შესახებ. სინამდვილეში გასაჩივრებული აქტით მოხდა კერძო სამართლებრივი ხასიათის ნების გამოვლენის განხორციელების გაფორმება, რომლითაც ძველმა სუბიექტმა წმ. ქ-ის სათნოების სახლმა ახალს - მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს (იხ. განჩინების პირველი და მე-8 პუნქტები) აჩუქა გარკვეული ქონება, რის გამოც, ჩაითვალა, რომ მისი უფლებამონაცვლე უნდა იყოს. სასამართლოს დასკვნით, სინამდვილეში ასეთ უფლებამონაცვლეობას ადგილი არ ჰქონია, ამასთან, ორგანული კანონით (იხ. ამ განჩინების მე -2 პუნქტი) საკრებულოს ჰქონდა ააიპ-ის დაფუძნების უფლება და სადავო აქტების გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის ინტერესები (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი).
14. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გაჩინებით, სათნოების სახლის სარჩელი საკრებულოს მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ, განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 284-285-ე მუხლები).
16. სამოქალაქო პალატაში სააპელაციო სამართალწარმოებისას მოსარჩელის მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხის # 56, 57, 90, 95, 96, 97 განკარგულებების ბათილად ცნობა, რომლითაც მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი მოსარჩელის (იხ. პირველი პუნქტი) უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და განისაზღვრა მოპასუხისათვის მოსარჩელის მოძრავი ქონების გადაცემა, ასევე, მოსარჩელის უფლებების აღდგენა.
17. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წმ. ქ-ის სათნოების სახლის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მუნიციპალიტეტის განკარგულებები, რომლითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული სათნოების სახლი იქნა ცნობილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ტ.2, ს.ფ.110-111).
18. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) მე-18 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტებით, 35-ე, 36-ე მუხლებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში მეწარმეთა კანონი) მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-7 პუნქტებით, სსსკ-ის მე-4, 102-ე, 180-ე მუხლებით.
19. სასამართლომ იმსჯელა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე იურიდიული პირის გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებით მოხდა წმ. ქ-ის სათნოების სახლის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების მუნიციპალიტეტის სათნოების სახლისათვის უსასყიდლოდ გადაცემა. გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის თანახმად, ქონების გადაცემა მოხდა სოციალური სფეროს მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ სათნოების სახლის წევრთა კრების 16.08.2010 წ. გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) ემსახურებოდა მისი მიზნების განხორციელების ხელშეწყობას, რაც კანონიერია სსკ-ის 36-ე მუხლის თანახმად.
20. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, ქონების გასხვისებისას გადაწყვეტილების მიღების დროს, მის იძულებასთან დაკავშირებით, რადგან ასეთი მტკიცებულება მხარეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის, სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლების საფუძველზე.
21. სასამართლომ იმსჯელა სსკ-ის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვოდ სარგებლობით, მას აქვს უფლება, ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე. მოხმობილი ნორმით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელედება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.
22. სასამართლომ სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობისას, ყურადღება გაამახვილა, რომ სარჩელის წარდგენის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული განკარგულებებით დადგინდა, რომ მოსარჩელე სათნოების სახლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოპასუხე - მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დასაბუთებულია, რადგან მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მოპასუხის) ის გადაწყვეტილებები, რომლითაც დადგინდა უფლებამონაცვლეობა, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (სსკ-ის მე-18 მუხლი) უდავოდ შეეხო მოსარჩელის უფლებას, კერძოდ, მისი სახელით უნებართვო სარგებლობის გამო, დაირღვა მისი უფლება. აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ გადაწყვეტილებების (განკარგულებების) ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სათნოების სახლი ცნობილია მოსარჩელის უფლებამონაცვლედ, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა, კერძოდ, გააუქმა # 95 და # 97 განკარგულებები (იხ. განჩინების მე-7 და მე-10 პუნქტები).
23. მუნიციპალიტეტის # 56-ე განკარგულების მე-3 პუნქტის თაობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ის გაუქმებულია მოპასუხისავე # 96 განკარგულებით (იხ. განჩინების მე-4 და მე-7 პუნქტები), ხოლო სარჩელში მითითებული #57-ე და #90-ე განკარგულებებით (იხ. განჩინების მე-5 და მე-6 პუნქტები), მოსარჩელის უფლებამონაცვლეობის საკითხი არ გადაწყვეტილა, მისი სახელის გამოყენებით, უფლება არ დარღვეულა, რის გამოც, სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ განკარგულებათა გაუქმების მოთხოვნა, დაუსაბუთებლობის გამო, უნდა უარყოფილიყო.
24. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
25. პირველმა კასატორმა (მოსარჩელემ) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება - მოსარჩელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში- ქონების დაბრუნებისა და საქმიანობის უფლების აღდგენის თაობაზე, კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს # 57-ე და # 90-ე განკარგულებების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით:
25.1. ქონების გადაცემისას მოსარჩელეზე განხორციელებულ იძულებას ის ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტები, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია. დააფუძნა სუბიექტი, რომელიც არ დარეგისტრირებულა ბათილად საცნობი აქტის გამოცემიდან - 17.08.2010 წლიდან იმავე წლის 3 დეკემბრამდე. მცდარია სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, სსკ-ის 36-ე მუხლზე მითითებით (იხ. ამ განჩინების მე-18 პუნქტი), რადგან აღნიშნული ნორმა პირდაპირ უკრძალავს მოსარჩელეს ქონების განკარგვას; ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც მიიღო ქონება, საქველმოქმედო მიზნებს არ ემსახურება, ამდენად, სასამართლოს დასკვნა, რომ ქონების გადაცემა ემსახურება მოპასუხის მიზანს, კანონის უხეში დარღვევაა, ისევე, როგორც მითითება სსსკ-ის 180-ე მუხლზე;
25.2. მოპასუხის მიერ გამოცემულმა აქტებმა მოსარჩელეს ფაქტიურად შეუზღუდა საქმიანობის უფლება, სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლეობის აქტების გაუქმებას, კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყოლოდა, რაზეც არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს.
26. მეორე კასატორის (მოპასუხის) მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, კერძოდ, საკრებულოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც მოპასუხის მიერ დაფუძნებული სათნოების სახლი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, უარყოფილი იქნეს წმ. ქ-ის სათნოების სახლის სარჩელი შემდეგი არგუმენტაციით:
26.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.25 პუნქტზე მითითებით, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სათნოების სახლი ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ და ამის თაობაზე მიღებულია გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს # 95 და # 97 განკარგულებებებით (იხ. განჩინების მე-7 და მე-10 პუნქტები); გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.13. პუნქტში მითითებულია, რომ მოპასუხის # 97-ე განკარგულების მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ მოსარჩელე სათნოების სახლის წევრთა კრების 16.08.2010წ. # 1 ოქმის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი ჩაითვალოს მოსარჩელის უფლებამონაცვლედ. ამდენად, თავად სასამართლოს მიერვეა დადგენილი ფაქტი, რომ # 97-ე განკარგულების მხოლოდ მე-4 პუნქტი შეეხო უფლებამონაცვლეობის საკითხს და მთელი განკარგულება არ უნდა გაუქმებულიყო (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი);
26.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.22 – 4.24 პუნქტებით, საკრებულოს ის განკარგულებები, რომლებითაც დადგინდა უფლებამონაცვლეობის საკითხი, ეწინააღმდეგება სსკ-ის მე-18 მუხლს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებული სათნოების სახლი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი, სასამართლომ გააუქმა იმ დასაბუთებით, რომ ირღვევა მოსარჩელის არაქონებრივი უფლება- სახელის უფლება. მოპასუხე უთითებს, რომ # 97-ე განკარგულების მხოლოდ მე-4 პუნქტი შეეხო უფლებამონაცვლეობის საკითხს, შესაბამისად, განკარგულების შინაარსის გათვალისწინებით, მისი მე-4 პუნქტის მიუხედავად, განკარგულება არსებობდა და იარსებებს, რადგან სსკ-ის 62-ე მუხლით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ იგი დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. ამდენად, მეორე კასატორს მიაჩნია, რომ # 97-ე განკარგულება შესაძლოა ბათილი იყოს მხოლოდ მე-4 პუნქტის ნაწილში, თუკი ის არღვევს მოსარჩელის არაქონებრივ უფლებას;
26.3. სასამართლოს მიერ გაუქმებულ # 95-ე განკარგულებას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან იგი ეხება # 56 განკარგულების მე-3 პუნქტს, ხოლო ეს უკანასკნელი # 96 -ე განკარგულებით ამოღებულია (იხ. განჩინების მე-7-8 პუნქტები), ამდენად, მოსარჩელის არაქონებრივი უფლება - სახელის უფლება არ დარღვეულა;
26.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ზოგადად არის მითითებული მოპასუხის ყველა იმ განკარგულების ბათილობაზე, რომლითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული სათნოების სახლი გახდა წმ. ქ-ის სათნოების სახლის უფლებამონაცვლე.
27. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლისა და 15 მარტის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულია წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით ორივე საკასაციო პრეტენზია დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების, მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
29. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასმაართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილებაა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილით, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
30. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, უპირველესად, უნდა განისაზღვროს დავის საგანი. წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში მითითებულია მოსარჩელის მოთხოვნა სააპელაციო საქმისწარმოებისას, რადგან სწორედ ამ ეტაპზე დადგინდა საქმის სამოქალაქო წესით განსჯადობა. მოსარჩელის მოთხოვნა არ ეფუძნება სსკ-ის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე ნაწილებს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა (იხ. ამ განჩინების 21-22 პუნქტები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის შემოწმებისას, მართებულია აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ბუნებაზე მსჯელობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის სამოტივაციო ნაწილის 55-56 პუნქტები), რათა დადგინდეს, თუ რა იურიდიული შედეგის მიღწევა სურს მხარეს, თუმცა, დაუშვებელია სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოს მიერ ტრანსფორმირება სამოქალაქო საქმისწარმოებისას.
31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის მე-2, მე-3, მე-4 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვა გარანტირებულია და კანონის წინაშე თანასწორობის საწყისებზე, დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დავის აღმძვრელი მხარე თვითონვე განსაზღვრავს დავის საგანს, იმ გარემოებებსა და მის შესატყვის მტკიცებულებებს, რაც დავის ინიციატორს, მისივე მოსაზრებით, სასურველ სამართლებრივ შედეგამდე მიიყვანს, დავის მოწესრიგება კი, რაც სამართლებრივ შეფასებას მოიცავს, სასამართლოს პრეროგატივაა.
32. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით დაწყებული დავა, რომელიც განსჯადობით, სამოქალაქო სამართალწარმოებაში გადავიდა, მოსარჩელემ წამოიწყო იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ გამოცემული აქტები მას უზღუდავდა საქმიანობის უფლებას, ადმინისტრაციულმა ორგანომ იძულებით გადააცემინა მას ქონება, რითაც პრაქტიკულად საქმიანობის უფლება ჩამოართვა, იგივეა სააპელაციო და საკასაციო პრეტენზიების საფუძველიც (იხ. ამ განჩინების 16, 25 პუნქტები).
33. მოსარჩელემ მოითხოვა სადავო განკარგულებების ბათილად ცნობა, რომელთა საფუძველზე მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი წმ. ქ-ის სათნოების სახლის (იხ. პირველი პუნქტი), უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და განისაზღვრა მოპასუხისათვის მოსარჩელის მოძრავი ქონების გადაცემა, ასევე, მოსარჩელის უფლებების აღდგენა (იხ. მე-16 პუნქტი). მხარე იმ უფლებების აღდგენას ითხოვს, რომელიც მას ჰქონდა მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე, რადგან ეს უკანასკნელი მოპასუხეს გადაეცა.
34. სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ხომ არ გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმებიდან და ამ კონტექსტში შეამოწმოს სასარჩელო მოთხოვნის წინაპირობები.
35. საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს წინამდებარე განჩინების პირველ და მე-9 პუნქტებში მითითებულ ფაქტებზე, რომელთა საფუძველზე უდავოა, რომ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია კერძო სამართლის ორი დამოუკიდებელი სუბიექტი. აღნიშნული სამართლებრივად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან თითოეული ააიპ-ის რეგისტრაციის საფუძველი დამოუკიდებლად წარმოშობს მის იურიდიულ უფლებებსა და ვალდებულებებს და კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, როდესაც პუბლიცირებულ უფლებათა რეესტრში (სამეწარმეო რეესტრში) აღრიცხულია ორი სხვადასხვა არასამეწარმეო პირი, საკრებულოს განკარგულება თუ სხვა აქტი ვერ შეცვლის ამ სამართლებრივ სურათს. შესაბამისად, სადავო განკარგულებების შინაარსის კვლევისას, მნიშვნელოვანია იურიდიული თვალსაზრისით შემოწმდეს და შეფასდეს, თითოეული განკარგულება რამდენად წარმოშობს, იწვევს, განსაზღვრავს იურიდიულ შედეგს და რომელი იურიდიული პირის მიმართ, რადგან სამეწარმეო რეესტრის დანიშნულებაა საჯაროდ გამოქვეყნდეს ის მონაცემები, რომელიც იურიდიული პირის საქმიანობას უკავშირდება.
36. საკასაციო სასამართლო იმაზეც მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას, რომ დამატებით არის გამოსაკვლევი სადავო განკარგულებათაგან, რომელიც მთლიანად არ არის გაუქმებული რომელიმე მორიგი განკარგულებით, რომელი ეხება მოსარჩელის ან მოპასუხის უფლებებს. ამ კონტექსტში, საკასაციო სასამართლო იზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას (იხ. ამ განჩინების 26.4 ქვეპუნქტი) და განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეუძლებელია შეიცავდეს ზოგად და დაუზუსტებელ დასკვნებს, რადგან სწორედ სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების აღსრულება და საკასაციო სასამართლოს მიერ ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების უცვლელად დატოვების შემთხევაში, ეს უკანასკნელი უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად ფორმულირებული.
37. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომელიც მე-20 პუნქტშია მითითებული და დაუსაბუთებლად მიაჩნია პირველი კასატორის პრეტენზია მის მიმართ განხორციელებული იძულების თაობაზე (იხ. ამ განჩინების 25.1. ქვეპუნქტი) და მოსარჩელის მოთხოვნაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსარჩელეს იძულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის, არამედ იმიტომაც, რომ შეუძლებელია იურიდიული პირის იძულება. ამდენად, მოსარჩელის პრეტენზიების აღნიშნული ნაწილი დაუსაბუთებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამატებით კვლევას არ საჭიროებს.
38. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაცო სასამართლო ნაწილობრივ აკმაყოფილებს ორივე კასატორის საჩივარს, აუქმებს სააპელაცო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.
39. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი ასახულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და "გ" ქვეპუნქტებით, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ,,ს- ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
4. ა(ა)იპ ,,ს- ს“ სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს; სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე