Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-149-145-2016 23 აგვისტო, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვით

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "S" (მოპასუხე)

წარმომადგენელი - პ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2011 წლის 26 ივლისის №123 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 22 330 ლარად, შპს ,,S’’-ს (შემდეგში მოპასუხე, საწარმო, მყიდველი, მოწინააღმდეგე მხარე), ვალდებულების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ოჩხამურის, სოფელ ც-ში მდებარე სამი ერთეული (ს/კ №2/ფართი 80 575 კვ.მ.; ს/კ №2/ფართი 123231 კვ.მ.; ს/კ №2/ფართი 19 491 კვ.მ.) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შემდეგში სამი მიწის ნაკვეთი ან უძრავი ქონება; იხ. ბრძანება # 123 - ს.ფ. 17).

2. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (შემდეგში მოსარჩელე, სამინისტრო, გამყიდველი ან კასატორი) და ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ საწარმოს შორის, 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი; იხ. ხელშეკრულება - ს.ფ. 19-26).

3. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით: მყიდველი ვალდებული იყო: ა. დადგენილ ვადაში გადაეხადა ნასყიდობის ფასი (22 330 ლარი) და მიეწოდებინა გამყიდველისათვის აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ. 2012 წლის ბოლომდე მიწის ნაკვეთებზე გაეშენებინა ლურჯი მოცვის, კივისა და პავლონიის პლანტაციები, რისთვისაც უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 400 000 ლარის ინვესტიცია; გ. ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, არანაკლებ 3 წლის ვადით, მუდმივად დაესაქმებინა საქართველოს არანაკლებ 20 მოქალაქე; დ. მიწის ნაკვეთები 20 წლის განმავლობაში გამოეყენებინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით; ე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე მოთხოვნისთანავე წარედგინა ინფორმაცია გამყიდველისათვის; ვ. სამუშაოს შესრულების ვადის დასრულების მომენტისათვის წარედგინა აუდიტორული კომპანიის დასკვნა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ;

4. ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ, 4.1. პუნქტის მიხედვით, თუ მოპასუხე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, გამყიდველი, მყიდველის დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, განუსაზღვრავდა მას ვალდებულებათა შესრულების დამატებით ვადას (არაუმეტეს 12 თვისა; ეს დებულება ჩამოყალიბდა 2013 წლის 8 მაისის შეთანხმების აქტის საფუძველზე, რომლითაც მხარეებმა შეცვალეს 4.1. ქვეპუნქტით ადრე განსაზღვრული 3 თვიანი ვადა) და მყიდველი გამყიდველს, ჯარიმის სახით, გადაუხდიდა - ხელშეკრულების 3.2. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე, ქონების ღირებულების 0.1%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ხელშეკრულება - ს.ფ. 19-26 და შეთანხმების აქტი - ს.ფ.45-48).

5. ხელშეკრულების 4.1. 4.2. და 4.3 პუნქტებით, მხარეები შეთანხმდნენ, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სანქციების შესახებ, რომლის თანახმადაც: ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები ახორციელებენ ორმხრივ რესტიტუციას და მყიდველს, გამყიდველის სასარგებლოდ, ეკისრება პირგასამტეხლო, ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდაბანდების) 50%-ის ოდენობით.

6. 2013 წლის 25 იანვრის ბრძანებით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება საწარმოსთან ხელშეკრულების მოშლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის მიზნით. წარმოების ფარგლებში დაინტერესებულ მხარედ ჩაბმული იქნა მოპასუხე.

7. 2014 წლის 6 თებერვლის №ს-49 ბრძანების მიხედვით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, 2011 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და მოპასუხისათვის გადახდილი თანხების და გაწეული დანახარჯების არ ანაზღაურების, გადაცემული უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნებისა და საწარმოსათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (იხ.ს.ფ. 49-53).

8. სამინისტრომ, მოპასუხეს განხორციელებულ ინვესტიციად ჩაუთვალა 61 313 ლარი (გაყიდულ ობიექტზე დამცავი რკინაბეტონის ღობის ღირებულება - 34 951 ლარი, 2011 წლის პერიოდში მიწის გაწმენდის სამუშაოებზე გაცემული ანაზღაურება - 34 951 ლარი და ობიექტის გაწმენდისათვის სპეც. სატრანსპორტო საშუალებისათვის იჯარის - თანხა 7500 ლარი).

9. სამინისტრომ, 2015 წლის 3 თებერვალს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 68 528, 18 ლარის დაკისრება მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) 3.2. „ბ“, 3.2.“გ“, 4.1, 4.3 პუნქტებზე მითითებით და სსკ-ის 316-ე 317-ე, 361.2, 477-ე , 417-ე, 418-ე მუხლებზე დაყრდნობით (იხ. სარჩელი - ს.ფ. 1-14).

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მხარეებს შორის 01.08.2011წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 - ,,ბ’’ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საწარმოს გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო - 6 221.138 ლარი; ხელშეკრულების 3.2 - ,,გ’’ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო - პირგასამტეხლო 12 473.538 ლარი (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი). გამყიდველის სარჩელი (ნასყიდობის ფასის - 22 330 ლარის და საწარმოს მიერ განხორციელებული ინვესტიციის 61 313 ლარის 50%-ის) პირგასამტეხლოს სახით - 41 821.5 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. საწარმოსვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 560.84 ლარის გადახდა.

11. საქალაქო სასამართლომ სამინისტროს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სსკ-ის 52-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განსაზღვრული 3.2 ”ბ” და 3.2 ”გ” ქვეპუნქტების დარღვევისთვის, პირგასამტეხლოს განაკვეთი - ნასყიდობის საფასურის (22 330 ლარი) 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსაბამოდ მაღალი იყო და შეამცირა 0.07%-მდე. მოსარჩელის მოთხოვნა, დამატებით, პირგასამტეხლოს სახით, 41 821.5 ლარის დაკისრების ნაწილში კი, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, ორმხრივი რესტიტუცია, რომლის არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნებოდა ხელშეკრულების აღნიშნული ნორმის ამოქმედება.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ, თუმცა, მოგვიანებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, საწარმოს სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად და აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში, სსსკ, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 374-ე მუხლის პირველი პუნქტი; იხ. განჩინება - ს.ფ.179-181).

13. სამინისტრომ შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე მიუთითა:

13.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არაწორი გადაყვეტილება მიიღო, კერძოდ, არასწორად შემცირდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო 0.07 %-მდე. პირგასამტეხლოზე 0.1.% -ის ოდენობით არსებობდა მხარეთა შეთანხმება, რაც მათ დაადასტურეს ხელშეკრულების გაფორმებისას, შესაბამისად, ეს შეთანხმება არ უნდა შეეცვალა სასამართლოს;

13.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია მოპასუხისათვის, პირგასამტეხლოს სახით, 41 821.5 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. ხელშეკრულების 4.2. და 4.3. პუნქტები ასეთ დათქმას ითვალისწინებდა და ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო;

13.3. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, სამინისტრომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ. სააპელაციო საჩივარი - ს.ფ.162-171).

14. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებშია მითითებული და აღნიშნა, რომ უდავო იყო ხელშეკრულების 3.2 პუნქტის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტების დარღვევა მყიდველის მიერ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული პუნქტების დარღვევების გამო, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 0.1%-იდან 0.07%-მდე შემცირება გონივრული და სამართლიანი იყო.

16. ხელშეკრულების 4.2. და 4.3 პუნქტების ამოქმედებისა და მოპასუხისათვის, პირგასამტეხლოს სახით, 41 821.5 ლარის (ნასყიდობის ფასის 22 330 ლარის და განხორციელებული ინვესტიციის 61 313 ლარის ჯამის 50%-ის) დაკისრების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს პრეტენზია და განმარტა, რომ ხელშეკრულების 4.2. ქვეპუნქტის მიხედვით, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ხელშეკრულების 4.1. ქვეპუნქტის შესაბამისად, მიცემული დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი), სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გაგრძელების ან/და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველს ჰქონდა უფლება, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის შესაბამისად, მყიდველის მიერ 4.2. პუნქტით მინიჭებული უფლების (ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება) გამოყენების შემთხვევაში, მხარეები ახორციელებენ ორმხრივ რესტიტუციას და მყიდველს, გამყიდველის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასისა და განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორულიკომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდაბანდების) 50%-ის ოდენობით.

17. სასამართლომ მიუთითა, რომ უდავოდ იყო დადგენილი, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის მიუხედავად, ორმხრივი რესტიტუცია არ მომხდარა, კერძოდ, პირვანდელი მდგომარეობა აღდგენილია ცალმხრივად ხელშეკრულების მონაწილე მხოლოდ ერთი მხარის - სამინისტროს სასარგებლოდ და უძრავი ქონება, რაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ამჟამად აღრიცხულია არა მოპასუხის, არამედ მოსარჩელის საკუთრებად. ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარისადმი – მყიდველის მიმართ ორმხრივი რესტიტუცია არ მომხდარა, ვინაიდან მას არ დაბრუნებია თანხა (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი).

18. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორმხრივი რესტიტუციის არარსებობის პირობებში, ასევე არ არსებობდა ხელშეკრულების 4.2. და 4.3. პუნქტების ამოქმედებისა და მოპასუხისათვის ამ მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

19. სასამართლომ სსკ-ის 316.1-ე, 317.1-ე, 361.2-ე, 416-ე, 417-ე მუხლებზე მითითებით, დაადგინა, რომ უდავო იყო ხელშეკრულების 3.2 პუნქტის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტების დარღვევა მყიდველის მიერ (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) .

20. სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო სსკ-ის 115-ე მუხლი კრძალავს სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებას და მიუთითებს, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

21. პირგასამტეხლოს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

22. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

23. ასეთ ვითარებაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07 %-ით გონივრული და სამართლიანი იყო (პირგასამტეხლოს 3.2 - ,,ბ’’ ქვეპუნქტების დარღვევისათვის 398 დღეზე - 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 6 თებერვლის ჩათვლით; ნასყიდობის ფასი 22 330 X 0.1% = 22.33 ლარს, 398 X 22.33 = 8 887.34), ხოლო 3.2 -,,გ’’ ქვეპუნქტის დარღვევისათვის, სამინისტრო ითხოვდა პირგასამტეხლოს, 2011 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 6 თებერვლის ჩათვლით, 17 819.34 ლარს (ვადაგადაცილებული დღეები 798 X 22.33=17 819.34).

24. სასამართლომ აღნიშნა, ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი (რომლის თანახმადაც გადახდილი თანხა უნდა დარჩენოდა გამყიდველს), რასაკვირველია, არ იძლეოდა გარიგების შესაბამისი პუნქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას, რამეთუ პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, იგი მხარეთა შეთანხმების ნაწილია და თუ ეს შეთანხმება არაგონივრული, არასამართლიანი და შეუსაბამოდ მაღალია, ეს არ არის მისი ბათილობის საფუძველი, მით უფრო, რომ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა კანონმდებელმა, სსკ-ის 420-ე მუხლით, სასამართლოს მიანიჭა (რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა კიდეც).

25. სასამართლომ, სამინისტროს მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა, ნასყიდობის ფასის 22 330 ლარის და განხორციელებული ინვესტიციის 61 313 ლარის 50%-ის, პირგასამტეხლოს სახით - 41 821.5 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში სარჩელი კანონიერად არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ და დაასაბუთა წინამდებარე განჩინების მე-11, 15-17 პუნქტებში მითითებული საფუძვლებით. სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის – მყიდველის მიმართ ორმხრივი რესტიტუცია არ მომხდარა, ვინაიდან მას თანხა უკან არ დაბრუნებია. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავდა ორმხრივი რესტიტუციის დროს ასამოქმედებელი სახელშეკრულებო დანაწესის, არსებულ ვითარებაში ამოქმედების შესაძლებლობას.

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, მოითხოვა სარჩელის უარყოფილი ნაწილის დაკმაყოფილება და კასაციის საფუძვლად იმავე მოტივებზე მიუთითა, რაც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე განაცხადა (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი).

27. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 22 აპრილის განჩინებით, საკასაციო განაცხადი დასაშვებადაა ცნობილი სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

28. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 23 აგვისტოს, ზეპირი მოსმენით (სსსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები), რაც ამავე კოდექსის 70-78ე- მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს.

29. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა შმდეგნაირად წარმოაჩინეს პოზიციები:

29.1. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი ითხოვს საწარმოსათვის პირგასამტეხლოს სახით 41 821.5 ლარის დაკისრებას, რაც უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილეს ქვემდგომმა ინსტანციებმა, რადგან მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა ნასყიდობის ფასის - 22 330 ლარის და განხორციელებული ინვესტიციის 61 313 ლარის ჯამის 50%-ის, პირგასამტეხლოს სახით, მოპასუხისათვის დაკისრებას, ხელშეკრულებით 4.2. და 4.3. პუნქტების შესაბამისად; ასევე, სამინისტრო ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას იმ თვალსაზრისითაც, რომ მოპასუხეს დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლო და არა იმ ოდენობით, როგორც ეს მოთხოვნილი ჰქონდა მას ხელშეკრულების საფუძველზე.

29.2. ხელშეკრულებაში მითითებულ ცნებასთან: „ორმხრივი რესტიტუცია“ დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპულიკაში მოქმედი ქონების სარგებლობისა და განკარგვის კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული დებულების საფუძველზე, მხარეს არ უბრუნდება გადახდილი თანხა. სადავო არაა, რომ ქონება დაუბრუნდა სამინისტროს და აღრიცხულია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად. მართალია, პირგასამტეხლოს სახით არის მოთხოვნილი თანხა, თუმცა, შესაძლოა, ეს იყოს ზიანი ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის.

29.3. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არაა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

30. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და/ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-15, 19-24 პუნქტებშია მითითებული, რადგან ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად შეაფასეს მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და გამოიყენეს კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, შეემცირებინათ იგი, რაც პასუხობს პირგასამტეხლოს პრევენციულ დანიშნულებასა და მიზანს.

33. საკასაციო სასამართლო დამატებით იმასაც აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრის # 181 ბრძანების „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ დებულების“ მე-4 მუხლი ითვალისწინებს ქონების შემძენის პასუხისმგებლობას, კერძოდ, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსახილველ შემთხვევას ესადაგება, ადგენს საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების შემძენის დაჯარიმებას დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0, 1% -ით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

34. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების 3.2. პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვალდებულებები (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული საინვესტიციო ვალდებულებებია და, ამ განჩინების მეორე პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით, თითოეული მათგანის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ცალ-ცალკე დადგენით, დანაწევრებით, ფაქტობრივად მოპასუხეს უფრო მეტი ოდენობის პირგასამტეხლო - 0,2 % დაეკისრა. მიუხედავად პირგასამტეხლოს შემცირებისა, ქვემდგომმა სასამართლოებმა, ფაქტიურად, უფრო მეტი ოდენობითაც დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების ნაწილში, თუმცა, ამ ნაწილში, მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს.

35. სარჩელის უარყოფილ ნაწილთან დაკავშირებით, მოპასუხისათვის 41 821.5 ლარის დაკისრებაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილია, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა მოსარჩელის ინიციატივით (იხ. ამ განჩინების 6-7 პუნქტები). ამდენად, სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაუშვებელია, შესაბამისად, მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების 4.1, 4.2 და 4.3 პუნქტების (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი) გაანალიზებით, მათი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მოსაჩელეს შეეძლო ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოეთხოვა მოპასუხისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ფაქტი, ასევე მისი ოდენობა, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, მხოლოდ ამის შემდეგ გადანაწილდება მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე.

36. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადაცემული ქონება დაბრუნებულია და აღრიცხულია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად ზიანის მიყენების სხვა ფაქტზე არ უთითებს კასატორი, შესაბამისად, თუ არ არსებობს ზიანის მიყენების ფაქტი, ცხადია, არარსებული ზიანის ოდენობის კვლევა არ დგება დღის წესრიგში. ამდენად საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

37. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

38. კასატორი გათავისულფებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის 3-ე ნაწილითა და 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე